top of page

აჯანყებულთა ვაგონის ამბავი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

WhatsApp Image 2025-03-27 at 12.06.18.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

აჯანყებულთა ვაგონის ამბავი

 

ვალერი ოთხოზორიას დოკუმენტური დრამა „აჯანყებულთა ვაგონი“ ორ მოქმედებად ზესტაფონისა და სენაკის დრამატული თეატრების ერთობლივი ნამუშევარია. უფრო სწორად, პირველი ნაწილი ვატო ჯუღელმა ზესტაფონის თეატრის მსახიობების მონაწილეობით დადგა, მეორე ვახტანგ ნიკოლავამ, სენაკის თეატრის მსახიობებთან ერთად. ორ ნაწილიანი (ჩემი აზრით, არა ორ მოქმედებიანი) წარმოდგენა ორი დამოუკიდებელი სპექტაკლია ერთ ამბავზე, ამიტომაც ერთ კონტექსტში მათი განხილვა არ ღირს, მით უმეტეს, ორივე ნაწილი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია სტილისტიკის, მსახიობთა შესრულების მანერისა და რეჟისურული გადაწყვეტის თვალსაზრისით. ეს არც არ არის გასაკვირი, რადგან მასზე სხვადასხვა რეჟისორი მუშაობდა.

 

ვალერი ოთხოზორიას ჯერ გამოუქვეყნებელი ისტორიული დრამა ბოლშევიზმის წინააღმდეგ 1924 წლის აჯანყებას ეხება. ქართველთა ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და აჯანყების მარცხს. ერთი კონკრეტული ისტორიული ამბავი (ჭიათურელ ინტელიგენტთა საპროტესტო მოძრაობა) განზოგადებულია, როგორც ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, მარცხისთვის განწირული წინააღმდეგობის მოძრაობა. წარმოდგენაში გაცოცხლებულია ეპოქის გმირები და ანტიგმირები. ისტორიული ქრონიკა პირდაპირ ეხმიანება დღევანდელობას, მიმდინარე პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესებს და ავტორი თითქოს ხაზს უსვამს იმას, რომ ქართველი საზოგადოებრიობა კვლავაც საბედისწერო წრეზე მოძრაობს, რომელიც დღემდე გაურღვეველია. მიუხედავად იმისა, რომ გათამაშებულ ამბავს მკვეთრად გამოხატული დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები ჰყავს, ორივე დაპირისპირებულ მხარეს გააჩნია თავისი სიმართლე. ამ გზით, ავტორი ცდილობს დაიცვას ობიექტურობა, გვიჩვენოს დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციები და შექმნას მძაფრი კონფლიქტი, რაც წარმოშობს ტრაგიკულ ფინალს. წარმოდგენის ცენტრში სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ახალგაზრდები დგანან, რომლებიც გმირულად მარცხდებიან კონფორმისტ თანამემამულეებთან ბრძოლაში.

 

სპექტაკლის სცენოგრაფია ხატია დავითაშვილს ეკუთვნის. მხატვარი ქმნის გარემოს, რომელიც ერთდროულად რეალისტურიცაა და აბსტრაქტულიც. მოქმედება ორ სიბრტყეში ვითარდება, ვაგონში და გარეთ, თუმცა ვაგონში განვითარებულ მოვლენებს ვერ ვხედავთ, მხოლოდ გვესმის. დადგმაში გამოყენებულია პროექტორი, რომელზედაც ჯერ ისტორიული ქრონიკის კადრები გამოისახება, ხოლო შემდეგ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროშები ძველი და ახალი ეროვნული ჰიმნების ფონზე. მხატვარი ქმნის კამერულ სამყაროს, მაყურებელიც სცენაზეა განთავსებული და ახლო მანძილიდან ადევნებს თვალს სცენაზე განვითარებულ მოვლენებს. მსახიობებს სპექტაკლის დასაწყისში გამოაქვთ იარაღისა და ტყვია-წამალისთვის განკუთვნილი ყუთები, რომლებიც ფაქტობრივად უფუნქციოა სპექტაკლში. ის მხოლოდ ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს. კოსტიუმებზე სოფო ჩალაშვილმა იმუშავა, რომელმაც ეპოქის და პერსონაჟთა სოციალური წარმომავლობის შესაბამისი სამოსი შექმნა.

 

ვატო ჯუღელის წარმოდგენაში, რომელსაც ვრცელი (ჩემი აზრით, იდეურ-შინაარსობრივად დაუტვირთავი) საექსპოზიციო (შესავალი) ნაწილი აქვს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ადამიანების ხმებსა და გარემოს ხმაურებს ენიჭება. ის ატმოსფეროს და განწყობის შექმნას უწყობს ხელს, თუმცა მსახიობთა ჩაწერილი მონოლოგები არაორგანულად ჟღერს. ვფიქრობ, მსახიობებიც არაზუსტი ემოციით, განწყობითა და დამოკიდებულებით კითხულობენ ტექსტებს, სადაც ყალბი ემოცია სჭარბობს. ამიტომაც, რჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულ მსახიობებს ტექსტი ჩაწერისას შინაარსობრივად გააზრებული არ აქვთ, ყალბი ემოციით და პათეტიკურობით წარმოთქმული ფრაზები და მონოლოგები კი კარგავს სემანტიკურ მნიშვნელობას და ის უბრალოდ ჟღერს, მისი არსი მაყურებლამდე ვერ აღწევს. როგორც უკვე ვთქვი, სპექტაკლი ვრცელი, თითქმის არავერბალური შესავლით იწყება. მთხრელი (ბადრი ტაბატაძე) სცენისთვის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ორმოს თხრის, პარალელურად სერჟანტი (ზურა აბესაძე) და რიგითები იარაღისა და ტყვია-წამლის მსგავს ყუთებს სცენაზე ეზიდებიან და მაყურებელთან აწყობენ. ზოგჯერ ჩაწერილი და ზოგჯერ ცოცხალი მონოლოგით მაყურებელი ერკვევა სიტუაციაში, თუმცა სპექტაკლი ლევან წერეთლისა (გიორგი ბოგვერაძე) და სერჟანტის (ზურაბ აბესაძე) პირველი შეხვედრით იწყება, როცა სცენაზე ჩნდება დიალოგი, ვითარდება სიუჟეტი. სპექტაკლის კულმინაციური მომენტია არა სიუჟეტით გათვალისწინებული მოვლენა - აჯანყებულთა ვაგონის ჩაცხრილვა, არამედ გენერლის (თემურ კიკნაველიძის) და ლევან წერეთლის (გიორგი ბოგვერაძე) და ეს ამ ორი მსახიობის დამსახურებაა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თემურ კიკნაველიძის მიერ შესრულებული გენერალი ლევან ღოღობერიძე. მსახიობი მაღალი პროფესიული ოსტატობით, თითქმის შეუმჩნეველი დეტალებით გვიხატავს უკიდურესი ნაძირალას მხატვრულ სახეს. თემურ კიკნაველიძე ზუსტი და სწორი ინტონაციებით, ზომიერი ემოციურობით მაყურებელთან ძალიან ახლოს გვიჩვენებს მონსტრს, რომელიც კეთილშობილების ნიღაბსაა ამოფარებული. პერსონაჟის ირონიულობა და ცინიზმი კიდევ უფრო მძაფრად გამოხატავს გენერლის ხასიათს. ერთგვარი გასაუბრება-დაკითხვის სცენა ამ დადგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია როგორც შინაარსობრივი, ისე მსახიობთა შესრულების თვალსაზრისით.

 

მეორე ნაწილი მოგვითხრობს იმას, რაც უკვე ვნახეთ, ამავდროულად აანალიზებს მას.  ვახტანგ ნიკოლავამ სენაკის თეატრის მსახიობებთან ერთად, ფორმითა და  სტილისტიკით განსხვავებული წარმოდგენა გვიჩვენა, რომელიც უფრო ახლოს დგას „ლიტერატურულ კომპოზიციასთან“, ვიდრე სპექტაკლთან, რაშიც „დამნაშავე“ დრამატურგია, რომელიც მოკლე მონოლოგებზე აწყობს სრულ ტექსტს. მეორე ნაწილი ფაქტობრივად იმეორებს იმას, რაც უკვე ვნახეთ. მსახიობები ირაკლი ადამია, ლადო კოკაია, რაულ კიკალეიშვილი, ლალა გაბელაია, ეკა კოღუა უფრო თეატრალიზებული, ზეაწეული ტონებითა და ინტონაციებით კითხულობენ მონოლოგებს. მსახიობები ერთდროულად გვევლინებიან მთხრობელებად და მოქმედ პირთა შემსრულებლებად. სიუჟეტის თანმიმდევრობის პრინციპი მთლიანად დარღვეულია და აჩეხილი. ტექსტი, რომელსაც სენაკის თეატრის მსახიობები კითხულობენ, უფრო მეტად ლიტერატურაა, ვიდრე კლასიკური დრამატურგიის პრინციპებით შექმნილი თხზულება. ამიტომაც, წარმოდგენა სტრუქტურულად კარგად ორგანიზებულ თეატრალიზებულ კითხვას ჰგავს, ვიდრე სპექტაკლს.

 

ვალერი ოთხოზორიას ისტორიული დრამა, რომელიც სათეატრო ტექსტი უფროა, ვიდრე კლასიკური ფორმის პიესა, განსხვავებული სტრუქტურის თხზულებაა. თუ არ ვცდები, ქართულ დრამატურგიაში პირველი ნაწარმოებია, სადაც მეორე მოქმედებაში პირველ მოქმედებაში განვითარებული მოვლენების ანალიზიცაა და დროში მოგზაურობაც. მეორე ნაწილში ცოცხლდება ამბები, რომელიც მთავარ, საკვანძო მოვლენამდე ხდებოდა. თან თხრობა პირველ პირში მონოლოგებს ეფუძნება, რაც ფაქტობრივად სრულად გამორიცხავს მწყობრ და თანმიმდევრულ სიუჟეტს. ექსპერიმენტის დონეზე ვალერი ოთხოზორიას მცდელობა საინტერესოა, თუმცა ტექსტში ბევრი ფილოსოფიაა, ვიდრე ქმედითი სიტყვა, რომელიც დრამატულ თხზულებას მინიმუმ არ „უხდება“, მაქსიმალურად დაცლილია დიალოგებისაგან, რაც ხელს უშლის სიუჟეტის განვითარებას, სადაც იწყება დიალოგი, იქ იწყება ქმედებაც და ვითარდება სიუჟეტი, იბადება ამბავი. ასეთი ეპიზოდები კი ნაწარმოებში ძალიან ცოტაა. ამავდროულად ტექსტის ავტორი კონფლიქტის შექმნის მიზნით, ერთმანეთს უპირისპირებს ორ რადიკალურ მოსაზრებას, პერსონაჟებს თავისი გაცხადებული პოზიციებით, რომელშიც ცდილობს არ გამოკრთეს ავტორის შეხედულება ბოლშევიკებსა და მენშევიკებზე. მიუხედავად ისტორიული სიცხადისა, ავტორი ცდილობს პერსონაჟები დახატოს არა ცალსახად და სქემატურად, არამედ ხასიათის მრავალფეროვნებით. ცხადია, ვალერი ოთხოზორია აცოცხლებს მითს (მირჩა ელიადეს განმარტების მიხედვით), რომელიც არც ისე შორეულმა წარსულმა დაბადა.

ფოტო: მიშა შენგელია

bottom of page