top of page

„აფხაზეთის“ ახალი სიცოცხლე

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
 

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

1.jpg

ანანო სამსონაძე

„აფხაზეთის“ ახალი სიცოცხლე

2021  წლის დეკემბრის მიწურულს ხალხური შემოქმედების მოყვარულებს სასიამოვნო ამბავი ელოდათ. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ ემზადებოდა მაყურებელთან შესახვედრად.  გაჭიანურებული პანდემიის პირობებში სანახაობებს მოწყურებული საზოგადოებისათვის  ნებისმიერი კონცერტი უკეთესი მომავლის იმედის მომცემია. თუმცა, ამ კონცერტის ანონსს გაცილებით მეტ მნიშვნელობას სძენდა იმ სიახლის მოლოდინი, რომელიც უკავშირდებოდა რამდენიმე თვით ადრე ანსამბლ „აფხაზეთში“ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნას. თვითონ ეს ფაქტი არღვევდა გაბატონებულ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლებში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე მხოლოდ ლოტბარები ინიშნებოდნენ და ასეთი არაერთი სახელოვანი პიროვნება ახსოვს ქართველ მაყურებელს. ამჯერად კი, ანსამბლის ბედი, სადაც სიმღერა და ცეკვა თანაზიარია,  ქორეოგრაფიულ ასპარეზზე დაოსტატებულ და სახელოვნებო სივრცეში საკმაოდ ცნობად ახალგაზრდა  მოცეკვავეს (და რაც მთავარია, დიპლომირებულ ქორეოგრაფს) ბაჩანა ჭანტურიას მიანდეს. მისი, როგორც მოცეკვავის თავბრუდამხვევი შემოქმედებითი კარიერა ანსამბლ „სუხიშვილების“ უკანასკნელი ორი ათწლეულის წარმატებული ექსპერიმენტების, ძიებებისა და ნოვაციების აღიარების პროცესებს უკავშირდება. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სახელოვანი ანსამბლის მოცეკვავეთა პალიტრას ბაჩანა ჭანტურიამ გამორჩეული ფერი და დაუვიწყარი სახე შესძინა.

მით უფრო დამაინტრიგებელი იყო შემოქმედებით ზენიტში მყოფი მოცეკვავის გადაწყვეტილება უარი ეთქვა განათებული სცენის შუაგულიდან ესმინა აღტაცებული მაყურებლის აპლოდისმენტებისათვის და, ამის სანაცვლოდ, მთელი კონცერტის განმავლობაში სცენის კულისებში მოკალათებულს  საკუთარი დადგმებისთვის ედევნა თვალი.

გადაწყვეტილება თამამი, ამბიციური და უაღრესად საპასუხისმგებლო იყო. თუმცა, ადგილი, სადაც ბაჩანა მიდიოდა არ იყო შემთხვევითი. . .  აფხაზეთი - მისი ბავშვობა, მისი სევდა და ტკივილი, მისი ნოსტალგია. აფხაზეთი  აღმოჩნდა ის მიზიდულობა, რომელმაც  ათასგვარი ფიქრი და ორჭოფობა გადაწონა და ნიჭიერი მოცეკვავის შემოქმედებითი კალაპოტი სრულიად შეცვალა.

დრო თებერვლიდან დეკემბრამდე... ბევრია თუ ცოტა? ბევრია იმისთვის, რომ დაალაგო იდეები, დასახო სამომავლო გეგმები, ჩაატარო რეორგანიზაცია და შეუდგე მუშაობას. ცოტა დროა, ძალიან ცოტა, იმისთვის, რომ ახალი საკონცერტო პროგრამით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე, თანაც ისეთი მომთხოვნი მაყურებლის, რომელიც გამადიდებელი შუშით დააკვირდება ყველა დეტალს, ყველა ნიუანსს და შეამჩნევს თითოეული მოცეკვავის მიერ დაშვებულ ხარვეზს თუ ცეკვაში გაპარულ პროფესიულ შეცდომას.

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი მრავალწლიანი ისტორიის ანსამბლია. 2021 წელს მას დაარსებიდან 90 წელი შეუსრულდა. ამ დროის მანძილზე ანსამბლმა მრავალი წარმატება მოიპოვა და მრავალი ქარტეხილი გაიარა. ჟამთა ცვლამ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა. დასი სრულიად განახლდა. ახალგაზრდა მოცეკვავეები, მომღერლები და მუსიკოსები  გატაცებით შეუდგნენ  ახალ პროგრამაზე მუშაობას. ასეთი ენთუზიაზმი და მონდომება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანები ერთიანდებიან საინტერესო იდეის გარშემო, რომელიც თანხვედრაშია მათ შემოქმედებით  სულისკვეთებასთან. ქორეოგრაფის ექსპერიმენტული იდეები ხორცს ისხამდა ბგერებში, ფერებში და საცეკვაო მოძრაობებში. დრო თებერვლიდან დეკემბრამდე აღმოჩნდა ის  მონაკვეთი, როდესაც  ახალი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები გამოიძერწა და  გამოიკვეთა ახალი საკონცერტო პროგრამის სილუეტი...   გაჩნდა დაუოკებელი სურვილი მაყურებლისთვის ამ სიახლეების გაზიარების.

დეკემბრის ბოლოს ანსამბლ „აფხაზეთს“ რუსთაველის თეატრის სცენა მასპინძლობდა. ის ლეგენდარული სცენა, რომელიც თავად ქმნის მაგიურ შემოქმედებით ატმოსფეროს და, იმავდროულად,  დაუნდობლად აშიშვლებს ყოველგვარ სიყალბესა და უგემოვნობას. ახალი პროგრამით  მაყურებლის წინაშე რუსთაველის თეატრის სცენიდან  პირველი წარდგენა ისეთივე თამამი გადაწყვეტილებაა, როგორც ბევრი სხვა რამ. თუმცა, სრულიად  ლოგიკური  და მოსალოდნელი  იმათთვის, ვინც თითქმის ერთი წლის განმავლობაში თვალყურს ადევნებდა ანსამბლის გარდასახვის პროცესს და დამაინტრიგებელი მოლოდინებით იყო დამუხტული. სიურპრიზებმაც არ დააყოვნა...

„ქორეონიკონი“ - ასე უწოდეს პროგრამის შემქმნელებმა საკონცერტო პროგრამას, რომელშიც თავი მოუყარეს სხვადასხვა კუთხის, სტილისა და ჟანრის მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ კომპოზიციებს, ქორეოგრაფიული ქრონიკების სახით წარმოგვიდგინეს ქართული საცეკვაო თუ მუსიკალური ფოლკლორის ამსახველი ნიმუშები. საკონცერტო პროგრამის ორიგინალური სახელწოდება იყო მიმანიშნებელი იმისა, რომ ცალკეული ნომრების სახელდებაშიც ავტორი დაარღვევდა ტრადიციულ მიდგომებს. პროგრამაში ამოიკითხავთ: „ჩანბა“, „განი და განა“, „ფანდური“, „შვანთე“, „კოო-ტო“ და „ვაჟა“. ეს არის იმ ცეკვების სახელწოდებები, რომლებიც შესრულდა რუსთაველის თეატრის სცენაზე და გიწინასწარმეტყველებდა სანახაობის განსაკუთრებულობას.

მთლიანი წარმოდგენის სტრუქტურა არ არღვევდა მსგავსი ანსამბლების  მიერ მიღებულ წესს სიმღერებისა და ცეკვების მონაცვლეობით შესრულებას ცალკეული საკონცერტო ნომრების სახით. თუმცა, როგორც ვფიქრობთ, წარმოდგენის  ძირითადი ამოცანა იყო  რამდენიმე ქორეოგრაფიული კომპოზიციის  მაყურებელთა განსჯის ობიექტად ქცევა. პირველივე ცეკვამ („ჩანბა“) შექმნა აფხაზური ფოლკლორისთვის დამახასიათებელი განწყობა და შემოიტანა განუმეორებელი აფხაზური კოლორიტი. თვითმყოფადი მელოდიური წყობის სიმღერის თანხლებით სცენაზე ცალად, წყვილებად და ჯგუფებად  მგზავრული სვლით შემოვიდნენ მოცეკვავე ქალ-ვაჟები. მოჭიმული აღვირისა და მოქნეული მათრახის იმიტაციით, მხედართა ჯგუფები ხან რბილი ვარდნითი ნაბიჯებითა და ხან სწრაფი მუხლურა ილეთებით ენაცვლებიან ერთმანეთს. ცეკვა იკრებს ძალას და გადაიზრდება დინამიკურ ქმედებაში, სადაც არის მრავალგვარი ჩაკვრების კორიანტელი,  მუხლებზე დიაგონალური სრიალი, სწრაფი ბრუნები და მუხლვარდნები, ქალ-ვაჟთა გაჯიბრება ტრფობის ელფერით  - ყველაფერი, რაც აფხაზურ ცეკვას ახასიათებს. ცეკვაში აფხაზი ქალი ტოლს არ უდებს მამაკაცს საცეკვაო ილეთების შესრულების ოსტატობაში, რაც ცეკვაში თვალნათლივ გამოჩნდა. თუმცა, ტექნიკურ ხარვეზად შეიძლება მივიჩნიოთ  ბრუნების შესრულის დროს წელზევით აფრიალებული კაბების უხერხულობა.

„ჩანბას“ კომპოზიციის მეორე ნაწილში კვლავ მეორდება მგზავრობის თემა მეტად დამძიმებული სრული სინქრონით, სწრაფი ჯირითით,  რომელსაც მოჰყვა შენელებული მგზავრული სვლა. ამ სვლაში ამოიკითხება თითქოსდა წელში გადატეხილი  ერის  ბედი, რომელიც  შემდეგ კვლავაც გაიმართა, დაუბრუნდა თავის მიწა-წყალს („ჩანბა“ ხომ სოხუმის ერთ-ერთი ქუჩის სახელია) და ჩვეული ენერგიით  გააგრძელა ცხოვრება.

პირველივე ცეკვამ თვალსაჩინო გახადა მოცეკვავეების მაღალი ტექნიკური შესაძლებლობები და მთლიანი დასის მომზადების მაღალი ხარისხი, რომელსაც ქორეოგრაფიულ სივრცეში „ფორმაში ყოფნას“ ვეძახით. სცენაზე, როგორც ხელის გულზე გამოჩნდა სარეპეტიციო დარბაზში რამდენიმე თვის დაუღალავი მუშაობის შედეგი. პირველივე ცეკვამ გაგვიჩინა მოლოდინი, რომ მომდევნო ქორეოგრაფიული კომპოზიციებიც იქნებოდა დატვირთული ორნამენტული საცეკვაო ნახაზებით, იქნებოდა დახუნძლული საცეკვაო ილეთებითა და ილეთთა ნაერთებით (მოძრაობათა კომბინაციებით). მოლოდინმაც გაამართლა.

მეორე ცეკვამ გადაგვაქროლა შავიზღვისპირეთის სამხრეთ ნაწილში - აჭარაში. „განი და განას“ ექსპოზიციური ნაწილი იკვეთება ლაზურ  საცეკვაო ფოლკლორთან და განასახიერებს ზღვაში გასულ მებადურთა შრომას. საპირისპირო მხრიდან უკუსვლით შემოსრიალდება მოცეკვავე ქალთა გუნდი, რომელთა მკლავების რბილი ტალღისებრი მოძრაობები თევზის კლაკნილ მოძრაობებსა და  ფარფლების რხევას წააგავს. კოსტუმების ძირითადი ფერთა გამაც, ვაჟების ლურჯი ჩაქურა და ქალთა ნარინჯისფერ-მოოქროვილი  სამოსი, ზღვის თემის  განწყობას ამძაფრებს. ცეკვის შემდეგი ნაწილი, რომელიც სადა სწორხაზოვანი ნახაზებით იყო აწყობილი, ტრადიციული აჭარული ცეკვების („მხარულის“, „თარანინოს“, „თოფალოინისა“ და საშაირო „ ჯახტანანას“)  ელემენტებით არის დატვირთული. თუმცა, აქ გაცილებით მეტი ამპლიტუდით სრულდება, როგორც მკლავებისა და მხრების, ასევე, ფეხის კომბინირებული მოძრაობების დროს. სრულიად უჩვეულო, რომ არ ვთქვათ შოკისმომგვრელი, აღმოჩნდა ცეკვის ერთ-ერთ მონაკვეთში, მამაკაცების მსგავსად, ტრადიციულ აჭარულ კოსტუმში შემოსილი ქალების იატაკზე გვერდული გადაკოტრიალება. ქალის მოძრაობების სინქრონიზება ვაჟთა საცეკვაო ლექსიკასთან არახალია. თუმცა, ეს ცეკვის შინაარსის, მისი სიუჟეტური ხაზის აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული, რაც ამ მოცემულობაში არ იკითხებოდა როგორც ლოგიკური  და გამართლებული მოქმედება.

ყურადღებას იქცევს „განი და განას“ ცეკვის საინტერესო მუსიკალური გაფორმება, რომელიც გამოირჩევა  მელოდიური მრავალფეროვნებით, მეტრო-რიტმული სტრუქტურების ნაირგვარობით,  განსხვავებული ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკის პარალელური გადაკვეთით.

საკონცერტო პროგრამის მომდევნო  საცეკვაო კომპოზიციებში („ფანდური“ და „შვანთე“) ქორეოგრაფი არანაკლებად ავლენს ხალხური საცეკვაო მოძრაობების ორიგინალური სასცენო ინტერპრეტირების  ცოდნასა და უნარს.  ასე, „ჰარირას“ მუსიკალურ ნომერში კოლაჟის პრინციპით გამოყენებულია ფრაგმენტული ქორეოგრაფიული ჩანართი, სადაც სცენაზე სტატიკურად, თანაბარი მანძილებით დაშორებული ვაჟი-მხედრები ადგილის შეუცვლელად ჯერ რიგ-რიგობით ასრულებენ მაღალი სირთულის მუხლილეთებს, ცერილეთებსა და ბრუნებს, რასაც აგვირგვინებს ე.წ. „ტრიუკების“ ასინქრონული კორიანტელი. შემდეგ  ცეკვა „ფანდური“, რომელშიც აირეკლა აღმოსავლეთის მთის საცეკვაო ფოლკლორის ცეცხლოვანი ტემპერამენტი. ამ ცეკვაში ყველაზე მეტად იგრძნობა ახალგაზრდა ქორეოგრაფის ხელწერა, მისი მრავალწლიანი გამოცდილება, მის სხეულზე მორგებული საცეკვაო პლასტიკა.

სრულიად განსხვავებული ემოცია შემოიტანა სვანურმა ცეკვამ, რომელიც სცენაზე ვაჟების უცაბედი მკაფიო რიტმული დახტომით იწყება. ამას მოჰყვება სცენის მშვიდი, მონოტონური  სუნთქვა - აუჩქარებელი მძიმე ფეხის დაკვრები, მხრების ნელი სინქრონული აწევა და დაშვება, ზურგისა და ფრონტალური რაკურსების მონაცვლეობა, თავისა და სხეულის აქცენტირებული შემობრუნება. ცეკვის ექსპოზიციამ მიგვაახლოვა ფოლკლორულ პირველწყაროს, სცენის სიღრმეში გამონათდა საფერხულო წრე. მას შემდეგ, სინკოპირებული რიტმული მოძრაობები, ქუსლურა და მუხლურა წინსვლების კომბინირება, ტერფის მონაცვლეობითი დაკვრები ტემპის აჩქარებით და ცერილეთების სოლოები.  კულმინაციურ ნაწილში ცეკვა დასრულდა. დასრულდა მოულოდნელად, რითაც მცირედად დაირღვა დრამატურგიული ნაწილების თანაფარდობა.

წარმოდგენის ნამდვილი მშვენებაა ქალაქურო ფოლკლორს მუსიკალური და ქორეოგრაფიული („კიი-ტო) ნომრები, რასაც განსხვავებული სიმსუბუქე შემოაქვს მაყურებელში. მიუხედავად  იმისა, რომ ცეკვის პირველი მიზანსცენა ტრადიციულად იმეორებს ძველი თბილისის სურათს, ყოველი მომდევნო მიზანსცენა საინტერესო ქორეოგრაფიულ მიგნებას გვთავაზობს. სცენაზე იშლება კოლორიტული ქალაქური პერსონაჟების გალერეა განსხვავებული ტემპერამენტით, პლასტიკითა და განსხვავებული ურთიერთობებით.  ცეკვას ამდიდრებს შინაარსობრივი დეტალების შემოღება (გრძელკალთიანი ჩოხა საკიდზე), ორიგინალური რიტმული ელემენტების გამოყენება (კინტოს საცეკვაო კომბინაციებში) და ცეკვის გამორჩეული მუსიკალური გაფორმება ცვალებადი მელოდიებითა და ცალკეული ინსტრუმენტების დომინირებული მონაცვლეობით.

და ბოლო  ცეკვა, რომელმაც  ყველაზე მეტი ოვაცია დაიმსახურა და მთლიანი წარმოდგენის დამაგვირგვინებელ  ფინალად იქცა. „ვაჟა“ - ახალი სიტყვა ქართულ ქორეოგრაფიაში, ავთენტური და სასცენო ქორეოგრაფიის თანაზიარების ორიგინალური იდეა, გაბატონებული სტერეოტიპების რღვევა და ახალი საცეკვაო სტილის დამკვიდრების ცდა. „ვაჟა“ - თავისუფალი ქორეოგრაფიული კომპოზიცია, რომელშიც უხვად არის გამოყენებული  ქართული  არქეტიპული და მითოლოგიური   სიმბოლიკა (ბუნება - მთა, სილამაზე - ირემი,  სიძლიერე - ტეხილი, აღმაფრენა - ხტომი). ასეთ მასალასთან მუშაობა ყოველთვის რთულია. მასთან შეჭიდებაც ძალიან თამამი ნაბიჯი იყო. წარმოდგენილ ცეკვაში არის სრული თანხვედრა მუსიკის, სცენოგრაფიისა და ქორეოგრაფიული ტექსტის, სამივე პლასტი სიახლეებით არის გაჯერებული და არ იქნება გასაკვირი, რომ რამდენიმე ხანში ახალი სტილისტიკა მოწონებული და გაზიარებული იქნება სხვა ქორეოგრაფიული კოლექტივების მიერ. ამ ცეკვაში ქორეოგრაფმა თავი მოუყარა ყველა იმ მიგნებას, რომელიც მარცვლებად გაფანტულია სხვა ცეკვებში - ცვალებადი რიტმული სტრუქტურების ვირტუოზული  გამოყენება;  დაპაუზებული სტატიკური მიზანსცენებისა და აქცენტირებული მოძრაობა-მდგომარეობების მონაცვლეობა აქტიურ ექსპრესიულ ქმედებასთან; ქალისა და მამაკაცის სხეულის უჩვეულო ფორმების ძერწვა; ცეკვაში სიუჟეტური ელემენტების შემოღება და პერსონაჟის მხატვრული სახის შექმნა ხალხური და  თანამედროვე  საცეკვაო ლექსიკის შერწყმის გზით...  ვფიქრობთ, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ „ვაჟა“- ანსამბლის სავიზიტო ბარათად იქცევა.

ვინც „აფხაზეთის“ ახალ წარმოდგენაზე არ ყოფილა, შეიძლება იფიქროს, რომ  ცეკვების შეფასებები ზედმეტად „დავარცხნილია“. თუმცა, ასეთი შეფასება ასახავს იმ  პოზიტიურ შთაბეჭდილებას, რომელიც გამოგყვებოდათ  ანსამბლთან გატარებული სასიამოვნო საღამოს შემდეგ.

უნდა ითქვას, რომ სცენოგრაფიული გადაწყვეტით, გახსნილ სცენის სივრცეში არ იყო გამოყენებული უკანა ფარდა, რაც მთლიანი სცენის აღქმაში თითქოსდა საინტერესო ვიზუალს ქმნიდა. თუმცა, ეს მცირე დისკომფორტს უქმნიდა მომღერლებსა და მაყურებელს მაშინ, როდესაც სიმღერის დროს უკანა პლანზე მომდევნო ნომრისთვის მოსამზადებლად, კულისიდან კულისებში გადაადგილდებოდნენ მოცეკვავეები. სასურველია, რომ ასეთი სცენოგრაფიული ხერხის გამოყენება შეთანხმებული იყოს ქორეოგრაფიული კომპოზიციების შესაბამის წყობასთან და არ საჭიროებდეს ხილულ გადაადგილებებს.

სავსებით გასაგებია, რომ, გარკვეული მიზეზების გამო,  ჩვენი ყურადღება, მეტწილად მიმართულია  წარმოდგენის  საცეკვაო  ნაწილზე და ქორეოგრაფიულ მიგნებებზე. მაგრამ, ასევე, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ანსამბლის  მუსიკალური, ვოკალურ-ინსტრუმენტული მიმართულების არანაკლებ საინტერესო  სახეცვლა. კონცერტის მსვლელობისას სცენის სიღრმეში განლაგებულ მომღერალთა გუნდის მიერ (ლოტბარი - თორნიკე მანწკავა) შესრულებულ იქნა ქართული ხალხური და ქალაქური ფოლკლორის შესანიშნავი ნიმუშები: „საქორწილო“, „ჰარირა“, „ჭონა“, „სატრფიალო“, „მგზავრული სვანური“, „ანაგურელო“, „პატარა გოგო“, „ოდოია“ და „შარათინი“. ჰარმონიულად აჟრერებული ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერები უფრო მეტ ფოლკლორულ ელფერს სძენდა მთელ საკონცერტო პროგრამას. გუნდური შესრულების ოსტატობას ენაცვლებოდა მთქმელისა და მოძახილის პარტიები ან ორგუნდოვანი მონაცვლეობითი სიმღერა.

  ხალხური სიმღერა ამშვენებდა რამდენიმე საცეკვაო ნომერს და ინსტრუმენტულ მუსიკასთან ერთად  ავსებდა სანახაობას. მუსიკალური ბენდი, რომელიც განლაგებული იყო გუნდის ორივე მხარეს და გამოირჩეოდა ინსტრუმენტული მრავალფეროვნებით, განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს. შესამჩნევია ახალგაზრდა ქორეოგრაფის ხელწერა მუსიკალურ მასალაზე მუშაობისას, რომელიც შეიქმნა მუსიკოს გიგა ლოლაშვილთან ნაყოფიერი შემოქმედებითი ტანდემის შედეგად. ხალხური ტრადიციული და ელექტრონული ინსტრუმენტების ერთიანი ხმათა ბმა მოხდენილად კაზმავდა საცეკვაო კომპოზიციებს და, ხშირ შემთხვევაში, ოსტატურად გამოკვეთდა ცალკეული ინსტრუმენტის (დასარტყამის, კლავიშების და სხვ.) მელოდიურ ქარგას.

განახლებული პროგრამის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ცეკვების მხატვრულმა გაფორმებამ.  მინდა აღვნიშნო კოსტუმების მხატვრის ეკატერინე ჯავახიშვილის ორიგინალური ხედვა, რომელიც ეფუძნება ეროვნული სამოსის სტილიზირების მრავალწლიან გამოცდილებას. რამდენიმე ცეკვაში მხატვარმა შემოგვთავაზა განსხვავებული ფორმისა და სილუეტის  „შემსუბუქებული“ სამოსი, რომელსაც ახასიათებს ერთიანი სტილისტიკა და ფერთა გამა.

ახლა კი ჩვენც დავარღვევთ „გაუთქმელობის“ ტრადიციას და მადლობის ნიშნად დავასახელებთ ანსამბლის რამდენიმე გამორჩეულ მოცეკვავეს, ვინც მთელ დასთან ერთად ხორცი შეასხა და მაყურებლამდე მოიტანა ქორეოგრაფის ჩანაფიქრი: რეზი ბიგვავა, ვასო ჭიქაბერიძე, მარიამ წურწუმია და მარიამ შავიძე.

სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „აფხაზეთის“ ახალი წარმოდგენა „ქორეონიკონი“ პრეტენზიულმა მაყურებელმა დიდი ინტერესით მიიღო და აპლოდისმენტებით დაასაჩუქრა, რაც უტყუარი დასტურია იმისა, რომ ანსამბლს წარმატებული მომავალი აქვს.

„აფხაზეთის“ ახალი სიცოცხლე...  მგონი, სიმბოლურია...

bottom of page