top of page

ადამიანი, თოჯინა და ერთგულების ისტორია

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

762903748_1663958651330509_7804465992514905813_n.jpeg

03.08.2026

ლაშა ჩხარტიშვილი

ადამიანი, თოჯინა და ერთგულების ისტორია

ნოდარ დუმბაძის ტექსტების მთავარი ძალა დრამატულ მოვლენებში კი არა, ადამიანურ ურთიერთობებში, ხასიათებში, იუმორსა და სევდას შორის არსებულ იმ ზღვარშია, რომელიც მხოლოდ ზუსტი რეჟისორული ინტუიციით შეიძლება გადაიტანო სცენაზე. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნიკოლოზ საბაშვილი ამ ამოცანას ორიგინალური ფორმით პასუხობს. მისი „ძაღლი“ შერეული პლანის წარმოდგენაა, სადაც ცოცხალი მსახიობი და თოჯინა ერთმანეთის პარტნიორებად გვევლინებიან. არც ერთი მათგანი მეორეს არ ემსახურება. პირიქით, ისინი ერთიან თეატრალურ ენას ქმნიან, რომელიც დუმბაძის სამყაროს ორგანულად ერწყმის.

სცენოგრაფიული გადაწყვეტა სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კომპონენტია. ნიკა საბაშვილი სივრცეს სამ პლანად აწყობს, რაც მოქმედებას სიღრმესა და მრავალშრიანობას სძენს. წინა პლანზე პერსონაჟებისა და თოჯინების უშუალო სამოქმედო არეა, შუა პლანი დრამატული ეპიზოდების განვითარებას ეთმობა, ხოლო უკანა პლანზე გაშლილი ყანა მუდმივად არსებობს, როგორც სოფლის, ბუნებისა და დროის სიმბოლო. ეს არ არის მხოლოდ დეკორაცია, არამედ ცოცხალი გარემო, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ. ყანის სხვადასხვა სიმაღლე, ფერთა ბუნებრივი გამა და განათების ცვლილებები სივრცეს მუდმივად გარდაქმნის. ზოგჯერ იგი ბავშვობის იდილიურ სამყაროს ჰგავს, ზოგჯერ კი მარტოობისა და დანაკარგის მეტაფორად იქცევა. ამავე სივრცეში ჩნდება სოფლის კონტურებიც, რაც მოქმედების ადგილს კონკრეტულობას ანიჭებს, თუმცა მთლიანობაში სცენოგრაფია პირობითობის ფარგლებში რჩება და ნოდარ დუმბაძის სამყაროს პოეტურ ბუნებას ზუსტად გამოხატავს.

სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ვახო ქორიძის მიერ შექმნილი თოჯინებია. პატარა, ნატიფი, სკულპტურულად დამუშავებული ფიგურები მხოლოდ ლამაზად შესრულებული ობიექტები არ არის. თითოეულ მათგანს საკუთარი ხასიათი აქვს. მსახიობები მათ ისეთი სიზუსტით აცოცხლებენ, რომ თოჯინები სტატიკურ საგნებად აღარ აღიქმება. ისინი სუნთქავენ, რეაგირებენ, გამოხატავენ ემოციას, ურთიერთობენ ერთმანეთთან და მაყურებელთან. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ძაღლის მხატვრული სახე. იგი არც ერთ სიტყვას არ ამბობს, მხოლოდ წკმუტუნებს, მაგრამ კუდის მოძრაობით, ყურების ცქვეტით, თავის დახრითა და სხეულის პლასტიკით მაყურებელს იმდენ ინფორმაციას აწვდის, რომ სიტყვა სრულიად ზედმეტი ხდება. მისი „ენა“ რეაქციაა, შეფასებაა, ქმედებაა და სწორედ ამიტომ პერსონაჟი ცოცხლდება. ეს ყველა დეტალი გათვლილი აქვს რეჟისორს, რომელსაც სიზუსტით ასრულებენ მსახიობები.

სპექტაკლის მთხრობელი გიორგი დოლიძეა, რომელსაც ბოლო წლებში ოზურგეთის თეატრის რეპერტუარში სრულიად განსხვავებული ამპლუის როლებში ვიხილეთ. აქ იგი მთხრობელიცაა, მონაწილეც და თითქოს თავად ნოდარ დუმბაძის სამყაროს გამტარიც. გიორგი დოლიძის სამსახიობო ბუნებაში ერთი საინტერესო თვისებაა: იგი თითქმის ყველა პერსონაჟს კეთილად ხატავს. ყველაზე წინააღმდეგობრივ ადამიანშიც კი პირველ რიგში მის ადამიანურ მხარეს ეძებს. ნოდარ დუმბაძე თუ კეთილი მწერალია, გიორგი დოლიძე, შეიძლება ითქვას, კეთილი მსახიობია. ამიტომ მისი თხრობა მორალიზატორული არასოდეს ხდება. იგი მაყურებელს არ კარნახობს, ვინ არის კარგი და ვინ ცუდი, არამედ ადამიანების გაგებას ცდილობს.

დავით კვერღელიძის ბაბუა სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სახეა. სიბერის სიმძიმე, ცხოვრების გამოცდილება და ამ ყველაფრის მიუხედავად შეუნელებელი ოპტიმიზმი მსახიობს მცირე დეტალებით მოაქვს. ბაბუას ღიღინი, მოძრაობა, სიტყვების წარმოთქმის მანერა, ყოველდღიური ქცევები იმ ადამიანის პორტრეტს ქმნის, რომელმაც ბევრი გამოიარა, მაგრამ ცხოვრების სიყვარული მაინც არ დაუკარგავს. რეჟისორი პერსონაჟებს ძირითადად სწორედ დეტალებში ხატავს. ერთი მოძრაობა, ერთი პაუზა, ერთი მზერა ან კონკრეტული მოვლენის შეფასება ხშირად უფრო მეტს ამბობს მათზე, ვიდრე გრძელი მონოლოგი.

თეა კეჭაყმაძის ბიჭუნა ბუნებრივი და უშუალოა. მის შესრულებაში არ იგრძნობა ხელოვნურად შექმნილი ბავშვურობა. იგი გარემოსთან ერთად იზრდება, იცვლება, სწავლობს, განიცდის და მაყურებელიც ამ ცვლილებას თვალს ადევნებს. გიორგი ჩავლეშვილი განსაკუთრებით საინტერესოა მედუქნესთან დიალოგის ეპიზოდში. ბოლო წლებში მსახიობი თანდათან ყალიბდება გამორჩეულ ტიპაჟურ არტისტად, რომელსაც სრულიად განსხვავებული ამპლუების შესრულება შეუძლია. ლუკა მეგრელაძე, ჯაბა მორჩილაძე, ანა ზასლავსკა და თეატრალური სტუდიის მოსწავლეები: ქრისტინე დოლიძე, ნინი მეგრელიძე, ნინი მუშტაშვილი, ცისია ყაზაიშვილი  საერთო ანსამბლის ორგანულ ნაწილებად იქცევიან. საგულისხმოა, რომ პროფესიონალი მსახიობებისა და სტუდიელების მუშაობას შორის ხარისხობრივი ზღვარი თითქმის არ იგრძნობა. ისინი ერთ ორგანიზმად მოქმედებენ და სწორედ ამ ერთიანობით იქმნება წარმოდგენის ატმოსფერო.

ნიკოლოზ საბაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი რეჟისორული გადაწყვეტილება ძალადობის პირდაპირ ჩვენებაზე უარის თქმაა. მებუფეტეს მიერ ძაღლის მდუღარე წყლით დაწვის სცენას მაყურებელი არ ხედავს. არც იმ მომენტს ვუყურებთ, როდესაც ბიჭუნა ქვის სროლას აპირებს. რეჟისორი შედეგს გვაჩვენებს და არა პროცესს. ამით იგი მაყურებლის ემოციით მანიპულირებას გაურბის. სისასტიკის ეფექტის ნაცვლად, წარმოსახვის სივრცეს გვიტოვებს, რაც ხშირად ბევრად ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს, ვიდრე ნატურალისტური გამოსახვა.

საინტერესოდაა გადაწყვეტილი ბაზრის ეპიზოდიც, სადაც მასობრივი სცენები ჩრდილების თეატრის გამოყენებით ცოცხლდება. მცირე სივრცე მოულოდნელად ფართოვდება, ხოლო ჩრდილები მოქმედებას პირობითობის ახალ ხარისხს სძენს. ამ ხერხით რეჟისორი ერთი მხრივ, მასშტაბს ქმნის, მეორე მხრივ, კი მთლიანად ინარჩუნებს წარმოდგენის სტილისტიკურ ერთიანობას.

სპექტაკლის ემოციური კულმინაცია ბაბუას გარდაცვალებისა და ქელეხის ეპიზოდებია. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია სცენა, როდესაც სამგლოვიარო ტრაპეზის დროს გოგიტა თეფშში მოკუნტული ზის. ეს მხოლოდ ბავშვის მწუხარება აღარ არის. იგი თითქოს საკუთარ ნაჭუჭში იკეტება. სხვებთან ერთად იმყოფება, მაგრამ მაინც სრულიად მარტო რჩება. რეჟისორი ამ მარტივ, მაგრამ ზუსტ მეტაფორაში მთელი ტრაგედიის კონცენტრირებას ახერხებს. სიტყვები აქ თითქმის აღარ არის საჭირო.

ფინალში, ბაბუას გარდაცვალების შემდეგ, ძაღლი ისევ ბიჭუნასთან ბრუნდება. თოვლი მოდის, დრო გადის, მაგრამ ერთგულება არ იცვლება. ეს ეპიზოდი სენტიმენტალურობის ზღვარზე დგას, თუმცა რეჟისორი ამ საფრთხესაც წარმატებით არიდებს თავს. ემოცია აქ იბადება არა ხელოვნური ეფექტებით, არამედ მთელი წარმოდგენის განმავლობაში დაგროვილი ურთიერთობებიდან. სწორედ ამიტომ, ფინალი ბუნებრივად სრულდება და მაყურებელთან დიდხანს რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის მსახიობთა უმრავლესობა ბუნებრივი და ზომიერია ემოციებში, მცირე შენიშვნა მაინც მაქვს, რომელიც განსაკუთრებით უფროსი თაობის მსახიობებს ეხება. მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ზოგიერთ ეპიზოდში იგრძნობა ტექსტისა და ემოციის ზედმეტად გათამაშების ტენდენცია. ფრაზის, სიტყვისა თუ ინტონაციის აქცენტირება ზოგჯერ ბუნებრივობის ხარჯზე ხდება და პერსონაჟის შინაგანი მდგომარეობის ნაცვლად მსახიობური ოსტატობის ჩვენების შთაბეჭდილებას ტოვებს. სწორედ აქ გადის ის ბეწვის ხიდი, რომლის ერთ მხარეს ცოცხალი, ორგანული არსებობაა, ხოლო მეორე მხარეს – თეატრალურობა, რომელიც წარმოდგენის რეალისტურ ატმოსფეროს ოდნავ აშორებს. ამიტომ ასეთ ეპიზოდებში მეტი სიფრთხილე და შინაგანი სიმარტივე სპექტაკლის საერთო ხარისხს კიდევ უფრო გააძლიერებდა.

ნიკოლოზ საბაშვილის „ძაღლი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თოჯინა მხოლოდ საბავშვო თეატრის ატრიბუტი არ არის. სწორად გამოყენების შემთხვევაში იგი ისეთივე ძლიერი დრამატული გამომსახველობითი საშუალებაა, როგორც ცოცხალი მსახიობი. ოზურგეთის თეატრის ახალ დადგმაში თოჯინა და მსახიობი ერთმანეთს ავსებენ, ერთმანეთის შესაძლებლობებს აფართოებენ და ერთიან მხატვრულ სისტემას ქმნიან. სწორედ ამ ჰარმონიულ თანაარსებობაშია სპექტაკლის მთავარი ღირებულება. რეჟისორი ნოდარ დუმბაძის ტექსტს ზედმეტი თეატრალური ეფექტებით არ ტვირთავს, არამედ მის მთავარ სათქმელს, ადამიანურობას, ერთგულებასა და თანაგრძნობას, თეატრის ენით, მშვიდად და ღირსეულად აცოცხლებს.

 

 

როგორც გურია განუყოფელია ნოდარ დუმბაძის შემოქმედებისგან, ისეა ოზურგეთის თეატრიც ამ მწერლის მხატვრულ სამყაროსთან. ამ ტრადიციის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში განსაკუთრებული წვლილი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვასო ჩიგოგიძეს მიუძღვის, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან სისტემატურად უბრუნდება ნოდარ დუმბაძის პროზას. თუმცა ამ პროცესის მთავარი ღირსება მხოლოდ მისი საკუთარი დადგმები არ არის. ვასო ჩიგოგიძე ამ ავტორის ინტერპრეტაციის შესაძლებლობას სხვა რეჟისორებსაც აძლევს, რაც ტრადიციას სიცოცხლისუნარიანს ხდის. სწორედ მუდმივი განახლება, განსხვავებული რეჟისორული ხედვების თანაარსებობა და ერთი ავტორის მრავალფეროვანი წაკითხვა ქმნის განვითარების საფუძველს. ტრადიცია მხოლოდ მაშინ ცოცხლობს, როცა იგი მოძრაობს და იცვლება, და არა მაშინ, როცა ერთსა და იმავე ფორმას იმეორებს.

ფოტო: ნათია მუქერია

bottom of page