De Profundus Clamari

თამარ ცაგარელი

De Profundus Clamari 


სპექტაკლი, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე გადის, სადაც, ამიერი თუ იმიერი, თუნდაც წარმოსახვითი დრო და საუკუნე თუ რეალობა, რომელსაც,  დროდადრო, თხელი თალხი ფარდა მიჯნავს მაყურებელს, იმ დროის დიქტატით  მართულ სამყაროსგან, სადაც ლენი (მსახიობი: ნუცა სულაბერიძე), იოჰანა (მსახიობი: ნატალია ყულოშვილი), ვერნერი (მსახიობი:გიორგი ჯიქია), მამა (მსახიობი:სლავა ნათენაძე) და ფრანცი (მსახიობი: გიორგი ზანგური) ”იბრძვიან” საკუთარი არჩევანისთვის, ”იბრძვიან,” იმის შიშით, რომ სხვები მას ”გაანადგურენენ.” სპექტაკლის მთავარ ღირსებას ძლიერი პერსონაჟების შექმნა წარმოადგენს. ძლიერი ეს არც ღონეს უკავშირდება და არც  ნებისყოფას, ამ სიტყვით ვიგულისხმე მათი შინაგანი ხასიათის გამოვლენის სიძლიერე, უფრო მარტივად რომ ვთქვათ არც ერთი უბრალო, მარტივ სახეს, “ხატს” თუ ”ხატის ხატს” არ ქმნის…ყველა საკუთარი პერსონაჟის ხასიათის შტრიხებს სწორედ იმ მოვლენასა და ისეთ დროს, იმდენად განსხვავებულად ”ძერწავენ” ფსიქო/ემოციური თვალსაზრისით, რომ ქმნიან ინდივიდუალურ ”ნიღაბს”, რომელიც მკაცრად პიროვნული და სუბიექტურია, არ ემორჩილება ობიექტურ საზოგადოებას, რაც საუკეთესო საშუალებაა გაუცხოების მისაღწევად. დაუმორჩილებლობის ამგვარი შტრიხების გამოვლენით  მოულოდნელობასა და წინააღმდეგობრიობას ვაწყდებით. ეს ყველაფერი კი, წარმოდგენას განსაკუთრებულ ხიბლს აძლევს, რაც ემოციურად გძაბავს და ხშირად  აღმოჩენებს გაკეთებინებს, აფასებ და განსჯი მათ ქმედებას, ისე, თითქოს მაყურებელი კი არა, ნაფიცი მსაჯული იყო, რომელსაც, შესაძლოა, ისევე გაგეცინოს ბიბლიაზე დაფიცების დროს, როგორც ლენის. რეჟისორმა კი, თავის მხრივ, მოვლენების განვითარებისას სწორად დასმული აქცენტებით, სცენოგრაფიითა თუ მუსიკალური გაფორმებით ფსიქო-ინტელექტუალური სპექტაკლი ”გამოძერწა,” სადაც რეალური არარეალურ მდგომარეობას განიცდის, თავად სცენაზე გამეფებული დეკორაციაც (მხატვარი თეო კუხიანიძე) და მუსიკაც (მუსიკალური გამფორმებელი მსახიობი გიორგი ჯიქია), სადაც  კლასიკურ მელოდიას ჯაზი, ხოლო ჯაზს ნაციონალური ჰანგები ენაცვლება, რომელიც განწყობის შემქმნელი ”პერსონაჟია,” გვავიწყებს ირგვლივ ყოველივე არსებულს და ჩვენი ცნობიერების ფსკერზე  რჩება მხოლოდ ერთადერთი, დრო. დრო, რომელიც ჩვენი გონების საზღვრებს მიჯნავს,  დრო, რომელიც მხოლოდ მიედინება და გვევლინება როგორც ნამყო-აწმყოობადი მომავალი, რომლის ნაკვალევზე იკვეთება შთაბეჭდილებები, ტკივილიანი შთაბეჭდილებები. ამდენად, სწორედ მათ ფონზე წარმოჩინდება თეიზმისა თუ ათეიზმის, ადამიანური ურთიერთობების, სიყვარულისა და სიძულვილის კომპლექსური საკითხები.... სპექტაკლით, (პრემიერა შედგა 2018 წლის 19 აპრილს თავისუფალ თეატში) რომლის ყურებისას ხვდები, რომ რეჟისორი ვანო ხუციშვილი ჟან-პოლ სარტრის "ალტონელი განდეგილებით" თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვან პრობლემას აგნებს, ადამიანებზე დაკვირვების შედეგად, მათი ფსიქოლოგიური პორტრეტის ”შემქმნელია”... წარმოდგენა, რომელიც მაყურებელში ბადებს სურვილს, გააცნობიეროს სამყარო, სადაც ყველა ადამიანი ერთმანეთის ახლობელია, უფრო მეტიც, მამა, და, ძმა ან თუნდაც ცოლია და მიუხედავად ამისა, თითოეული ცალ-ცალკე ეძებს იმ ”კუნძულს,” სადაც, ყოველთვის სითბო და სიმყუდროვე იქნება, სადაც ისეთს მიიღებენ, როგორებიც არიან და, თუ არ მიიღებენ, საკუთარი სამყაროს შექმნაში მაინც არ შეუშლიან ხელს, განდეგილის ”მანტიას წამოისხამენ” და მათ მიერ შექმნილ ”რეალობაში” იცხოვრებენ,  წარმოდგენით  კიდევ ერთხელ დაიბადა ის მარადიული კითხვები, რომელზედაც არა ერთხელ ჩავფიქრებულვართ და შესაძლოა პასუხიც კი ვერ გაგვიცია, თუ ””რა არის ადამიანობა?”, ”რა არის შვილის, მშობლის, და/ძმის ან თუნდაც ქალისა თუ ცოლის სიყვარული?”, ”საჭიროა კი, ტყუილი  თვითგადარჩენისათვის?”, ”როგორ უნდა მოიქცე როცა თქვენი არ ესმით, ან არ უყვარხართ?”, ”ყოველთვის უნდა ვთქვათ სიმართლე?” და მრავალი სხვა კითხვა, რომელსაც ვუსვამთ საკუთარ თავს და ვცდილობთ ვიპოვოთ გამოსავალი არსებული პრობლემიდან. უბრალოდ, ვაკვირდებით ადამიანებს..... საზოგადოების თითოეულ წევრს, ვსწავლობთ მათ ფსიქოლოგიას და ვხვდებით, რომ  დროა, ალბათ, ახლა ასეთი... პატივმოყვარე, ნაჩქარევი, პრაგმატული, ძალიან მატერიალური. რომელიც გიჩენს სურვილს იპოვო არა მხოლოდ ”შენი კუნძული,” არამედ, დრო, თუნდაც შორეულ მომავალში და ეს ”კუნძული” და დრო სცენაზე, სიკვდილ/სიცოცხლის ”კუნძულია”: საქანელა-სავარძელითა (რომელიც, სიმბოლურ-მეტაფორულად, ოდითგანვე მიჩნეული  იყო სახლში ბოროტი სულების მოსახმობად) თუ შავ ჯვარ დასმული თეთრ  ნაჭრიანი სამუდამო განსასვენებლი სასახლით, ქოთანში კიპარისის (ჩემეული აღქმით) მცენარითა და სხივჩამქრალი თეთრი განათებით, რომელიც რეჟისორისა და სცენოგრაფის, თეო კუხიანიძის მიერ ჩვენთვის მოწოდებულია იმ მეტაფორად, რომელსაც სიკვდილის, როგორც პირდაპირი ასევე გადატანითი მნიშვნელობით, სიმბოლურ ასპექტში გააზრებისთვის გვთავაზობენ, მაყურებელს ასოციაციურ შეგრძნებათა უწყვეტ წრებრუნვაში  აქცევენ და ცხოვრების კარდინალურ პრობლემებზე ჩააფიქრებენ. ვანო ხუციშვილი სრულიად მარტივი საშუალებებით ისე აგებს პერსონაჟთა ნიღბებს, მიზანსცენებს, ისე იყენებს მის ხელთ  არსებულ სულ რამდენიმე საგანს და ისეთ დატვირთვას აძლევს მათ, რომ იქმნება ტევადი, სახოვანი რეჟისორული მეტაფორა, რომელიც სულ სხვა, მოულოდნელი კუთხით წარმოაჩენს თითქოსდა ნაცნობ ამბავსა თუ ისტორიას (მკითხველმა კარგად იცის ნაწარმოები, ის ისტორია, რომელსაც ეს პიესა დაეფუძნა და ასევე, ჟან-პოლ სარტრის ”ალტონელი განდეგილების” მიხედვით ვიტორიო დე სიკას რეჟისორობით, 1962 წელს გადაღებული იტალიურ-ფრანგული  ფილმი “ალტონელი ტუსაღები”). თან ეს მეტაფორა, რეჟისორის მხრიდან, მოვლენის ერთგვარი შეფასებაცაა, მის მიმართ დამოკიდებულების გამოვლენაა. მსოფლიო ომებმა და რევოლუციებმა, სოციალურმა კატაკლიზმებმა, მნიშვნელოვანწილად შეცვალეს საზოგადოებრივი თვითშეგნება და ყველაფერმა ამან, რასაკვირველია, რეაქტიული ფსიქოზის კვალი დაამჩნია ადამიანებს და მათ ესთეტიკურ აღქმას. რეჟისორმა ”ალტონელ განდეგილებით” სრულებით გამოცვალა დამოკიდებულება რეალობასა და მხატვრულ ფორმათა შორის და შექმნა ”ახალი” მხატვრული სახეები, თავისი ირაციონალური ხასიათით, არტისტებმა წარმოაჩინეს ტრაგიზმის განცდის განსხვავებული, უფრო ზუსტად, ადამიანის არსებობის ტრაგიზმითა და უიმედობის განცდით გამოწვეული ”ნიღბები” და მათ მიერ გადმოცემული და თეატრის დარბაზში გადმოფრქვეული ემოცია, აღქმა ცხოვრებისადმი,  ადამიანის ფარულ, ჰალუცინაციურ, ”ავადმყოფურ” სამყაროდან მოდის, სადაც პერსონაჟები პირისპირ დგებიან ცხოვრების სისასტიკესთან, შიშთან, დანაშაულთან, სისხლთან, უხეშ ეროტიკასთან და გაშიშვლებულ ადამიანურ ინსტინქტებთან. 
”მისმინეთ, საუკუნეებო! ლაპარაკობს ჩემი საუკუნე – ეული, სახიჩარი და ბრალეული. ჩემმა კლიენტმა მუცელი გამოიფატრა. თქვენ რაც თეთრი ლიმფა გგონიათ, – სისხლია, რომელშიც წითელი ბურთულაკის ნატამალსაც ვეღარ იპოვით. ბრალდებული შიმშილით კვდება. მე აგიხსნით, რატომ აქვს ნაწლავები ასე დახვრეტილი. ჩვენს საუკუნეს ვერაფერს დაუწუნებდით, რომ კაცს ჩასაფრებული არ ჰყოლოდა ხორცისმიჭამელთა ჯილაგის მოსისხლე მტერი, რომელმაც მისი დაღუპვა დაიფიცა – უმოწყალო და ულმობელი მხეცი – ადამიანი.” - ვისმენთ ფრანცის (მსახიობი გიორგი ზანგური) ჩანაწერს, როგორც ”ნაფიცი მსაჯულები” და ვგრძნობთ, რომ მსახიობების მიერ გაცოცხლებული პერსონაჟები ჩვენს გვერდით, თანადროულად არსებობენ უგულებელყოფილ დროსა და სივრცეში. აცნობიერებ, რომ თითოეული მათგანისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, იმ დროსა და იმ მომენტში, ღმერთი მკვდარია. ღმერთის სიკვდილი კი ნიჰილიზმის ეპოქის დასაწყისია, რაც მიზეზია ყოველივე იმ უბედურებისა, რაც ნებისმიერ ეპოქასა თუ ცივილიზაციაში ხდებოდა, დღესაც მიმდინარეობს  და გაგრძელდება 3059 წლის  20 მაისაც, როცა ”სხდომაზე გამოდის ფრანც ფონ გერლახი, ლეიტენანტი” და რეალური ცხოვრებისგან გაბსხვავებით, მის ილუზიურ დროში ამაყად აცხადებს: ”რაც მინდოდა, ის ჩავიდინე და რაც ჩავიდინე, ის მინდოდა.” შენ ქმნი შენს ცხოვრებას – ამას ცნობილი ეგზისტენციალისტი, ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი ჟან-პოლ სარტრი ამბობდა. ანუ, არსებობა წინ უსწრებს არსებას, რადგან, როდესაც ჩნდები, ჯერ  ბიოლოგიური არსება ხარ, ხოლო ადამიანი რომ გახდე, ამას შენ ქმნი. მითუმეტეს, შენი პასუხისმგებლობაა, როგორი ადამიანი გახდები, რადგან არსებობა წინ უსწრებს არსს. ესე იგი, ადამიანი ჯერ არსებობს და შემდეგ განსაზღვრავს თავის თავს. ადამიანი თავისუფალია არჩევანში და, სარტრის სიტყვებით , ”განწირულია თავისუფლებისთვის”.