top of page

ანტიქრისტა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

4554F69D-54E1-4A78-A419-F20F99A5B7C3.png

11.11.2025

 თამარ ქუთათელაძე

 ანტიქრისტა               

        

რეჟისორ სოსო ნემსაძის დადგმები გამოირჩევა ჩვენი თითქმის ამწუთიერი სინამდვილის უმწვავესი პრობლემის გაბედული, სახიერი  ჩვენებით. ამის დასტურია მის მიერ თუნდაც წინამორბედ სამსახიობო ჯგუფთან განხორციელებული დადგმა კარელ ჩაპეკის „თეთრი ჟამი“. ასეთივე გახლდათ გასული თეატრალური სეზონის მიწურულს წარმოდგენილი  თანამედროვე დრამატურგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავტორის, ამელი ნოტომის მიერ 2003 წელს შექმნილი რომანი „ანტიქრისტას“ ინსცენირება. ქართველმა  მაყურებელმა გასულ თეატრალურ სეზონებში იხილა რეჟისორ თათა პოპიაშვილის მიერ გორის თეატრში არაჩვეულებრივი პროფესიული ოსტატობით დადგმული ამავე მწერლის პიესა „მტრის კოსმეტიკა“.

      

სოსო ნემსაძის განხორციელებულ წარმოდგენაში „ანტიქრისტა“ (მთარგმნელი მერაბ ფიფია), მონაწილეობდნენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები. სპექტაკლში მოზარდი გოგონების ე.წ. მეგობრობის თემა თანამედროვე საუკუნის ფსევდოღირებულებათა დემონსტრირებად წარმოგვიდგა. მასში უმთავრესად ორი მთავარი პერსონაჟია, - ბლანში და ქრსიტა. თავად ანტიქრისტას ანუ ქრისტას როლს შთამბეჭდავად განასახიერებს მსახიობი კესო დვალიშვილი, ხოლო  ბლანშის როლს ორი შემსრულებელი ჰყავს - მარიამ თვალაბეიშვილი, - გათამაშებული ისტორიის მთხრობელი და  მარიამ მღებრიშვილი, რომელსაც მოულოდნელად თავს დაატყდება ქრისტას სატანისტური  ოინები. 

         

უცხოური  კრიტიკა ამელი ნოტომის ამ რომანს არცთუ უსამართლოდ რელიგიურ საფუძველსაც უძებნის. მართლაც, ისტორია, რომელსაც ვეცნობით ამ უჩვეულოდ შეკრულ, გამოკვეთილი რეჟისორული კონცეფციით აღბეჭდილ წარმოდგენაში შთამბეჭდავად ხატავს ჩვენს დაუნდობელ, სასტიკ საუკუნეს, მის გაუსახურებულ ურთიერთობებს. ჩვენი ეპოქის ამ სატანისტურ კატაკლიზმებს შემოქმედებითი აზარტით, მსუბუქი იუმორით, ირონიითა და დროდადრო სარკაზმითაც წარმოადგენენ ახალგაზრდა მსახიობები. როგორც ირკვევა, თანამედროვეობის ულმობელ თამაშის წესებში „სახელოვანი ვამპირი მამების“ გვერდით, უკვე შესაშურად გაწაფულან  ახალგაზრდებიც. ამ მეთოდოლოგიის „მსხვერპლად“ გადაქცეულებს კი, უნებურად უბიძგებენ საფუძვლიანად გადააფასონ მარადიული ღირებულებები, ოდესღაც საიმედო თავშესაფრად ქცეული საოჯახო ინსტიტუტის შემორჩენილი  სიმყარე, თვისებრივად გააფართოვონ უსასრულოდ მზარდ „მტაცებელთა“  არეალი.

           

მარიამ თვალაბეიშვილის თვალისმომჭრელი სილამაზის, სილაღისა თუ სითამამით გამორჩეული პერსონაჟი, თანამედროვე ჯენზის თაობის კლასიკური სახეა. წარმოდგენის დასაწყისიდან ფინალამდე იგი იუმორით, ლამის ნიშნისმოგებით ყვება საკუთარ თავგადასავალს, ურთიერთობას მის ე.წ. მეგობარ ქრისტასთან, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მისი  აზროვნება, პრიორიტეტები, ვიზუალი, ცხოვრების წესი და მომავალი. ორი სტუდენტი გოგონას თითქოსდა უანგარო, გულწრფელი მეგობრობა, სადაც სასწორზე ერთმანეთის რადიკალურად განსხვავებული ღირსებები დაიდო, მალე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში გადაიზარდა. თუმცა, ეს უჩვეულო ორთაბრძოლა, საზრიანი ბლანშის დროული გაფხიზლების შედეგად, დემონური სულისკვთებით აღსავსე ქრისტაზე მისი  ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა.

        

განსხვავებულია მარიამ მღებრიშვილისა და მარიამ თვალაბეიშვილის ვიზუალი, ღირებულებები, თავდაჭერა, დამოკიდებულება ადამიანებისა თუ გარესამყაროსადმი. ახალგაზრდა მსახიობი მარიამ მღებრიშვილი თანმიმდევრულად წარმოგვიდგენს მისი სცენური გმირის მენტალურ ტრანსფორმაციას, ღირებულებათა გადაფასების ვექტორს. იცვლება მისი დამოკიდებულება მთელ სამყაროზე, მათ შორის ყველაზე უახლოესი ადამიანების, მშობლების მიმართაც და რაც მთავარია, თვალნათლივ წარმოუდგება ახალი რეალობა - თანამედროვე საზოგადოების უნიღბო სახე. იქ, სადაც ადამიანი ადამიანისთვის მგელი გამხდარა, აუცილებელია სიცოცხლისათვის, თვითგადარჩენისთვის ბრძოლა, მესამე ათასწლეულის ე.წ. „თამაშის წესებში“ გარკვევა. 

       

წარმოდგენის დასაწყისში მარიამ მღებრიშვილი სცენაზე ქმნის თითქმის ოთახის მცენარედ, წიგნის ჭიად გადაქცეულ, ლამის ბურთივით მრგვალ, მორცხვ, ინფანტილურ, არა მხოლოდ გარემომცველი საზოგადოების, არამედ საკუთარი მშობლებისთვისაც მოსაწყენ, უჩინარ გოგონას სახეს. სწავლასა თუ თვითგანათლებას ხარბად დაწაფებული გონიერი არსება, რომელსაც არასდროს ჰყოლია მეგობარი, სტუდენტობის დასაწყისშივე, საყოველთაო ყურადღებით განებივრებული, უზადო გარეგნობის ქრისტას ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ეს ფაქტი მისთვის უკვე გამოცანად გადაქცეული, მალევე ჰპოვებს განვითარებას და მორიგ სიურპრიზებში გადაიზრდება. როგორც მოგვიანებით ირკვევა, ცივილიზებული ჯუნგლის გულისგულში შობილი, აღზრდილ-დაბრძენებული ქრისტა, შეუცდომლად ჩაწვდა  გულუბრყვილო ბლანშის მიმნდობ ხასიათს, ხოლო მასთან ე.წ. მეგობრული ფლირტით, შორსმიმავალი გეგმებიც დასახა.

       

კესო დვალიშვილის მიერ სასწავლო თეატრის სცენაზე ოსტატურად გათამაშებული  მედიდური ქრისტას ცინიზმით აღსავსე ავანტიურისტის ნიღაბი, ენათესავება ჯაყო ჯივაშვილის ხრიკებსაც. თამამი, ხალისიანი, შესაშურად თავისუფალი, მოხერხებული ქრისტა, ელვისებური სისწრაფით ხიბლავს არა მხოლოდ ბლანშს, არამედ ბლანშზე გაცილებით უფრო ინფანტილურ მის მშობლებსაც. ისინი უკვე ღიად აღიარებენ, რომ ყოველთვის ოცნებობდნენ სწორედ ასეთი ქალიშვილი ჰყოლოდათ და არა ისეთი მოსაწყენი მარტოსული, როგორიც ბლანში. 

         

ამელი ნოტომის მიერ შესაძლოა არც  ბლანშის სახელია შემთხვევით შერქმეული მისი რომანის ცენტრალური გმირისთვის. თუმცა, ამჯერად, მარიამ მღებრიშვილის ინტელექტუალური, წიგნიერი სცენური გმირი, ტენესი უილიამსის სახელოვანი პიესა „ტრამვაი, სახელად სურვილის“ მთავარი პერსონაჟისაგან რადიკალურად განსხვავებულ სახედ წარმოგვიდგა.  ქრისტას თავხედობასა და უტიფრობაში გადასული სითამამე, მასპინძლის ოჯახსა და მშობლებში ბლანშის კუთვნილი ადგილის მითვისება, მეგობრის საეჭვო ყოფაქცევა, სულ უფრო აღრმავებს მის მიმართ უნდობლობას. გონიერი გოგონა  იძულებული ხდება თავადვე ეძებოს პასუხი მის მიერ ანტიქისტად მონათლული ქრისტას გასაიდუმლოებულ მშობლებზე, საცხოვრებელ ადგილზე. ამიერიდან, დროულად გაფხიზლებული ბლანში, შორდება თავის ტრადიციულ ცხოვრების წესს და თითქმის ნამდვილის დეტექტივი ხდება. მისი მიზანია მეგობარი ქალი - ვამპირის შესწავლა, მხილება, მისი ჯადოსნური ხიბლისა და მავნებლობისგან განძარცვა - განიარაღება.  მეგობრის სიყვარულიდან მის სიძულვილამდე ტრანსფორმირებული და მრავალგზის დაეჭვებული ბლანში, აღმოაჩენს რომ ამ ლაღი, თითქოსდა ღარიბი ქრისტას მიღმა, საყოველთაო ავტორიტეტით გათავხედებული, მძლავრი ოჯახის თავზეხელაღებული, მგლური წესებით მოთამაშე მანიპულატორი შთანთქმას უპირებს  მსხვერპლს, მის ოჯახს და მიზანმიმართულად შეურჩევია მეგობრად გულუბრყვილო ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე.

       

დახვეწილი პლასტიურობით, მუსიკალობით, ჭეშმარიტი არტისტიზმით აღსავსე, მრავალფეროვანი და ელასტიური აქტიორული ბუნების ქრისტასთან „მეგობრობა“, მისი მტრული, დემონური ბუნების შეცნობა, ბლანშს ახალი ათასწლეულის ღირებულებებს გადმოუშლის თვალწინ. არწმუნებს, რომ მხოლოდ წიგნიერებით გადარჩენა არ უწერია. თანამედროვე რეალობა მას აიძულებს გაისარჯოს, შეისწავლოს ახალი, მისთვის უცხო  ცხოვრებისეული სიბრძნის ლაბირინთები. ჩაწვდეს იმ დაუწერელ, მაგრამ არსებობისთვის აუცილებელ „კანონებს“, რაც სიმულაციურ ეპოქაში გადარჩენის ერთადერთ გარანტად დამკვიდრებულა. გარდა ამისა, იბრძოლოს ამ ეფემერულ საუკუნეში თვითდამკვიდრებისთვის, თავადაც უპირობოდ გახდეს ეფექტური ქალი, რომ არ გაქრეს კეთილმოსურნეობით შენიღბული, ცბიერი, ფუჭად მოელვარე არსებათა, ანტიქრისტეს ანასხლეტთა  ჩრდილში, რომელთაც მრავალი მიმნდობი, მარადიულ ღირებულებათა ერთგული პიროვნება ნაადრევად დაასამარეს. 

        

წარმოდგენის მიწურულს, ბურთივით მრგვალი, მეოცნებე, მორცხვი გოგონა, გარდაიქმნება ტანასხლეტილ, მომხიბლავ ბლანშად. მამა-შვილის მტაცებლური ხრიკებისგან თავდახსნილი,  დაუნანებლად განერიდება სასწავლებელს,  რომელიც ვერ და არ სთავაზობს ცოდნას ახალ სინამდვილეზე, - ცივილიზებულ ჯუნგლში თავდაცვისა და თვითგადარჩენისთვის.

bottom of page