
ქართული შოუ ქეისის სამი წარმოდგენა
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

29.09.2026
ლელა წიფურია
ქართული შოუ ქეისის სამი წარმოდგენა
წელს ქართული პროგრამა შემოდგომაზე იყო წარმოდგენილი, იმ დროს, როცა ყოველთვის იმართებოდა თბილისის საერთაშორისო ფესტივალი. ამჟამად გაზაფხულზე ნაჩვენები საერთაშორისო პროგრამისგან გამიჯნული ქართული შოუ-ქეისი კიდევ უფრო ვრცელი აღმოჩნდა. დღეში რამდენიმე წარმოდგენაც იმართებოდა და პროგრამა ფაქტობრივად თითქმის სრულად მოიცავდა პროფესიული თეატრების უახლეს დადგმებს. ცხადია ყველა სპექტაკლის ნახვა და შეფასება შეუძლებელი გახლავთ. წერილის ფორმატის შესაბამისად სამი სრულიად განსხვავებული სპექტაკლი შევარჩიე, განსხვავებული სათქმელით, კონცეფციით, სტილისტიკით... მაგრამ ამ წარმოდგენებს ერთი რამ აერთიანებთ - სამივე ახალგაზრდა რეჟისორების მიერ არის დადგმული და თეატროლოგების და ჩემი აზრითაც უკვე გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრეს 2026 წლის ქართულ სათეატრო რეპერტუარში და ფესტივალის პროგრამაში. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია- სავსე დარბაზები და სპეციალისტების დიდი ინტერესი უთუოდ მეტყველებს ახალგაზრდების შემოქმედების მნიშვნელოვნებაზე. თუ იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, რომ განსახილველი სპექტაკლებიდან ორი რეგიონალურ თეატრებში დაიდგა, ცხადი ხდება თუ რამდენად მნიშვნელოვანია თბილისის საერთაშორისო თეატრის ფესტივალი, რომელიც რეგიონალურ თეატრებში დადგმულ სპექტაკლებს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის საშუალებას აძლევს. და კიდევ ერთი ძალზე დადებითი ტენდენცია- ნიჭიერი ახალგაზრდები არ არიან მხოლოდ დედაქალაქის თეატრებში დადგმებზე ორიენტირებულები. ხშირად რეგიონული თეატრების ხელმძღვანელებადაც გვევლინებიან და დიდი ინტერესი, რომელიც რეგიონული თეატრების მიმართაა დღესდღეობით, უპირველესად მათი დამსახურებაა.
„კლიტემნესტრას სეანსი“ - ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, გიორგი კაშიას საავტორო სპექტაკლი. გიორგი კაშიას ეკუთვნის ბერძნული მითის სიუჟეტის ტრანსფორმაცია, სადაც ატრიდების ტრაგედიის პირველი შურისმაძიებელი კლიტემნესტრა ფსიქოთერაპევტის სეანსზე აღმოჩნდება. მსოფლიო მითოლოგიაში თუ ლიტერატურაში რომ ვეძებოთ ატრიდების ოჯახზე უფრო სისხლიან ტრაგედიას ალბათ ვერ ვიპოვით. ოჯახის წევრები ერთმანეთის მკვლელებად გვევლინებიან. მამა შვილის- თუმცა მაღალი მიზნებით ცდილობს თავის გამართლებას, ცოლი ქმრის, შვილი დედის. ეს უკანასკნელნი სამართლიანობის აღსრულებას უწოდებენ შურისძიების მიზნით ჩადენილ მკველობებს ... გიორგი კაშიას ტექსტში მითოლოგიური ელექტრა, როგორც ორესთეს თანამოაზრე არ ფიგურირებს. ასევე არ არის ტექსტში და შემდგომ წარმოდგენაში კასანდრა, რომელის ფაქტორიც კლიტემნესტრას შურისძიების არც თუ პატარა მიზეზია. მახსნედება მიხეილ მარმარინოსის არაჩვეულებრივი „აგამემნონი — აჩრდილების სონატა“, სადაც კასანდრას ფაქტორი თითქმის იფიგენიას მსხვერპლშეწირვის ტოლფასად იყო გააზრებული. ფსიქოტერაპევტთან სეანსზე პრობლემებით დატანჯული ქალია მისული-მისი შვილი ქმარმა მხვერპლად შეწირა მისი ნახევარდის და ამავდროულად მაზლის ცოლის სასიყვარულო ამბავს. კლიტემნესტრა, როგორც დედა სრულიად განადგურებულია. მითის მიხედვით ომიდან დაბრუნებულმა აგამემნონმა კასანდრას ჩამოყვანით ორმაგად შეურაცხყო ცოლი- როგორც დედა და როგორც ქალი. გიორგი კაშიას ვერსიაში კლიტემნესტრა წამალდამოკიდებულია, ნარკომანი. კიდევ ერთი მიზეზი, რაც ამძაფრებს მის მდგომარეობას. ია სუხიტაშვილის სახით სცენაზე ნამდვილი ვარსკვლავი დგას- უფაქიზესი ქალი, რომელიც გამხეცებულ მკვლელადაა ქცეული და რომელიც სრულიად შეგნებულად აკვლევინებს თავს საკუთარ შვილს. სწორედ მისგან იღებს იარაღს ორესთე (ილია ჯიშკარიანი), რომელიც ფსიქიატრ ელიასად წარმოჩენს თავს და ამის დასტურად რამდენჯერმე ყვება საკუთარ ავტობიოგრაფიას. სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ მსახიობები: გიგა აბულაძე, მარიამ მღებრიშვილი, ლევან გოგოხია, კობა მატკვა. მათ მიერ განსახირებული როლები სხვადასხვა ხარისხისაა, მაგრამ ია სუხიტაშვილთან პარტნიორობით განხორციელებული დადგმა ანსამბლურობის განცდას ბადებს.
რაც მართლაც ძალიან ამძაფრებს სპექტაკლის ემოციებს, ეს გიორგი ჯღარკავას კომპოზიციები თუ მუსიკალური გაფორმებაა, ვფიქრობ საუკეთესო.
ასევე ნოვატორული კომპოზიციური აზროვნება ჩანს ილია საჯაიას და ანანო დოლიძის სცენოგრაფიასა და კოსტიუმებში. ზუგდიდის თეატრის სპექტაკლი გრიბოედოვის თეატრის დიდი დარბაზის სცენაზე იყო წარმოდგენილი. მაყურებელი სამოქმედო არეალის ორივე მხარეს სცენაზევე იყო განთავსებული. სცენას გრიბოედოვის თეარტის ცარიელ მაყურებელთა დარბაზთან გრძელი ბილიკი აკავშირებდა, სადაც კლიტემნესტრას და აგამემნონის დიალოგები და ცეკვაც კი იმართებოდა. ფუნქციური რეკვიზიტი- აბაზანა, რომელიც გარდაცვლილის სასახლეს ემსგავსებოდა, როდესაც მასში ვინმე წვებოდა, გორგოლაჭებიანი ანტიკვარული სავარძელი საოფისე ავეჯის ფუნქციით, თხის ფიტული... ზოგადად, ტრაგედიის საწყისი ხომ საკულტო რიტუალი თხის სიმღერაა. გიორგი კაშიას რეჟისურით სპექტაკლის ყველა კომპონენტი დიდი ემოციური და აზრობრივი დატვირთვით იყო გამთლიანებული. მაყურებლის და სპეციალისტების შეფასებაც შესაბამისი-ხანგრძლივი ტაში.
კობო აბეს „ქალი ქვიშაში“ ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოებია. რომანი, რომელიც არასოდეს გავიწყდება და სამყაროს სხვაგვარად გახედებს. შეუძლებელია ყველაფრის წამლეკავ ქვიშასთან უბრალოდ საკუთარი ყოფა არ გააიგივო. თითოეული ჩვენთაგანი რომანის პერსონაჟების მსგავსად ერთი და იგივე მექანიკური მოძრაობებით განლეული ცხოვრებით თავის გადარჩენისთვის მუდმივ ბრძოლაში ჩაბმულებს ვგავართ. სულ ერთია, ვაცნობიერებთ ამას თუ არა.
მოძრაობის თეატრში „ქალი ქვიშაში“ ახალგაზრდა რეჟისორმა ანა გოგიშვილმა დადგა. სპექტაკლი დიდი პოპულარობით სარგებლობს- „ყველა ბილეთი გაყოდულია“-პერიოდულდ გვამცნობს მოძრაობის თეატრის ფეისბუქ გვერდი. უკვე არაერთი რეზენზია მიეძღვნა ამ წარმოდგენას. საერთოდაც, მოძრაობის თეატრი დამსახურებულად არის თბილისელი ახალგაზრდების საყვარელი ადგილი. აქ არა მხოლოდ დასია ახალგაზრდული- გარემოც თითქოს ბავშვობაშიც გვაბრუნებს და იმის განცდაც გვეუფლება, რომ ანგარიდან გამოსული თვითმფრინავი თუ არა ვერტმფრენი მაინც გადაგვაფრენს იდილიურ სამყაროში...
ნიკი ძუმპეი, 31 წლის მწერების შემგროვებელი, რომელიც უცნაურ სოფელში დატყვევებული აღმოჩნდება. იგი შვიდი წლის განმავლობაში ცდილობს გაქცევას, მაგრამ როდესაც ორმოდან ჩამოშვებული კიბით გაქცევის საშუალება ეძლევა, საბოლოოდ სოფელში რჩება. მოძრაობის თეატრის სპექტაკლში ახალგაზრდა რეჟისორის, ანა გოგიშვილის კონცეფცია საფესტივალო განაცხადში ამოვიკითხეთ:
„სპექტაკლის იდეაა, რომ ადამიანი თავისუფალია იქამდე, სანამ იბრძვის, მიუხედავად გარემოებებისა“. ვფიქრობ კობო აბეს რომანის ფინალი სრულიად განსხვავებულ ასპექტში მოიაზრება: ნიკი ქვიშის ორმოში ორი მიზეზით რჩება- თანაგრძნობა და სიყვარულიც, რომელიც მას ქალის მიმართ უჩნდება, რომელსაც მისი მუცლის მოშლის დროს აცნობიერებს და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი-იგი წყლის მოპოვებას შეძლებს ქვიშის სამფლობელოში, რაც უდაოდ არის მისი დიდი გამარჯვება, ქვიშის, როგორც ტოტალური მკვლელი გარემოს დამარცხებას. მისი დაბრუნება და სავარაუდოდ ქალის მოლოდინიც სწორედ ამ გამარჯვების და გრძნობათა სინთეზია და არა შემგუებლობა. რეალურად მან დაამარცხა წამლეკავ ქვიშაში უწყლოდ დაღრჩობის პერსპექტივა და მისი დარჩენა ახალ ბრძოლაში ჩაბმის დასაწყისია და არა მორჩილების.
ორი პლასტი, რომელიც სპექტაკლის წარმატებას განაპირობებს - სამსახიობო დუეტი და ანიმაციის თუ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილი სანახაობა. „ციფრული ტექნოლოგიების შერწყმა თეატრის კლასიკურ ფორმებთან და მათ შორის მოძრაობასთან.“ ასე დაახასიათა რეჟისორმა და ანიმაციების ავტორმა ანა გოგიშვილმა თავისი ნამუშევარი. წარმოდგენის ვიზუალური მხარე ნამდვილად უცნაური და ამავდროულად ულამაზესია. სამოქმედო არეალის იატაკი კალეიდოსკოპივით იცვლება და იაპონური მინიმალისტური დეტალებით თუ მწერების მონაცვლეობით სანახაობრივ ფეიერვერკს წარმოსახავს. ოთხ გამჭვირვალე მართკუთხა ფორმის „ეკრანზე“ სხვადასხვა ფერის თუ ფორმის კომპოზიციები ირეკლება და ერთმანეთში ირევა და ერთობლივად ქმნიან სრულიად ქაოტურ მშვენიერებას. რაც ასევე მნიშვნელოვანია- კომპოზიციები არ მეორდება, მათი სიმრავლე პერსონაჟების განცდების ტემპის ადექვატურია და ერთად სინთეზირდება ორი პერსონაჟის ქმედებათა დიაგრამასთან. სასცენო პლასტიკის სიუხვე და შედარებით მცირე ტექსტი - სწორედ ისე, როგორც მოძრაობის თეატრს შეეფერება. ორი ნიჭიერი მსახიობი - უკვე გამოცდილი გიორგი ცერცვაძე და პირველკურსელი ანასტასია კვიტაიშვილი-გაწერელია - ულამზესი გოგონა წელამდე ჩამოშვებული ჟღალი თმებით. თანაც, როგორც გავიგე, ბრწყინვალე რეჟისორის, შალვა გაწერელიას შვილიშვილი. ახალგაზრდა მსახიობი იმდენად დამაჯერებელი იყო ამ როლში, რომ ნამდვილად ვირწმუნე მემკვიდრეობითობის თეორია. ეს დუეტი მართლაც შთამბეჭდავია. გიორგი ცერცვაძე, რომელიც სიმტკიცის და ძლიერების სიმბოლო უნდა ყოფილიყო მისი სქესის შესაფერისად, აბსტრაქტულ სივრცეში მოფარფატე სხეულს გავს, მისი ძებნილი მწერების მსგავსად...
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „ბაკულას ღორები“ ფესტივალზე იმთავითვე იწვევდა მაყურებლის თუ სპეციალისტების ინტერესს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლები თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ხელმძღვანელობით განხორციელებული შემოქმედებითი პროცესის წარმართვის შედეგი კი სოფო ქელბაქიანის სპექტაკლიც გახლდათ - „ბაკულას ღორები“.
ამთავითვე უნდა ითქვას, რომ საკმაო სითამამეა საჭირო, რომ მიხეილ თუმანიშვილის უკვდავი სპექტაკლის შემდეგ დავით კლდიაშვილის მოთხრობის დადგმა გადაწყვიტო. სოფო ქელბაქიანს თბილისელი მაყურებელი კარგად იცნობს უპირველესად მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარში წარმოდგენილი სპექტაკლებით. საფესტივალო პროგრამაში რეჟისორის მეორე წარმოდგენაც იყო-„ხალხის მტერი“. პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ არ ძველდება - ღორები, რომლებიც ყველაფრის გამანადგურებლები და დამპყრობლები არიან (რამინ კილასონია, თემურ გოგინავა, მარტინ ღამბარაშვილი). და მათთან ბრძოლის სრულიად უაზრო სტრატეგია, რომელიც კომპრომისების, მლიქვნელობის, თავის დამცირების გზაზე გადის. სცენაზე განფენილ გრძელ ბილიკზე ზენათი (თამარ აბშილავა) ლამაზად გაფომებულ კერძებს აწყობს. რეჟისორის და სცენოგრაფ ავთო მოდებაძის მინიშნებები, ღორის ნიღბები, ძაღლის ფიტული, პატარა ოაზისიც, რომლის გადარჩენასაც პიტია (ანიკო შურღაია) ცდილობს ერთნიშნადი და პირდაპირია - ეს სამყარო უცილობლად განადგურდება გალაქტიონის (ჯანო იზორია) უნიათობის, შაშას (გენადი შონია) უპრინციპობის და ვასილ ვივანიჩის (გიორგი სურმავა) მარადიული უფროსობით. გალეშილი „ნაჩალნიკის“ და კაბაშეხსნილი გოგონას ტრაგიკული ცეკვა, შემდგომ კი დამცირებული და შერცხვენილი გალაქტიონის მიერ მისი კაბის შეკვრა, ღორის თავიანების მიერ ზენათის გაუპატიურება კულისებში მართლაც ბადებს უკიდურესი უმწეობის განცდას. სპექტაკლის ფინალში ჯანო იზორიას პერსონაჟი საკუთარი ხელით ჭედავს და შემდეგ თავზე იცვამს ღორის უღელს. ასეთია სპექტაკლის ავტორთა განაჩენი. მხოლოდ პიტია (ანიკო შურღაია) გვევლინება ერთგვარ იმედად - ის საკუთარი ხელით იწყებს პატარა ოაზისის შემოღობვას. რეჟისორის სათქმელი პირდაპირია - მხოლოდ ახალი თაობის იმედზე თუ შეიძლება ყოფნა და კიდევ იმის იმედზე, რომ ახალგაზრდები საკუთარი ხელით ააშენებენ მომავალს და მფარველების ძებნას არ დაიწყებენ...
თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ქართულ შოუ ქეისს დიდი მისია აკისრია - ქართული თეატრის საერთაშორისო სტატუსის მუდმივი განახლება. ახალგაზრდების შემოქმედების პოპულარიზაცია, მით უფრო რეგიონული თეატრების დადგმების მსოფლიო ასპარეზზე წარდგენა ფესტივალის მისიას კიდევ უფრო ღირებულს ხდის.