top of page

,,მთელი ჩემი ცხოვრება მაინც არის თეატრი...“

435823012_1414534052783071_7531878563959102698_n.jpg

,,მთელი ჩემი ცხოვრება მაინც არის თეატრი...“

მსახიობ ალეკო მახარობლიშვილს ესაუბრა მიხეილ რამიშვილი

ალეკო მახარობლიშვილი დაიბადა თბილისში. 1955 წლის 15 აპრილს. 1972 წელს ჩააბარა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს  ინსტიტუტში, სამსახიობო მიმართულებით ( ჯგუფ. ხელმ. თემურ ჩხეიძე). თეატრალური ინტიტუტის დამთავრების შემდეგ გაანაწილეს რუსთავის თეატრში. ამის შემდეგ  იყო თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებეთა თეატრის მსახიობი.

1999 წლიდან დღემდე არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. ამჟამად რეპერტუარში არსებული სპექტაკლებიდან მისი ნახვა მაყურებელს შეუძლია ერიკ ემანუელ-შმიტის ,,იდუმალი ვარიაციები“- (ერიკ ლარსენი) -  რეჟ. თემურ ჩხეიძე და ჟორდი გალსერანის ,,გრონჰოლმის მეთოდი“ – (ენრიკე) რეჟ. თემურ ჩხეიძე.

შესრულებული აქვს როლები: ივანე - იასმინა რიზა "ART - ხელოვნება" რეჟისორი თემურ ჩხეიძე
ბრაიან ფრილი "ბრმა მხედველი" რეჟისორი თემურ ჩხეიძე
პოლინიუსი - უილიამ შექსპირი ”ჰამლეტი” რეჟისორი თემურ კუპრავა
ფოცო,მოსე -  "თეთრი იასამანი", რეჟისორი გიზო ჟორდანია
დიმიტრი  ბოგოსლავსკი - "ადამიანთა სიყვარული" რეჟისორი  ნიკოლოზ  საბაშვილი
ჯიმი ჯეკი  -  ბრაიან ფრილი   "თარგმანები" - რეჟისორი თემურ ჩხეიძე
ანტონიო - ედუარდო დე ფილიპო "ცილინდრი", რეჟ. თამაზ მესხი
ზურიკო - რეზო თაბუკაშვილი "რას იტყვის ხალხი", რეჟ. ანზორ ქუთათელაძე
სოსოია - ნოდარ დუმბაძე "მე ვხედავ მზეს", რეჟ. შალვა გაწერელია
ბიჭი - გურამ ბათიაშვილი "ორი ნოველა", რეჟ. შალვა გაწერელია
ბეგლარ ჯინჭარაძე - დავით კლდიაშვილი "ქამუშაძის გაჭირვება", რეჟ. შალვა გაწერელია
აბესალო - დავით კლდიაშვილი "ირინეს ბედნიერება", რეჟ. შალვა გაწერელია
პირველი მინისტრი - ევგენი შვარცი "ჩვეულებრივი სასწაული", რეჟ. მანანა კვირკველია
ქურდი აპო - ნოდარ დუმბაძე "კუკარაჩა", რეჟ. შალვა გაწერელია
ნარკომანი ლევანი - ირაკლი სამსონაძე "ბედნიერი ბილეთი", რეჟ. შალვა გაწერელია
ომარა - ირაკლი სამსონაძე "აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე", რეჟ. შალვა გაწერელია
გუგა - ლაშა თაბუკაშვილი "თოვლივით თეთრი თოვლი", რეჟ. ანდრო ენუქიძე
გამომძიებელი - ინგა გარუჩავა, პეტრე ხოტიანოვსკი "აღსარება", რეჟ. თემურ ჩხეიძე
მაცნე - ჟან ანუი "ანტიგონე" , რეჟ. თემურ ჩხეიძე
”მოლი სუინი” (ბრმა მხედველი) , რეჟ. თემურ ჩხეიძე.

  

გადაღებულია ფილმებსა და სერიალებში, მათგან გამორჩეულია ,,ყავა და ლუდი“ (რეჟ. ზაზა ბუაძე). სადაც მას პარტნიორობას უწევდნენ ისეთი მსახიობები როგორებიც არიან: მიშა გომიაშვილი, ნინო ბურდული, ქეთი ჩხეიძე, კარლო საკანდელიძე, ჯემალ ღაღანიძე, მაია ტურიაშვილი და სხვები. ამ სერიალში განსახიერებულმა გამომძიებელ ნოშრევან ჟურულის როლმა მსახიობს ხალხში დიდი სიყვარული და აღიარება მოუტანა. ასევე გადაღებულია სერიალში ,,ძილის წინ“, ,,ჩემი ცოლის დაქალები“, ფილმში ,,მამაჩემის გერლფრენდი“ და სხვა.

       

არის კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი (1982)   და  სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი (1989 , 1991)

2000 წელს დაიმსახურა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ,,ოქროს ნიღაბი“-ის ჯილდო   იასმინა რიზას პიესა ,,ART - ხელოვნება“-ში ივანეს როლის შესრულებისათვის.

 

  • ბატონო ალეკო  პირველი ნაბიჯები რომ გაიხსენოთ,  საიდან დაიწყო და როგორ თეატრთან თქვენი ურთიერთობა?

 

  • ჩვენს დროს უმაღლესში ჩაბარება გაცილებით ძნელი იყო, ვიდრე ახლაა და ვერ ჩაბარება მაშინ ოჯახში დიდი ტრაგედია და სირცხვილი რომ არ ყოფილიყო და ოჯახს თავი რომ არ მოჭროდა, დიდი თავსატეხი გამიჩნდა, სადმე უნდა ჩამებარებინა. რადგან ტექნიკური საგნები არ მიყვარდა, ამიტომ თეატრალური ინსტიტუტი გადავწყვიტე, სადაც ქართული, ისტორია და მსახიობის ოსტატობა ბარდებოდა. მსახიობის ოსტატობის პრაქტიკისთვის მივედი პლეხანოვზე, მხატვრული აღზრდის სახლ ,,არტოს ბაღში“ რეჟისორ ბატონ გოგი თოდაძესთან, რომელიც ძალიან კარგი პედაგოგი და საყვარელი კაცი იყო.  აქ ორი სპექტაკლიც ვითამაშე. მომეწონა ეს ყველაფერი. მახსოვს, მონადირე ვიყავი ,,ფიფქია და შვიდ ჯუჯაში“. პატარა როლი მქონდა, მაგრამ ძალიან ვინერვიულე.

 

ამის შემდეგ ჩავაბარე თეატრალურში ყოველგვარი წვალების გარეშე. მყავდნენ ისეთი პედაგოგები როგორიც იყო: მიხეილ თუმანიშვილი, შალვა გაწერელია, დოდო ალექსიძე, ბაბულია ნიკოლაიშვილი და სხვები.

 

მანამდე თეატრში არ დავდიოდი. როდესაც რუსთაველის თეატრში წავედით და ვნახე თემურ ჩხეიძის სპექტაკლი ,,გუშინდელნი“, მაშინ მივხვდი, რომ სხვა სამყაროში ვიყავი. მას შემდეგ 50 წელზე მეტი გავიდა და დღემდე აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ რეჟისორმა ძალიან მკაფიოდ და შთამბეჭდავად გამოხატა თავისი სათქმელი და ტკივილი. ამის შემდეგ ვნახე რობერტ სტურუასა და თემურ ჩხეიძის ერთობლივი სპექტაკლი ,,სამანიშვილის დედინაცვალი“ . ეს იყო ზეიმი, იქ თამაშობდნენ ისეთი არტისტები, როგორებიც იყვნენ: რამაზ ჩხიკვაძე, გოგი გეგეჭკორი, კარლო საკანდელიძე. ეს იყო საოცრება ჩემთვის და საბოლოოდ მივხვდი რომ ჩემი ადგილი აქ უნდა ყოფილიყო.

 

ინსტიტუტში სწავლა რომ დავიწყეთ, გამოცდებიდან უკვე ვიცნობდით ყველანი ერთმანეთს და როდესაც აუდიტორიაში შემოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, გვეუცხოვა ყველას, გაგვიკვირდა არავის არ გვახსოვდა. ვიფიქრეთ ეტყობა მერე ჩააბარა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ჩვენი პედაგოგი ბატონი თემურ ჩხეიძე იყო. მე  ვიყავი 17 წლის და ბატონი თემური მაშინ იყო 29 წლის, რომელთანაც მას მერე ხელი-ხელ ჩაკიდებული მოვდიოდით ამდენი წლის განმავლობაში. აი ასე იყო ჩემი ინსტიტუტში მოხვედრის ისტორია.

  • თუ გახსენდებათ ის ეტიუდი რომელიც მისაღებ გამოცდაზე შეგხვდათ?

 

  • რატომღაც მხოლოდ ერთი მახსოვს. ბატონმა მიშამ მომცა ეს დავალება, ილუზიონისტის როლი უნდა შემესრულებინა. მაყურებლისთვის უნდა მეჩვენებინა ყუთი საიდანაც მტრედები უნდა ამოფრენილიყვნენ და შემდეგ ბისსზე და ბრავოზე რომ გამომიძახებდნენ ნომერი უნდა გაფუჭებულიყო ანუ მტრედები აღარ უნდა ამოფრენილიყვნენ და ამ ორის შეფასება უნდა გამეკეთებინა. ბატონ მიხეილ თუმანიშვილს ისეთი არაფერი არ უთქვამს, როგორც ჩანს მოვეწონე და გადამიყვანა შემდეგ ტურზე. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ მსახიობის ოსტატობას, გარეგნობას, ხმას და უკვე აბიტურიენტს გზა ხსნილი ჰქონდა. ეს იყო და ეს.

 

  • როგორც ვიცი ძალიან საინტერესო დროს მოგიწიათ სტუდენტობა, ცოტა რამ სტუდენტურ წლებზეც რომ მოგვიყვეთ?

 

  • ნამდვილად. ბატონი თემური იმდენად დიდი ავტორიტეტი იყო და იმდენად დიდი ხიბლი ჰქონდა მასთან ურთიერთობას, რომ ყველა ვცდილობიდით მისი ლექცია არ გაგვეცდინა. თუ დაგვაგვიანდებოდა კარი იკეტებოდა და ვეღარ შევდიოდით. ეს იყო ჩვენთვის ყველაზე დიდი სასჯელი, რომ ვერ ვისმენდით მის საინტერესო ლექციას. ჩვენ ინსტიტუტში დიდ უპირატესობას ვგრძნობდით იმიტომ რომ ბატონი თემურის სტუდენტები ვიყავით.

 

ბატონი მიშა თუმანიშვილის ჯგუფი ჩვენზე ერთი წლით წინ იყო და  ინსტიტუტში ჩვენი ჯგუფები ამ პედაგოგების გამო ,,სატრაბახო“ ჯგუფები იყო. იმდენად, რომ თავს უფლებას არ ვაძლევდით ზედმეტად რამე დაგვეშავებინა ან გაგვეფუჭებინა, რომ ბატონი თემურისთვის რამე არ გვეწყენინებინა. თუმცა მაინც ვახერხებდით ქეიფსა და დროსტარებას. თემური იყო ძალიან თბილი, ჩასახუტებელი პიროვნება ვინც ნამუშევარია თემურთან მიხვდება რასაც ვამბობ. შენიშვნას ისე გაძლევდა, რომ ბედნიერი იყავი. რა კარგია შენიშვნა რომ მომცაო. გვეტყოდა ძალიან კარგია, მშვენიერია მაგრამ ხომ არ გვეცადა? იქნებ ასე ჯობია? და რასაკვირველია მიგვიყვანდა სწორ ხაზამდე. ბატონ თემურს ჰქონდა ასეთი თვისება. არტისტი მას პირველ პლანზე ყავდა აყვანილი, მისთვის არტისტი იყო მთავარი. ყველაფერს აკეთებდა ისე, რომ არტისტს ეგრძნო თავი თავისუფლად და ბედნიერად.

 

როდესაც რეპეტიციები მთავრდებოდა და სპექტაკლები იწყებოდა, გულში ვფიქრობდით თემურიმ რა გააკეთა ეხლა აქ, ჩვენ გვეგონა, რომ ჩვენი გაკეთებული იყო ყველაფერი. ბევრს გაგვიფიქრებია ეს სულელური აზრი, მაგრამ მერე ვხვდებოდით რომ ზუსტად თემური აკეთებდა ამას ისე, რომ ჩვენ ასე გვეფიქრა. ყოველ მის სიტყვას თავისი აზრი და მნიშვნელობა ჰქონდა. მისგან სიტყვა ტყუილად არ ითქმებოდა ხოლმე.

 

  • რომ გაიხსენოთ რომელი იყო პირველი სპექტაკლი ბატონ თემურ ჩხეიძესთან?   

 

  • ეს იყო სტუდენტობისას, მაშინ ბატონმა თემურმა დადგა ტოლსტოის პიესა ,,მეუფება წყვდიადისა“ ,  მეორე  სახელიც ჰქონდა ამ პიესას ,,ბნელეთის სამეფო“. არასდროს არ მიტრაბახია, მაგრამ ეს გახლდათ იმდენად სულის შემძვრელი და კარგი სპექტაკლი, რომ დღემდე ახსოვს იმ თაობის წარმომადგენლებს ვინც ეს სპექტაკლი ნახა. სამწუხაროდ ვერ ვითამაშეთ დიდხანს რადგან სტუდენტურ სპექტაკლებს 4-5ჯერ თამაშობენ და ამით რჩება მათი ისტორია.

 

  • როგორ მოხვდით რუსთავის თეატრში, ამის  შემდეგ  მოზარდ მაყურებელთა თეატრში და ბოლოს მარჯანიშვილის თეატრში?

 

  •    თეატრალური რომ დავამთავრე რუსთავის თეატრში გამანაწილეს. იქ მხოლოდ 1 წელი ვიმუშავე და ორი როლის თამაშიც მოვასწარი. ერთხელაც დამირეკა უცნობილესმა და უკარგესმა პიროვნებამ, ბატონმა შალვა გაწერელიამ და მოზარდში მუშაობა შემომთავაზა. მე მას ვთხოვე, რომ თუ შეიძლებოდა ჩემს მეგობართან ამირან შარმანაშვილთან ერთად დამეწყო მასთან მუშაობა. რათქმაუნდა დამთანხმდა და ამის შემდეგ მისი სიცოცხლის ბოლომდე (2012) ერთად ვიყავით.

 

ბატონმა შალვამ ორი სპექტაკლის დადგმისთვის ,,ბედნიერი ბილეთი“ და ,,აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“ აიღო სახელმწიფო პრემია და მე საუკეთესო როლის შესრულებისთვის მომცეს სახელმწიფო პრემია. როდესაც ბატონმა შალვამ დატოვა მოზარდ მაყურებელთა თეატრი, მაშინ ბევრნი წამოვედით თეატრიდან. 90-იანი წლების პერიოდი იყო და ბატონ შალვასთან სახლში დავდიოდით რეპეტიციებზე.მას შემდეგ ძალიან ახლობელი ადამიანები გავხვდით ერთმანეთისთვის. ჩვენი მეგობრობა 15 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. ჩემთვის მისი პიროვნება იმდენად საპატივცემულო იყო, რომ მიუხედავად ჩვენი ახლობლობისა, ბოლომდე ბატონ შალვათი მივმართავდი, არასოდეს მიმიმართავს ,,მუმუშა“ -თი. ასე მგონია რომ რაც არ უნდა ახლობელი იყოს, არის რაღაც ზღვარი რომელსაც არ უნდა გასცდე.

 

1999 წლიდან ვარ მარჯანიშვილის თეატრში. ბატონი თემური ყველა სპექტაკლში მაკავებდა. მიუხედავად იმისა რომ 12 წლიანი სხვაობა იყო ჩვენს შორის ისიც ასევე სულ ბატონი თემური იყო ჩემთვის. არ შემეძლო სხვანაირად.

ბოლო პერიოდში სანამ თემური ცოცხალი იყო ის 2 წელი ხშირად ვსეირნობდით ხოლმე ერთად ლისის ტბის ტერიტორიაზე. ეს ორი ადამიანი ბატონი შალვა და ბატონი თემური ძალიან ახლობელი ადამიანებიიყვნენ ჩემთვის.

 

  • ოჯახში ყველას გქონდათ შეხება ბატონ შალვა გაწერელიასთან, არის ისეთი რამ  რაც არასდროს დაგავიწყდებათ მასთან მუშაობის დროს? თუნდაც რჩევა ან ისეთი რამაც გული დაგწყვიტათ?

 

  • გულის დაწყვეტა ის არის, რომ მიდიან და მიდიან. მეც აღარ ვარ მაინდამაინც ახალგაზრდა. მიდიან ისეთი ადამიანები, რომელთა წასვლამაც დიდი დარტყმა და ტკივილი მომაყენა. მიშა გომიაშვილის წასვლა სულ სხვა ტკივილი იყო ჩემთვის. არის მოუშუშებელი იარები რასაც ვერასოდეს ვერ მოინელებ. მიშა ძალიან ახლობელი ადამიანი იყო ჩემთვის. ჩვენ დღე და ღამე ერთად ვიყავით.

 

ბატონი შალვა და ბატონი თემური, ეს ორი გენიალური ადამიანი, ისეთები იყვნენ რომ არავისთან არ მომდომებია მუშაობა. ესენი იყვნენ ჩემთვის ყველაფერი. შემთხვევით რომ გამანაწილებდნენ სხვასთან სულ მეგონა რომ იქ ვერაფერს გავაკეთებდი და ვცდილობდი სხვასთან არ მოვხვედრილიყავი. რჩევებს რათქმაუნდა მაძლევდნენ, ხანდახან ვუჯერებდით კიდეც. ერთხელ მთვრალი უნდა მეთამაშა და მუმუშამ მითხრა ერთი საინტერესო რამ, რომ მთვრალის თამაში ყველას შეუძლია და ყველას ეადვილებაო. საინტერესო ის არის როცა მაგარ მთვრალს თამაშობ და თავს იკავებ ვითომ ფხიზელი ხარო, ეგ უფრო საინტერესო არის სათამაშოდო. იმდენად ჭეშმარიტი სიტყვებია რომ სულ ეგ მაქვს თავში. ჩვევაში მაქვს თუ კი რამე კარგია ვისრუტავ სწორ რჩევას სწორ შენიშვნას.

 

ფანტასტიური მეხსიერება მაქვს ტექსტებს ადვილად ვიმახსოვრებ და თუ ის ტექსტი აღარ მჭირდება ადვილად ვშლი მეხსიერებიდან. ასეთი თვისება მაქვს. შემეძლო უაზრო რაღაცეები თავიდან გადამეყარა.

  • თქვენს ოჯახში მსახიობობა პრიორიტეტული პროფესიაა, ალბათ ეს ძალიან             კონფორტულია თქვენთვის და თუ აძლევთ ერთმანეთს პროფესიულ რჩევებს, როგორია ხოლმე თქვენი შეფასებები მათ როლებთან დაკავშირებით? თუ შეიძლება ამის შესახებაც ცოტა რამ გვიამბოთ?

 

  • ეს მოჩვენებითია რამდენად კონფორტულია. ჩემი მეუღლე მოზარდ მაყურებელთა თეატრში გავიცანი. გოგონა შეგვეძინა, რომელიც შემდეგ მსახიობი გახდა. მანამდე პირველი ქორწინებიდან ორი დიდი ვაჟი მყავს, მაგრამ მათ არც უფიქრიათ არტისტობა. ჩემს უფროს ბიჭს თითქოსდა უნდოდა, რაღაცეებს ეპარებოდა, მაგრამ გადაიფიქრა. აი, ჩემს ეკას კი ვერ გადავაფიქრებინეთ. თან მაინც და მაინც იმ წელს აყავდა შალვა გაწერელიას ჯგუფი როცა ეკა აბარებდა და ასე გადაწყდა ეგ ამბავიც.

  

რაც შეეხება რჩევებს თეატრს აქვს თავისი ადგილი, იქ მათთვის სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, მე რომ დავიწყო მათი ჭკუის სწავლება ან ჩემმა შვილმა და მეუღლემ დამიწყოს დარიგებები არ გამოვა, იმიტომ რომ აქ არის ადამიანური რაღაცეები, ეს მტკიცედ მაქვს ჩაბეჭდილი თავში და ვთვლი რომ მართალი ვარ ამაში. რეჟისორმა უნდა უთხრას შენიშვნა, მან უნდა მისცეს რჩევა, თუნდაც არასწორი და მე არ უნდა ვუთხრა. თუნდაც პარტნიორი იყოს, უთიერთობას გაფრთხილება უნდა. იმიტომ რომ ეს იმდენად მტკივნეული ხდება როგორც ჩანს ადამიანებისთვის, მივხვდი რომ ეგრეა. უამრავი რამ მეც არ მომწონებია, მაგრამ რეჟისორს უნდა დავემორჩილოდ, მისი გადასწყვეტია ყველაფერი.

  • რომ გაიხსენოთ მიშა გომიაშვილთან პირველი შეხვედრა, სად იყო ეს? და როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა?

 

  • ჩვენი პირველი შეხვედრა მოხდა მოზარდში სპექტაკლის ,,ბედნიერი ბილეთი“-ის შემდეგ. ეს გახლავთ  ირაკლი სამსონაძის პიესა  და იქ თამაშობდა მთავარ როლს ბესო მეგრელიშვილი, ისიც სამწუხაროდ გარდაიცვალა და მისი ბიძა იყო მიშა გომიაშვილი. მათ ასაკში დიდი განსხვავება არ იყო. მოვიდა მიშა ბესოს სანახავად უცნაური გარეგნობის, გრძელი თმები ჰქონდა, გამხდარი იყო, რომ გავიგე ბიძა იყო ძალიან გამიკვირდა. აღფრთოვანებული იყო ჩემი შესრულებული როლით, მაშინ ნარკომანის როლი ვითამაშე. ხუმრობით მითხრა ვენებს თუ არ მაჩვენებ, ვერ დავიჯერებ რომ რაიმეს ზემოქმედების ქვეშ არ ხარო. აი ასე მოხდა ჩვენი გაცნობა. მერე ერთ სატელევიზიო ფილმში აღმოვჩნდით ერთად, შემდეგ  ყავა და ლუდში და ასე დავმეგობრდით. მიშა ძალიან კარგი სამეგობრო ადამიანი იყო და გინდა თუ არ გინდა ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა. 5 წელი ყოველდღე გადაღებები გვქონდა, ძლივს ვასწრებდი ხოლმე თეატრში რეპეტიციებს და სპექტაკლის თამაშს.  იმ პერიოდში 24 საათი სულ ერთად ვიყავით. არცერთი არ ვართ ანგელოზი ხასიათის, მე ძალიან რთული ხასიათი მაქვს, მიშა პირიქით ძალიან თბილი და ძალიან დამყოლი ადამიანი იყო და ჩემზე გიჟდებოდა, სულ მამშვიდებდა, ყველაფერს კარგად გააკეთებო. მე რაღაცნაირად ფიცხი ვიყავი. ბევრი რამე გამოვიარეთ ერთად, უამრავი კარგიც და უამრავი ცუდიც მაგრამ...  ცხოვრებას მოაქვს თავისი დანაკლისები და ასე რომ ვერსად გავექცევით ამ ტკივილს...

 

  • რომელ ჟანრში უფრო კონფორტულად გრძნობთ თავს? რომელია თქვენი?

 

  • არ ვამბობ,  რომ უნივერსალური მსახიობი ვარ, მაგრამ კომედიაშიც მითამაშია. განსაკუთრებით ამ სატელევიზიო სერიალებში ყველას უნდა კომედიის გადაღება, მაგრამ მე  ტრაგიკომიკური უფრო ქვია იმ ჟანრს  რომელიც მიყვარს. მსახიობ კაცს ყველაფრის თამაში უნდა შეეძლოს. აი, ოთარ მეღვინეთუხუცესი ტრაგიკოსი იყო. კაცს აქვს ისეთი როლები როგორიც არის ოიდიპოსი, ანტიგონე, ლირი და ა.შ. ასეთი ნათამაშები როლების შემდეგ  უცებ ითამაშა ,,პროვინციულ ამბავში“ მსახიობის როლი, დაჩაგრული და შეუმდგარი მსახიობის როლი. თურმე კაცს იუმორი აქვს? მაგრამ რა იუმორი და აქამდე ეს არ იყო წარმოჩენილი.  თავის როლებში ტიროდა კიდეც, ატირებდა სხვებსაც, აცინებდა კიდეც. ეხლა მეფე ლირში როგორ უნდა გააცინო  მაყურებელი და ანტიგონეში იმხელა ტრაგედიები ხდება. მაგრამ ჩემთვის ,,პროვინციულ ამბავში“ შესრულებული როლი უფრო დასაფასებელი იყო. იმას არ ვამბობ რომ ,,ანტიგონე“-ში ცუდი იყო ვიდრე ,,პროვინვიულ ამბავში“,  მე საყურებლად უფრო ეს მირჩევნია, ეს უფრო ჩემთვის ცოცხალია. ეხლა, იგივე რაც ხდებოდა არტ-ხელოვნებაში. აი, ეს არის ჩემთვის მაინც მთავარი,  გასაგებია თქვენ ნახეთ დანგრეული დაშლილი სპექტაკლი, ჩვენ ეს დავდგით 1999 წელს. ესე იგი ისე ქონდა ეს სპექტაკლი აგებული რეჟისორს, ყველას უჩნდებოდა კითხვა: რეჟისორმა რა გააკეთა? არადა რეჟისორის გაკეთებული იყო თითოეული სიტყვა, თითოეული გამოხედვა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ არის სრული იმპროვიზაცია, ასეც იყო. იმპროვიზაციაც იყო, მაგრამ დასაფასებელი ჩემთვის ის იყო, რომ თვითონ სპექტაკლი თუ გახსოვთ, იწყება თითქოს  განვითარებები  ისეთი და  ბოლოს ისეთი ხდება  და  მთავრდება ისე, რომ ყველასთვის მოულოდნელი ფინალი აქვს...

 

  • თქვენი განსახიერებული როლებიდან თეატრში რომელია თქვენთვის განსაკუთრებული და რატომ?

 

  • უამარავი როლები მაქვს ნათამაშები, რომლებიც ცუდად ვითამაშე თქო ვერ ვიტყვი,  ვიტყვი იმას, რომ რაც ცუდად ვითამაშე ისინი აღარ მახსოვს. მთავარია მე როგორ ვგრძნობდი თავს სპექტაკლის დროს. ჩემთვის კრიტერიუმი არის ეს. კარგად ვითამაშე თუ ცუდად არ ვამბობ ამას. მე ვამბობ, რომ აი აქ კარგად ვიგრძენი თავი. იყო სპექტაკლები სადაც მე კარგად ვგრძნობდი თავს. ალბათ თითებზე ჩამოსათვლელია სადაც ვთვლი, რომ მე კმაყოფილი ვიყავი ჩემი შესრულებით. დანარჩენი რა ვითამაშე, როგორ ვითამაშე, არც მაინტერესებს და არც მახსოვს. მაგრამ არის 15- მდე როლი სადაც ვთვლი, რომ ღირესეული ადგილი მიკავია. დანარჩენი ეს უკვე მაყურებელმა და თეატრმცოდნეებმა განსაჯონ.

 

  • ART-ხელოვნების პირველ პერიოდს თუ გაიხსენებთ, როგორ მიდიოდა რეპეტიციები? და ელოდით თუ არა იმას რომ ამდენი ხანი 20 წელზე მეტი არ ჩამოვიდოდა სცენიდან?

 

  • ნამდვილად არ ველოდით. პიესის ავტორი იასმინა რიზა თავიდანვე ძალიან საეჭვო იყო. პიესა რომ წაიკითხა თემურმა, აღფრთოვანებული დარჩა. თუმცა ითქვა კიდეც, რომ უცნაური კაცის დაწერილი რომ იყო. სახელიც ისეთი ჰქონდა ქალთან რომ დააკავშირებ იასმინა - იასამანი. როცა ეს პიესა დაიწერა მაშინ კაცი იყო, შემდეგ გაიკეთა ოპერაცია და გახდა ქალი. პიესა დაწერილია სამ ერთმანეთზე შეყვარებულ მამაკაცზე, ჰომოსექსუალებზე. თავიდან მიშამ და ზურამ ეს რომ გაიგეს, უცებ აიჭრნენ მაგრამ შემდეგ როგორც ვიცით არტში ჩვეულებრივად სამი ქართველი ძმაკაცია: ივანე, მამია და სერგო. აქ არანაირი შეხება ჰომოსექსუალობასთან ნამდვილად არ არის. დავიწყეთ რეპეტიციები. თემურმა კი თქვა: ამ პიესაში ისეთი ბომბია ჩადებული რომ მერე ვნახავთ გავარდება თუ არაო. ძალიან მალე დავდგით, სამ თვეში. შედეგი კი ის იყო რომ 22 წელი ვთამაშობდით. ბოლოს თქვა თემურმა მორჩა ამის ამბავიო და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა კიდეც და მერე მიშაც...

 

  • რაიმე კურიოზსს ხომ არ გაიხსენებდით სპექტაკლის დროს?

 

  • კი,  ძალიან ბევრი ოღონდ არც მახსოვს დეტალებში, არ მიყვარს გახსენებები. ჩვენ რომ რეპეტიციები დავიწყეთ დენის პრობლემები გვქონდა თეატრში, შუქი ხშირად ქვრებოდა და ვიყავით სრულ სიბნელეში. თეატრის თანამშრომელ კაკოს, რომელიც დღეს აღარ არის ცოცხალი შემოქონდა კაბელით სინათლე და იქვე ამაგრებდა. გვიკვირდა მთელ თბილისში შუქი არ იყო და ამას საიდან გამოყავდა. იყო ისეთი კურიოზებიც, რომლებსაც მარტო ჩვენ ვხვდებოდით და მაყურებელი ვერც ამჩნევდა. არტში ზურას მონოლოგში ბოლოს უნდა ითქვას - თოვს და ზურამ თოვლის მაგივრად თქვა - წვიმს. ეს ისეთი მოულოდნელი იყო რომ კულისებიდან თანამშომელმა თავი შემოყო სცენაზე და დაუძახა თოვს, ზურა თოვსო. ზურამაც ჰო, ჰო გავიგე თოვსო (იცინის). იყო ტექსტის დავიწყებებიც ერთმანეთს ვკარნახობდით ხოლმე.

  • არსებობს ისეთი როლი, რომელზეც გული გწყდებათ რომ არ მოგეცათ ამ როლის შესრულების საშუალება?

 

  • ეგეთი როლები არ მაქვს. ბევრ მსახიობს ინსტიტუტში ჩაბარებამდე აქვთ საოცნებო როლები, თუნდაც ჰამლეტის ან რომეოსი... ასეთი რამე მე არ მიოცნებია. მე ვცდილობდი რა როლსაც მომცემდენენ ის მეთამაშა კარგად. ისე რომ როლები საოცნებოდ არ მქონია.

  • არსებობს როლები რომელსაც არასდროს დათანხმდებოდით?

 

  • ალაბათ არსებობს, მაგრამ არ ვიცი ჯერ - ჯერობით არ შემოუთავაზებიათ ისეთი, რომ მტკიცე უარი მეთქვა. ქალიც მითამაშია, მე ამაში ვერ ვხედავ რაიმე ისეთ ტრაგედიას, ეტყობა რაიმე არსშია საქმე, რა ტვინი გიდევს თავში და რას გთავაზობენ. არის რაღაც რასაც არანაირად არ ითამაშებ. არ აქვს მნიშვნელობა იქ გმირი დადებითია თუ უარყოფითი. ახლახანს ფილმში მქონდა გადაღებები, სადაც საშინელ ადამიანს ვთამაშობდი, მაგრამ ეს პირიქით, ძალიან მომეწონა სამუშაოდ.  თუ რამე არ მომწონებია ძალიან წყნარად მითქვამს უარი.

  • თქვენი მთავარი მუხტი რა არის?

 

  • არ ვიცი, ალბათ შიგნით რაც ტრიალებს ჩემში. იმიტომ რომ საკმაოდ ფიცხი ადამიანი ვარ. საკმარისზე მეტი ტემპერამენტი მაქვს. ძალიან ახლოს მიმაქვს გულთან ცუდიც და კარგიც. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რომ გაიარა წლებმა მივხვდი ჩემი მუხტიც, ჩემი საძიებელიც, მთელი ჩემი ცხოვრება მაინც არის თეატრი. მაგრამ ჩემი ცხოვრება არ იყო ამისათვის მზად და მერე და მერე მივხვდი რომ ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვყოფილიყავი. ამ მხრივ გამიმართლა, დაჩაგრული მსახიობი არ ვარ. როცა სპექტაკლის დღე ახლოვდება მე უკვე ვიწყებ ამაზე ფიქრს, მერე წესად მაქვს როცა მანქანით მოვდივარ თეატრიდან ცოტა მოშორებით დავაყენო და ცოტა ხანი ვიარო ფეხით, ამით რაღაც მუხტს ვიღებ. ეს რაღაცნაირად ისე არის მოწყობილი რომ მე თვითონ ვერ ვხვდები, ზუსტად ვერ ვამბობ, შემოვდივარ თეატრში ცოტა ადრე ჩავიცვა-დავიხურო  და მოვემზადო იმისათვის რაც უნდა გავაკეთო სცენაზე. სპექტაკლი რომ მთავრდება ამოვისუნთქავ ხოლმე. აი, მანამდე რაც ჩემში ხდება ამას რა ქვია ვერ გეტყვი, არ ვიცი.

 

  • ხელოვანებიდან არსებობს ისეთი, ვისმა შემოქმედებამაც იმოქმედა თქვენზე და გავლენა მოახდინა?

 

  • ამ კითხვაზე ბევრჯერ დავფიქრებულვარ და მარტივი გამოსავალი ვნახე იმით, რომ ცოცხლებზე არ მინდა ლაპარაკი, ბევრი კარგი მსახიობია დღეს, მათ შორის ჩემი მეგობრები და კოლეგები. მაგრამ არ მინდა, რომ ვინმეს რამე  ეწყინოს, ამიტომ ამოვირჩიე ორი გენიალური მსახიობი, რომლებზეც მართლა ვფიქრობ, რომ გენიოსები არიან. კაცებში ეს არის სერგო ზაქარიაძე და ქალებში სესილია თაყაიშვილი.

  • რომელი ქვეყნის კინოხელოვნებაა თქვენთან ყველაზე ახლოს?

 

  • ასე დაყოფილი არ მაქვს, კარგი ფილმი არის კარგი ფილმი. გინდა ამერიკული იყოს და გინდაც სხვა ქვეყნის. ასევე ძალიან კარგი ქართული ფილმები, ნუ გამლახავთ და რუსული ფილმები გენიალური ფილმებია. აი ფრანგებზე მაინც და მაინც არ ვარ დიდი შთაბეჭდილების, რამოდენიმე არის კი, მაგრამ მაინც... ეს ჩემი გემოვნებაა. გერმანულ ფილმზე ხომ საერთოდ ვერ ვილაპარაკებ, საერთოდ ისეთი ენაა სერიოზულად როგორ უნდა ითამაშონ არ მესმის, ელემენტარულად ვერ მოეფერები ადამიანს სიტყვით, ისეთი ენაა რომ რა ვიცი... მოკლედ მთავარია ფილმი იყოს კარგი.

 

  • თეატრი, კინო თუ სერიალები რა განსხვავებაა მათ შორის პროფესიული თვალსაზრისით? და რომელს მიანიჭებდით პრიორიტეტს შემოქმედებითი ზრდის გათვალისწინებით?

 

  • მე პირველ რიგში თეატრს ვაყენებ, იმიტომ რომ ცოცხალი ორგანიზმია, არ აქვს მნიშვნელობა მერამდენჯერ თამაშობ. მაგალითად არტს 20 წელზე მეტი ვთამაშობდით ხომ? მაგრამ სცენაზე რომ შემოვდივარ ჩემთვის ის არის პირველი, იმიტომ რომ მთელი ის პროცესი თავიდან მაქვს გასავლელი. კარგ ფილმში იშვიათად მითამაშია, ისედაც ცოტა ფილმში ვარ გადაღებული. ეხლა დამიწყეს ფილმებში აყვანა, მანამდე ფილმებში მაინცა და მაინც  ვერ ვხიბლავდი ვერავის თუ რა იყო არ ვიცი. მაგრამ ეხლა ზედიზედ ორ ფილმში მთავარი როლი მომცეს და ვნახოთ რა გამოვა.  სერიალი არის სერიალი, ამაზე სერიოზულად ლაპარაკი არ ვიცი. მივდივარ და არ ვიცი რა სცენა  უნდა გადავიღოთ დღეს, აი როგორ შეიძლება ეს იყოს სრულყოფილი სერიალი, არაფრით არ გამოვა, იმის გამო რომ ვიღაცას არ სცალია, ვიღაცამ დააგვიანა, რაღაცნაირად ვალდებულებას იხდი, მაგრამ არის რომ გამოდის კარგი სერიალები. ეს უკვე ყველაფერზეა დამოკიდებული მსახიობებზე, რეჟისორზე. მსახიობისთვის სერიალის გადაღების დროს არავის არ სცალია იქ არის ჯგუფი რომელიც განათებაზე უფრო მეტს ფიქრობს ვიდრე მსახიობზე, მსახიობმა თავის თავს უნდა მიხედოს. რჩები  მარტო შენ და შენი ტექსტი და რაც გინდა ის ქენი, ხანდახან გამოდის კარგი სერიალი. მაგრამ არის სერიები სადაც მსახიობები კარგად მუშაობენ გამორჩეული სერიებია. გინდა ავიღოთ ,,ცხელი ძაღლი“ , ,,ყავა და ლუდი“ ან ,,ჩემი ცოლის დაქალები“ არის სერიები სადაც რაღაც საინტერესო ხდება. 100 სერიიდან შეიძლება გამორჩეული 1-2 იყოს.

 

  • ,,ყავა და ლუდი“ სერიალი რომელიც ძალიან უყვარს მაყურებელს, როგორ მოხვდით ამ სერიალში?

 

  • მე მყავს მეგობარი რეჟისორი ზაზა ბუაძე, უკვე რამოდენიმე წელია უკრაინაში ცხოვრობს და დღეს უკრაინაში იბრძვის. ზაზამ ნახა ერთ-ერთი სპექტაკლი, აღარ მახსოვს რომელი ,,აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“ თუ ,,ბედნიერი ბილეთი“ და აქედან მოინდომა ჩემი აყვანა, ძალიან მოეწონა ჩემთან მუშაობაც და ურთიერთობაც. მაშინ იყო ასეთი სერიალი ,,ძილის წინ“. იქ მიღებდნენ და ზაზამაც ამ დროს დამიბარა ჩემთან მინდა მთავარ როლზე იყოო. ვაპირებ ,,ყავა და ლუდი“-ს გადაღებასო, იქიდან დავთანხმდი, მაგრამ იყო წინააღმდეგობა იმიტომ რომ უკვე ,,ძილის წინ“-ში მიღებდნენ, არჩევანი ,,ყავა და ლუდზე“ გავაკეთე, ერთად ვერ მოვახერხებდი ორივეს. იქიდან მოყოლებული მთელი 5 წელი ვიღებდით შემდეგ ამ სერიალს.

 

  • რომ არა მსახიობი, რომელ პროფესიაში შეგიძლიათ თქვენი თავი წარმოიდგინოთ?

 

  • ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი  ექიმი რომ ვყოფილიყავი. იმიტომ რომ მგონია, ყველაზე ძვირფასი პროფესია ექიმობაა, შეხება გაქვს ადამიანებთან, ასე რომ ვთქვათ მათ გადარჩენასთან, ჩვენ სულიერი აღმზრდელები ვართ მაყურებლის და ექიმი ფიზიკურად გშველის.

 

  • თუ არის ისეთი რეჟისორი რომელთანაც სიამოვნებით იმუშავებდით ამის საშუალება რომ გქონდეთ?

 

  • ასეთები იყვნენ და აღარ არიან... ჩხეიძე და გაწერელია. უცხოელი რეჟისორები არ ვიცი, თუმცა თუ კარგი სამუშაო იქნება უარს არ ვიტყვი. თუ შევატყობ, რომ რაღაც არ მომწონს  ეგრევე უარს ვიტყვი. ამ მხრივ თავისუფალი ვარ, რაც არ მომწონს იმას ვერ მაიძულებ რომ გავაკეთო.

 

  • ცხოვრებაში გულისწყვეტას გრძნობთ? ფიქრობთ რომ რაღაც გამოგეპარათ ან შესაძლებლობა გქონდათ და არ გამოიყენეთ?

 

  • რა თქმა უნდა უამრავი შანსი მაქვს გაშვებული ხელიდან. თუმცა ძალიან ბევრი არა. იმიტომ რომ როცა გადავხედე ჩემს განვლილ წლებს, ის რაც კარგად გავაკეთე გული არაფერზე მწყდება და რაც ცუდად გავაკეთე ის აღარ მახსოვს. ეხლა ისეთი პერიოდი დამიდგა თავი მინდა ვიგრძნო ისე რომ ვიღაცას კიდევ ვჭირდები. ამის იმედი მაქვს და დავჭირდები კიდეც.

  • რა თვისებები უნდა ჰქონდეს ახალგაზრდას რომელიც მსახიობობას აპირებს?

 

  • თვისებები არ იცვლება, არის საერთო წესი და რიგი და საერთოდ დაუწერელი კანონები. ბევრმა ნიჭიერმა დაამთავრა ჩვენი ინსტიტუტი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ამ დროს არაფერი გამოუვიდა და რომელიც არ ჩანდა ის უფრო გამოჩნდა ასპარეზზე. მე ამას ბედს, ან უიღბლობას დავარქმევდი. ჩემს მაგალითზე რომ ვთქვათ თუნდაც 1 წლით მე და თემურ ჩხეიძე ერთმანეთს რომ ავცდენილიყავით, მე არ ვიცი ვინ ვიქნებოდი, საერთოდ ვიქნებოდი თუ არა არტისტი. ანუ მსახიობის ბედზეა დამოკიდებული რომელ რეჟისორს შეხვდება ვინ აირჩევს მას. ამას მე ბედს მივაწერდი. ასე რომ ცხოვრება თვითონ ალაგებს ამ ყველაფერს.

  • მინდა გკითხოთ, რას იტყვით დღევანდელ მაყურებელზე? თქვენთვის თუ აქვს მნიშვნელობა იმას თუ რამდენად გემოვნებიანი მაყურებელი ზის დარბაზში?

 

  • რათქმაუნდა დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ვთვლი რომ ქართველი მაყურებელი კარგად აღიქვამს სპექტაკლს. ტაშს  კი დაგიკრავენ, მაგრამ აუცილებლად დააფიქსირებენ მოეწონები თუ არა. თეატრს ნამდვილად ყავს გემოვნებიანი მაყურებელი, სპექტაკლზე ანშლაგებია. მაგრამ მინდა ავღნიშნო ქუთაისის მაყურებელი. ჩვენ ქუთაისში არტი ვითამაშეთ და დარბაზმა ვერ დაიტია მაყურებელი. ორი იმდენი გარეთ იყო დარჩენილი და გვთხოვდნენ მეორედ გვეთამაშა სპექტაკლი. ზაფხული იყო, სველები ვიყავით. იქვე ცეცხლი დაანთეს, ტანსაცმელი გავაშრეთ, ცოტა დავისვენეთ, წყალი დავლიეთ და მეორედ ვითამაშეთ იმ დღეს. ნამდვილად გემოვნებიანი მაყურებელი ყავს ქუთაისს, თან რომ ყველაფერს ხვდება ისეთი.

 

ასევე გულდაწყვეტით შემიძლია ვთქვა მაყურებლის იმ კატეგორიაზე, რომელთა საქციელიც სპექტაკლის დროს ყოვლად მიუღებელი და განსაცვიფრებელია. სამწუხაროდ გვყავს ასეთი მაყურებელიც. არის გადაძახილები დარბაზში და ბადებენ კითხვას, რისთვის მოვიდნენ, რატომ შემოვიდნენ, საერთოდ არ აინტერესებთ სპექტაკლი, მსახიობებს ხელს უშლიან სცენაზე. ისინი ცალკე არიან, ჩვენ ცალკე. ამ დროს მაყურებელი და სპექტაკლი ერთი მთლიანობაა. ნუ რას  ვიზავთ, ასეთებიც მინახავს.

  • და ბოლოს ცხოვრებაში რაიმე დევიზი თუ გაქვთ?

 

  • არაფერი ისეთი, ერთადერთი ვცდილობ 10 მცნება არ დავარღვიო. ჩემთვის მთავარი ეგ არის. ყოველ შემთხვევაში მცდელობა მაქვს ამის.

bottom of page