top of page

111/ას თერთმეტი დიდი ბრიტანეთიდან და ინკლუზიური პოლიტიკა 

Joel Brown and Eve Mutso presents 111 (O

„111/ას თერთმეტი“ დიდი ბრიტანეთიდან და ინკლუზიური პოლიტიკა 

ტატო ჩანგელია

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიწყო, პირველ წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრმა უმასპინძლა. მაყურებლის წინაშე ორ არტისტიანი დასი დიდი ბრიტანეთიდან წარსდგა, ინკლუზიური წარმოდგენით - "111", რომელშიც ჯოუელ ბრაუნი და ივ მატსო მონაწილეობდნენ. პირველი - მამაკაცი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არტისტია, ხოლო მეორე - ქალი, ქორეოგრაფი. წარმოდგენის რეჟისორია - ჯორჯ ბუშევეი.

წარმოდგენის მთავარი თემა სწორედ ინკლუზიური პოლიტიკა იყო, და, თუ სწორად გავიგე, გვიამბობდა ეტლში ჩავარდნილი კაცის ისტორიას, მის მდგომარეობას, სასიყვარულო ურთიერთობას, ვარჯიშსა და მუდმივად მწყობრში ყოფნას, საკუთარი სხეულის გამართული ფუნქციონირებისთვის.

ამბავი ეტლში ჩავარდინილი კაცი მსახიობის სიტყვით გამოსვლით დაიწყო, მან ისაუბრა სხეულზე, ინკლუზიური თეატრის შექმნაზე, წარმოდგენაზე, და ცხადია, იმაზე, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. სცენაზე გამოჩნდა ქალი ქორეოგრაფი, და დაიწყო ორი სხეულის: - ეტლში მყოფი სხეულისა და ფეხზე მყარად მდგომი სხეულის ურთიერთობა. ბანალური მოძრაობები, არაფერი განსაკუთრებული. დასაწყისში, რამდენიმე მომენტში, არტისტების პროფესიონალიზმი ოდნავ აინთო, შემდეგ საქმე სცენის ცენტრში განთავსებული კვადრატის ფორმის კონსტრუქციაში წარიმართა, რომლითაც წარმოდგენას, რაღაც ესთეტიკური ღირებულება მიეცა, თუმცა აქაც განსაკთრებული არაფერი, რადგან სხეულის მოქმედება თითქმის დაცლილი იყო სემიოტიკისგან, ანუ შინაგანი მდგომარეობის გადმოცემისგან, ის ძირითადად ხელმძღვანელობდა ინკლუზიური პირის წელს ზემოთ დაკუნთული სხეულის წარმოჩენით. სწორედ აქ მგონია ამ წარმოდგენის გასაღები, ამაზე ცოტა მერე, ახლა კი ძალიან მოკლედ მიმოვიხილოთ ინკლუზიური პოლიტიკა:

ეს საკმაოდ მძიმე საკითხია და, შეიძლება ითქვას, რომ უშუალო კავშირი აქვს, ერთი შეხედვით მისთვის უცნობ პრობლემასთან. ასევე მძიმე და რთული საკითხია იმ მხრივ, რომ ამ თემაზე დისკუსიებით განებივრებულები არ ვართ. არსებობს ერთი პოლიტიკური ხაზი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ენჯეო სექტორი ავითარებს, ის მთლიანად დაცლილია პოლიტიკური დისკურსებისგან და ინფანტილურ ჭრილშია გადასული. სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობთ მოქმედებს მჩაგვრელი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც არ არის ორიენტირებული საერთოზე, ანუ საჯაროზე, არამედ ორიენტირებულია პროფიტსა და საბაზრო ლოგიკაზე, მისთვის არ არსებობს საჯაროობის განცდა და საჯაროზე ყველანაირ დავას აღიქვამს ისტერიკულ, არარაციონალურ გამოხდომად, სწორედ აქ იკვეთება ჩაგვრა.

მოცემული წარმოდგენა კი თავისი ეთიკური ნიშით, არსებული პოლიტიკური დღის წესრიგის წისქვილზე ასხამს წყალს და გვთავაზობს, ერთგვარ ზეკაპიტალისტურ, სოციალური დარვინიზმით გაჟღენთილი სუბიექტის ხატს. წარმოდგენის მთავარი გმირი მუდმივად ფორმაშია, ის ცდილობს სხეული იდეალურ მდგომარეობაში ჩააყენოს და გამოსავალს სწორედ აქ მიანიშნებს, ინდივიდში, მის მუდმივ მზადყოფნაში, რის გამოც ის "მისაღები" ხდება "ფეხზე მყარად მდგომი" საზოგადოებისთვის. საბოლოოდ ამის აღწერა გვაძლევს სენტიმენტალიზმს და ისტერიკულ, პოლიტიკისგან დაცლილ ემოციას აღძრავს მაყურებელში, რომლის მაგალითიც იყო მარჯანიშვილის თეატრის დარბაზში დაღვრილი ცრემლები.

საბოლოოდ წარმოდგენას არავითარი კვლევისთვის არ მიუღწევია, უმალ პირიქით, არსებულს შეუწყო ხელი, არც დიდი თეატრალური წარმოდგენა, ესთეტიკურად მყარი პროექტი არ იყო ჩვენ წინ. რაღაც მომენტში დიდი გაუცხოება შემექმნა და მეგონა, რომ თეატრის ნაცვლად, რომელიმე კონფერენციის გახსნაზე ვიყავი.

სპექტაკლიდან გამოსულს, პოეტ იუვენალისისა და შემდგომში ჰილტერის საყვარელი ციტატა მიტრიალებდა თავში - "ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია?" და მახსენდებოდა ჩემი მეგობრები და სხვები, რომლებიც ნარკოტიკისგან დაღვრემილ სხეულს ძლივს დაათრევენ ქუჩებში, მახსენდებოდა ეტლში ჩავარდნილი ადამიანები, რომლებისთვისაც არავითარი საჯარო პოლიტიკა და მოქნილი ჯანდაცვის სისტემა არ არსებობს.

bottom of page