„მაგრამ შენ თუ ასი მალა გაქვს, ჩემიც 11...“

„...მაგრამ შენ თუ 100 მალა გაქვს, ჩემიც 11... რა გამოდის?...“

 

ლაშა ჩხარტიშვილი

 

თბილისის საერთაშორისო მე-11 თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა ჯოუელ ბრაუნის და ივ მაცოს წარმოდგენით „111/ას თერთმეტი“ გაიხსნა. არავერბალურ წარმოდგენას წინ უძღოდა ჯოუელ ბრაუნის ვერბალური მონოლოგი, რომელშიც არტისტი ფაქტობრივად სპექტაკლის (უფრო სწორად ქორეოგრაფიული ჩანახატის) სახელწოდების სემიოტიკას გვაცნობს. ამბავს კი ორი მსახიობი სხეულის ენით გადმოგვცემს. ორი არტისტის შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა, რამაც ბიძგი მისცა ისინი ერთმანეთის შთაგონების წყაროდ ქცეულიყვნენ. შთაგონებამ შვა კოლაბორაცია, ხოლო ამ ტანდემმა მხატვრული პრდუქტი „111/ას თერთმეტი“, რომელიც ცეკვის ენით გადმოსცემს ორი ადამიანის დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ - ეს არის სიყვარული, ორი სულის სრული თანხვედრა და ორი სხეულის აბსოლუტური ჰარმონია.

„111/ ასთერთმეტი“ ფიზიკური თეატრის, ცეკვისა და მოძრაობის ერთობლიობაა, რომელიც წარმოაჩენს ადამიანის სულის კონკრეტულ მოცემულობას და შინაგან მღელვარებას, განცდებს, ბედნიერებასა და სევდას. ორი მსახიობი ყვება სიყვარულით გაჟღენთილ ცხოვრების გზას. ქორეოგრაფები (ამავდროულად მოცეკვავეები) გვიჩვენებენ ცეკვის ახალ შესაძლებლობებს, რომელიც ავტორებმა შეზღუდული მოცემულობიდან შექმნეს, რომელმაც ფართოდ გაუღო კარი შემოქმედის ფანტაზიას და ამ შემოსაზღვრული შესაძლებლობით შექმნა სანახაობა, რომელიც აფართოებს ადამიანის (ამ შემთხვევაში) უკიდეგანო შესაძლებლობას.

ორი მოცეკვავე ისტორიას ქორეოგრაფიის ენით თხზავს, რომელიც გარკვეულ კანონზომიერებას ექვემდებარება და ვიზუალურადაც დახვეწილ  ფიგურებად, კომპოზიციურად დამუშავებულ ერთ ეპიზოდებად აღიქმება. მსახიობები ურთულეს ფიზიკურ ამოცანებს ასრულებენ, მაგრამ მაყურებელი ბარიერებს ვერ ხედავს, ვერც დაღლას ატყობს მათ. ისინი ლაღები და მსუბუქები არიან, როგორც ფერიები.

„ძალა ერთობაშია“ - უნებურად გამახსენდა ქართული ანდაზა სპექტაკლის ცქერისას, რადგან მსახიობები (პერსონაჟებიც) ერთმანეთს აძლიერებენ, ავსებენ, ზურგს უმაგრებენ და ასე ქნიან ერთ ძლიერ, უსაზღვრო შესაძლებლობებით სავსე მთლიანობას. აქ ძალთა შესაძლებლობები მაქსიმალურად დაბალანსებულია.

რაც შეეხება თავად 111- ს: ეს ორი არტისტის მალების მეტაფორული ჯამია. ჯოუელ ბრაუნს მიაჩნია, რომ ივ მაცო ისე მოძრაობს, რომ მას თითქოს 100 მალა აქვს, ხოლო ჯოუელი ისეთ ბრუნებს აკეთებს, თითქოს 11 მალა ჰქონდეს. სწორედ ამ მალების ჯამია 111, რომელიც ეწოდა სპექტაკლს და თავად სპექტაკლიც, ისე როგორც მისი შინაარსი, ამ კავშირზეა დაფუძნებულ-დამყარებული.

ჯოუელ ბრაუნის და ივ მაცოს კოლაბორაცია დიდ ბრიტანეთში შეიქმნა. ფესტივალზე მხატვრული პროდუქტი ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით ჩამოვიდა, რომელიც პროექტის „დიდი ბრიტანეთის სეზონი საქართველოში“ ფარგლებში იყო წარმოდგენილი.