top of page

ადამიანი პოდოლსკიდან

CNP-3.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

 

ადამიანი პოდოლსკიდან

დაუგავპილსის თეატრის მრავალფეროვანი რეპერტუარიდან ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია „ადამიანი პოდოლსკიდან“ დიმიტრი დანილოვის პიესის მიხედვით, რომელიც გიორგი სურკოვმა დადგა. თანამედროვე დრამატურგის დასახელებული პიესის რამდენიმე ათეული სცენური ინტერპრეტაცია არსებობს როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. საკითხები და პრობლემები, რომელიც დიმიტრი დანილოვის პიესაშია წამოჭრილი პოსტსაბჭოთა სივრცეში გასაკუთრებით აქტუალურია, რადგან სისტემა, რომელიც საბჭოთა კავშირმა შექმნა დღემდე მუშაობს და ის არ ინგრევა არა მხოლოდ რუსეთში, არამედ თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. განსაკუთრებით საინტერესოა გიორგი სურკოვის ვერსია, რომელიც საბჭოთა კავშირში დაბადებული დრამატურგის პიესას ევროკავშირში შემავალი ერთ-ერთი ქვეყნის თეატრის სცენაზე ახორციელებს. პიესა, რომელიც პოლიტიკურ აქცენტებს არ გამორიცხავს და პოსტსაბჭოთა რუსეთის პოლიციის სისტემის მანკიერებასაც ამხელს, მაგრამ გიორგი სურკოვისთვის პიესის ეს კონცეპტი (გასაგებია რატომაც) აქტუალური არ არის, ის მედლის მეორე მხარეს გვაჩვენებს, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია პიესაში წამოჭრილ თემებს შორის - ადამიანი-მოქალაქე, რომელიც არაფერს ცვლის გარემოს ასაჯანსაღებლად არც მისთვის და არც ქალაქისთვის. აი, სწორედ ეს არის ამ პიესის მთავარი ღირსება და ხიბლი, დრამატურგიული სტრუქტურა და კონფლიქტის თანაფარდობა. აქ ერთმანეთს  სისტემა და ადამიანი კი არ უპირისპირდება, არამედ აქტიური და ინერტული მოქალაქეობრიობის იდეა. სწორედ ამ პასაჟს ჩაავლო პიესაში რეჟისორმა გიორგი სურკოვმა, რომელიც დაუგავპილსის თეატრის მსახიობებთან ერთად მოგვითრობს ერთ რიგით ქალაქში მცხორებ სასოწარკვეთილ და ნიჰილისტურ ახალგაზრდა კაცზე.

პრობლემა, რომელზედაც სპექტაკლის სიუჟეტია აგებული გლობალურია და ის სცილდება ერთი რომელიმე კონკრეტული ქალაქის მაცხოვრებლის პრობლემას. მეგაპოლის და პერიფერიის ურთიერთმიმართების თემები ჯერ კიდევ, XIX საუკუნის რუსულ დრამატურგიაში დაისვა მწვავედ, უფრო სწორად სევდიანად. დიმიტრი დანილოვის პიესაში კი პრობლემამ ახლებური, უფრო თანამედროვე, მოდერნული სახე და ფორმა მიიღო. სასოწარკვეთა და მოტივაციის გაქრობა საკუთარი თავის განვითარებისთვის, ნებისმიერი, პერიფერიული და პატარა ქალაქის მაცხოვრებელთა შორის, დომინანტური სულიერი მდგომარეობაა. სწორედ ასეთი დილემის წინაშე დგას მთავარი გმირი - ნიკოლაი სტეპანოვიჩი (მსახიობი ვადიმ ბოგდანოვი).

რეჟისორი გიორგი სურკოვისთვის დიმიტრი დანილოვის პიესაში „ადამიანი პოდოლსკიდან“ ის მოტივები აღმოჩნდა პრიორიტეტული, აქტუალური და პრობლემური, რომელიც პატარა ქალაქის ნიჰილისტ მოქალაქეს და მისი მეტამორფოზის პროცესს უკავშირდება. მისთვის მწვავე და აქტუალური საკითხი და ინტერესის სფერო არის მოქალაქე თავისი პასუხისმგებლობით, ვალდებულებებით, მოქალაქეობრივი პოზიცით და არა ძალოვანი სტრუქტურის არაჰუმანური სისტემა. ეს დამოკიდებულება გასაგებიც კი არის, რადგან დღევანდელი ლატვიური პოლიციური სისტემა რადიკალურად განსხვავდება რუსულისაგან. რეჟისორი, პროფესიონალი მსახიობების საშუალებით სწორედ ადამიანის თვალებსი ახელის, მისი შეხედულებების შეცვლის, სასოწარკვეთის გაქრობის პროცესს საინტერესოდ, ოსტატურად და დამაინტრიგებლად გვიჩვენებს.

გიორგი სურკოვის სპექტაკლს (გნევაბთ მის რეჟისურას) ორი მთავარი ღირსება აქვს: დამაინტრიგებელი სიუჟეტური თხრობა და მსახიობი. რეჟისორი არ პოზიციონირებს და არ კეკლუცობს ეფექტებით და არ ცდილობს წარმოდგენის მსვლელობისას მაყურებლის ვიზუალური ემოციურობით მოხიბვლვას. მთელ დამდგმელ ჯგუფს გულწრფელად სურს ილაპარაკოს პრობლემაზე, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმაში, რომ მოქალაქეს უყვარდეს თავისი ქალაქი, ქვეყანა და გადაარჩინოს ის მოსახლეობისგან დაცლისგან. ერთია რას აკეთებს სახელმწიფო და პერიფერიის ქალაქების მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, რა კლიმატს ქმნიან პერსპექტივისთვის, რომ ახალგაზრდა თაობას სურდეს დარჩეს მშობლიურ ქალაქში და რეალიზდეს, ხოლო მეორეა, რას აკეთებს თავად მოქალაქე მშობლიური ქალაქის განვითარებისთვის, უკეთესი გარემოს შექმნისთვის. სწორედ ეს არის დაუგავპილსის თეატრის სპექტაკლის მთავარი თემა, რომელიც „აქ და ახლა“ დგას დღის წესრიგში. ამ პრინციპს დამდგმელი ჯგუფი ბოლომდე იცავს.

სპექტაკლი მოძრავი მატარებლის იმიტირებით იწყება, რომელიც შესაძლოა დროის მეტაფორასთან ასოცირდებოდეს, რომელიც მიქრის და სწორედ ამ დრომ გადმოისროლა პოლიციაში სპექტაკლის მთავარი მოქმედი პირი, ახალგაზრდა და სიმპატიური ნიკოლაი სტეპანოვიჩი, რომელიც იმიტომაა დაპატიმრებული, რომ მშობლიური ქალაქის შესახებ ფაქტობრივად არაფერი იცის. სპექტაკლის დასაწყისი ასოციაციურად აბსურდის დრამატურგის, სლავომირ მროჟეკის „პოლიციას“ მოგაგონებთ, მაგრამ ამ ასოციაციას გავიწყებენ მსახიობები იმდენად დამაინტრიგებლად და საინტერესოდ ანვითარებენ მოვლენებს სპექტაკლში. ეს პირველ რიგში მსახიობების მიხაილ სამოდახოვისა (პირველი პოლიციელი) და ვადიმ ბოგდანოვის (ადამიანი პოდოლსკიდან) დამსახურებაა. ისინი ემოციური ზომიერებით, სცენური გულწრფელობით, რეალისტურად ხატავენ იდეალური პოლიციელისა და ნიჰილისტი მოქალაქის მხატვრულ სახეებს. პიესაში იდეალური სახელმწიფოს იდეალური პოლიციური სისტემაა წარმოდგენილი, რომლის მიზანი მხოლოდ კრიმინალების დაჭერა კი არ არის, არამედ მოქალაქეების ერთგვარი აღზრდა, მათი მოტივაციის ამაღლება და რწმენის დაბრუნება საკუთარ შესაძლებლობებში. დიმიტრი დანილოვისა და გიორგი სურკოვის შექმნილ სამყაროში, რომელის ანალოგიც ალბათ, მსოფლიოში არ არსებობს (სწორედ, ამიტომაც ახსენებენ აბსურდს დასაწყისში) პოლიცია ზრუნავს მოქალაქის განვითარებაზე, რაც ქვეყნის განვითარების წინაპირობაა. მთელი წარმოდგენა ნიკოლაი სტეპანოვიჩის დაკითხვას წარმოადგენს, რომელშიც ჩართულია კიდევ ერთი „პატიმარი“, რომელიც ფინალში პოლიციელი აღმოჩნდება. ამ სახასიათო პერსონაჟს ვიკტორ იანცევიჩი ანსახიერებს, რომელიც ორ  - პატიმრისა და პოლიციელის ნიღბებს ირგებს (მოქმედი პირის ორმაგსახეობა და შენიღბვის სიტუაცია ასოციაციას ბადებს ჟოლდი გალსერანის „გრონჰოლმის მეთოდთან“). საინტერესო და დრამატულ დაკითხვაში (მოქმედება პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს, სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი: სინტია ეკაფსონე) ახალი და განსაკუთრებული ფერი შემოაქვს მეორე პოლიციელს, რომელსაც ქრისტინა ხაზაროვა პროფესიონალურად ასრულებს. ის მკაცრი პოლიციელის და მომხიბვლელი ქალის როლებს ოსტატურად ირგებს. მაყურებელი თითქმის ვერ ხედავს პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომლის სახეს, რომელსაც მსახიობი მარის კორსიეტსე განასახიერებს. ისიც, მათი კოლეგა-მსახიობების მსგავსად სახასიათო ტიპაჟია, რომელსაც მკაცრი გამომეტყველება აქვს (ეს იგრძნობა ნიღბის მიღმა), მაგრამ გული თბილი. მსახიობები ამ თითქმის ფანტასმაგორიულ ისტორიაში რეალურ ტიპაჟებსა და რეალურ სიტუაციებს ხატავენ, რომელიც გულწრფელობით და დამაჯერებლობით ითრევს მაყურებელს მოქმედებაში. ადამიანი პოდოლსკიდან რთულ გზას გადის. ვადიმ ბოგდანოვი პერსონაჟის მეტამორფოზას ეტაპობრივად გვიჩვენებს, სრული გაურკვევლობიდან საკუთარი თავის პოვნამდე. პატიმარი პოდოლსკიდან კვდება, მაგრამ იბადება ახალი მოქალაქე, რომელიც ცდილობს აზრი და ფუნქცია შესძინოს მის თავს სამყაროში, იქცეს მოქალაქედ, რომელიც გრძნობს მის პასუხისმგებლობას ქვეყნის, ქალაქისა და ახლობლების წინაშე. წარმოდგენა კვლავ სისწრაფით მოძრავი მატარებლის ხმაურით სრულდება, მაგრამ იგი (იგივე დრო) მორიგ „მგზავრს“ არ უგდებს პოლიციას. ფინალი იდეალისტურია და ოპტიმისტური, მაგრამ სამყარო, ადამიანი და რეალობა განსხვავებული...

ვფიქრობ, სპექტაკლი გაუჩენს მოტივაციას იმათ, ვისაც ირგვლივ ყველაფერი ერთფეროვანი და ნაცრისფერი ეჩვენება, შეხედონ ცხოვრებას სხვა თვალით. აიძულებს (ისე როგორც სპექტაკლის მთავარ გმირს „იდეალურმა პოლიციამ“) მათ ისწავლონ სამყაროს აღქმა და სიყვარული, რომელიც მშობლიური სადარბაზოდან იწყება და ქალაქის ბოლოსაც არ მთავრდება. სპექტაკლი აღძრავს სურვილს ცხოვრების საინტერესოდ და შინაარსიანად გატარების.

bottom of page