ალტონელი განდეგილები

ალტონელი განდეგილები


ნუცა კობაიძე


“მას სურს დაივიწყოს თავისი ბავშვობა და ნელ-ნელა ხდება ადამიანი, რომელიც იღვიძებს „ტკბილ-მწარე სიგიჟისგან“. აი აქ შესანიშნავად გაისარჯნენ „ალტონელი განდეგილები“. ჯერ ციდან მიწაზე ჩამომიყვანეს, ხოლო შემდეგ იგივე ზეცით მიმაჭედეს დედამიწას თავიანთი დიალოგებით. მათ ჩამათრიეს ფსკერზე, მიმაბეს რაღაც მავთულებს თავიანთი გაუგებარი ურთიერთობებით. თავისიანი უცხოსთან? უცხო თავისიანთან? ვინ ვისთან? ვინ ვის წინააღმდეგ? თუ ყველა ყველას წინააღმდეგ? თუ ყველა ერთის წინააღმდეგ? ან რა უნდათ ჩემგან?  ნახევრადბოდვითი აზრები, დათრგუნული, აკრძალული გრძნობები, ომისშემდგომი პოსტტრამვული სინდრომი, გაუთვლელი საქციელები, აკრძალული კავშირები: დები და ძმები, მამები და შვილები, მამების შეცდომები, რომელსაც შვილები იმეორებენ, ცრუ და ორსახოვანი მორალი, ვერგააზრება და ვერშეფასება, როგორც წინაპირობა დაღუპვისა.“ 
კნიგოკ  ოლიკი

 


ხელი მოკიდო ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსის ჟან-პოლ სარტრის პიესას „ალტონელი განდეგილები“, ნამდვილად თამამი ნაბიჯია და ჩემთვის სასიხარულო. რეჟისორმა ვანო ხუციშვილმა მძიმე თემა წამოჭრა თავისუფალი თეატრის სცენაზე და თავის კოლექტივთან ერთად ძალიან საინტერესო სპექტაკლი შემოგვთავაზა.


მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის დამძიმებული ჰაერით გაჟღენთილი სცენა სულისშემძვრელია. დამახინჯებული ფსიქიკის მქონე ადამიანების ურთიერთობა ნათლად გვაჩვენებს იმ პერიოდის კატასტროფას. შავი, გამჭვირვალე ფარდით შემოსილი ავანსცენის სიღრმეში ჩანს გრძელი მაგიდა, ქოთნის მცენარე, რამდენიმე სკამი და დასარწევი სავარძელი. შავ-თეთრი ფერები დომინირებს როგორც დეკორაციაში, ასევე კოსტიუმებში. ერთი შეხედვით იგრძნობა ნიჭიერი მხატვრის, თეო კუხიანიძის ორიგინალური ხელწერა.


პიესის ათი პერსონაჟიდან რეჟისორმა ხუთი მთავარი გმირი დატოვა: ლენი (ნუცა სულაბერიძე), იოჰანა (ნატალია ყულოშვილი), მამა (სლავა ნათენაძე), ფრანცი (გიორგი ზანგური), ვერნერი (გიორგი ჯიქია) - ოჯახის წევრები, რომლებიც კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევიან. მალავენ მძიმე საიდუმლოს, მკვდრად გასაღებულ ფრანცსს, რომელიც ცამეტი წელია შეკეტილია ოთახში და თავისი დის, ლენის გარდა არავის ნახულობს.


სპექტაკლი იწყება ბიბლიაზე ფიცის დადებით, რასაც მომაკვდავი მამა აიძულებს შვილებს,ამის შემდეგ კი გააცნობს თავის ანდერძს. ღმერთის აღარავის სწამს, თუმცა ინარჩუნებენ წეს-ჩვეულებას და ფიცს დებენ. მემკვიდრეობა ითვალისწინებს შემდეგს: „მემკვიდრეობა არ იყოფა, გეკრძალებათ თქვენი წილის გაყიდვა ან გასხვისება. გეკრძალებათ ამ სახლის გაქირავება და მიტოვება, სიკვდილამდე ამ სახლში იცხოვრებთ. შემომფიცეთ!“ - კარგად ჩანს მამის ზრუნვა უფროს ვაჟზე, „გარდაცვლილ“ ფრანცს ხომ სჭირდება პატრონობა, ამის გამო მსხვერპლად წირავს, როგორც თავის თავს, ასევე დანარჩენებს. ქალიშვილი (ლენი) ფიცს ირონიულად დებს, ხოლო მის ძმას (ვერნერი) გამბედაობა არ ჰყოფნის წავიდეს მამის წინააღმდეგ, ის დამჯერი და უსუსური არსებაა, რომელსაც მუდმივად ესარჩლება მეუღლე (იოჰანა). ამ ეპიზოდში უკვე ჩანს ქალების უპირატესობა, მათი ძალა და სქესთა შორის დისბალანსი.


ნუცა სულაბერიძე ხასიათის სიმტკიცითა და ცინიზმით ოსტატურად ასახიერებს ლენის პერსონაჟს. ვიზუალური მხარე იმდენად ბუნებრივად აქვს მორგებული, რომ არ იგრძნობა ხელოვნურობა თამაშის დროს. ეს პერსონაჟი ჩემთვის მთავარი გმირია, როგორც პიესაში ასევე სპექტაკლში. ვანო ხუციშვილმა ხაზი გაუსვა ქალების ძალას და მთელი სიზუსტით შეარჩია ლენისა და იოჰანას როლების შემსრულებლები.


ნატალია ყულოშვილი დიდი მომხიბვლელობითა და ელეგანტურობით ასრულებს იოჰანას როლს. მისი პერსონაჟი ყოფილი მსახიობია, რაც კარგად აქვს დაჭერილი არტისტს. ის, თავისი პერსონაჟის შეუმდგარი სამსახიობო კარიერის გამო,  ასპარეზად აქცევს ოჯახს და  კაბებით, ვარცხნილობით, მაკიაჟით, პლასტიკით თუ საუბრის მანერით თავის ამპლუაშია. მას სურს ქმარი დაიხსნას ოჯახისგან და არ ერიდება თვით მამამთილთანაც კი პოლემიკაში შესვლას.
ნატალია და ნუცა სპექტაკლის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. მათი სცენიურობა და თამაშის შესრულება ფარავს მამრობით სქესს, პიესაშიც ხომ ასეა. ორივემ შექმნა განსხვავებული ქალების სახება, რომლებსაც თავისებურად უყვართ, თავისებურად ზრუნავენ, თავისებურად სასტიკად უსწორდებიან თუ სძულთ ადამიანები.
სლავა ნათენაძე (მამა), გიორგი ზანგური (ფრანცი), გიორგი ჯიქია (ვერნერი) - სამივე მათგანს კარგად აქვს გადანაწილებული ფუნქციები. თითოეული პერსონაჟის ხასიათი ჩანს, თუმცა არცერთისგან არ მოდის ის ემოცია და თავდაჯერებულობა, რაც შემსრულებელ ქალებს აქვთ სცენაზე. თუმცა მაინც გამოვყოფდი გიორგი ზანგურს, რომელიც თავისი მეტყველებით და მიმიკით კარგად ასრულებს ომისშემდგომი პოსტტრამვული სინდრომით დაინვალიდებულ კაცს. ეფექტურია მიზანსცენა, სადაც ის სამხედრო მუნდირში გახვეულ თოჯინებს ესაუბრება. ეს თოჯინები დუსელდოფელი ბავშვები არიან, რომლებიც დახოცეს, პერსონაჟი კი მხოლოდ მათთან გრძნობ თავს კომფორტულად.


ტირანი მამა, რომელიც ამავდროულად მთელი სიფაქიზით ზრუნავს უფროს ვაჟზე - რთულია მიაგნო ამ პერსონაჟის გასაღებს. სლავა ნათენაძე ნიჭიერი მსახიობია, მინახავს მისი არაერთი არაჩვეულებრივად სესრულებული როლი, და ვთვლი რომ ეს გმირი მათ გვერდით მოიკოჭლებს, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ცუდია. მას გაღმერთებული ჰყავს შვილი, რომელიც „მოკლა“. ქოთნის მცენარეს უვლის ისე,თითქოს ფრანცი იყოს, მიწიდან იღებს, ცხვირსახოცით ფესვებს უწმენდს და უკან რგავს. ცდილობს შვილის გაკეთილშობილებას და იმ ზიანისგან გათავისუფლებას რაც მიაყენა.


ლენის შემოაქვს გადაჭრილი ბოცები, რაშიც ასხია ყვითელი სითხე - ფორმალინი,  რომელსაც ორგანოების გახრწნისგან დასაცავად იყენებენ. და-ძმა მამას ფეხებს აწყობინებს ამ სითხეში - ის უკვე „გვამია“. ასევე სიმბოლურია ფეხების განბანვის სცენა, რომელიც ეკლესიაში ტარდება საიდუმლო სერობის მოხსენიების დროს. ფერხთბანვა ღრმა მნიშვნელობის მქონე სიმბოლური ჟესტია, რომელსაც რეჟისორი ზუსტად იყენებს მიზანსცენაში.


ვერნერი პაიკია. მას ათამაშებს როგორც მამა, ასევე ცოლი. მისი აზრი არავის აინტერესებს, გადაწყვეტილებასაც სხვები იღებენ მის ნაცვლად, მუდმივად დის დაცინვის ქვეშ იმყოფება. გიორგი ჯიქია, თავისი თამაშის უბრალოებით, თითქოს არც ჩანს სცენაზე. ვერნერის, როგორც პერსონაჟის და ასევე შემსრულებლის არსებობა შეუმჩნეველია. მისი გმირი თან გამწარებულია ძმაზე, ვინაიდან მის ჩრდილ ქვეშ მოექცა მთელი ცხოვრება, თან მისდაუნებურად აღმერთებს მას. ვერნერი მეუღლეს თხოვს, რომ სარეცელი გაუყოს მაზლს და ამით დაარღვიოს ძმასთან ცამეტწლიანი განშორება - „ასე ძალაუნებურად შეგვახვედრებ ერთმანეთს“.


მამის საკუთრებაში მყოფ მიწაზე გერმანელებს საკონცენტრაციო ბანაკი აქვთ აშენებული, რაც დიდი შემოსავლის წყაროა ოჯახისთვის. ამ ისტორიის მოყოლისას ლენი კულისებში შხაპს იღებს და შედის გამოკეტილი ძმის ოთახში. სიბნელეში, დაძინებულ ფრანცს სახეზე ნაჭერს აფარებს, საცვლებს იხდის და მაყურებლისკენ სახით, ისე რომ ძმას არ ხედავდეს სექსუალური აქტით კავდება. ინცესტის ეს სცენა ჯვარცმასთან არის გაიგივებული - ჭაღზე ხელებით ჰორიზონტალურად დაკიდებული ქალი ირხევა ძმის სხეულზე - მრავლისმეტყველია ტანჯვა, რომელიც მის სახეზეა აღბეჭდილი. სექსის შემდეგ ეპილეფსიური შეტევიტ იკრუნჩხება ფრანცი, ხოლო და მაგიდაზე შარდავს - ეფექტურია ცოდვის შემდგომი შიშისგან გამოწვეული ეს მდგომარეობები.


ინცესტი არ არის მხოლოდ და-ძმას შორის. ნათლად ჩანს მამის ლტოლვაც ქალიშვილის მიმართ, როცა ის აფეტიშებს მის ნაზ თმებს, ძაღლივით მუხლებთან ისვამს ლენის და ეფერება თავზე დიდი ვნებით. ქალიშვილიც აღელვებული მამის დასამშვიდებლად ყოველ ჯერზე თმას იშლის და მორჩილად უხრის თავს.

მესამე მოქმედებაში, ფარდა დაშვებულ ავანსცენაზე, ცამეტწლიანი განშორების შემდეგ პირველად ხვდებიან ერთმანეთს ფრანცი და მამა. ემოციურია მათი შეხვედრა, მაყურებელი დაძაბული უყურებს ამ სცენას და განიცდის მათ მდგომარეობას. დის ტყვეობისგან გათავისუფლებული ძმა, მამასთან ერთად ემზადება სიკვდილთან შესახვედრად. ისინი ერთმანეთს ჰალსტუხებს უსწორებენ და ლენის მანქანით აღასრულებენ სიცოცხლეს, სწორედ იმ ქალის მანქანით, რომელმაც მისდაუნებურად ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ისინი. ლენი ამ ყველაფერს ხვდება და მშვიდად ატყობინებს რძალს, რომ ოთახი მოამზადოს პანაშვიდისთვის.


სულისშემძვრელია ფინალური სცენა, თეთრი ყვავილების გვირგვინებით სავსე ოთახი ელოდება ორ მიცვალებულს. ახლა ლენის ჯერია, ის გასაღებს გადაულოცავს  იოჰანას, თვითონ კი ადის და იკეტება გარდაცვლილი ძმის ოთახში - „იქ, ზევით, ოთახი განდეგილს ელის“. გარდაცვლილი მამა და ფრანცი, ქოთნის მცენარედ ქცეული ლენი ძალაუფლებას უტოვებენ ცოლ-ქმარს, რომლებიც ამ გარემოებით მონუსხულები სუდარა გადაფარებულები, კუბოებისთვის გამზადებულ ტახტზე,  იკმაყოფილებენ ამორალურ სექსუალურ მოთხოვნილებას. კედლებზე ყველგან ბავშვების ფოტოები ისახება. ბავშვობა, რომელსაც გაურბის სარტრი, რომელიც ასე სძულს დრამატურგს,  ყოველთვის წინ გვხვდება და ეს რეჟისორმა მძაფრად დაგვანახა.


ფინალში ისმის დიქტოფონზე ჩაწერილი ფრანცის ხმა: „მისმინეთ საუკუნეებო! ლაპარაკობს ჩემი საუკუნე. ჩემმა კლიენტმა მუცელი გამოიფატრა. თქვენ, რაც თეთრი ლიმფა გგონიათ, - სისხლია, რომელშიც წითელი ბურთულაკის ნატამალსაც ვეღარ იპოვით. ბრალდებული შიმშილით კვდება. მე აგიხსნით რატომ აქვს ნაწლავები ასე დახვრეტილი. ჩვენს საუკუნეს ვერაფერს დაუწუნებთ, რომ კაცს ჩასაფრებული არ ჰყოლოდა ხორცისმჭამელთა ჯილაგის მოსისხლე მტერი, რომელმაც მისი დაღუპვა დაიფიცა - უმოწყალო და ულმობელი მხეცი - ადამიანი.“