ქართული სპექტაკლების პროგრამა 2016

მაკა ვასაძე

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის 2016 ქართული სპექტაკლების პროგრამა (Georgian Showcase)

2016 წლის თბილისური (და არა მარტო) შემოდგომა ერთობ გადატვირთულია სხვადასხვა ამბით. რამდენიმე წელია, ხელოვნების მოყვარულებისა და პროფესიონალებისთვის, სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული ახალ წლამდე, თითქმის შეუსვენებლად, ფესტივალს ფესტივალი ებმის. ფესტივალები, ხელოვნების ამა, თუ, იმ დარგს, მიმართულებას წარმოაჩენენ: თეატრი, კინო, მუსიკა, ფოტოხელოვნება და ა. შ. რამდენიმე ხანია, რაც „საფესტივალო ციებ-ცხელებამ“, მთელი წლის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონი და ქალაქი მოიცვა. მაგალითად: ბათუმი, ფოთი, თელავი,  ახალციხე, გორი... სახელოვნებო კრიტიკაც, მაისიდან ნოემბრის ჩათვლით, გადატვირთული სამუშაო რეჟიმით „ცხოვრობს“. ჩვენ - კრიტიკოსები, ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ მოვლენათა განვითარებას, ყველაფერი ვნახოთ, მოვისმინოთ და შევაფასოთ.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით, სახელოვნებო კრიტიკის განვითარებას ხელშეწყობა არა აქვს. ჩვენ, საქართველოში მოღვაწე კრიტიკოსები,  საკუთარ საქმეზე თავდავიწყებით შეყვარებულ, „რომანტიკოს“ - ენთუზიასტებად მოვიაზრებით. გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან  დღემდე აზრის გამოხატვის, შეფასების, ობიექტური (თუ სუბიექტური) კრიტიკის ასახვისთვის განკუთვნილი სივრცის გარეშე დავრჩით. ამისდამიუხედავად, ვცდილობთ, ჩვენი „თავდავიწყებული სიყვარული“ მომავალ თაობებსაც გადავცეთ. რამდენად მართლები ვართ, არ ვიცი. ერთი კი უდავო, შეიძლება ითქვას, აქსიომაა -  კრიტიკის გარეშე ვერც ერთი სახელოვნებო სფერო ვერ განვითარდება...

მაგალითად, სათეატრო კრიტიკოსებისთვის მხოლოდ ერთი პროფესიული, ბეჭდვითი ჟურნალი არსებობს - „თეატრი და ცხოვრება“ (დიდი მადლობა ბატონ გურამ ბათიაშვილს). ისიც, წელიწადში 6 ნომერი გამოდის (სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს, საჰონორარო ანაზღაურებით). ჟურნალს, უკვე მეორე წელია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აფინანსებს.

ასევე, არსებობს ახალგაზრდა „რომანტიკოსების“ შექმნილი ინტერნეტჟურნალი  www.georgiantheatre.ge. სამწუხაროდ, უსახსრობის გამო  ვერც ის ახერხებს უახლეს სათეატრო მოვლენებზე (თუნდაც, მარტო საქართველოში განვითარებულზე) მყისიერ გამოხმაურებას, ვებგვერდის განახლებას (ჰონარარზე საუბარიც კი არაა).

მოკლედ - „რა გითხრათ, რით გაგახაროთ!“. „მაგრამ... მაგრამ... მაგრამ...“ - ჩვენ მაინც ვარსებობთ... სიტყვა გამიგრძელდა სახელოვნებო კრიტიკაზე (ჩვენთვის უმტკივნეულეს საკითხზე).

დავუბრუნდეთ თეატრალურ ფესტივალებს. მცირე სტატისტიკურ მონაცემებს მოგაწვდით. საქართველოში, როგორც უკვე აღვნიშნე, რამდენიმე დიდი თუ მცირე ფორმატის, საერთაშორისო და რეგიონული თეატრალური ფესტივალია. 1997 წელს რეჟისორმა ქეთი დოლიძემ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ დააარსა. მისი არსებობა 2008-2012 წლებში, სხვადასხვა მიზეზით, შეჩერებული იყო. 2009 წელს მერიამ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს ჩაუყარა საფუძველი (დირექტორი _ ეკატერინე მაზმიშვილი). ორივე ფესტივალის პარტნიორი და ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

2002 წელს ქუთაისის თეატრალური საზოგადოების მიერ და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცის ხელშეწყობით შეიქმნა და მხოლოდ ორი წელი იარსება რეგიონულმა ფესტივალმა - თეატრალური იმერეთი. 2012 წელს ქუთაისის თეატრალურმა საზოგადოებამ ფესტივალი აღადგინა. შეიქმნა ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი და სამხარეო ადმინისტრაციის გარდა, ქუთაისის მერია, ქუთაისის მუნიციპალიტეტიც მათ გვერდითაა.

2014 წელს, გორში რეჟისორ სოსო ნემსაძის თაოსნობით დაარსდა „კომედიის ფესტივალი“. ორგანიზატორებმა დღემდე „ვერ მოახერხეს“ თეატრებისთვის აეხსნათ, რომ ფესტივალს განსაზღვრული ჟანრი აქვს - კომედია. წელს სიახლეც იყო: წარმოდგენის დასრულებისთანავე სპექტაკლების განხილვები. პროფესიული კრიტიკა ნამუშევრებს შემოქმედებით ჯგუფთან პირისპირ შეხვედრისას აფასებდა. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდი „RegArt“, ფინანსურად გვერდში უდგანან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.

2015 წელს რეგიონულ ფესტივალთა ნუსხას სამი ახალი ფესტივალი შეემატა:

1. ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი, რომლის პროგრამა ერთობ დატვირთული და საინტერესოა. ფოთმა, ორი წლის  განმავლობაში, არა მარტო საქართველოს რეგიონების თეატრებს უმასპინძლა, არამედ, პოლონეთის, იტალიის, ბელორუსიისა  და ირანის. პროფესიონალებს საშუალება აქვთ გაეცნონ ერთმანეთის შემოქმედებას. ფესტივალი ჩვენ - კრიტიკოსებს, თეატრმცოდნეებს გვეხმარება ზოგადად ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესების, პრობლემების საერთო სურათის აღქმასა თუ გაანალიზებაში. ნინელი ჭანკვეტაძე (იდეის ავტორი, დამფუძნებელი), თენგიზ ხუხია (დირექტორი) და საორგანიზაციო ჯგუფი: ბექა ჯუმუტია, შიო აბრახამია, ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, ნანა თუთბერიძე, ნათია გოგოჭური, თეიმურაზ ქავთარაძე - სწორი, ჰარმონიული, თავდაუზოგავი მუშაობით დიდ საქმეს აკეთებენ ზოგადად საქართველოს სათეატრო ხელოვნების განვითარებისათვის. კიდევ ერთხელ, მინდა ვუთხრა მათ მადლობა, ასეთი „საზეიმო - საფესტივალო“ განწყობის შექმნის გამო;

2. ბათუმის, ყოველწლიური „მონოპიესების ფესტივალი“, რომელსაც ახალგაზრდული ორგანიზაცია „არტვეი“ ბათუმის მერიის მხარდაჭერით ატარებს, ახალგაზრდა დრამატურგების, რეჟისორებისა და მსახიობების ერთობლივი მუშაობის ხელშემწყობია;

3. 2015 წელს, ახალციხეში, საქართველოსთვის მნიშვნელოვან რეგიონში, აღდგა 2004-ში დაარსებული, ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი (იმართება 2 წელიწადში ერთხელ).

2016 წელს რეჟისორ ვასილ ჩიგოგიძის (ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი) თაოსნობით დაიბადა ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და რაც ყველაზე გასახარია - კერძო ბიზნესი - მაგალითად, ვანო ჩხარტიშვილი, ასკანელი ძმები და სხვები... (იქნებ, მეცენატობის ინსტიტუტი კვლავ აღდგეს საქართველოში!).

არსებობს მცირე ფორმატის ფესტივალებიც. მაგალითად, თბილისში, „სამეფო უბნის თეატრის“ ინიციატივით, 2009-2012 წლებში, ყოველწლიურად ტარდებოდა 25-წუთიანი სპექტაკლების ფესტივალი „არდიფესტი“. მიზანი - თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარება და ახალგაზრდა რეჟისორების პროფესიული დაოსტატების ხელშეწყობა იყო.2012 წლის შემდეგ ფესტივალი უსახსრობის გამო აღარ გამართულა. გვპირდებოდნენ, რომ 2016 წ. განახლდებოდა, თუმცა ჯერჯერობით არ აღმდგარა.

ამავე თეატრისა და ახალგაზრდა რეჟისორ დათა თავაძის თაოსნობოთ, 2014 წლის დეკემბერში საფუძველი ჩაეყარა ახალ წამოწყებას: „სასტიკი თეატრის დღეები“ - დრამის ფესტივალი - ასე ეწოდება პიესების თეატრალიზებულ კითხვას. სამი დღის განმავლობაში - სამი უცხოელი ავტორის, სამი ქართველი დრამატურგისა და ერთიც გერმანიაში მოღვაწე ქართველი შემოქმედის (დევიდ ჰაროვერი, დენის კელი, სარა კეინი, დავით გაბუნია, ლაშა ბუღაძე, ნინო ხარატიშვილი) ნაწარმოებები გააცნეს და გაითამაშეს მაყურებლის წინაშე. ორგანიზატორთა მიზანია თანამედროვე დრამატურგიაში ასახული, რეალურ ცხოვრებაში არსებული, სასტიკი მხარეების გაანალიზება, მიზეზთა კვლევა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს ერთჯერადი მოვლენა გახლდათ.

თეატრის საერთაშორისო დღეს - 27 მარტს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის და საკრებულოს, მარჯანიშვილის თეატრის თანადგომით, ასევე, კერძო მხარდამჭერებთან მეგობრობით (საჩუქრები, წამახალისებელი პრიზები, ვაუჩერები და სხვ.), უკვე რამდენიმე წელია სტუდენტური „ეტიუდების ფესტივალით“ აღნიშნავს. ფესტივალის მონაწილეთა ასაკიდან გამომდინარე, ახალგაზრდობის ინტერესი იმდენად დიდია, რომ ჩვენებებმა მარჯანიშვილის სხვენიდან ჯერ დიდ სცენაზე გადაინაცვლა, 2016-ში კი, მარჯანიშვილის სარდაფში. საორგანიზაციო ჯგუფი ცდილობს, მომავალში ფესტივალი საერთაშორისოდ იქცეს. ამის მცირე გამოცდილება უკვე აქვთ კიდეც. ერთხელ, თუ, ორჯერ (ზუსტად არ მახსოვს) სხვა ქვეყნების სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.

სურათი ნათელია: სახელმწიფო მმართველობა ხელს უწყობს სათეატრო, საშემსრულებლო ხელოვნების (და არა მარტო სათეატრო) განვითარებას. ჩანს, რომ ჩვენი (ხელოვანების მსახურების) და მათი (სახელმწიფოს) მიზანია, საქართველო, თბილისი კულტურული ტურიზმის ქვეყნად, თუ, ქალაქად აქციოს. მთავარია, მომავალში ჩვენი გზები არ გაიყაროს... ხშირად გაიგონებთ: როდესაც ქვეყანა ეკონომიკურ გასაჭირშია, საჭიროა კი ამდენი ფესტივალი? (ამასწინათ, ჩემმა უახლოესმა მეგობარმაც კი, მსგავსი შეკითხვით მომმართა).

2016-ის „ქართული სპექტაკლების პროგრამის“ (Georgian showcase) მიმოხილვით, პირდაპირ თუ ირიბად, შევეცდები დასმულ კითხვას ვუპასუხო.

სულმოუთმენლად ველი ხოლმე სექტემბრის ბოლოს. პერიოდს, როდესაც მერიის დაარსებული - თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - იწყება. ეს „სათეატრო ზეიმი“, წელს უკვე მერვედ გაიმართა. ის წლიდან-წლამდე  იხვეწება. რაც, რა თქმა უნდა, ფესტივალის დირექტორის - ეკა (ეკატერინე) მაზმიშვილისა და მისი არაჩვეულებრივი საფესტივალო გუნდის: თიო (თინათინ) კალატოზიშვილის, თამუნა (თამარ) ლალიაშვილის, ნატო ებანოიძის, ნუცა ბურჯანაძის, რუსუდან ზირაქიშვილის, აჩიკო (არჩილ) დვალიშვილისა და ალექსანდრე წერეთელის დამსახურებაა. მამაკაცები ჩამონათვალის ბოლოს შემთხვევით არ დამისახელებია. მართალია, აჩიკო (ტექნიკური დირექტორი) საფესტივალო გუნდს დასაწყისიდანვე გვერდში უდგას და როგორც გუნდის „გოგოები“ ამბობენ - „აჩიკოს გარეშე ფესტივალი ვერ იარსებებდა“, წლების განმავლობაში იგი მამაკაცთა სქესის ერთადერთი წარმომადგენელი იყო მშვენიერ, ჭკვიან, ნიჭიერ  ქალთა გარემოცვაში.

ეს ფესტივალი, სწორედ ქალებმა შექმნეს, დააყენეს ფეხზე, განავითარეს და ერთ-ერთ  პრესტიჟულ თეატრალურ ფესტივალად აქციეს. რისთვის? იმისთვის, რომ აგერ უკვე 30 წელზე მეტია, ჩვენს თავს დატეხილი პოლიტიკურ-სოციალური ქარტეხილების, ქარიშხლების მიუხედავად, მთელ მსოფლიოს ვუთხრათ: „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“, ჩვენ უდიდესი სათეატრო ტრადიციები და ნოვაციები გვაქვს.

მართალია, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძის, მიხეილ თუმანიშვილის წყალობით, ქართული თეატრი მსოფლიომ 1970-იანი წლების ბოლოდან გაიცნო. (დღესაც,  მსოფლიო მასშტაბის უდიდეს რეჟისორს - რობერტ სტურუას, ძალიან ხშირად იწვევენ სხვადასხვა ქვეყანაში სპექტაკლების დასადგმელად). ეს, მაინც, ცალკეული რეჟისორები და მათი დადგმები, თუ თეატრები იყო.

საერთაშორისო ფესტივალი კი ზოგადად ქვეყნის სახეს ქმნის. ჩვენთან ჩამოდიან სათეატრო დასები, მათ მოჰყვებიან უცხოელი ექსპერტები, კრიტიკოსები, მენეჯერები, პროდიუსერები და ა.შ. ნელ-ნელა, ფესტივალების წყალობით თბილისში (საქართველოში) კულტურული ტურიზმი განვითარდა და წელს, ვფიქრობ, ტურისტთა რაოდენობის მიხედვით, პიკსაც კი მიაღწია. თბილისი, თანადათან, თანამდროვე მსოფლიო კულტურის ერთ-ერთ მექად შეიძლება იქცეს (ჩემი ოცნება, რომელიც შეიძლება ახდეს).

ერთი სასიხარულო ფაქტი უნდა აღვნიშნო. ფესტივალი წინასაარჩევნო „ქარტეხილების“ პერიოდში მიმდინარეობდა (24.09-08.10.2016. „თბილისის საერთაშორისო“ არჩევნებს ოთხ წელიწადში ერთხელ ემთხვევა ხოლმე), Georgian Showcase-მა კი, უშუალოდ არჩევნების დღეს, 8 ოქტომბერს 8 სპექტაკლი შესთავაზა უცხოელ თუ თბილისელ მაყურებელს. ამისდამიუხედავად, თითქმის ყველა სათამაშო მოედანი, სივრცე, დარბაზი შეივსო.  ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ფესტივალის უკვე მოპოვებული სახელი - სწორი მენეჯმენტი, მარკეტინგი, პიარი, სწორი საფესტივალო პოლიტიკა,  კონცეფცია, მონაწილეთა სახელები და, რაც მთავარია, ღიაობაა.. თავის დროზე, ამ კეთილ წამოწყებას სწორედ წინასაარჩევნოდ, 2009 წელს ჩაეყარა საფუძველი. მაშინ „ნაცმოძრაობა“ (ზოგიერთი ლიდერი) უკვე  გრძნობდა და კარგად აცნობიერებდა საზოგადოების, თანამოქალაქეების უნდობლობას და ამ გზით აპირებდა ჩვენი „გულების მოლბობას“. (იმედია, მათ არაადამიანურ შეცდომებს აღარავინ გაიმეორებს, რა თქმა უნდა, პარტიებს ვგულისხმობ).

ალბათ, ამიტომაც, 2016 წ. საფესტივალო კატალოგში ასეთ შეფასებას ვკითხულობთ:

 „თავად წარმოვადგენ ფესტივალს, რომელმაც სულ ახლახან იზეიმა 53-ე იუბილე და გაოგნებას ვერ ვმალავ, როგორ მოახერხა თბილისის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა ასეთ მოკლე ხანში მოეპოვებინა უპრეცენდენტო პრესტიჟი და საერთაშორისო რეპუტაცია“. - იოსი ტალ-განი, ისრაელის ფესტივალებისა და თეატრების მრჩეველი. იერუსალიმი, ისრაელი.

„თბილისის მაცხოვრებლებს შეუძლიათ იამაყონ ამ ფესტივალით. მსოფლიოს კი, თავის მხრივ, შეუძლია იამაყოს, რომ მათ შორის, ამ ფესტივალის წყალობით, არსებობს ქალაქი თბილისი - უდიდესი თეატრალური ტრადიციებისა და ამოუწურავი შემოქმედებითი ძალების მქონე ქალაქი“. -  რომან დოლჟანსკი, ფესტივალების „NET“ და „ტერიტორია“ არტ დირექტორი; თეატრი „ნაციის“ სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე; იბსენის პრემიის ჟიურის წევრი; გაზეთ „კომერსანტის“ მიმომხილველი, თეატრალური კრიტიკოსი.

Georgian Showcase 2009 წელს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დაფუძნდა და ვფიქრობ, საქართველოს სათეატრო ხელოვნებისთვის უმთავრესი საფესტივალო პროგრამაა.  ეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ და თბილისის ვიცემერმა ნინო ხატისკაცმაც აღნიშნეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროგრამის წარდგინებისას (05.10..16).

წელს ქართული სპექტაკლების პროგრამას - 50-ზე მეტი სტუმარი (სათეატრო ექსპერტი) ეწვია: საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, ნორვეგიიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, ყაზახეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ბელორუსიიდან, პოლონეთიდან, ომანიდან, ესტონეთიდან, ბელგიიდან, ავსტრიიდან, ლიტვიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან. მათ შორის: ანიეს ტროლი - ავინიონის ფესტივალის (Festival D’avigon) მხატვრული პროგრამების დირექტორი; დიდიე ტიბო - ევროკავშირის ფესტივალის „ქარების გვირგვინი“ (La Roze Des Vents) გენერალური და მხატვრული დირექტორი; მარი სორბიე -  ფესტივალების მიმომხილველი გაზეთის (1/0 Gazette) მთავარი რედაქტორი; პიტერ სპულერი - კარლსრუეს თეატრის (Badisches Staatstheater Karlsruhe) სამხატვრო ხელმძღვანელი; მიშელ დევივი - ბერლინის დოიჩე თეატრის (DT) სამხატვრო დირექტორი; ებერჰარდ ვაგნერი - გერმანიიდან, იტერნაციონალური სათეატრო ინსტიტუტის წარმომადგენელი; რუზნე კრეგჟდაიტე - ლიტვის მუსიკისა და თეატრის აკადემიის ლექტორი, „ხელოვნება და სამეცნიერო ლაბორატორიის“ დამფუძნებელი (Lithuanian academy of music and theatre/Arts & Science Lab); პიეტრო ვალენტი - ემილია რომანას სათეატრო ფონდის (Emilia RomagnaTeatro Fondazione, ლევან წულაძის „შეშლილის წერილების“ თანადამფინანსებელი, თანაპროდიუსერი, კოპროდუქციის იტალიური მხარე) - წარმომადგენელი იტალიიდან; ჰაკან სილაჰსიზ ოგლუ - ატტა ფესტივალის (Atta Festival) დამფუძნებელი, პროდიუსერი და მრავალი სხვა. ვფიქრობ, ეს სახელები და გვარები უკვე ბევრის მთქმელია. უპირველეს ყოვლისა იმის, რომ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული სათეატრო ხელოვნების პოპულარიზაციასა და  საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანას.

ამასვე მეტყველებს 2009-2015 წლების მშრალი სტატისტიკური მონაცემებიც: ქართული პროგრამის ფარგლებში ნათამაშები სპექტაკლების რაოდენობა - 250; მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრების რაოდენობა - 385.

რამდენიმე წელია, ქართულ პროგრამაში წარსადგენ სპექტაკლებს, ქართველი სათეატრო კრიტიკოსები უწევენ რეკომენდაციას. წელს ქართველ ექსპერტთა (5 კრიტიკოსი) ჯგუფი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საბჭომ დაასახელა. მათ შორის მეც გახლდით. გვქონდა რამდენიმე შეკრება, აზრთა გაზიარება, კამათიც. ამა, თუ,  იმ სპექტაკლის რეკომენდირებულთა სიაში მოხვედრას, ხმათა უმრავლესობა წყვეტდა. საბოლოოდ, უცხოელი, პროფესიონალი სტუმრებისთვის წარსადგენად, 12 სპექტაკლი ავარჩიეთ. უნდა აღვნიშნო, რომ რიგით მეთერთმეტე და მეთორმეტე წარმოდგენების სიაში მოხვედრა, ფოთის რეგიონული თეატრების ფესტივალის დამსახურებაა. სწორედ, იქ ვნახეთ, ქუთაისისა და ჭიათურის თეატრების კოპროდუქცია: ირაკლი სამსონაძის პიესის მიხედვით, გიორგი შალუტაშვილის დადგმული - „მეთევზე ერთი, ორი...“, დავით როინიშვილისა და გიორგი ჩაჩანიძის მაღალი პროფესიონალიზმით შექმნილი პერსონაჟებით. და, ასევე, ამავე ფესტივალის დახურვაზე წარმოდგენილი, იბსენის „ხალხის მტერი“, დავით მღებრიშვილის რეჟისურით, თამრი ოხიკიანის სცენოგრაფიით, გია სურმავას თომას სტოკმანით. ორივე სპექტაკლი, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ალბათ, არასდროს დამავიწყდება...

აქვე აღვნიშნავ, რომ წელს ქართულ პროგრამაში ცვლილებები მოხდა. ბუკლეტის პროგრამაში გამოცხადებული სპექტაკლებიდან ზოგიერთი შეიცვალა, ზოგიც ამოვარდა. მართალია, ორგანიზატორებმა უცხოელებისთვის Georgian Showcase-ის წარდგინების დღეს სტუმრებსა და ქართველ კრიტიკოსებს დაახვედრეს ფურცლებზე ამობეჭდილი ცვლილებები, „მაგრამ...  მაგრამ... მაგრამ...“ ვფიქრობ, ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. მითუმეტეს, როდესაც ცვლილება რეკომენდირებულ სპექტაკლს ეხება. მაგალითად, დავით დოიაშვილის - „ცხოვრება იდიოტისა“ - მაგივრად, მუსიკისა და დრამის თეატრმა დაუგეგმავი პრემიერა ითამაშა. მართალია, სტუმრებს სულ ახალი (და ამბობენ, მაღალი მხატვრული დონის), ირლანდიელი დრამატურგის მარტინ მაკდონას, მანანა ანთაძის პროფესიონალურად თარგმნილი, დავით დოიაშვილის დადგმული „ბალიშის კაცუნა“ უჩვენეს, მაგრამ მაინც...

ასევე, კატალოგში გამოცხადებული პროგრამიდან სამი საპრემიერო სპექტაკლი ამოვარდა: გოჩა კაპანაძის „კვაჭი“ (ივანე მაჩაბელის სახელობის ცხინვალის სახელმწიფო დრამატული თეატრი); გიორგი სიხარულიძის „რევიზორი“ (ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი, ქუთაისში); გაბრიელ (გაგა გოშაძის) „წმინდა ანტუანის სასწაული“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ილიაუნის) თეატრი). რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიზეზით. ვფიქრობ, ეს თეატრების უპასუხისმგებლობის ბრალია და არა ორგანიზატორების. ძალიან გამიკვირდა და გული დამწყდა, როდესაც გავიგე, რომ გიორგი სიხარულიძემ, ქართული პროფესიული კრიტიკისგან შექებული, „რევიზორი“ არ უჩვენა უცხოელ ექსპერტებსა და თბილისელ მაყურებელს (მიზეზი არ გამომიკვლევია). ილიაუნის თეატრმა პრემიერა მსახიობის ავადმყოფობის გამო გადადო. ცხინვალის თეატრის ამბავი, მართალი გითხრათ, არ ვიცი... ალბათ, უკეთესი იქნება, რომ საორგანიზაციო ჯგუფმა გარკვეული, დაწესებული თარიღის შემდეგ, საპრემიერო სპექტაკლები აღარ შეიტანოს კატალოგში... თეატრები კი, მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ფესტივალის ქართულ პროგრამაში წარდგინებას... აქვე აღვნიშნავ, რომ საფესტივალო ვებგვერდზე - http://www.tbilisiinternational.com/ge/program/georgian-showcase-program - ყველაფერი სწორადაა მოწოდებული, აქაც, მხოლოდ დავით დოიაშვილის არც რეკომენდირებული და არცსაპრემიერო სპექტაკლი არ ასახულა.

რეკომენდირებული სპექტაკლების სია ასე გამოიყურება (ჩამონათვალი რიცხვების, დღეების მიხედვითაა): მეთევზე ერთი, ორი..., ქუთაისისა და ჭიათურის თეატრების ერთობლივი ნამუშევარი- (04.10.16); სტუმარ-მასპინძელი, ახმეტელის თეატრი -  (05.10.16); 13 თიბათვისა, გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი; წუხილი, დამოუკიდებელი პროექტი; ხალხის მტერი, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი; მოხუცი ქალის ვიზიტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრი;  - (06.10.16) შვლის ნუკრის ნაამბობი, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრი; Begalut უცხოობაში,კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრი; მეფე ლირი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი; - (07.10.16)  ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს, თავისუფალი თეატრი; დაკანონებული უკანონობა, შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული  თეატრი; Begalut უცხოობაში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრი; - (08.10.16).

ახლა, საპრემიერო ჩვენებებს გადავავლოთ თვალი: მარჯვენა მარცხენა მაღალ ქუსლებზე,  კოპროდუქცია, პოლონეთი-საქართველო, პოლონური ცენტრი „ასიტეჟი“ და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრი; აურზაური არაფრის გამო, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი; კატარინა ბლუმის შელახული ღირსება, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრი - (04.10.16); აურზაური არაფრის გამო, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი; კატარინა ბლუმის შელახული ღირსება, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრი; პრომეთე / დამოუკიდებლობის 25 წელი, სამეფო უბნის თეატრი - (06.10.16); შიმშილის ღმერთი, დამოუკიდებელი პროექტი; გამოუქვეყნებელი ნოველა, გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი; ქარიშხალი, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი - (07.10.16); პრომეთე / დამოუკიდებლობის 25 წელი, სამეფო უბნის თეატრი; ქარიშხალი, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი - (08.10.16).

სულ:19 სპექტაკლი, აქედან 11, რეკომენდირებული, 7 პრემიერა და ერთი, სპეციალური სტუმრის სტატუსით: მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი, გაბრიაძის თეატრი - (05.10.16).

თვალის ერთი გადავლებითაც კარგად ჩანს, რომ პირველი ორი დღე, არაა დატვირთული. პირველ და მეორე დღეს უჩვენეს 4-4 სპექტაკლი, აქედან თითო, რეკომენდირებული (მეთევზე, ერთი, ორი..., სტუმარ-მასპინძელი) და 3-3 პრემიერა; მესამე დღეს 5 წარმოდგენა, აქედან ერთი პრემიერა და 4 რეკომენდირებული (13 თიბათვისა, წუხილი, ხალხის მტერი, მოხუცი ქალის ვიზიტი); მეოთხე დღეს 5 სპექტაკლი წარმოადგინეს: აქედან სამი რეკომენდირებული (შვლის ნუკრის ნაამბობი, Begalut უცხოობაში,მეფე ლირი) და ორი  პრემიერა; მეხუთე დღესაც 5 წარმოდგენა გაიმართა, აქედან 3 რეკომენდირებული (ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს, დაკანონებული უკანონობა, Begalut უცხოობაში) და 2 საპრემიერო.

ნათელია, რომ წინა წლებთან შედარებით (ბოლო 2-3 წელს არ ვგულისხმობ), პროგრესი სახეზეა. უცხოელი ექსპერტებისთვის შეთავაზებულმა სპექტაკლების რიცხვმა საგრძნობლად იკლო. ეს, რა თქმა უნდა, იმაზე მეტყველებს, რომ საორგანიზაციო ჯგუფის მუშაობა ქართულ პროგრამაზე დაიხვეწა და გაუმჯობესდა. არ შეიძლება (ფიზიკურადაც შეუძლებელია) 40-50 სპექტაკლის 4-5 დღეში წარდგენა და მითუმეტეს ნახვა . აუცილებელი და სწორი ნაბიჯი იყო პროფესიული კრიტიკოსებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნა, რომელიც მიუკერძოებლად არჩევს სპექტაკლებს საქართველოს მასშტაბით. ამის დასტურია ფაქტი, რომ შარშანაც და წელსაც რეგიონული თეატრების წარმოდგენები რეკომენდირებულთა სიაში მოხვდა. წელს - ფოთისა და ზუგდიდის თეატრების ნამუშევრები, შარშან - თელავის, ქუთაისის, ფოთისა და სოხუმის.

მინდა, საორგანიზაციო ჯგუფს მოკრძალებულად ვურჩიო - მომავლისთვის  საქართველოს თეატრების მიმართ კიდევ უფრო მეტი „სიმკაცრე“ გამოიჩინოს. პრემიერები წარსადგენ სიაში იმ შემთხვევაში შეიყვანოს, თუ დარწმუნდება, რომ ნამდვილად შედგება (ორგანიზატორებმა აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში მოითხოვონ ნამუშევრის, თუნდაც დაუსრულებელის, ჩვენება).  ჩვენებები უფრო კარგად გადაანაწილონ. რატომ იყო ბოლო ორ დღეს  ამდენი სპექტაკლი? რა საჭირო იყო პროგრამაში უკვე ნათამაშები პრემიერების ხელმეორედ შეტანა? ანდა რეკომენდირებული სპექტაკლების ბოლო 2 დღეში მიჯრით მიწყობა და დროის თვალსაზრისით გადაფარვა?

და, კიდევ ერთი. წელს სარეკომენდაციო ჯგუფმა (ლელა ოჩიაური, ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ ბოკუჩავა, დათო ბუხრიკიძე, მაკა (მარინე) ვასაძე), შეიძლება ითქვას, ერთხმად, „წელში გამართულებმა“ მივეცით რეკომენდაცია ზემოთ ჩამოთვლილ თითქმის ყველა სპექტაკლს, განსაკუთრებით კი გამოვყავით, საქართველოს თეატრების წლევანდელი სეზონის 2 საუკეთესო სპექტაკლი: რობერტ სტურუას „დაკანონებულ უკანონობა“ და ლევან წულაძის „Begalut უცხოობაში“. რატომ ათამაშეთ რუსთაველის, მარჯანიშვილის, თავისუფალი და სამეფო უბნის თეატრებს სპექტაკლები ბოლო დღეს და თანაც ერთმანეთის გადაფარვით?

ჩვენ, კრიტიკოსებმა კი უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე,  ვიყოთ უფრო პრინციპულები, უფრო მეტად უნდა შევიყვაროთ ჩვენი საქმე, არ გვიჭირდეს იმის აღიარება რაც, კარგია და რაც, ცუდი - პირდაპირ შეგვეძლოს თქმა... და, რაც მთავარია, უნდა შევძლოთ, უნდა დავძლიოთ „კლანურობა“ და „მიკერძოებულობა“. ობიექტურად შეფასების უნარი არ უნდა დავკარგოთ. კერძო, პირადი ურთიერთობები არ უნდა საზღვრავდეს სპექტაკლის ავ-კარგიანობას... ვიცი, ძნელია, ძალიან ძნელი, მაგრამ... საჭირო და აუცილებელი. გასაგებია, რომ საქართველოში ვცხოვრობთ, ყველა ერთმანეთის მეგობარი ან ნათესავია, მაგრამ... წესრიგი და კანონი ყველამ ერთნაირად უნდა დავიცვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ცრუ თანალმობა“, მხოლოდ ჩვენს საერთო საქმეს, საერთო სიყვარულს - საქართველოს სათეატრო ხელოვნებას -  დააზიანებს და არ წაადგება...

რეკომენდირებული და საპრემიერო სპექტაკლების შესახებ, მოსაზრებებსა და შეფასებებს, ჟურნალის შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.