ადელა-როგორც ქალთა სულის ანარეკლი

თემო დვალი

„ადელა - როგორც ქალთა სულის ანარეკლი“

ესპანელმა რეჟისორმა კარლოტა ფერერმა წარმოადგინა სპექტაკლი „ეს არ არის ბერნანდა ალბას სახლი“,ს ადაც მაყურებელს ფედერიკო გარსია ლორკას პიესის ახალი, სრულიად განსხვავებული ვერსია შესთავაზა.რეჟისორმა თითქმის ყველა პერსონაჟ ქალის როლზე მამაკაცი მსახიობები გამოიყვანა,თუმცა ეს სრულიადაც არ ცვლის პიესის მორალს. სპექტაკლში დომინირებს სულ ორი ფერი - შავი და თეთრი,ასევე ვხვდებით წითელი ფერის ავ ძაღლებს,როგორც ბერნანდას მკაცრი ხასიათის გამოხატულებას,ჩნდება წარმოდგენა,რომ ეს ძაღლები არავის შეუშვებენ და გამოუშვებენ ალბას სახლიდან.

ყველაზე გამორჩეული პერსონაჟი,რა თქმა უნდა,არის უმცროსი ქალიშვილი ადელა,რომელსაც სხვა დებისგან განსხვავებით მწვანე კაბა აცვია,როგორც პროტესტის საშუალება დესპოტი დედის მიმართ.ბერნანდას სხვა ქალიშვილები გამოყვანილნი არიან,როგორც შინაური ცხოველები,მათ აჭმევენ,უვლიან,მაგრამ არც ერთ მათგანს არ აქვს უფლება ზედმეტისა,მათ არ აქვთ უფლება აკეთონ ის რაც უნდათ,ან თქვან რაც უნდათ სანამ ბერნანდა ცოცხალია.

ქალიშვილებიდან ყველაზე უბედურად გამოყვანილია უფროსი და - ანგუსტიასი,რომელიც უკვე 39 წლისაა და ჯერ კიდევ გაუთხოვარი.გათხოვება მათთვის ერთადერთი ხსნაა ბერნანდასგან თავის დასაღწევას,მაგრამ ეს ჯერ არც ერთს ღირსებია და ალბათ ვერც ეღირსებათ.ერთადერთი იმედი არის ბოშა პეპე, დრამატურგისგან განსხვავებით რეჟისორმა პეპე სცენაზე შემოიყვანა,პეპე,როგორც თავისუფლების მოპოვების სიმბოლო,რომლის ტემპერამენტი და ემოცია ვიოლინოს თანხლებით არის გადმოცემული.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის,რომ რეჟისორს არ დაუდგამს ლორკას პიესა,მან უბრალოდ გამოიყენა ეს პიესა იმისთვის,რომ დაგვანახოს თუ როგორ დაემსგავსა სამყარო ბერნანდა ალბას სახლს,რომ კაცები ქალებს ისე ეპყრობიან,როგორც ბერნანდა ეპყრობა მის შვილებს.ჩვენ გვახსენდება თუ რამდენ დოგმებში და ფანატიკურ იდეებში აცხოვრებენ ქალებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში,ვხედავთ როგორ შეიძლება შეეწიროს ქალი თავისუფლებისთვის ბრძოლას, როგორც ადელა ეწირება ბერნანდასთან ბრძოლას.

რეჟისორს აღშფოთებს ის ფაქტი,რომ თანამედროვე სამყაროშიც მრავლად ვხვდებით ასეთ ამბებს,პიესის დაწერიდან 80 წელზე მეტი გავიდა,მაგრამ მსოფლიოში ისევ მრავლად არიან ბერნანდები,ისევე როგორც ადელები,რომლებიც მხოლოდ იმიტომ კვდებიან,რომ თავისუფლება უნდოდათ.ისინი ეწირებიან უსამართლობას.გასაკვირი არც არის,რომ რეჟისორმა ადელა კლოუნებს დაამარხინა,საზოგადოებამ მიიღო კლოუნის სახე,რომელიც ებრძვის თავისუფალ აზრს და მასხრად იგდებს ქალთა უფლებებს.კლოუნები, რომლებიც გჭამენ, გკლავენ, გმარხავენ და მიწას გაყრიან.

კარლოტა ფერერი თავისი სპექტაკლით ეუბნება ყველას,რომ ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ბერნანდას სახლში, არავის აქვს უფლება მოექცეს ქალს ისე,როგორც ის ექცევა მის ხუთ ქალიშვილს,რომლებიც ამაზე ხმას ვერ იღებენ,მაგრამ სანამ არსებობენ ადელას მსგავსი ქალები,მანამდე ყველას თუ არა ბევრს მაინც ეცოდინება,რომ სამყარო - ეს არ არის ბერნანდა ალბას სახლი!