ანა ფრანკის ახალი სიცოცხლე

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

307727286_653723732634090_8058515807467941415_n.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

ანა ფრანკის ახალი სიცოცხლე

 

ანა ფრანკი, ებრაელი გოგონა, რომელიც ფაშისტური გერმანიის სისასტიკის სიმბოლოდ იქცა.

ანა ფრანკი - მხარული, სიყვარულს მოწყურებული, მეოცნებე და ხალისიანი:

ანა ფრანკი - მცირე ასაკის მიუხედავად დაბრძენებული და ჭკვიანი;

ანა ფრანკი - ყველას გაჭირვების გამზიარებელი, და ყურადღებიანი;

ანა ფრანკი - ხუმრობისა და გათამაშების ოსტატი, გულკეთილი და იუმორით სავსე; ანა ფრანკი - მზრუნველი და ოჯახის ყველაზე ნათელი წერტილი.

 

მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილ ნაწარმოებთა შორის „ანა ფრანკის დღიური“ დაწერილი თვით ანას მიერ ყველაზე ტრაგიკული ამბავია, რაც კი ამ დროს შექმნილა. მისი კითხვისა თვალწინ წარმოგიდგება ის საშინელი დღეები და წლები, რომლებიც მისმა ოჯახმა და მეზობლებმა გადაიტანეს და სამწუხაროდ, ასევე ტრაგიკულად დაასრულეს თავის სიცოცხლე. ფრენსის გუდრიჩის და ალბერთ ჰაკეტის მიერ დაწერილი პიესა ძალიან მალე ხდება მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი, რადგან ჯერ გამოდის ფილმი „ანა ფრანკის დღიური“, ხოლო მოგვიანებით სხვადასხვა ქვეყნების თეატრები თავის სცენაზე ახორციელებენ მას. დაიდგა ჩვენთანაც: - რეჟისორ გიზო ჟორდანიას მიერ მის სამსახიობო ჯგუფთან, რომელიც ჯერ დოდო ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე თამაშდებოდა, ხოლო შემდეგ, როდესაც რუსთაველის თეატრში მცირე სცენა გაიხსნა, მთელი შემდგენლობა: ნანუკა ხუსკივაძე, ნინო თარხან-მოურავი, ნანა შონია, მაია ფაჩუაშვილი, მერაბ ნინიძე, გოჩა კაპანაძე, მალხაზ ქვრივიშვილი, ირაკლი მაჭარაშვილი ამ თეატრში დასი ჩაირიცხა და ეს სპექტაკლი იქ გადავიდა ამ შესანიშნავი მსახიობური ანსამბლითა და მათი შესრულებით.

 

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში განხორციელებული გიორგი სიხარულიძის „ანა ფრანკის დღიური“ კოპროდუქციაა, სადაც დაკავებული არიან დმანისის თეატრის მსახიობი და ზუგდიდის თეატრის დასი. სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფიც შერეულია: სცენოგრაფი თეო კუხიანიძე, მუსიკალური გაფორმება ანა მურღულია, ქორეოგრაფი გიორგი ქობალია - ესაა ერთობლივი ნაწარმოები, სადაც თითოეულ მათგანს უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ სპექტაკლის შექმნაში.

ამბავი ერთი სახლის რამდენიმე ოთახში ხდება, ოთახები, რომლებიც საგანგებოდაა დაცული უცხო თვალისგან - აქ ხომ ებრაელთა ის ოჯახები იმალებიან, რომლებიც გესტაპოს დევნას გამოექცნენ.

წინა, საერთო ოთახი მუყაოს ყუთებითაა სავსე, სადაც მათი ტანისამოსი და ნივთებია შენახული - ავანსცენაზე კი უამრავი ნახმარი ფეხსაცმელია - ყველა იმ მაცხოვრებლის, რომლებმაც დროდადრო ამ ფეხსაცმელებს წამოიცვამენ; მაგალითად ქალბატონი ვანდაამი (თეა ცინცაძე) ან ანა ფრანკი (ანანო ლომიძე), პიტერის სამი თუ ოთხი ზომით დიდ ფეხსაცმელს რომ წამოიცვამს.

წინ ცენტრში ქოთნით მარადმწვანე ოთახის მცენარეა, რომელიც მათსავით ამ ოთახშია გამომწყვდეული, როგორც ყველა დანარჩენი. ანა ფრანკს თავის დღიურში ორი ადრესატი ჰყავს: ეს ყვავილი და პიტერი, რომელიც თითქოს არსებობს, მაგრამ თავის ოთახშია ჩაკეტილი კატასთან ერთად.

მოქმედებაც ამ ყვავილის გარშემო მიმდინარეობს, რეჟისორი ამ მცენარეს განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებს. გარდა იმისა, რომ ანა ხშირად ესაუბრება მას და თავის გულისნადებს უზიარებს, ხანუკის დღესასწაულზე თითქმის საახალწლო ნაძვის ხეს, ერთგვარად გადარჩენის სიმბოლოდ იქცევა, რომელზედაც ამ ოთახში შეფარებული ებრაელები თავისი ოქროსფერი დავითის ფარის ჯვრით მორთავენ, რომლებიც გულზე ეკეთათ და რომელთა ტარება გესტაპოს გადაწყვეტილებით ყველა ებრაელისთვის სავალდებულო იყო. საოცრად ემოციური და გულისამაჩუყებელია ხანუქას დღესასწაული. მამა ფრანკი მერაბ კაკალია მენორათი ხელში შემოდის და ყველა მათგანი მასზე სანთლებს ანთებენ: მღერიან მონა-ებრაელთა გუნდს ვერდის ოპერა „ნაბუკოდან“ - მიზანსცენაც თითქმის იმეორებს ამ ფრაგმენტს ოპერიდან, რომელიც ანას მიერ მოფიქრებული საჩუქრების გადაცემით გრძელდება.

რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და მუსიკალური გამფორმებელი ანი მურღულია ხშირად იყენებენ ებრაულ მუსიკას, არა მხოლოდ ამ ეპიზოდში, არამედ ზოგადად თითქმის მთელი სპექტაკლის განმავლობაში და პლასტიკაც და ქორეოგრაფიაც (გიორგი ქობალია) ამ მელოდიების რიტმებზეა მორგებული.

ერთ სახლში გამომწყვდეულ ებრაელებს აკრძალვების გამო უფრო გამძაფრებული აქვთ საკუთარი იდენტიფიკაცია და ამიტომ ხაზგასმითა და განსაკუთრებული პიეტეტით იცავენ თავის ეროვნულ ტრადიციებს: ხანუქას დღესასწაულის ასე აღნიშვნაც და საჩუქრების გადაცემაც ამ ტრადიციის შესაბამისია.

სცენა ხის კედლით პირობითად ორ ნაწილადაა გაყოფილი, რომლის ცენტრი ანა ფრანკია. საერთო ოთახი, სადაც ყველა იკრიბება და „იქითა სამყარო“ - მტრულად განწყობილი, ფაშისტებით ოკუპირებული. იქიდან დროდადრო კლარელი - ზურა ლაშხია შემოდის კარგი ან ცუდი ამბების მაცნე. კლარენი ის ერთადერთი ადამიანია, რომელმაც შეიფარა და განადგურებას გადაარჩინა, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ შეძლო მათი შველა - ზურა ლაშხიას პერსონაჟი მათი მხსნელიცაა, დამრიგებელიც და საკვების მომტანიც. სიხარულით ამცნობს ჰოლანდიაში მოკავშირეების შემოსვლას, მაგრამ მათ ამ ადამიანთა გადასარჩენად ძალიან დააგვიანეს. ძალზე შთამბეჭდავია სპექტაკლის ფინალი, როდესაც ეს ხის კედელი მაყურებლისკენ დაიძვრება და ისედაც პატარა სივრცე სულ მთლად დავიწროვდება, სამყარო ქრება იქ შეხიზნულებისთვის, რომლებიც კედელს აეკვრებიან, სასოწარკვეთილი, განწირულები და სიკვდილს ელიან. ამ დაპატარავებული „სამყაროდან“ კლარენი ყვავილს ხელში აიტაცებს, მათ სამახსოვროდ ქცეულ სიმბოლოს დიდი მოწიწებით თან გაიყოლებს. მათი სულები ამ მცენარეში გარდაისახებიან, რომ ამ მარადმწვანე ბუჩქმა სამუდამო სასუფეველი დაუმკვიდროს ამა ფრანკსა და იმათ, ვინც მასთან ერთად ეს საბედისწერო ორი წელი გაატარეს. მძიმე იყო ეს ორი წელი აქ დამალულებისათვის. გარეთ გასვლის შიში, გესტაპოს შემოჭრის განსაცდელი, შიმშილი და ურთიერთდაპირისპირებაც კი ერთი ლუკმა პურისთვის, ერთმანეთის დაბეზღება და თვალთვალი - ყველაფერი იმ სავალალო მდგომარეობამ განაპირობა რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდნენ. ზოგმა გამოიჩინა სულის სიმტკიცე, ზოგმა კი ვერა. ყველა მსახიობი, რომელიც ამ სპექტაკლში დაკავებული დასამახსოვრებელ სახეებს ქმნიან : დედა - მზეკო ჩარგაზია და მამა - მერაბ კაკალია ფრანკები, დუსელი - რეზო ჯოჯუა, და - სალომე ბუღაძე, ქალბატონი ვანდაამი - თეა ცინცაძე და ბატონი ვანდაამი - გოგი გუგუჩია. მათი წყვილი მაინც განსხვავებული ყველასგან: ქ-ნ ვანდაამი - თეა ცინცაძე მდიდრულ ცხოვრებას მიჩვეული, თვითნება, ცოტა ამპარტავანიც. მსახიობი ქმნის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლის სახეს, რომელიც აქ აღმოჩნდა და იძულებულია საერთო საცხოვრებელი გაიზიაროს სხვებთან ერთად - მისი „ტრაგედია“ განსაკუთრებით წერტია აღწევა მაშინ, როცა იძულებულია ქმრის დაჟინებითი მოთხოვნით ძვირფასი ქურქი დათმოს, საჭმელში გაცვალოს, რათა შიმშილისაგან იხსნას ყველა აქ შეკრებილი. ბატონი ვანდაამი სულით ხორცამდე ებრაელია, თავის ერის ტრადიციების დამცველი - მას ერთხელ უღალატებს ნერვები და ხელი წაუცდება საერთო საკვებზე, თავისთვის გადამალულს და ჩუმად მიირთმევს, რაც შემდგომ აქ შეკრებილთ შორის მძიმე დაპირისპირებას გამოიწვევს. უზომოდ აღშფოთებულია დედა ფრანკი, მაგრამ ისევ ანა ფრანკის სულგრძელობა, კეთილმოყვარეობა, პატიების, შენდობის გრძნობა და ტაქტი განმუხტავს შექმნილ დაპირისპირებას და კონფლიქტს. და რასაკვირველია თვით ანა - ანანო ლომიძე - სრულიად ახალგაზრდა დამწყები მსახიობი, რომელმაც თავის შემოქმედების საწყის ეტაპზე ასეთი რთულ როლს წარმატებით გაართვა თავი. მისი ანა ფრანკის სწორედ ისეთია, ვიცი აღწერითაც დავიწყე ეს სტატია.

რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ და შემოქმედებითმა ჯგუფმა შექმნა საოცრად თბილი, ნაღვლიანი, ანსამბლური და სინთეზური სპექტაკლი, სადაც ყველას თავის ადგილი აქვს, მუსიკას, პლასტიკას, სამსახიობო ხელოვნებასა და შესრულება, რაც ქმნის თეატრალურ სიმფონიზმს და განსაკუთრებულ ხმოვანებას და ღირსებას ანიჭებს წარმოდგენას.