ალვინგთა მანკიერი წრე
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ანასტასია ჩერნეცოვა
ალვინგთა მანკიერი წრე
საინტერესოა ის, თუ რატომ ირჩევს ამ ბოლო დროს ორი ქართველი ახალგაზრდა რეჟისორი სპექტაკლის დასადგმელად ჰენრიკ იბსენის პიესებს? შესამჩნევია ისიც, რომ ისინი არჩევანს აკეთებენ ნორვეგიელი დრამატურგის სიმბოლისტურ პიესებზე - საბა ასლამაზიშვილი „მოჩვენებებზე“, ხოლო თამარ ( თათა) პოპიაშვილი „ჰედა გაბლერზე“.
იბსენის სიმბოლისტური პიესები იწერება XX საუკუნის დასაწყისში, მაშინ, როცა ადამიანებში ხდება ღირებულებების გადაფასება, რაც, რასაკვირველია, დრამატურგზეც აისახა. დღესაც მსოფლიოში ქაოსია, თითოეული ჩვენგანი გაურკვევლობაშია და ვფიქრობ, რომ ამ ორი პიესის სცენაზე გაცოცხლებით რეჟისორებს საზოგადოების გამოღვიძება სურთ.
ამ შემთხვევაში საბა ასლამაზიშვილის „მოჩვენებებზე“ შემოგთავაზებთ ჩემ მოსაზრებას. ახალგაზრდა და საკმაოდ აქტიური რეჟისორო საბა ასლამაზიშვილი ჰენრიკ იბსენის „მოჩვენებების“ დადგმით გვესაუბრება იმაზე, რომ ნებისმიერი სახის ტყუილი წარმოშობს ტრაგედიას, რისი ჭეშმარიტი მაგალითიცაა სიცრუეზე აგებული ალვინგთა ოჯახი, სადაც მშობლების ცოდვები ანადგურებენ ახალგაზრდა ოსვალდს.
სპექტაკლში თითოეულ დეტალს სიმბოლური დატვირთვა აქვს, თუნდაც ღვინოს, რომელსაც ოსვალდი (გივიკო ბარათაშვილი) სვამს და იყენებს ნამუშევრის შესაქმნელად ჩვეულებრივი საღებავების მაგივრად. ოსვალდი ფიზიკურად და სულიერად გამოფიტულია, მას სჭირდება მზე (რასაც თავად ამბობს), ხოლო ღვინო, როგორც შარლ ბოდლერი წერდა, არის თხევადი მზე, რომელიც ახალგაზრდა შემოქმედს უშუშებს იარებს.
სპექტაკლის მხატვარი ანდრია ვაჭრიძე არ ტვირთავს სცენას მრავალრიცხოვანი დეკორაციით: ავანსცენაზე ჯვარია, რომელზეც ხან ოსვალდია გაკრული, ხან ფრუ ალვინგი (ანი იმნაძე), რაც პერსონაჟების ჯვარცმულ ცხოვრებას უსვამს ხაზს. სცენის შუა ნაწილში სარკეა, რომელიც ზემოდან მაგიდასთან მყოფ პერსონაჟებს დაჰყურებს. სარკესაც სიმბოლური დანიშნულება აქვს, მასში თითქოს „დაკონსერვებულია“ ალვინგთა საიდუმლოებანი, მრგვალი ფორმა კი მეტყველებს იმაზე, რომ ოჯახი მანკიერ წრეშია მოქცეული. საიდუმლოს გაგების შემდეგ კრუნჩხვებში ჩავარდნილ ოსვალდს სარკე გულმკერდზე აწვება, თითქოს მშობლების ცოდვები ანადგურებდეს მას. ფინალისკენ სარკეზე ზემოდან დადებული აალებული პანსიონის მაკეტი ერთგვარი კვანძის გახსნაა. ვახტანგ გვახარიას შესანიშნავი მუსიკალური ნაწარმოები მაყურებელს ეხმარება პერსონაჟების ხასიათების და სპექტაკლში არსებული მოვლენების უკეთ შესაცნობად.
დასაწყისში ოსვალდი ნახევრადშიშველი, თეთრ საცვლებში და თეთრ გეტრებშია და მშვენივრად უმკლავდება საკუთარი განცდებისა თუ ტკივილების დამალვას ირგვლივმყოფ ადამიანებთან, რაც ვლინდება მსახიობის შესრულებაში, ე. წ. „თამაში თამაშში“. გივიკო ბარათაშვილის პერსონაჟი ნელ-ნელა კარგავს საკუთარ თავზე კონტროლს და ცდილობს ბოჰემური ჩაცმულობითა და შემკულობით ამ ყველაფრის შენიღბვას, რაც არ შველის და თანდათან მისი სული იწყებს გაშიშვლებას (კოსტიუმების მხატვარი ბარბარა ასლამაზი). გივიკო ბარათაშვილს ეტყობა, რომ კარგად აქვს შესწავლილი ოსვალდის ფსიქოტიპი. მსახიობი წარმოგვიდგენს პათოსით აღსავსე, ეგოისტურ, თავისუფლებისმოყვარე ტრაგიკულ ახალგაზრდას, როგორიც გვხვდება ჰენრიკ იბსენის „მოჩვენებებში“. მსახიობს კულმინაციურ მომენტებშიც კი გამოსდის ემოციებს ბუნებრივად წარმოჩენა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.
არჩილ ბარათაშვილი მშვენივრად ირგებს პასტორი მანდერსის როლს, რომელიც მოკლებულია პათეტიკურობას. დინჯი და გაწონასწორებული პასტორი წმინდა წერილის კანონებით ასწავლის ცხოვრებას თითოეულ პერსონაჟს, დამაჯერებლად იწერს პირჯვარს, მაგრამ თავად არ არის ისეთი სუფთა და სპეტაკი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მომენტებში იგრძნობა ვნება, რომელიც ფრუ ალვინგის (ანი იმნაძის) მიმართ აქვს, პანსიონის დაზღვევაზე საუბრისასაც კი მის გამოხედვაშიც ვლინდება ის, რომ გულში მზაკვრული ზრახვა უდევს. პასტორი მანდერსის სამოსის შავი ფერი არა მარტო მის ასკეტიზმზე, არამედ ეშმაკისეულ ბუნებაზეც მეტყველებს.
ნიჭიერი მსახიობი ანი იმნაძის ფრუ ალვინგი არის საქმიანი, საკმაოდ მტკიცე ირონიული ქალი, ამასთანავე, მზრუნველი დედაა, რომელიც ცდილობს თავისი ვაჟის „ხსნას“ ოჯახში არსებული პრობლემებისგან. გმირის ხასიათს შესანიშნავად უსვამს ხაზს ლურჯი მოსასხამი. პირველ მოქმედებაში მსახიობი ემოციებს მშვენივრად გადმოსცემს, ხოლო მეორე მოქმედებაში, ზოგან, მაგალითად, როდესაც ოსვალდის ავადმყოფობის ამბავს შეიტყობს, მის შესრულებაში იგრძნობა ერთგვარი გადაჭარბება. ფინალურ სცენაში სულიერად გამოფიტული ანი იმნაძის პერსონაჟი სინათლისაკენ ეზიდება თავის განადგურებულ შვილს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ფრუ ალვინგი მზადაა თავის ცოდვებზე აგოს პასუხი.
ვიქტორია ბოკერიას რეგინა საკმაოდ ბუნებრივია ოსვალდთან ურთიერთობისას, ასევე ჩანს მსახიობის შესრულებაში პერსონაჟის ეგოისტური ბუნება. მაგრამ მაშინ, როდესაც იგებს, რომ ოსვალდის დაა არ ავლენს ძლიერ ემოციებს. ვფიქრობ, ახალბედა მსახიობი იმუშავებს და გამოასწორებს თავის შეცდომას.
სლავა ნათენაძე დურგალი ენგსტრანდის ორ მხარეს გვიჩვენებს. ერთი მხრივ თავაშვებულ მამაკაცს, მეორე მხრივ კი თაღლითობის მსხვერპლს, საცოდავ კაცს, რომელიც არავის არ სჭირდება.
საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა, რომ ჰენრიკ იბსენის „მოჩვენებების“ დადგმით საბა ასლამაზიშვილმა წინ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი. სპექტაკლის ყველა კომპონენტი - მუსიკა, მოძრაობა, სამსახიობო შესრულება, სცენოგრაფია, კოსტიუმები გვესაუბრებიან იმაზე, რომ ტყუილი ადრე თუ გვიან გაგვანადგურებს ჩვენ და ჩვენს შთამომავლებს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ „მოჩვენებები“ უნდა ნახოს მოზარდმაც და ზრდასრულმა ადამიანმაც .