
ანშლაგის ცხრა წელი და ჩვენი მოგონებები, რომლებიც გაიყიდა
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ლელა არაბიძე
ანშლაგის ცხრა წელი და ჩვენი მოგონებები, რომლებიც გაიყიდა
ერთ ჩვეულებრივ თბილისურ ოჯახში, სახლში, სადაც რამდენიმე თაობა ცხოვრობს უჩვეულო ამბავი მაშინ იწყება, როდესაც მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით პატარა ბინის აივანი იყიდება. ეს აივანი კი ოჯახის ერთობის, ოჯახური თანაცხოვრებისა და მოგონებების სიმბოლოდ არის ქცეული, ამ აივანზე თბილისელი ინტელიგენტი ქალბატონი ფერმონია შერვაშიძე ყოველდღე „უზიარებს“ მოგონებებს აწ გარდაცვლილ მეუღლეს - მიტროს, ამ აივანზე აპურებს ჩიტებს, ამ აივანზე აძინებდა 50 წლის წინ ერთადერთ შვილს - სანდროს, რომელიც ახლა ოთახში შემალულა და უმწეობისგან გარეთ ვერ გამოდის, აივანი გაიყიდა - სანდრომ კი ვერაფერი გააკეთა, უძლური იყო, ამ უძლურებას ახლა ყველა დაინახავს, ეს უძლურება საზოგადო გახდება და სანდრო ყველას წინაშე გაშიშვლდება - ის ოჯახის მოგონებებს ვერ გაუფრთხილდა - მოგონებები გაუფასურებული და გაყიდულია.
უკვე მეცხრე წელია თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრის რეპერტუარშია ოთარ ქათამაძის პიესა „აივანი“ (რეჟისორი ირაკლი გოგია), მეცხრე წელია ყველა სპექტაკლზე ანშლაგია, 145 კაციან დარბაზში არცერთი თავისუფალი ადგილი აღარ არის და მაყურებელი ფეხზე დგას. და მაშინ, როდესაც უკვე დარბაზში შემოდის, სცენაზე მოქმედება მიმდინარეობს, სახლში ტრადიციული აყალ-მაყალია, მაყურებელი შემოსვლისთანავე ამ აყალ-მაყალის მონაწილე ხდება, სცენაზე ჩაიდანი დუღს, ქვაბი თუხთუხებს, ვიღაცას სამსახურში აგვიანდება, ვიღაცას ბანკში - იქნებ გაუმართლოს და სესხი დაუმტკიცდეს, ეს არაფრით გამორჩეული და მაინც არაჩვეულებრივი ყოველდღიური ყოფა საოცარი ნატურალიზმით არის გადმოცემული, ეს ნატურალიზმი და რეალობა კი მომაჯადოებელს ხდის გარემოს, რომელიც თეატრშია და თან თითქოს არც არის თეატრში. მაყურებელი მოისრწაფის ყოველდღიურობის სანახავად, მასაც აგვიანდება, ისიც სესხის დამტკიცებას ელოდება, მასაც აქვს ვალები, სახლში პრობლემები, მის ბებიასაც ყველაფერი ავიწყდება ფერმონიასავით, ყველას აქვს თავისი აივანი - იქ, სადაც ყველაზე კეთილი მოგონებები ცოცხლდება და რომელსაც სიცოცხლის ფასადაც ვერ დათმობენ.
ოთარ ქათამაძემ პიესა „აივანი“ 2009 წელს დაწერა და ქართული თეტრების გარდა ის უზბეკეთში, კატაკურგანის დრამატულ თეატრში ქართველმა რეჟისორმა – ნინო მაღლაკელიძემ დადგა , სპექტაკლში უზბეკი მსახიობები თამაშობენ.
აივანი ალუბლის ბაღის პეროფრაზია, ანტონ ჩეხოვის უკანასკნელი პიესიდან „ალუბლის ბაღი“, სადაც ოჯახი კარგავს ალუბლის ბაღს და მოგონებებს, ყველაზე ტკბილს, ყველაზე სათუთს და მნიშვნელოვანს და ამ დაკარგვის მერე აცნობიერებს ამაოებას, ტკივილსა და ფიქრს იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამქვეყნად. სამწუხაროდ, აცნობიერებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაკარგა..
მხატვარი აივენგო ჭელიძე ხატავს პატარა თბილისურ ოთახს, საბჭოთა ძველმოდური შპალერით, ღარიბული სამზარეულოთი, კიდევ უფრო ღარიბული სამზარეულოს ინვენტარით, შელახული დივნის კიდევ უფრო შელახული გადასაფარებლით და კოსტიუმებით, რომელთაც მხატვარი მარიკა კვაჭაძე ქმნის და მათი უბრალოება და სიღარიბე თვალშისაცემია, ასევე ზუსტად მორგებული პერსონაჟების ხასიათს. ასე მაგალითად, ფერმონია შერვაშიძეს დიდებული კაბა და შლაპაც კი აქვს - მოგონებები გარდასულ დღეთა, ბედნიერ დღეთა, სანდროს კი 60 - იანი წლების ჟაკეტი აცვია - როგორც ჩანს, ათეული წლებია ახალი არაფერი შეუძენია განათლებულ და ინტელექტუალ სანდროს, ამის ფული არასოდეს დარჩა. ის კი არა და, რაც აქვთ, იმასაც კარგავენ, განა წარმოგიდგენიათ? რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი, როდესაც საკუთარი ბინის აივანს გაყიდიან, ვინ იქნება მისი მეპატრონე?
სანდრო და მარტა - სცენური და რეალური წყვილი - მამუკა მაზავრიშვილი და თამარ ბეჟუაშვილი 30 წელზე მეტია ახმეტელის თეატრში ქმნიან გამორჩეულ და სახასიათო პერსონაჟებს, ისინი ორგანულად ასახიერებენ თბილისელი ინტელიგენტი ცოლ-ქმრის როლებს, რომელთა მთავარი საზრუნავი ახლა ყოველდღიურ ცხოვრებასთან ჭიდილი და თითო დღის გადაგორებაა, ოდესღაც კი ლაღები და ხალისიანები ცხოვრობდნენ ქალაქში, სადაც შერვაშიძეების დიდებულ ოჯახს ყველა პატივს სცემდა...
„მეშინოდა. იცი რატომ ვარ სულელი? ჩემი, შენი, საცოდავი მამაჩემის ყველაზე ლამაზი მოგონება გაგვიყიდეს და მე ვერაფერი გავაკეთე, ვერ შევებრძოლე"... იტყვის სანდრო შერვაშიძე როდესაც ზუსტად მიხვდება, რომ ყველაზე ძვირფასს დაკარგავს და თავს იდანაშაულებს, მაგრამ რა დააშავა სანდრო შერვაშიძემ? ის, რომ კეთილშობილია? ის, რომ კარგად აღზრდილია? ის, რომ არავის შეუძლია გადააბიჯოს? ჩიტები. ჩიტებს შეუძლია აჭამოს, სანდრო შერვაშიძეს ჩიტებზე ზრუნვა შეუძლია, დედასთან ვალსის ცეკვა შეუძლია, შეუძლია იყოს კაცთმოყვარე და არ არის მომხვეჭელი, რა დააშავა სანდრომ? როგორ უნდა იცხოვრონ ახალ გარემოებაში სანდროებმა? აღარ უნდა იცხოვრონ? მათი ადგილი აქ აღარ არის?
ამასობაში კი, ქალაქის ცენტრში, ძველ კორპუსში, ძველ კარზე ზარი რეკავს - სტუმრები მუნიციპალიტეტიდან! – ბატონი ფარნა მოურიდებლად, უხეშად და მძაფრად იჭრება შერვაშიძეების შავ-თეთრ ყოფაში და აფრთხილებს, მალე აუქციონი იქნება. აუქციონზე კი ბინის აივნის ბედი გადაწყდება..
გაიყიდება? გაიყიდება?
ოდიოზური პერსონაჟები არიან ფარნაც (იუკა ვასაძე) მუნიციპალიტეტის მთავარი იურისტი ერმალო ფანჩულიძე, (ოთარ ჩიქობავა) ქალაქის მთავარი არქიტექტორი ჟამიერ ბოჭოიძე (ვასილ შიხაშვილი), ამიტომ მათი სცენაზე და, შესაბამისად, შერვაშიძეების ოჯახში შემოსვლა ავტომატურად მაყურებლის სიცილს იწვევს. დინამიური და მოქნილია სცენები, სადაც ეს სამი ადამიანი მოურიდებლად იჭრება სხვის ცხოვრებაში, ჭამს, სვამს, ღრეობს, ქეიფობს და აბსოლუტურად გულგრილია შერვაშიძეთა გაჭირვების მიმართ, დილით შემწვარ ტაფამწვარშიც კი ეცილება დიდ ოჯახს. მართალია, მაყურებელს ამ უცნაური ქეიფისა და ცეკვის სცენებზე ეცინება, თუმცა მალევე აცნობიერებს, რომ ის, რაც სცენაზე ხდება, სინამდვილეში ტრაგედიაა და ადამიანის დაკნინებას იწვევს. თანამდებობის პირები, რომელნიც სინამდვილეში მოქალაქეების უკეთესი ცხოვრებისთვის უნდა ზრუნავდნენ, უხეშად არღვევენ მათ უფლებებს და დასცინიან კიდეც, რისი გაცნობიერებაც უმძიმესი ტრაგედიაა.
მარტასა და სანდროს ოჯახში ორი თინეიჯერი იზრდება - ნიკუშა და მეგი - ახმეტელის თეატრის ორი ახალგაზრდა სახე - ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე. რასაკვირველია, ისინი აცნობიერებენ უფროსი თაობის კრახს და უუნარობას, მაგრამ, სამწუხაროდ, არც მათ აქვთ უნარი შეებრძოლონ ფარნას მსგავს ადამიანებს, ამიტომ მათი ბრძოლაც დამარცხებისთვის არის განწირული, მათ შეუძლიათ მხოლოდ საყვედური უთხრან მამას - რატომ ვერ შეინარჩუნა ძველი დიდების ნიშანწყალი, მაგრამ რეალური ცვლილებებისთვის ისინი მზად არ არიან...
ამ საყოველთაო აურზაურის, სანდროს სიდინჯისა და კაცთმოყვარეობის, მარტას თავის ტკივილის, მეგის ღამეული პაემნების, ნიკუშას სამსახურის დაწყების მცდელობების, მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა ღრეობის ფონზე აუქციონი ინიშნება და...
გაიყიდება?
„ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ჩვენი პირველი პაემნის დღეა. გახსოვს, კოხტად გამოწყობილი გვირილებით ხელში რომ მელოდი ? მე იქვე, დამალული გიცქერდი, მეშინოდა შენთან შეხვედრა. რა ბედნიერები ვიყავით, მერე აქ მომიყვანე, ამ აივანზე. ეს აივანი ჩვენთვის ყველაფერია, ეჰ! მიტრო... ხვალ აუქციონია..." ეს დიდებული ქალბატონი ფერმონია შერვაშიძეა - მსახიობი მარინე ხარჩილავა - ის დაარსების დღიდან ახმეტელის თეატრის დასის წევრია, გასულ წელს ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მას ახმეტელის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. პოეტური სულისა და განსაკუთრებული აურის მქონე ქალბატონისთვის ფერმონიას როლი ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო და მნიშვნელოვანია. ის საოცარი სიზუსტით ხატავს მენტალური პრობლემების მქონე, უკვე დაუძლურებული, ავადმყოფი მოხუცი ქალის როლს, რომელიც ისევ იქ ცხოვრობს - წლების წინ, მიტროსთან, აივანზე ლაღად დანარნარებს და არცერთი წუთით არ უნდა შეხედოს ახალ რეალობას, სადაც მისი სანდრო უმწეოა, მისი უმზეო ბინა უკვე უაივნო, მისი მაცივარი ცარიელი, მისი შვილიშვილების მომავალი გაუგებარი და მისი წარმომავლობა აღარავისთვის საინტერესო... ის უძლურია, ამ სახლში ყველა უძლურია, მხოლოდ ხანდახან ამოიკვნესებს მარტა: „მე აქ უძველეს, უმზეო სახლში ვცხოვრობ. სანდროს ამ თემაზე ვერ დაელაპარაკები, ვერაფრით დავითანხმე. რომ ჩართავს დაუსრულებლად „ჩემი ბაბუის, ბაბუის, ბაბუის, ბაბუის ბაბუა ამ სახლში ცხოვრობდაო და ჩემი შვილი, იმის შვილი და შვილიშვილი ამ სახლში უნდა ცხოვრობდესო, ჩემი გვარი, ჩემი წარმომავლობა...“ ვისღა ჭირდება თავადები?
ამიტომ აუქციონი შედგა და მიუხედავად ჟამიერ ბოჭოიძის მრავალჭირნახული კითხვისა „ეს სახლი ნაკურთხიააა?“ ვერც სახლის კურთხევამ და ვერც აქ მაცხოვრებლების უზომო სევდამ ვერ გაჭრა..
გაიყიდა!
გაიყიდა და აქ ვხედავთ „ჯაყოიზმის“ მოვლენის სტანდარტულ განვითარებას, ჯაყოს ოჯახი - ამ შემთხვევაში პავლიკო და მზია - ახმეტელის თეატრის ორი დამაარსებელი - ვაჟა ციცილოშვილი და მზია ტალიაშვილი ძველი თბილისელი წყვილის - კეთილი სანდროსა და კულტურული მარტას აივანზე შემოჯლაგუნდებიან, აივანზე ქეიფსაც მოაწყობენ და ოჯახს თავზეც დაასხდებიან, სანდრო შერვაშიძე კი დაყუდებულა თეიმურაზ ხევისთავივით და იცდის...
„ეს აპრილია ალუბლების რძისფერ კაბაში...“ ღობე-ყორეებს მოუყვება თამაშ-თამაშით“ მღერის ტკბილი ხმით გიორგი ცხადაძე, დადგმაში მეგის შეყვარებულის როლს სწორედ ის ასრულებს. სპექტაკლი სავსეა დინამიური სცენებით, ფერმონიას სასაცილო პასაჟებითა და დიალოგებით. „აივანი“ ანსამბლური სპექტაკლია და იმპროვიზაციის წყალობით ყოველთვის სხვადასხვანაირი - ამიტომ მის სანახავდ მაყურებელი რამდენჯერმე დადის, დიალოგები ზეპირად იცის და ბევრს იცინის, ცრემლებს კი მაშინ იწმენდს, როდესაც სანდრო შერვაშიძე საცეკვაოდ დედას იწვევს, „საუკუნეა არ მიცეკვია, დედა, ყველაფერი მახსოვს, დედა, ბოდიში, დედა, მოგონებები გაგიყიდე, დედა“...
დედას კი ისევ მიტრო ელოდება აივანზე - მისი დიდი სიყვარული, ან აქ, უაივნო სახლში რაღა დარჩენია? ამიტომ ფერმონია უსასრულობაში მიდის და ტოვებს პატარა ბინას, სადაც უკვე ყველაფერი გარკვეულია, მოგონებები დაკარგული, მაგრამ ასევე გარკვეულია ისიც, რომ ყველაზე ძვირფასი ერთმანეთის მიმართ სიყვარული და დამოკიდებულებაა, რომელსაც დრო ვერ შეცვლის.
დრო გადის, მაყურებელს ისევ უყვარს „აივანი“ მეცხრე წელია უყურებს, განიცდის და ფიქრობს რომ მჩაგვრელი ყოველთვის ძლიერია და ჯაყო იმარჯვებს, მაგრამ სწამს, რომ ეს გამარჯვება დროებითია, რომ ისევ მოვა გაზაფხული და ისევ - ჩვენს აივანზე...