
„აღთქმული სანაპიროს“ პერსონაჟები
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

26.05.2026
გიორგი ყაჯრიშვილი
„აღთქმული სანაპიროს“ პერსონაჟები
ამერიკელი დრამატურგის ტენესი უილიამსის „ტრამვაი სურვილის“ მთავარ პერსონაჟს - ბლანშ დუბუას ბიპოლარული აშლილობა სჭირს. ყოველი მისი ქმედება ამ დაავადების შედეგია. ადაპტაციის ავტორი და რეჟისორმა ალექსანდრე ქანთარიამ (რეჟისორი ბექა ქავთარაძე) კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული პროფესიული თეატრის სცენაზე ამ პიესიდან მხოლოდ ფაბულა დატოვა და სიუჟეტი კი არსებითად შეცვალა, ამიტომ, „აღთქმული სანაპიროს“ პერსონაჟები დები დუბუების ნაცვლად ელენე და სოფი მორუები არიან, მხოლოდ სტენლი კოვალსკი და მიტჩი რჩებიან უცვლელად.
სასცენო გარემო (მხატვარი პაატა მძინარიშვილი, რომელიც დიდი ხანია ქანთარიასთან თანამშრომლობს) სადგურის ყოფილ ფოიეს წარმოადგენს, რომელიც ერთდროულად ქუჩაცაა, ორივე მხარეს ელექტროგაყვანილობის ბოძებით, ერთზე საათიც კი კიდია წინა პლანზე კი საცხოვრებელი სახლის მისაღები ოთახი შუაში დიდი მაგიდით. ამ მაგიდაზე არავინ სადილობს და ელენეს დაბადების დღეზე სადღესასწაულოდ გაწყობილი - ყვავილებით, ჭურჭლითა და შუაში ტორტით დასაწყისიდანვე უფრო „საბრძოლო არენად“ გადაიქცევა, ვიდრე საზეიმო სუფრად. სცენის მარცხნივ სკამი, რომელზეც ელენი (ლილი ხურითი) და მიტჩელი (დავით ბერაძე) ჩამოსხდებიან, ცოტა ვისკი მიირთმევენ და მითჩი თავის გულის ნადებს გაუმხელს და ცოლად გაყოლას სთხოვს. გათხოვება ელენის გეგმებში სულაც არ შედის, თუმცა სიამოვნებს მამაკაცის ყურადღება, არც ის აწუხებს დიდად, რომ მიტჩი დაბადების დღის მისალოცად არ მივა.
მარჯვნივ პოკერის სათამაშო მაგიდაა, სასმლის ბოთლებით სავსე, სადაც ყოველი თამაშის ბოლოს სტენლი (როლანდ ოქროპირიძე) ისე თვრება, რომ გონსაც კი კარგავს. მაგიდის უკან ფარდით ჩამოფარებული სოფისა (ნანა ხურითი) და სტენლის საძილე ოთახია, მის უკან კიბე, რომლითაც სააბაზანო ოთახში ადიან. სააბაზანო, სადაც სპექტაკლის დასაწყისში სოფი საქმიანობს და რომელიც მალე ტრაგედიის ადგილი ხდება. აქ, ჯერ სტენლი ელენზე ძალადობს, ხოლო მოგვიანებით ელენი აქვე იკლავს თავს. კიბის გასწვრივ კი პატარა სამზარეულოა.
სპექტაკლში ორი ძირითადი ხაზია: ელენის და სოფის, დების, რომელთაც ხუთი წელია არ უნახავთ ერთმანეთი. რეჟისორი რეტროსპექტივის ხერხით სარგებლობს და მათი წარსულის მომენტებს გვთავაზობს - ჯერ უკანა პლანზე სოფი და სტენლის გაცნობის ამბებია მოთხრობილი, ხოლო შემდეგ ავანსცენაზე დების კამათი და ჩხუბია გათამაშებული, როდესაც ელენი სოფის საგვარეულო სახლიდან აგდებს. დები, მიუხედავად იმის რომ ერთად აღიზარდნენ, ხასიათით ძალიან განსხვავდებიან ერთურთისგან.
ლილი ხურითის ელენ მორუა ავად სულაც არ არის. იგი მსხვერპლია, გამოქცეული სამშობლოდან, პატივაყრილი და მოღალატე გამოცხადებული. მისი „კოლაბორაციონიზმიც“ იმ საზოგადოების მოგონილია, რომელმაც ომის დამთავრების შემდეგ ფაშისტების მიერ ჩადენილ დანაშაულის კვალდაკვალ არანაკლები დანაშაული ჩაიდინა თავისი თანამემამულეთა მიმართ, რომლებსაც ეს კლიშე მიაწებეს, როგორ გერმანელები აწებებდნენ ებრაელებს დავითის ყვითელ ვარსკვლავს. ამის დასტური ის ფილმია, რომლითაც სპექტაკლი იწყება და რაც შემდგომ სტენლის მიერ ელენის „გამოაშკარავების“ და მისი თავიდან მოცილების საბაბი ხდება. სპექტაკლი როგორც ვთქვით, ვიდეო ინსტალაციით იწყება, ეკრანის წინ გრძელ ლაბადაში გამოწყობილი, თავზე პარიკით ელენი დგას და სიგარეტს ეწევა. ეს ის ფილმია, სადაც ბრბო, ხალხის მასა იმ ქალებს სჯის, მაკრატლით თმებს სჭრიან და თავებს პარსავენ, რომელთაც საფრანგეთის გერმანელთა ოკუპაციის დროს სამხედრო მოსამსახურეებთან ჰქონდა ურთიერთობა ან კავშირი - ელენი მაყურებლისკენ შემობრუნდება პარიკს მოიხსნის - მასაც თავი გადაპარსული აქვს.
ელენის წარსული ცხოვრება ოკუპირებულ საფრანგეთთანა დაკავშირებული, სადაც იგი გერმანული ენის მასწავლებლად მუშაობდა. მას რასაკვირველია ბევრი უცნაურობა ახასიათებს. ამერიკაში დასთან გამოქცეული და სხვის ოჯახში მოხვედრილი უნებურად მაინც ცდილობს თავის ნებაზე ატაროს უმცროსი და, ჩაერიოს მის ოჯახურ ცხოვრებაში, რაც განსაკუთრებით აღიზიანებს სტენლის. ამავდროულად იგი ცდილობს არ გაართულოს სიძესთან ურთიერთობა, ბლანშ დუბუასგან განსხვავებით იგი მშვიდია, მორიდებული, უბრალოდ აცვია არ ცდილობს თავის მდიდრული გარდერობის დემონსტრირებას. მიუხედავად ყოველი განცდილისა, ბრძოლის და თავდაცვის უნარი შენარჩუნებული აქვს. თავის დას სთხოვს მიატოვეს ყველაფერი და „აღთქმულ სანაპიროზე“ დაბრუნდნენ. პროტოტიპისგან განსხვავებით არ ნებდება მის წასაყვანად მოსულ ექიმს (ბექა ქავთარაძე) და იმ მაკრატლით იკლავს თავს, რომელიც სტენლიმ მის გასაღიზიანებლად აჩუქა და იქ, იმ ადგილას, სადაც გააუპატიურეს.
სოფი, საგვარეულო სახლიდან გამოგდებული ახალ ორლეანში დაიდებს ბინას და სტენლისგან ბავშვს ელოდება. მიუხედავად სტენლის მძიმე ხასიათისა, მეუღლე ცდილობს ყველაფერი აუსრულოს და ასე თუ ისე, ბედნიერი ოჯახი ჰქონდეს. სოფი დამჯერი მეუღლეა, დროდადრო შეურაცხყოფასა და ფიზიკურ ძალადობასაც იტანს მისგან. ელენის ამერიკაში მოულოდნელი ჩამოსვლა თავისთავად ხდება იმ უთანხმოებისა და აურზაურის საბაბი, რაც ამ ჩამოსვლას მოჰყვება. სოფის ძალიან აღიზიანებს დის ზედმეტი მზრუნველობა, ჭკუის სწავლება, მაგრამ მაინც ყოველთვის დის მხარეზეა, თუნდაც სტენლის წინააღმდეგ.
რეჟისორი შეგნებულად უფრო ამძაფრებს მოვლენებს - ელენეს დაბადების დღეზე სტენლის მცდელობას, გამოააშკარაოს ელენის წარსული ცხოვრება და საქვეყნოდ გახადოს მისი „კოლაბორაციონიზმი“ სოფის მუცლის მოშლით და ბავშვის დაკარგვით თავდება.
სტენლის პერსონაჟმა პირველწყაროდან დიდი ცვლილება არ განიცადა. იგი დარჩა უხეშ ჯარისკაცად. იგი არ ენდობა ელენს, არ სჯერა მორუების საგვარეულო სახლის ამბების. თავის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებს პირველ რიგში მეგობარ მიტჩს უზიარებს, რათა საბოლოოდ დაუნგრიოს ელენს იმედი გათხოვების შესახებ. თუმცა სტენლისაც აქვს თავისი სიმართლე. თითქმის დალაგებულ ცხოვრებაში, ფეხმძიმე მეუღლე, მომავალი შვილი, სამსახური, მეგობრები და დროს ტარება, რაც ასე ძალიან უყვარს, უეცრად, ელენის ჩამოსვლის შემდეგ იცვლება. მის ყოფაში იჭრება სრულიად უცხო ქალი და საფრთხეს უქმნის მის ბედნიერებას. ომგამოვლილი ვერ იტანს ვერაფერს გერმანულს და ელენის გერმანულის მასწავლებლობაც კიდევ ერთი საბაბია მასთან დაპირისპირების. უხეშად ერევა ელენის წარსულში, ძალით ართმევს სახლის გაყიდვის დოკუმენტაციას და ცდილობს უკვე დაკარგული მემკვიდრეობის ნახევრის გამოძალვას. დაბადების დღეზე გათამაშებული ტრაგიკული სცენის შემდეგ სტენლი ელენზე ძალადობა უფრო სამაგიეროს გადახდაა, უდიდესი შეურაცხყოფა და დამცირება, ვიდრე ჩვეულებრივი სექსუალური აქტი.
სტენლის მეგობარი მიტჩი (დავით ბერაძე) ერთი ნახვით შეყვარებული. სტენლის მიერ მოყოლილი ამბების შემდეგ ელენს თავის იმედგაცრუებას საყვედურობს, თითქოს მისგან პასუხსაც ითხოვს და ძალადობას ცდილობს, თუმცა სტენლის შეთავაზებაზე მიიღოს ელენისგან რაც სურდა, მაინც სასტიკ უარს აცხადებს.
მსახიობების როლანდ ოქროპირიძის და ქრისტი ჩხიკვაძის დებიუტია სოხუმის თეატრის სცენაზე, თუმცა ორივეს საკმაო თეატრალური გამოცდილება აქვთ, პირველს მარჯანიშვილის თეატრში, ხოლო ქრისტი ჩხიკვაძეს მესხეთისა და რუსთავის თეატრებში.
ორიგინალში - იუნისი, ლორა (ქრისტი ჩხიკვაძე) მოძველბიჭო, მოხულიგნო ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ერთგვარი პროტაგონისტის, ან თუ გნებავთ მიმდინარე მოვლენების კომენტატორისა ფუნქცია აქვს. იგი ყველგანაა, ყველა ამბის და მოვლენის მოწმე - ერთგვარი შემფასებელი პერსონაჟთა ქმედების. ლორა თამამად ესაუბრება სტენლისაც, სოფისაც და ელენთანაც ნახულობს საერთო ენას. ახალგაზრდა მსახიობმა შეძლო ასეთი რთული როლის აღსრულება. სპექტაკლის ბოლოს, როდესაც
სოფი სტენლის ტოვებს, ლორა მასთან რჩება მის მოსავლელად დასასრულს, სოხუმის თეატრის სპექტაკლი არის იმედგაცრუებაზე, უმადურობაზე, უსაფუძვლო ცილისწამებაზე, ღალატზე და იმ სისასტიკეზე, რაც თანამედროვე საზოგადოებას ასე ძლიერად ახასიათებს. კარგი რეჟისურაც ხომ ამას გულისხმობს - ნებისმიერი მასალით, დრამატურგიული თუ სხვა ტექსტის მეშვეობით თქვა შენი საკუთარი სათქმელი, საკუთარი გულისტკივილი გაუზიარო მაყურებელს.