კრეონის და ანტიგონეს არჩევანი
მაკა ვასაძე
კრეონის და ანტიგონეს არჩევანი
თეატრი - ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გლობალური ხელოვნებაა მსოფლიო კულტურაში. მუდმივი ძიების, განახლების პროცესში იგი იცვლის ფორმებს, შინაარს, ხერხებს, გამოხატვის საშუალებებს, უბრუნდება საწყისებს, განვლილ ეტაპებს, იღებს წარსულიდან ამა თუ იმ ელემენტებს, გადაამუშავებს და ისევ ახალს ქმნის. იდეა კი უცვლელი რჩება, თამაშის ენით - ელაპარაკოს ადამიანებს, დააფიქროს, შთააგონოს, ემოციურად დატვირთოს, დიალოგზე გამოიწვიოს. მოკლედ, არისტოტელეზე უკეთ საუკუნეებია ვერავინ განსაზღვრა თეატრის არსი, იდეა - „კათარზისი“. არსებობის განმავლობაში თეატრმა საფუძველი ჩაუყარა და გაითავისა კიდეც ხელოვნების სხვადასხვა სფერო. სინთეზური ხელოვნების ეს უნიკალური ფორმა დიდ ზეგავლენას ახდენს დრამატურგიის განვითარებაზეც.
თანამედროვე თეატრის (არ აქვს მნიშვნელობა გამოხატვის ფორმას, ხერხს) ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ძირითადი კომპონენტია: პიესა, რომლის სასცენო ვარიანტს ქმნიან: დრამატურგი, რეჟისორი, მსახიობები; მუსიკა; მხატვრული (განათებისა და ინსტალაციების შემცველობით) გაფორმება (სპექტაკლის მხატვრული გაფორმება - მისი განუყოფელი ნაწილია და, რიგ შემთხვევაში, შეიძლება განიხილოს როგორც ხელოვნების დამოუკიდებელი ფაქტი). დრამატურგის თვალსაზრისით, პიესა, რომელიც არ დადგმულა თეატრში - სრულყოფილი ტექსტია, სრულყოფილი შეტყობინებაა მკითხველისთვის. თეატრის თვალსაზრისით - ეს მხოლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია სასცენო ტექსტის, „შეტყობინების“ შესაქმნელად. თეატრისთვის „შეტყობინება“ შეიძლება იყოს მხოლოდ სცენური დადგმა. ორივე „შეტყობინება“ კი, რა თქმა უნდა, ადამიანთა შორის დიალოგისთვის იქმნება.
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, მთელი მეოცე საუკენე ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების დაბადების, აღმოცენების საუკუნეებია. იქმნება ახალი (რა თქმა უნდა ძველზე დაყრდნობით) ფილოსოფიური და ლიტერატურული მიმდინარეობები. მეცხრამეტე-მეოცე საუკენე აღსავსეა ე. წ. „იზმებით“ - სიმბოლოზმი, იმპრესიონიზმი, ნეორომანტიზმი, ესთეტიზმი, რეალიზმი, მოდერნიზმი, ავანგარდიზმი, პოსტმოდერნიზმი, დღეს უკვე შემოსულია ტერმინი პოსტპოსტმოდერნიზმი. მოდერნიზმს, პოსტმოდერნიზმს და პოსტპოსტმოდერნიზმს მოიხსენიებენ, როგორც ავანგარდისტულ მიმართულებებს. მოდერნიზმიდან მოყოლებული ეს ე. წ. „იზმები“ ბადებენ ქვეიზმებს: ექსპრესიონიზმი, ეკზისტენციალიზმი, ავანგარდიზმი, ფუტურიზმი, დადიზმი, სიურეალიზმი, კუბიზმი, აბსურდიზმი. ნიცშეს ფრაზა (ნააზრევი) (ნაშრომში „მხიარული მეცნიერება“) - „ღმერთი მოკვდა“ - მთლიანად ცვლის ადამიანის მიერ სამყაროს აღქმას. ხელოვნების (ფართო გაგებით) სხვადასხვა დარგი, მათ შორის თეატრი და დრამატურგია, კი ასახავს, გადმოსცემს ამ სხვანაირად აღქმულ სამყაროს. „უღმერთოდ“, „სხვანაირად“ აღქმული სამყარო, სადაც ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს, ასახულია ეკზისტენციალისტებთან, მათ შორის ჟან ანუის დრამატურგიაში.
არიან შემოქმედები, რომელთა განსაზღვრა ძნელია ხელოვნებაში არსებული, ამა თუ იმ, მიმდინარეობით (ეს ეხება ხელოვნების ნებისმიერ დარგს). ჩემი აზრით, ჟან ანუი (მწერალი, დრამატურგი, რეჟისორი) ამგვარ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნება. ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, მის დრამატურგიულ ნაწარმოებებში სამყაროს ეგზისტენციალური აღქმა შეიძლება ამოვიკითხოთ. ჟან ანუი ე. წ. „ახალი, ინტელექტუალური ფრანგული დრამის“ წარმომადგენელია. ადრეული ასაკიდანვე თეატრით გატაცებული დრამატურგის პირველი „მასწავლებლები“ - ბერნარდ შო, პოლ კლოდელი და ლუიჯი პირანდელო არიან. ალბათ, ყველაზე დიდი გავლენა, მაინც პირანდელომ მოახდინა, ადამიანის მიერ ე. წ. როლის არჩევა, მორგება, - გათავისებას ვგულისხმობ. მითის გადამუშავების იდეა, ალბათ, ბერნარდ შოსგან აიღო. სწორედ, მითების ავტორისეულ ინტერპრეტაციებზე აგებულმა პიესებმა, სადაც ინტრიგა ფაბულიდან ე. წ. „ინტელექტუალურ თამაშებზე“ გადაინაცვლებს, მოუტანეს ანუის მსოფლიო აღიარება. მკვლევრები ანუის დრამატურგიას რამდენიმე ეტაპად მოიაზრებენ, თავად დრამატურგი კი, შემდეგ ციკლებად ჰყოფს: „შავი პიესები“ - ტრაგედიები; „ვარდისფერი პიესები“ - ლირიკულ-ირონიული კომედიები დაუჯერებლად ბედნიერი ფინალით; „კოსტიუმირებული პიესები“; „ეკლიანი პიესები“ - სატირული კომედიები. ამ დაყოფების მიუხედავად, მთელი მისი შემოქმედების ლაიტმოტივია - ადამიანის მიერ არჩევანის გაკეთება, - განსაზღვრა იმისა, თუ რა არის ჭეშმარიტი ბედნიერება, სიყვარული, სიწმინდე. ეგზისტენციალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის ჟან-პოლ სარტრისგან განსხვავებით, რომლის პიესებშიც ფილოსოფიური ტრაქტატები შეგვიძლია ამოვიკითხოთ, ანიუს პიესები ძალიან სცენურია, თეატრისთვის არის დაწერილი. ეს არც არის გასაკვირი, იგი სულ ახალგაზრდა იწყებს თეატრში მუშაობას და ზედმიწევნით კარგად იცნობს თეატრს. დღეს ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ანუი თეატრალური კანონების და კულისების ბრწყინვალე მცოდნე, დახვეწილი, მოხდენილი სასცენო სიტყვის უბადლო ოსტატი, პროფესიონალი დრამატურგია. მის შედევრებად მიჩნეულია, მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი, პიესები - „ევრიდიკე“, „ანტიგონე“, „მედეა“.
ანუის დრამატურგიის არსი, იდეა - პიროვნების და საზოგადოების, ადამიანის თავისუფალი არჩევანის და საზოგადოების მიერ შექმნილი კანონების დაპირისპირებაა. მის ე. წ. „შავ პიესებში“, ტრაგედიებში გამყოფი ხაზი გავლებულია ე. წ. ბედნიერ ცხოვრებაზე „კის“ და „არას“ მთქმელ პერსონაჟებს შორის. ანუისთან თავიდანვე განსაზღვრულია პერსონაჟის (ადამიანის) როლი, ამპლუა. მათთვის მინიჭებული ამპლუადან გამომდინარე მოქმედებენ ისინი დროსა და სივრცეში. მისი პიესების მთავარი მოქმედი პირები ორ ძირითადად დაპირისპირებულ მხარეებად არიან დაყოფილები. მეამბოხე სულის ახალგაზრდები, რომლებიც პროტესტს უცხადებენ მიღებული, „ბედნიერი“ ცხოვრების წესს. ასეთ ცხოვრებას სიკვდილი ურჩევნიათ და „გმირულად“ ირჩევენ კიდეც სიკვდილს. მეორენი - მიღებული, დადგენილი კანონებით, წესებით „სიცოცხლეს“ ირჩევენ (კრეონის შემთხვევაში თავადაც ქმნიან კანონებს) და აგრძელებენ ცხოვრებას. სწორედ ეს პროტესტი, გმირობა, სახელმწიფო დიქტატურისა და თავისუფალი პიროვნების დაპირისპირებაა გადმოცემული მეორე მსოფლიო ომის დროს, ოკუპირებულ საფრანგეთში, პარიზში დაწერილ „ანტიგონეში“. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ანუის დრამატურგიაში აისახება ცხოვრების ეკზისტენციური განსჯა. მიწიერ ცხოვრებაში შეუძლებელია ნამდვილი, ჭეშმარიტი სიყვარულის, სისუფთავის, სიწმინდის შენარჩუნება. გამოსავალი კი პროტესტის ნიშნად არჩეული გმირული სიკვდილია. დრამატურგმა ამბოხის, დადგენილი ცხოვრების კანონ-წესებთან შეუგუებლობის გამოსახატად, ოიდიპოსის და იოკასტას უმცროსი ქალიშვილის ანტიგონეს, მითი გადაამუშავა და შექმნა პიესა, რომელშიც ორი ტოლფასი პიროვნება აკეთებს არჩევანს. ანტიგონე სიცოცხლეს, დადგენილი წესებით ცხოვრებას, ეუბნება „არას“. აქედან გამომდინარე, იგი მომგებიან პოზიციაშია და გმირია. ინტელექტუალი კანონმდებელი, სახელმწიფოს მმართველი კრეონი ამბობს „კის“, ირჩევს ცხოვრებას, საზოგადოებრივი ფორმაციის - სახელმწიფოს მართვას და ამიტომაც წამგებიან პოზიციაში მყოფი ტირანია. ეს არ არის, მხოლოდ ანტიგონეს, ან, მხოლოდ კრეონის ტრაგედია, ეს ორივეს ტრაგედიაა. არჩევანი ორივესთვის ტრაგიკულია. ანტიგონე თავის არჩევანს სიცოცხლეს წირავს. კრეონი კი, სახელმწიფოს შესწირავს შვილს, ცოლს, დისშვილებს, ყველას, ვინც უყვარს და რჩება მარტო.
„ანტიგონეს“ საინტერესო ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა გაგა გოშაძემ. ახალგაზრდა რეჟისორმა ჟან ანუის პიესა ილიაუნის თეატრში დადგა. ქართული თეატრის ისტორიაში, მახსოვრობაში არსებობს ლეგენდად ქცეული სპექტაკლები. ამგვარ ლეგენდარულ სპექტაკლთა რიცხვს მიეკუთვნება მიხეილ თუმანიშვილის რუსთაველის თეატრში განხორციელებული „ანტიგონე“, ზინა კვერენჩხილაძის ანტიგონეთი და სერგო ზაქარიაძის კრეონით. მაყურებელს ჯერ კიდევ ახსოვს ის სპექტაკლი. ამიტომაც, გაგა გოშაძის არჩევანი თავისთავად უკვე გაბედულ ნაბიჯად მიმაჩნია. ილიაუნის სასწავლო თეატრში, კრეონის როლზე გია როინიშვილის მიწვევა კი, ახალგაზრდა რეჟისორის სწორი და წარმატებული არჩევანი აღმოჩნდა.
ამფიტრიონის მსგავს, რუხ ფერებში გადაწყვეტილ სივრცეში მოათავსეს რეჟისორმა და სცენოგრაფმა გია აგაშენაშვილმა ანუის პერსონაჟები. ორ, თუ, სამ რიგად განლაგებული კიბეები ნახევარ წრეს ქმნიან, შუაში მასიური, ვერცხლისფერი ორნამენტებით ამოტვიფრული რკინის კარია მოთავსებული. კარის გასწვრივ კედლებს მუქი, გამჭვირვალე ქსოვილი ქმნის. შუაში გორგოლაჭებზე დამაგრებული მოგრძო ფორმის კონსტრუქცია დგას, რომელიც ფორმით, საბავშვო მოედნებზე არსებულ ე. წ. აიწონა-დაიწონას მოგვაგონებს. ავანსცენის მარჯვენა კუთხეში პატარა მაგიდა და სკამი დგას, მაგიდაზე საბეჭდი მანქანა, ჩაის ჭიქა, სათვალე არის მოთავსებული. იქვე სათლიც დგას. მაგიდის ქვედა ნაწილში, კუთხეში პატარა, ნაჭრის სათამაშო დათვი აგდია (დევს). მაგიდის უკან ხის საკიდზე ტანსაცმელი კიდია, მათ შორის, ფერის გამო, გამოიყოფა წითელი პალტო. მარცხენა მხარეს მდგარ აკვარიუმში ოქროსფერი თევზია. სცენის მარცხენა და მარჯვენა ჯიბეები გაშიშვლებულია. რეჟისორსა და მხატვარს დაცული აქვთ პიესის დასაწყისში აღნიშნული ანუის მითითება დეკორაციის შესახებ - დეკორაცია უბრალო, მარტივია, სამი კარით. სცენაზე არაფერი ზედმეტი არ არის, ყველაფერს ფუნქციური დატვირთვა აქვს. მათ შორის, სცენის შუაში, მასიური კარით გაკეთებულ ლიუკს, რომელსაც ამბიდან გამომდინარე, ხან საიდუმლო გვირაბის, ხან აკლდამის ფუნქცია ეკისრება.
გაგა გოშაძემ თითქმის უცვლელად გადმოიტანა ანუის პიესა სცენაზე. მცირე კუპიურებს, რამდენიმე უმნიშვნელო მოქმედი პირის ამოგდებას (სამი მცველის მაგიერ ერთია, გაქრა კრეონის მსახურიც, სცენაზე არ ჩნდება კრეონის მეუღლე ევრიდეკე) თუ არ ჩავთვლით. ქორო-წამყვანს კი ავტორის ფუნქციაც მიანიჭა. რეჟისორმა აქცენტების გადაადგილებით გამოხატა სათქმელი. თავისუფალი არჩევანის უფლება თუ კანონმორჩილება? პიროვნული თავისუფლება თუ საზოგადოებრივი, სახელმწიფოებრივი დიქტატი? საინტერესო ის არის, რომ თუკი ანუისთან აშკარა სიმპათია იგრძნობა მეამბოხე ანტიგონესადმი (არ დაგვავიწყდეს, რომ პიესა მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებულ საფრანგეთშია დაწერილი), გაგა გოშაძის სპექტაკლში მაყურებლი თანაუგრძნობს ორივეს - ანტიგონესაც და კრეონსაც. ყოველშემთხვევაში, გია როინიშვილის კრეონის გაკეთებული არჩევანის გაგება და მიღება შესაძლებელია. უფრო მეტსაც ვიტყვი, კრეონი და ანტიგონე თანაბარ პოზიციაში არიან. პიესის მსგავსად ორივე გმირია, მაგრამ თუ ანუისთან ანტიგონე დადებითი, ხოლო კრეონი უარყოფითი გმირია, სპექტაკლში ასეთი მკვეთრი გაყოფა არ ხდება. რეჟისორმა მაყურებელიც ერთგვარი არჩევანის გაკეთების წინაშე დააყენა. შეიძლება ეს, გია როინიშვილის მიერ კრეონის სახის უბადლო ოსტატობით შესრულების გამოც ხდება...
სპექტაკლს, ისევე როგორც პიესას, ქორო იწყებს. ანუიმ ანტიკური ტრაგედიის ქორო პერსონაჟად აქცია და წამყვანის ფუნქცია დააკისრა. რეჟისორმა ანდრია ვაჭარაძის ქორო ავტორ-წამყვანად მოიაზრა. პიესაში და სპექტაკლშიც, ანტიგონე და კრეონი - ორი მთავარი პერსონაჟია, დანარჩენები კი მათი დამხმარე მოქმედი პირები არიან. სპექტაკლში ქორო-ავტორი თითქმის სულ სცენაზეა და რეჟისორის მიერ, მასზე დაკისრებული ფუნქციიდან გამომდინარე, მთავარ პერსონაჟად გადაკეთდა. ვინაიდან, სწორედ ქორო თანმიმდევრულად, მაყურებლის თვალწინ ქმნის სცენაზე გათამაშებულ ამბავს. ქორო ინტერაქტიულია, როგორც მაყურებლთან, ასევე პერსონაჟებთან. რეჟისორის კონცეფციით იგი ერთგვარი „დამაკავშირებელი ძაფია“ მაყურებელსა და სცენაზე მყოფ პერსონაჟებს შორის. ანდრია ვაჭარაძე შემოდის მაყურებელთა დარბაზში, ჩამოჯდება ავანსცენის კიდეზე და ესაუბრება მაყურებელს. აცნობს სპექტაკლის შექმნის დეტალებს, სთხოვს მობილური ტელეფონების გამორთვას, შემდეგ გადადის პიესაში არსებულ პროლოგზე, სადაც მოკლედ არის მოთხრობილი ანტიგონეს და კრეონის კონფლიქტის ისტორია. თხრობის დროს ადის სცენაზე, სპექტაკლის ტექნიკურ პერსონალს ხელით ანიშნებს და ეუბნება - დავიწყოთო. იმ ადგილიდან კი, სადაც პიესაში ქორო მოქმედი პერსონაჟებს ახასიათებს, რეჟისორი ქმედებას იწყებს სცენაზე. შთამბეჭდავია გაგა გოშაძის მიერ მოფიქრებული პერსონაჟთა ავტორისეული დახასიათების ვიზუალურად გამოხატვა. ჩრდილების თეატრის პრინციპზე ააგო რეჟისორმა ეს სცენა. სცენის სიღრმეში გაჭვირვალე კედლის მიღმა ქორო-ავტორის დასახელებული თითოეული პერსონაჟი და განათების საშუალებით გაკეთებული, ამ პერსონაჟის ჩრდილი ჩნდება. ანდრია ვაჭარაძეს ავტორი-ქორო, ხან აქტიურად ერთვება ქმედებაში, ხან შორიდან ადევნებს თვალს, ხან უშუალოდ ურთიერთობს თავისივე შექმნილ პერსონაჟებთან - ეფერება, ტუქსავს, წარმართავს... ახალგაზრდა მსახიობი ანდრია ვაჭარაძე მშვენივრად ართმევს თავს რეჟისორის მიერ მიცემულ ამოცანას - იგი ქმნის და აფასებს თავის პერსონაჟებს. ახალგაზრდა მსახიობის თამაშში არის: სწორი შეფასებები, იუმორი, მწუხარება, თანაგანცდა.
კიდევ ერთი საინტერესო ხერხი შემოგვთავაზა გაგა გოშაძემ. პერსონაჟების გაცოცხლება ავტორის მონათხრობის პარალელურად. ისინი მარიონეტების მსგავსად, ავტორის ნება-სურვილის მიხედვით, იწყებენ ქმედებას, ან, შეშდებიან სცენაზე.
სანამ კრეონისა და ანტიგონეს დახასიათებას შევუდგები, მოკლედ ვიტყვი დამხმარე პერსონაჟებზე. სამწუხაროდ გიორგი ჭუმბურიძის ჰემონი არაფრისმთქმელი, არაფრის აღმნიშვნელი, არაფრის გადმომცემი სახეა. იმისდამიუხედავად, რომ „ანტიგონეში“ სიყვარულის თემა მეორე პლანზეა გადასული, ანტიგონესა და ჰემონის სასიყვარულო სცენა, პისაში ერთ-ერთი ძლიერი ეპიზოდია. სამწუხაროდ სპექტაკლში ჰემონის როლის შემსრულებლის გამო ამ ეპიზოდმა ვერ გაიჟღერა. არ ვიცი ეს, რეჟისორის მიერ არასწორად განმარტებული და დასმული ამოცანის ბრალია, თუ თავად ახალგაზრდა მსახიობმა ვერ გაიაზრა ვინ უნდა ეთამაშა. ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, გაუგებარია მაკა ძაგანიას ისმენეს გაშეშებული მოძრაობები. თუკი ამგვარი პლასტიკა, რეჟისორმა და მსახიობმა ისმენეს დიდებული სილამაზის გამოსახატავად გააკეთეს, ვფიქრობ ძალიან შეცდნენ. გახევებული ისმენე არაფრის მიმანიშნებელი და მთქმელია. აქვე აღვნიშნავ, სხვა სპექტაკლებში, ამ ორი ახალგაზრდა მსახიობის სწორად გააზრებული სახეები, კარგი თამაში მაქვს ნანახი (მაგალითად: „ხარმსი“, „პოლიცია“). თამარ მაყაშვილის ძიძა და დავით ველიჯანაშვილის მცველი მშვენივრად ასრულებენ მათზე დაკისრებულ დამხმარე პერსონაჟების ფუნქციას. განსაკუთრებით გამოვყოფ დავით ველიჯანაშვილის მიერ შექმნილ სახეს. მსახიობი პლასტიკით, ჟესტიკულაციით, მიმიკით, დამახასიათებელი სიცილით - პატრონის ერთგული, ყურმოჭრილი მონის, დამფრთხალი, შეშინებული, ყეყეჩი პერსონაჟის სახეს ქმნის.
თამთა ნავროზაშვილის ანტიგონე გამხდარი, გაჩეჩილი თმებით, ფიზიკურად, შეიძლება ითქვას, შეუხედავი პატარა გოგოა. კოსტიუმიც შესაბამისია - უბრალო ტილოსგან შეკერილი ღიაფერის კაბა და მუქი ბათინკები. რეჟისორმა და მხატვარმა, ოიდიპოსის შთამომავალი ორი დის, ანტიგონესა და ისმენეს კოსტიუმებშიც გაუსვეს ხაზი რადიკალურად განსხვავებულ ხასიათს, ტიპობრიობას. ისმენეს გრძელი, წელში გამოყვანილი შავ-თერი კაბა აცვია და ბრჭყვიალა სამკაულები უკეთია, ვარცხნილობაც მისი დიდებულების შესაბამისია. ლამაზი ისმენეს არჩევანი კანონმორჩილი სიცოცხლეა. თუმცა ფინალისკენ, ანტიგონეს და კრეონის დიალოგის კულმინაციურ მომენტში, იგი შემორბის სცენაზე და კრეონს უყვირის, რომ ანტიგონეს სიკვდილით დასჯის შემთხვევაში, უარს ამბობს სიცოცხლესა და მორჩილებაზე. თუმცა ანტიგონე უპასუხებს, რომ „არა“ მას წუხელ უნდა ეთქვა, და მასთან ერთად შეესრულებინა ძმის დასაფლავების რიტუალი. სპექტაკლში, ისევე როგორც პიესაში, ისმენეს პროტესტით, კიდევ უფრო მძფრდება კრეონის არჩევანის, მის მიერ ნათქვამი „კის“ გამო, მარტოდარჩენილი ადამიანის ტრაგედია.
პიესაშიც და სპექტაკლშიც ამბავი იმ მომენტიდან იწყება, როდესაც ოიდიპოსის შვილებმა ეთეოკლემ და პოლენიკემ, შეთანხმებისამებრ მონაცვლეობით რომ უნდა ემართათ თებე, ძალაუფლების მოპოვებისთვის ერთმანეთი დახოცეს. რეჟისორის ჩანაფიქრით ტრაგედიის მიზეზი, ის საიდანაც იწყება ტრაგედია, მაყურებლის თვალწინ მთელი სპექტაკლის განმავლობაში, ვიზუალურად არსებობს სცენაზე. ეთეოკლე და პოლენიკე ტანსაცმლის საკიდზე ჩამოკიდებული ორი გრძელი, გასისხლიანებული ჯემპრია (შეიძლება საბრძოლო აბჯრებადაც აღვიქვათ), რომლებსაც ავტორი-ქორო და კრეონი საჭიროებისამებრ ქმედებაში რთავენ. უფროსმა ეთეოკლემ მისთვის განკუთვნილი მმართველობის დროის ამოწურვის შემდეგ, უარი თქვა პოლენიკესთვის მართვის სადავეები დაეთმო. პოლენიკემ უცხოთა ჯარი შეკრიბა და თებეს შეესია. თებეს შვიდ კარიბჭესთან, შვიდ უცხოელ მეფეთა ჯართან ერთად მიმდგარი პოლენიკე დამარცხდა. ქალაქი გადარჩა. კრეონმა, თებეს ახლმა მეფემ, უფროსი ძმის ეთეოკლეს პატივისცემით დაკრძალვის, ხოლო პოლენიკეს გვამის დაუმარხავად, ცხოველების საჯიჯგნად დატოვების ბრძანება გასცა. ყოველი, ვინც კრეონის ბრძანებას არ დაემორჩილება და პოლენიკეს დასაფლავებას გაბედავს, სიკვდილით დაისჯება. ანტიგონე ბრძანებას არ ემორჩილება, მიცვალებული ძმის გვამის გაპატიოსნებას, დამარხვას ცდილობს. ამ მომენტიდან იწყება ანტიგონესა და კრეონის ტრაგედია პიესაშიც და სცენაზეც. გაგა გოშაძემ აზრობრივად სწორად და საინტერესოდ გადაწყვიტა ანტიგონეს პირველი შემოსვლა სცენაზე. რეჟისორმა თამთა ნავროზაშვილის თმაგაჩეჩილი, გატურტყლიანებული ანტიგონე ლიუკიდან ამოაფოფხა. მან ხომ ახლახან მიაბარა მიწას პოლენიკე. ავტორი-ქორო ჩაიდანს იღებს და კუთხეში მდგარ აკვარიუმში აბანინებს ხელებს. აკვარიუმს, რეჟისორი და მსახიობები რამდენჯერმე იყენებენ. კონკრეტული საქმის, ამბის დასრულების შემდეგ ანტიგონე და კრეონი მასში ხელებს იბანენ. გია როინიშვილის კრეონი, ანტიგონესაგან ნაკბენი ხელის, ტკივილის დაამაბესაც ცდილობს აკვარიუმის წყალში. აკვარიუმის მეტაფორა სავსებით ნათელი და გასაგებია, მაგრამ ამაზე ცოტათი ქვემოთ მოგახსენებთ. რეჟისორის გადაწყვეტით ანტიგონეს სცენური სიცოცხლის დასასრულიც ზემოხსენებულ ლიუკთან არის დაკავშირებული. ამჯერად ლიუკი აკლდამაში ჩასასვლელია. კრეონმა ანტიგონეს ხომ ცოცხლად დამარხვა მიუსაჯა. ლიუკ-აკლდამასთან კი, მისი შემქმნელი ავტორი-ქორო მიაცილებს თამაშ-თამაშით. ისინი ხან საპნის ბუშტებს უშვებენ, ხან აიწონა-დაიწონაზე ტრიალებენ, ხან დახუჭობანს თამაშობენ. ამ თამაშში, ანდრია ვაჭარაძის ავტორ-ქოროს თვალებზე შავნაჭერახვეულ თამთა ნავროზაშვილის ანტიგონე, აკლდამის შესასვლელისკენ მიჰყავს, სახვევს უკვე აკლდამის პირზე მდგარს მოხსნის. რეჟისორმა ამით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ანტიგონე ეს ავტორის მიერ შექმნილი როლია, მისი ნებით გამოჩნდა იგი სცენაზე, მისივე ნებით ქრება სცენიდან. ანტიგონეს თავისი გმირული როლი უკვე შესრულებული აქვს.
რატომ ირჩევს ანტიგონე სიკვდილს? რატომ არ უნდა მას სიცოცხლე? რა არის მისთვის მთავარი ფასეულობა? ადამიანი - ადამიანისადმი სიყვარული. თამთა ნავროზაშვილის პატარა ანტიგონე, დიდი შინაგანი ძალის მქონე პიროვნებაა. მას სიკეთის, სიყვარულის რწმენა აძლიერებეს. ამიტომაც ჯერ ისმენეს, შემდეგ კი კრეონის მტკიცება, რომ ძმებს ეთეოკლეს და პოლენიკეს, საერთოდ არ აინტერესებდათ, არ უყვარდათ დები, სუსტი არგუმენტებია ანტიგონესთვის. მას უყვარს, პატივს სცემს თავის ძმას, როგორც ადამიანს და არ დაუშვებს, თუნდაც უკვე გარდაცვლილი ადამიანის ღირსების, უფლების შებღალვას. არ შეუძლია გვამი დაუკრძალავი, ცხოველების საჯიჯგნად დატოვოს. ერთადერთხელ უჩნდება ეჭვი არჩევანის, თავისი ქმედების სისწორეში, როდესაც კრეონი ორი ძმის ნამდვილ სახეს - არაფრისმქმნელი, სულელი, ეგოისტი, სასტიკი უვარგისი მუქთახორებისას - დაანახებს. ახსენებს, ერთხელაც როგორ წააგო დიდი თანხა პოლენიკემ, ოიდიპოსმა უარი უთხრა ვალის გასტუმრებაზე. შვილმა როგორ გააწნა სილა პასუხად. იმისათვის, რომ არ გაესამართლებინათ ოიდისპოსმა პოლენიკე ქვეყნიდან გაამგზავრა. ორივე ძმა, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, მამას მკვლელებს უგზავნიდნენ. ორივეს მამოძრავებელი ძალა - გამეფების სურვილი იყო. კრეონი იმასაც გაუმხელს, რომ ეთეოკლეს პატივით დაკრძალვა, ხოლო პოლენიკეს გვამის ცხოველებისათვის საჯიჯგნად დატოვება, ეს სახელმწიფოსთვის, ქვეყნისთვის გაკეთდა. პოლენიკეს აყროლებული გვამი მაგალითად უნდა იქცეს ყველა მოღალატისთვის. სინამდვილეში, მხოლოდ სიკვდილის ჟამს ერთმანეთს ჩახუტებული ძმებიდან, რომელია პოლენიკე და რომელი ეთეოკლე, დასახიჩრებული გვამიდან ძნელი ამოსაცნობი იყო. კრეონის არჩევანი, ხომ თებეს, როგორც სახელმწიფოს შენარჩუნებაა. აქ, სულ რამდენიმე წამით, ანტიგონე იწყებს ყოყმანს. ამ დროს, კრეონი დიდ შეცდომას უშვებს, ცდილობს ანტიგონე „ბედნიერი ცხოვრების“ არჩევანით მოხიბლოს. სწორედ ამ მომენტში, ანტიგონე რწმუნდება თავისი არჩევანის სისწორეში. პოლენიკეს და ეთეოკლეს ცხოვრების წესი - ეს მათი არჩევანი იყო, ადამიანის სიყვარული კი ანტიგონესი. კრეონი მართალია ირჩევს სახელმწიფოს მართვას, მაგრამ მისი ტრაგედია ის არის, რომ არ უყვარს, სძულს ადამიანები. და, მაშინ, ჩნდება კითხვა: ვისთვის ქმნის იგი ამ სახელმწიფოს?
კრეონის და ანტიგონეს ცხოვრების ეკზისტენციური განსჯა-დიალოგი პიესის და სპექტაკლის მთავარი, ყველაზე საინტერესო, შეიძლება ითქვას კულმინაციური ეპიზოდია. რეჟისორმა და მსახიობმა, ამ ეპიზოდის მნიშვნელობა, კრეონის სცენაზე პირველ შემოსვლაშივე ასახეს. სცენის სიღრმეში გაკეთებული კარიბჭე იღება, განათებით და ბოლით, იქმნება პომპეზურობის შეგრძნება, სცენაზე საქმიანი, ცოტათი დაღლილი, კარგ განწყობაზე მყოფი გია როინიშვილის კრეონი ჩქარი ნაბიჯით შემოდის. გია როინიშვილმა, შეიძლება ითქვას, ფილიგრანულად იმუშავა კრეონის სახეზე. ვინ არის კრეონი? რა როლი აირჩია მან ცხოვრებაში და რატომ? გია როინიშვილის კრეონს არაერთგვაროვანი, რთული როლის შესრულება ერგო. ფილოსოფიით, ლიტერატურით, ხელოვნებით გატაცებული ადამიანი, უცბად, გარემოებათა გამო, არჩევანის გაკეთების წინაშე დადგა. ეთქვა „კი“ სახელმწიფოს, ხალხის მართვაზე, მთლიანად შეეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი, თუ ეთქვა „არა“ და გაეგრძელებინა თავისი ცხოვრება. გია როინიშვილის კრეონი მოსიყვარულე მამა, ბიძა, ქმარია. ამას მოწმობს რეჟისორის მიერ მოფიქრებული ხერხი - ზემოთ ხსენებული ნაჭრის დათვის გათამაშება. მცველი პოლენიკეს გვამთან ნაპოვნ სათამაშო დათვს აწვდის კრეონს (მანამდე, ავტორი-ქორო აჩეჩებს სათამაშოს მცველს ხელში). გია როინიშვილის შეფასებით მაყურებელი ხვდება, რომ მას ეცნო სათამაშო დათვი. შემდეგ ირკვევა კიდეც, რომ დათუნია, პირველი სათამაშო იყო ანტიგონეს ცხოვრებაში და ის, სწორედ, კრეონს უჩუქებია. მცველი ანტიგონეს პოლენიკეს გვამთან შეპყრობის ამბავს ყვება. კრეონი და ანტიგონე ამფიტრიონის კიბეზე ჩამოსხდებიან. კრეონი ხელს გადახვევს ანტიგონეს, მცველის მონათხრობის პარალელურად, რაღაცას ჩასჩურჩულებს ხოლმე ყურში, ორივეს ეღიმება. შიგადა-შიგ მცველზე მიანიშნებს ანტიგონეს - რა სისულელეებს ბოდავსო. მათ ურთიერთობაში სითბო და სიყვარული იგრძნობა.
ანტიგონეს სიკვვდილით დასჯის განაჩენის გამოტანის შემდგომ, ჰემონისა და კრეონის შეხვედრის ეპიზოდში, გია როინიშვილი თამაშობს სახელმწიფოს მმართველსაც და მოსიყვარულე მამასაც. მამა-შვილის შეხვედრის მომენტში გია როინიშვილი მაყურებელთან ზურგით დგას და ზურგით თამაშობს. ვფიქრობ, ეს პროფესიონალიზმის უმაღლესი გამოხატულებაა. ჰემონი კარიბჭედან შემორბის, თავისივე გამოტანილი განაჩენით დამძიმებული კრეონი სცენის შუაში დგას. ატყობინებენ თუ არა ჰემონის შემოსვლას, მსახიობი წამსვე იცვლის სახის გამომეტყველებას, შეტრიალდება კარიბჭესკენ, წელში იმართება და გაშლილი ხელებით ეგებება შვილის შემოსვლას. სწორედ აქ, ამ სცენაში ხდება მამა-შვილის გულღია საუბარი. უნდა გაიზარდო, ყველას უდგება დაკაცების მომენტი, - შენ უნდა დაკაცდე და არჩევანი გააკეთო, - ეუბნება კრეონი თავის ვაჟს, თავის მემკვიდრეს. ჰემონი სიყვარულს ირჩევს. ჩანაფიქრი, იდეა, რეჟისორისა სწორედ ეს იყო. სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნე, გიორგი ჭუმბურიძემ ვერ განახორციელა, რეჟიორის მიერ მიცემული ამოცანა.
აიწონა-დაიწონას გამოყენება სპექტაკლის მსვლელობისას რამდენჯერმე ხდება. მათ შორის ანტიგონეს და კრეონის დიალოგის ეპიზოდში. მაგალითად, როდესაც კრეონი უხსნის ანტიგონეს, თუ რატომ თქვა „კი“, რატომ დათანხმდა სახელმწიფოს მმართველობაზე. გია როინიშვილი დანადგარის შუა ნაწილზე შეხტება, ხელებს შლის, თითქოს წონასწორობას იცავს. რეჟისორის და მსახიობის მიერ მიგნებული, ეს ვიზუალური გამოხატულება, უფრო მკაფიოს, ნათელს ხდის კრეონის ყოყმანს გადაწყვეტილების მიღებისას, არჩევანის გაკეთებისას, რომელი გადაწონიდა - ჩვეული ცხოვრება, თუ, გამეფება, ხალხის მართვა.
ზემოთ, აკვარიუმზე და მის დანიშნულება-გამოყენებაზე ვსაუბრობდი. აკვარიუმი სპექტაკლის ფინალშიც თამაშდება. მეტაფორა ნათელი და გასაგებია. ასოციაციურად პილატეს ცნობილი ქმედება და გამონათქვამი გახსენდება. ებრაელ სამღვდელოებასთან ჭიდილის შემდეგ, ვინ გააკრან ჯვარზე - ქრისტე, თუ, ბარაბა, ქრისტეს ჯვარზე გაკვრის განაჩენის გამოტანისას - ამ საქმიდან ხელები დამიბანია - იტყვის პილატე და ხელებს დაიბანს. სპექტაკლში კრეონი ანტიგონეს სიკვდილს - ცოცხლად დამარხვას - მიუსჯის. ავტორი-ქორო ავანსცენის შუა ნაწილში გადმოიტანს აკვარიუმს და ხელს აბანინებს გია როინიშვილის კრეონს. ვფიქრობ, აჯობებდა, რეჟისორი მხოლოდ ამ მეტაფორით შემოფარგლულიყო და აკვარიუმის წყალი არ გაეწითლებინა. ეს იმდენად პირდაპირი მინიშნებაა კრეონის სისხლიანი ხელებისა, რომ დახვეწილი გემოვნებით შექმნილ სპექტაკლსა და გია როინიშვილის ინტელექტუალ კრეონს არ ესადაგება. პირადად ჩემზე, უგემოვნოდ, ბრტყლად მოფიქრებული ხერხის შთაბეჭდილება დატოვა. ისევე როგორც, ფინალში კრეონის შემოსვა წითელ პალტოში და ისე გაყვანა სცენიდან. ხელების დაბანის შემდეგ, ავტორი წითელ პალტოს მოაცმევს კრეონს და თითბერის უბრალო გვირგვინს აწვდის. გია როინიშვილი თავზე მოირგებს გვირგვინს და 5 საათზე დანიშნულ სხდომაზე მიემართება. გზა - ავანსცენიდან სცენის სიღრმეში მოთავსებულ კარიბჭემდე აქვს გასავლელი. მაყურებელმა ავტორისგან უკვე იცის ჰემონის თვითმკვლელობის შესახებ. გასავლელი გზის მონაკვეთში, ავტორი კრეონს, ევრიდიკეს თვითმკვლელობის ამბავს უყვება ხატოვნად. გია როინიშვილი ნელ-ნელა წელში იხრება, ხელს მარცხენა მკლავზე იდებს, თითქოს გულის შეტევა ემართება. კიბეებზე ასვლისას კი, როდესაც კარიბჭე იღება, ხალხთან შეხვედრის წინ, წელში სწორდება. კრეონი აგრძელებს საკუთარი არჩევანის კეთებას - ტირანად მუშაობას.
დღესაც, პრაგმატულ 21-ე საუკუნეში, აღგაფრთოვანებს ანუის გმირის - ანტიგონეს მედგარი, შეუვალი ხასიათი, მისი არჩევანი. გაგა გოშაძის სპექტაკლი კი, გხიბლავს მსახიობთა თამაშით, დეკორაციით, მუსიკალური გაფორმებით და რაც მთავარია, ზედმიწევნით ანუისეული კონცეფციით. სიცოცხლეზე, ცხოვრებაზე უარის თქმა, შეიძლება გმირული საქციელია, მაგრამ იმავდროულად დამაფიქრებელი. სიცოცხლე, ხომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ანტიგონეს, რომელმაც ჯერ არ იცის რა არის დედობა, რომელიც ჯერ კიდევ ქალად არ ჩამოყალიბებულა, ეშინია სიკვდილის. ამას ის რამდენჯერმე იმეორებს. ეშინია, მაგრამ მაინც სიკვდილს ირჩევს. სწორედ ეს არის გმირობა. - დაივიწყე, შენ მას არ უყვარხარ, ეუბნება კრეონი ჰემონს. - რა ვქნა სიცოცხლე მივუსაჯო? - კითხულობს კრეონი. ერთადერთი ვისაც ანტიგონესი ესმის, ეს კრეონია. - სიცოცხლე - საყვარელი წიგნია, სიცოცხლე - ფეხებთან მოთამაშე შენი შვილია, ეს ჩაქუჩია, რომელიც მაგრად გიჭირავს, ეს შენს სახლთან არსებული სკამია, რომელზედაც საღამოობით დაისვენებ; ოდესმე მიხვდები, რომ სიცოცხლე, მაინც ბედნიერებაა - ამ სიტყვებით ცდილობს კრეონი ანტიგონეს გადარწმუნებას. ანტიგონესთან დიალოგის ფინალისკენ კი, კრეონი ხვდება, რომ ყველა არგუმენტი ანტიგონეს არჩევანის წინაშე უძლურია. - თქვენ ხომ სხვანაირად არ შეგიძლიათ... - შენ ოიდიპოსის ნამდვილი შვილი ხარ, - ეუბნება იგი ანტიგონეს. გია როინიშვილის კრეონმა მშვენივრად იცის, რომ ამ განაჩენით, იგი ტირანად შევა ისტორიაში, მაგრამ ეს, მისი არჩევანია, მისი როლია, მისი ამპლუაა.