top of page

ანდრე და დორინი

571340641_816194757829217_8647884791178764653_n.jpg

06.12.2025

მაია კიკნაძე

 ანდრე და დორინი

 

 მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი  -  „საჩუქარი,“ 25  ოქტომბერს  ავანგარდული იაპონური ცეკვის თეატრით „სანკაი ჯუკუ-უშიუ ამაგაცუ“ გაიხსნა.  ამ დღეს დააჯილდოვეს ცნობილი ქართველი მოქანდაკე გია ჯაფარიძე, რომელსაც თავისივე შექმნილი თუმანიშვილის ჯილდო გადასცეს   „სრულყოფილებისათვის ხელოვნებაში.“

  28-ე სეზონი  მრავალმხრივი  პროგრამით იყო  წარმოდგენილი.  ფესტივალის ერთ-ერთი დამაარსებელი და  სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე, ქართველ მაყურებელს საშუალებას აძლევს გააცნოს ქვეყნის  გარეთ მიმდინარე თეატრალური  პროცესები, უცხოური დასები, ცნობილი მსახიობები,  ტრადიციული და თანამედროვე  კოლექტივების შემოქმედება. იტალიური თუ იაპონური სპექტაკლების გვერდით, ამჟამინდელ  რეპერტუარში ახალი პროგრამა იყო წარმოდგენილი. „ბასკურ-ქართული გზაჯვარედინი: კავკასიიდან პირენეებამდე“, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის  კულტურის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე. ამ პროგრამის  საშუალებით, ქართველმა მაყურებელმა თეატრალური კომპანიას  „kulunka“-ს მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი  „ანდრე და დორინი“ იხილა.

სპექტაკლი, ჩემი აზრით ერთერთი გამორჩეული იყო საფესტივალო პროგრამაში. ის რაც სცენაზე ხდებოდა, ქართველ მაყურებელში ემოციასა და აღტაცებას, სიხარულსა და ტკივილის განცდას ერთდრულად იწვევდა. სპექტაკლის მსვლელობის დროს, სცენასა და დარბაზს შორის ურთიერთკავშირი აშკარად თვალშისაცემი იყო. ტექსტის არარასებობა, ხელს არ უშლიდა მაყურებელს ზუსტი რეაგირება ჰქონოდა სცენაზე ასახული მოვლებების მიმართ.  სპექტაკლით აღფრთოვანებული მაყურებელი,  მადლიერების  გრძნობით აღსავსე,  ტაშს უკრავდა მსახიობებს, ნანახისა და განცდილის გამო და  თვალცრემლიანი ტოვებდა დარბაზს...

სპექტაკლი ახალგაზრდა ქალ-ვაჟის ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს.  სულ რაღაც 80 წუთის მანძილზე რეჟისორი (ინაკი რიკარტე) გვიჩვენებს მათი ცხოვრების ეპიზოდებს (გაცნობა, დაოჯახება, თანაცხოვრება, ავადმყოფობა, სიკვდილი) და ეგზისტენციალურ საკითხებსა და მარადიულ ღირებულებებზე დააფიქრებს საზოგადოებას. სპექტაკლში აისახა  ჰუმანიზმის, თანადგომის განცდის, ურთიერთპატივისცემის, ნამდვილი სიყვარულის  იდეა, რომელიც   ერთი ოჯახის მაგალითზე იყო წარმოდგენილი. 

ხანდაზმულ ასაკში ცოლს დემენცია დაემართება, ქმარი კი მის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს და მოვლას და მზრუნველობას არ აკლებს. მიუხედავად იმისა, რომ  ორი ადამიანის ურთიერთობაში დემენციის თემაა გამოყენებული,  ჩემის აზრით, სპექტაკლი ავადმყოფობის თემას სცილდება და უფრო ფართოდ წარმოაჩენს  განსაცდელში მყოფი ადამიანის  მიმართ ღირსეულ თანადგომის,  თანაგანცდის შესაძლებლობის აუცილებლობას.

სპექტაკლი ნიღბებითა და არავერბალური თეატრისთვის დამახასიათებელი  ხერხებით არის წარმოდგენილი.  მოქმედება ერთ ჩვეულებრივ ოთახში ვითარდება (სცენოგრაფია-ლაურა გომესი), რეკვიზიტიც ჩვეულებრივია ამ  ოთახისთვის შესაფერი, ნივთებს შორის მხოლოდ საბეჭდი მანქანა და ჩელოა გამორჩეული,  რომლებიც მოქმედი გმირების პროფესიასა და  მათ სულიერი სამყაროზე მიგვანიშნებს( ქმარი მწერალია, ცოლი კი მუსიკოსი).  სწორედ გმირთა სულიერი კავშირები, მათი ფსიქოლოგიური განწყობებია სპექტაკლის მთავარი ხაზი.  მსახიობები (გარბინე ინსაუსტი, ედუ კარკამო, მიკელ ინსაუსტი) შესანიშნავად ასრულებენ თავიანთ როლებს. მათი პლასტიკა, ჟესტიკულაცია გამოხატავს გმირთა შინაგან ბუნებას, მათ ემოციასა და განცდებს.  მათ მოძრაობასა და პარტნიორთან ურთიერთობაში იკითხება პერსონაჟთა „დიალოგები.“ მსახიობთა თამაში იმდენად ბუნებრივია, რომ სახეზე ჩამოცმული  ნიღბების (გარბინე ინსაუსტი) მიუხედავად, იგრძნობა მათი მიმიკა- ღიმილი, მწუხარება, ხედავ მათ თვალებს,  ჩანს სიხარული და შინაგანი ტრაგიზმიც, რაც მსახიობთა მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის წყალობით მიიღწევა.   სპექტაკლს აქვს რიტმი, რომელსაც მუსიკალური  (კომპოზიტორი-იაიო კასერესი) გაფორმება თან სდევს, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს ერთი ამოსუნთქვით უყუროს სპექტაკლს.

სპექტაკლში ყველაფერი პოეტურია, სიკვდილის სცენაც  კი, რომელიც ერთერთი საუკეთესო ეპიზოდია სპექტაკლში, ხატოვნად  არის გადმოცემული...

 მარადიული ღირებულებები, ადამიანთა შორის ურთერთობისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეა სპექტაკლს განსაკუთრებულ აქტუალურსა და თანამედროვეს   ხდის. 

bottom of page