top of page

აფხაზეთში დაბრუნების იმედით..

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

74338804_1360533334124460_6345923177520037888_n.jpeg

მაია კიკნაძე                                                                 

აფხაზეთში დაბრუნების იმედით...

თანამედროვე ქართული თეატრის რეპერტუარში იშვიათად მოიძებნება სპექტაკლები, რომლებიც ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ თემებს ეხება. რამდენიმე წლის წინ რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, აფხაზეთისა და ქართველთა შორის მეგობრობის იდეას მიუძღვნა სპექტაკლი ‘’მე შენ მიყვარხარ.“  (პიესის ავტორები არიან: დიმიტრი ხვთისიაშვილი და თეატრმცოდნე ანანო მირიანაშვილი. სპექტაკლში მონაწილეობენ: თამარ მამულაშვილი, ნიკა ნანიტაშვილი, ნუგზარ ყურაშვილი, ვახტანგ ნოზაძე, ნელი ჯავახიშვილი, ნინო ანდრიაძე, ნათია კუპატაძე, იაკო ჭილაია, თამარ ჭანუყვაძე, კახა ჭოლაძე, გიორგი ყორღანაშვილი, ვამეხ ჯანგიძე, რატი გოგუაძე, ნიკოლოზ კვანტალიანი).

სპექტაკლში მოთხრობილი ამბავი, ქართველი ბიჭისა და აფხაზი გოგონას სიყვარულის ისტორია, საქართველოს უახლესი წარსულის მძიმე წლებს შეგვახსენებს. რეჟისორს (რეჟისორის თანაშემწე თამაზ ქარაული)  პიესაზე მუშაობის სურვილი მაშინ გაუჩნდა, როდესაც დევნილი ოჯახის შვილების დღიურები წაიკითხა. რეჟისორის ყურადღება მიიქცია წერილში ამოკითხულმა ფრაზამ: „მგონი დროა გავუშვათ ჩვენი მიცვალებულები, დავანებოთ მათ სულებს თავი, რომ ცოცხლებმა ცოცხლების შეყვარება შევძლოთ.“

რეჟისორმა, დიმიტრი ხვთისიაშვილმა,  ეს აზრი სპექტაკლის კონტექსტს მოარგო და მთავარ სათქმელად აქცია. „ყველამ ჩვენი მიცვალებულები უნდა გავუშვათ ჩვენგან, გავათავისუფლოთ მათი სულები ამ მძიმე ტვირთისაგან. უნდა დავივიწყოთ ყოველი ნასროლი ტყვია, ნაცარტუტად ქცეული სახლი, დაღვრილი სისხლი. მძიმე მაგრამ საჭირო ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, რათა ცოცხლებმა ცოცხლების შეყვარება შევძლოთ“. 

სპექტაკლის რეჟისორმა, მხატვართან (მხატვარი ლომგულ მურუსიძე), ერთად ძალზედ საინტერესო გარემო შემოგვთავაზა. მოზარდ მაყურებელთა თეატრის დარბაზში შესული მაყურებელი უცნაურ ადგილას აღმოჩნდება. მავთულხლართებით  გაყოფილი სცენა, რომელიც ამავე დროს სამაჩაბლოს „საზღვრის“ ასოციაციასაც იწვევს, დარბაზშიც გრძელდება და აკრძალული ზონების არსებობას შეგვახსენებს. ორად გახლეჩილი ტერიტორია, მოქმედების ადგილს მკვეთრად ყოფს და ამავე დროს აკანონებს სამოქმედო ასპარეზსს. აქეთ საქართველოა, იქით აფხაზეთი, ფიზიკური გადაადგილება შეუძლებელია. სპექტაკლის ბოლომდე მოქმედი გმირები თავიანთ ადგილებზე რჩებიან, წესებს იცავენ.

სპექტაკლი შეყვარებულების მიმოწერით იწყება. სცენაზე გამოტანილი ეკრანის (ვიდეო პროექცია ლევან გვაზავა) საშუალებით შეგვიძლია „მესიჯების“ წაკითხვაც  და პერსონაჟებს შორის დიალოგის მოსმენაც, საიდანაც ირკვევა, რომ ხვალ ნიშნობის დღე აქვთ. მომავალი ნათესავები ერთმანეთს უნდა შეახვედრონ. შეხვედრის ადგილი ზღვის სანაპიროა, ქართულ აფხაზურ საზღვარი. სპექტაკლის მოქმედებაც ამ საზღვართან ვითარდება.

 

მავთულხლართების ერთ მხარეს ქართველი სასიძო ოჯახთან ერთად შემოდის, მეორე მხარეს კი თეთრ კაბაში გამოწყობილი აფხაზი საპატარძლო, ოჯახთან ერთად ჩნდება. საზღვრის აქეთ და იქეთ იშლება სუფრა. ყველა პერსონაჟს ეტყობა ნერვიულობა, დაძაბულობა, რაც სპექტაკლში ბუნებრივად არის წარმოდგენილი. მათ ხომ ბევრი რამ აქვთ  ერთმანეთთან წამოსაძახებელი,  თუმცა მოსანანიებელიც  საკმარისზე მეტი აქვთ.

სპექტაკლში მოქმედება დღევანდელ დღეს ვითარდება. თამარ ჭანუყვაძეს გმირი სოფია ხიშბა და ნიკა ნანიტაშვილის ლუკა ვაჩნაძე, საზღვარგარეთ გაიცნობენ ერთმანეთს, შეუძლიათ მალულად დაქორწინდნენ, მაგრამ  ტრადიციების დაცვა უნდათ. ეს პირველ რიგში სოფიას ეხება, რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ ბაბუამ გაზარდა და ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობა გააჩნია. ახალგაზრდების  არჩევანი ორივე მხარისთვის რთულად მისაღებია. ძნელია იმ აზრს შეეგუო, რომ ქართველ სიძეს უნდა დაუმოყვრდე, მაშინ როცა ძმა ქართველმა მოგიკლა. ლუკას დედა ნათია კუპატაძის შესრულებით, პრინციპში აფხაზი სარძლოს წინააღმდეგი არ არის,  მაგრამ ნახევრად ხუმრობით შვილს მაინც ეტყვის: „საქართველოში ერთი ქალი დაილია?“ ნათია კუპატაძის შესრულებაში იგრძნობა არტისტიზმი, იუმორი, ის მხიარული და მოუსვენარი ქალის სახეს ქმნის, რომელსაც საზღვრის იქითაც კი უნდა გადახტომა, იმის იმედით რომ არ დახვრეტენ. 

ნიკას დაც ნანა ვაჩნაძე, მსახიობ იაკო ჭილაიას შესრულებით, გახარებულია ძმის არჩევანით, მსახიობი ამ სიხარულს ბუნებრივად გამოხატავს. მას დასავით უყვარს სოფია და უნდა მისი მეგობარი გახდეს. 

სპექტაკლის სიუჟეტი ისე ვითარდება, რომ გამარჯვება საბოლოოდ ახალგაზრდებს დარჩებათ, თუმცა მავთულხლართები სპექტაკლში ბოლომდე რჩება. ვფიქრობ, რომ რეჟისორმა სწორად გაიაზრა სპექტაკლის კონცეფცია. აქ არ ვხვდებით მტყუან-მართლის გარჩევას, რეჟისორი არც მესამე  ძალის არსებობაზე ახდენს პედალირებას, მხოლოდ ზომიერ მინიშნებას აკეთებს. როცა ორ მხარეს შორის დიალოგი იწყება, მაშინ ისმის სროლის ხმა. აქ აქცენტები სრულიად გასაგებია, განსაკუთრებით ეს ეხება ფინალურ სცენას, როდესაც ქართველები და აფხაზები ერთად მღერიან, ამ დროს სადღაც გაისვრიან  და სიმღერაც წყდება...

სპექტაკლში მუსიკალური  მხარე მრავლისმომცველია (კომპოზიტორი და ლოტბარი დავით მალაზონია). სცენიდან ისმის კარგად შესრულებული აფხაზური და ქართული სიმღერები.  ქართველი სიძე  „აზამატს“ მღერის. ნიკა ნანიტაშვილის შესრულება, ამ მხრივ გამორჩეულია, მისი არტისტული შესაძლებლობები შთამბეჭდავია ცეკვებშიც.  აქ ცეკვაც უცნაურია, სიძე პატარძალს ისე გამოიცეკვებს, რომ მათ შორის საზღვარია, რომელსაც ვერ გადაკვეთენ. გია მარღანიას ქორეოგრაფია, სპექტაკლში საინტერესოდ არის წარმოდგენილი,  მისი დადგმული ცეკვები სპექტაკლს მეტ მუხტსა და თავისებურ ამაღლებულ განწყობას მატებს.  საერთოდაც, უნდა აღინიშნოს, რომ გია მარღანიას ქორეოგრაფია, ყოველთვის თვალშისაცემია თავისი სადადგმო კულტურის დონით, რეჟისორული ჩანაფიქრის იდეის გამოხატვითა და საშემსრულებლო ოსტატობით.  

თამარ ჭანუყვაძის სოფია და ნიკა ნანიტაშვილის ლუკა ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს. მათ ერთიანი პრინციპული  მიდგომები გააჩნიათ, ერთნაირი ღირებულებები. თამარ ჭანუყვაძისა და ნიკა ნანიტაშვილის თამაშში კარგად ჩანს მათი დამოკიდებულება ოჯახის, ტრადიციების მიმართ და ამავე დროს გამბედაობის უნარი.  

 სპექტაკლის ყველა ეპიზოდში კარგად იკითხება მოქმედ გმირთა სევდიანი განწყობა, ქვეყნის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. ამ ტკივილის არდავიწყება, გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა, დამდგმელ ჯგუფთა პოზიციაც არის და ამავე დროს მთავარი სათქმელიც.  

ამ ტკივილს კიდევ უფრო ამძაფრებს, შვილმკვდარი დედის და შვილმკვდარი მამის ერთმანეთთან შეხვედრა. თამარ მამულაშვილის გმირის, შავებში ჩაცმული უცნობი ქალის სცენაზე გამოჩენას, სპექტაკლში მეტი დაძაბულობა და ემოცია შემოაქვს. მსახიობი შვილის დაღუპვით გამოწვეულ პირად უბედურებას ყოველ სცენაში ამჟღავნებს. მას შვილი აფხაზებმა მოუკლეს, საფლავიც არ აქვს, რომ ყვავილები მიიტანოს. მაგრამ, ამ უბედურებაში ის არ არის მარტო, მისი ბედი ბევრმა დედამ  გაიზიარა, ქართველმაც და აფხაზმაც. ამდენად მსახიობი კონკრეტულ როლში, შვილმკვდარი დედის  განზოგადებულ სახეს ქმნის.

სპექტაკლში, შვილმკვდარი მამის ბექირბი ხიშბას როლი მსახიობმა ნუგზარ ყურაშვილმა განასახიერა, რომელიც ერთ-ერთი საინტერესოდ შესრულებული როლია. მსახიობის საუბრის მანერა, ხმის ტემბრი, მუსიკალური ნიჭი, მაყურებლის ყურადღებას იპყრობს. მას სხვა პერსონაჟებისგან ტემპერამენტი, სიბრძნე და სიტუაციის სწორად აღქმის უნარი გამოარჩევს.  მიუხედავად იმისა, რომ ვაჟი მოუკლეს და ეტლს მიეჯაჭვა,  შურისძიების სურვილს არ ავლენს სხვათა მიმართ, თუმცა ბევრი რამ აქვს სათქმელი. მისგან გამორჩეული ხასიათი აქვს  მის ვაჟს არზაყანს (კახა ჭოლაძე), რომელიც როგორც კი ომზე იწყებს საუბარს აგრესიული ხდება. ყურაშვილის გმირი ნიშნობის ჩაშლას არ აპირებს, პირიქით დაძაბული სიტუაციის განმუხტვას ცდილობს „ომის გასარჩევად არ ვართ მოსულებიო“-აცხადებს. ბექირ ხიშბას მიმართ, მისიანებში აშკარა პატივისცემა და მოწიწება იგრძნობა. მის სიტყვას, როგორც ჩანს  ძველებურად ფასი აქვს. შესაძლოა, ის ქართველ სიძეს არ ისურვებდა, მაგრამ ნიშნობაზე მისვლა მისი პოზიციის გამოხატულებაა. მსახიობ ყურაშვილის თამაშს, მის ყველა გამონათქვამს სიდინჯისა და ვაჟკაცობის დაღი ატყვია. როდესაც შვილმკვდარი დედის გაჭირვების ამბავს მოისმენს, იტყვის: „აფხაზებს მტრების შვილების დატირებაც შეუძლიათო.“ ბექირ ხიშბას განცდები, ტკივილები ამავე დროს მსახიობ ყურაშვილის პირადული განცდაც არის.

სპექტაკლში გამოხატული პრობლემები, თანამოძმეთა შორის მძიმე ურთიერთობები, ეროვნული თემები, ადამიანთა პირადი ტრაგედიები, სპექტაკლს პოლიტიკურ მნიშვნელობას სძენს. 

სპექტაკლი ისეა დადგმული, რომ რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი, ახერხებს ყოველგვარი სენტიმენტების, პოლიტიკური ფარისევლობის, ტენდენციურობისა და პათეტიკის გარეშე მიიტანოს მთავარი სათქმელი მაყურებლამდე. მაყურებელი კი ძირითადად მოზარდი თაობაა, რომლისთვისაც სპექტაკლი საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს და წარმოდგენიდან გარკვეულ ინფორმაციას იღებს. დამდგმელი ჯგუფი ახალგაზრდებს შეახსენებს: თუ მოინდომე მტერიც შეიძლება მოყვარედ გაიხადო, რთულ ვითარებაშიც კი გამოსავლის პოვნა შესაძლებელია..

სპექტაკლი, დიმიტრი ხვთისიაშვილმა სიყვარულს, მეგობრობას, მიმტევებლობას, ორი ერის შორის დაპირისპირების დაძლევას მიუძღვნა. მართალია, სპექტაკლის თემა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ასახავს, მაგრამ სპექტაკლი მთლიანობაში  საქართველოს გამთლიანების იდეას გამოხატავს.  პრობლემის გადაწყვეტას კი რეჟისორი ახალგაზრდა თაობის მონაწილეობით ხედავს.

სპექტაკლის ფინალური სცენა შეყვარებულთა დაწყვილებით მთავრდება. სიყვარულმა  საზღვრები გადალახა..

ფინალური სცენა, სპექტაკლში ძალზედ ლამაზად არის გადმოცემული. სპექტაკლის ვიზუალური მხარე, ფერთა სინათლით და სიჭრელით გამოირჩევა, რაც ოპტიმისტურ სულისკვეთებას გამოხატავს და აფხაზეთში დაბრუნების იმედს უსახავს მაყურებელს... 

bottom of page