„აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში!“

… აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში!

 

ლელა ოჩიაური

 

მე მგონი, არ დარჩენილა ადამიანი, ვინც ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული გარემონტებულ-რესტავრირებული თეატრი ნახა და არ მოეწონა, თვალში რაიმე ხინჯი მოხვდა ან, თუნდაც, საგანგებოდ ეძება და აღმოაჩინა. ნანახს ყველა  მნახველი ერთხმად და აღმატებულად აქებდა.  და ეს რომ გადაჭარბებული შეფასება და ზრდილობის ჟესტი არ იყო, როგორც მიღებულია, ახალმოსახლობის დროსა და პრემიერის შემდეგ „აუცილებელი“ მილოცვისას რომ მივმართავთ, მეც დავრწმუნდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ვასილ ჩიგოგიძისა და თეატრის დირექტორ ზაზა ჯინჭარაძის (რომელიც წარმატებულ დირექტორთან ერთად, თეატრის წამყვანი მსახიობია) წყალობით,  მეც მომეცა არა მხოლოდ თეატრის დათვალიერებისა და ჩემწილად აღფრთოვანების შესაძლებლობა, არამედ სპექტაკლების ნახვაც, უახლოესი მომავლის გეგმების გაცნობაც და იმ ეჭვებისა თუ კითხვის გაქარწყლების სრული პირობაც, რომელიც მეც და ბევრსაც წინასწარ გვღრღნიდა -  ხომ არ დარჩებოდა ეს ახალი და მშვენიერი თეატრი მხოლოდ ცარიელ შენობად და შესაბამისი „შინაარსით“ არ შეივსებოდა.

ოზურგეთის თეატრმა, რომ იტყვიან, ტემპი აიღო და  ახალი/განახლებული სივრცე და 153-ე სეზონი, ზედიზედ ოთხი პრემიერით გახსნა - ვასილ ჩიგოგიძის „მონატრება - არ გააღვიძოთ!“, თეატრმცოდნე ლელა არაბიძის ინსცენირება, ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით; დიმიტრი ხვთისიაშვილის „მთავარი როლი“, თამარ ბართაიას პიესის ინსცენირება და ვანო ხუციშვილის „3+3“, მანანა დოიაშვილის ამავე სახელწოდების პიესაზე, რომლითაც, მცირე სცენა გაიხსნა. (სამივე - ქართულ დრამატურგიაზე და ესეც, შეიძლება თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკის ერთ-ერთ ნიშნად ჩავთვალოთ). და ელენე მაცხონაშვილის თოჯინური „დონ კიხოტი“, მიგელ დე სერვანტესის რომანის მიხედვით, დიდებისა  და არა მარტო მათთვის - ბავშვებისთვისაც.

როგორც მითხრეს,  გახსნას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად უცხოელი სტუმრებიც დაესწრნენ თეატრალური წრეებიდან და ფესტივალებიდან და თეატრი უკვე მიწვეულია უკრაინაში, ყაზახეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში.

ამავე დროს, ნაწილზე მუშაობა დაწყებულია, ნაწილზე მალე დაიწყება,  ნაწილზე მალე დასრულდება და მალევე გაიმართება  - სპექტაკლების - ედუარდო დე ფილიპოს „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“ (რეჟისორი ოთარ კუტალაძე), ვაცლავ ჰაველის  „ვერნისაჟი“ (რეჟისორი მამუკა ბაბილოძე), ნიკა საბაშვილის „გურიის რესპუბლიკა“ (რეჟისორი ნიკა საბაშვილი),  „გურიის უკანასკნელი დედოფალი“, გოჩა კაპანაძის ინსცენირება თამარ პაპავას „დარეჯან გურიის დედოფალის“ მიხედვით (რეჟისორი გოჩა კაპანაძე) და ერნსტ ჰოფმანის მიხედვით, „მარი და ჰარის თავგადასავალი“  (რეჟისორები - ვასილ ჩიგოგიძე და ლალი თაბაგარი) -  პრემიერები.

საკუთარი სარეპერტუარო ჩვენების გარდა, ოზურგეთში, 27 ივნისიდან იწყება სტუმარი თეატრების სპექტაკლების ჩვენება, ჯერჯერობით, მათ შორისაა -  ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის „საბრალდებო დასკვნით“ (რეჟისორი რამაზ იოსელიანი, თბილისის ალექსანდრ გრობოედოვის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რადიარდ კიპლინგის „მაუგლით“ (რეჟისორი ვახტან ნიკოლავა), ბავშვებისთვის.

ნოდარ დუმბაძის მოთხრობებისა თუ რომანების ვარიაციები, მათ შორის, ახალი, „მონატრება - არ გააღვიძოთ!“ - ოზურგეთის თეატრის მრავალწლიანი სავიზიტო ბარათია, როგორც თავადვე უწოდებენ, თუმცა არა „საამუზეუმო ექსპონატი“, რომელიც წლიდან წლამდე არ იცვლება. ის მუდამ იცვლება, ახალ ფერებს იძენს, მაყურებელსაც წლებია უყვარს და პერსონაჟებთან ერთად გულამოსკვნით ტირის და გულიანად იცინის.

ინსცენირების ავტორებმა კი არ შეცვალეს ნოდარ დუმბაძის ტექსტები ან მოთხრობილი ამბები, არამედ, ახალ კონტექსტში  მოაქციეს, გააერთიანეს და ამგვარი დამონტაჟებით ახალი ჟღერადობა მისცეს. და რეჟისორმა ახალი ფორმა მისცა ამ ჭრელ და მრავალფეროვან ისტორიებს გურიის სხვადასხვა დროის სხვადასხვა სოფლიდან.

„არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში“ და არსად ისე ზუსტად და ლაღად არ შეუძლიათ მოუძებნონ ნოდარ დუმბაძის პერსონაჟებს მკვეთრი შტრიხები, მახვილები, ინტონაციები, როგორც  გურიაში და ყველასთვის ნაცნობი გმირები ცოცხალი ფერებითა და  იუმორით,  სახასიათო ნიშნებითა და კუთხისთვის სპეციფიკური ზოგადი თვისებებით წარმოადგინონ. ენამახვილობა და მოხდენილი სიტყვა-პასუხი ხომ ისედაც სისხლში აქვთ გამჯდარი. იუმორი ურთიერთობის ბუნებრივი, ჩვეულებრივი ფორმაა და რაღაცას რომ იტყვიან და გეცინება, უკვირთ, რა აცინებსო.

სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის, სხვადასხვა თაობის თითქმის მთელი დასია დაკავებული (უხუცესიდან, საქართველოს სახალხო და დამსახურებული არტისტებიდან დაწყებული, დებიუტანტებამდე და სკოლის მოსწავლემდე -  ვასილ ბუბუტეიშვილი, ზაირა თოთიბაძე (საქართველოს დამსახურებული არტისტი); ციცი  ბუცხრიკიძე, თამარ მდინარაძე, ნიკა ძნელაძე, ზაზა ჯინჭარაძე, გაბრიელ  მდინარაძე (94 წლის, საქართველოს სახალხო  არტისტი, რომელიც არა მარტო ოზურგეთის, მთელი ქართული თეატრის სიამაყე და ღირსებაა), ომარ ურუშაძე (საქართველოს დამსახურებული არტისტი), მარგარიტა ავაქიანი, მარიკა  ასათიანი, კობა  ახალაძე, შორენა  გვეტაძე, ანი  გოდერძიშვილი, გიორგი დოლიძე, ირაკლი  ვადაჭკორია,  ბელა  კიკვაძე, ჯემალ კეჭაყმაძე,  თეა კეჭაყმაძე, დავით კვერღელიძე, თემურ კვირკველია,  ალექსანდრე ლომიძე, ლია მარტიაშვილი,  გენადი ნიკოლაშვილი, ლევან საღინაძე,  ვახტანგ ჩხარტიშვილი, მერაბ  ჩხაიძე, გიორგი  ჩავლეშვილი, ვერიკო ხუხუნაშვილი,  ნინო  ჯუღელი, ზვიად  ჯორბენაძე, ანა  მალახოვა (მოსწავლე) და ერთი მიწვეული მსახიობი ზურაბ  ცინცქილაძე (საქართველოს დამსახურებული არტისტი).

ისინი  ქმნიან ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების პერსონაჟების დდ და მოცულობით პანოს, რომელსაც საფუძვლად სიყვარული, თანაგრძნობა, თანადგომა და სიკეთე უდევს.

ზურაბ ცინცქილაძე ხან ნოდარ დუმბაძეა, თან მისივე ავტოპერსონაჟი „მარადისობის კანონიდან“ და სხვა ნაწარმოებებიდან, თან მთხრობელი, დამკვირვებელი, რომელიც „შიდა“ სივრცის მიღმა, განსხვავავებულად მეტყველებს, მოძრაობს, მოქმედებს, სხვა განზომილებიდანაა, პირველ რიგში, სწორედ ნოდარ დუმბაძის „მონატრებას“ ეძღვნება ვასილ ჩიგოგიძის სპექტაკლი და შემდეგ ყველა სხვა დანარჩენს.

ვასილ ჩიგოგიძე ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაა ქართულ თეატრალურ სამყაროში, რომლის უნარებისა და მონდომების წყალობით,  საქართველოს უნიკალური სივრცე შეემატა და სხვა, ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი თეატრებისთვისაც პრობლემების დაძლევის იმედი გაჩნდა.

ყველა აღნიშნავს და მეც მინდა ვთქვა, თუ რა გაკეთდა და შეიქმნა ახალაშენებულ თეატრში, როგორ აითვისეს ეს გრანდიოზული და ისტორიული ძეგლი, საბჭოთა არქიტექტურის 40-50-იანი წლების, სტალინური ეპოქის მონუმენტური ხუროთმოძღვრების ტიპური ნიმუში, როგორაა აღდგენილი და შენარჩუნებული ყველა დეტალი და კუთხე-კუნჭული და ამასთან, როგორი ხარისხია ამ ყველაფრის შესრულებაში, როგორაა შენობა აღჭურვილი უახლესი და მაღალი ხარისხის ტექნიკით,  როგორია დარბაზი,  რესტავრირებული ჭერის მოხატულობითა და ორნამენტებით, ახალი და კომფორტული სკამებით, როგორია სცენა, ნებისმიერი ტექნიკური შესაძლებლობით და როგორ გაჩნდა ახალი და არაცარიელი, ფუნქციურად დატვირთული სივრცეები - მცირე სცენა, რადიო თეატრი „გეყურება“ (მოფიქრება ხომ უნდოდა!), სამხატვრო სახელოსნო შემოქმედებითი ექსპერიმენტებისთვის, თეატრის მუზეუმი მუდმივმოქმედი ექსპოზიციით,  სარეპეტიციოები და კიდევ ბევრი სხვა სათავსო თუ კუთხე, და ეს არასრული ჩამონათვალი (რა თქმა უნდა, შემოქმედებითი ცხოვრების ჩართულობით, რისთვისაც ყველაფერი გაკეთდა) თეატრს კულტურის ცენტრად და ოზურგეთის (და არა მხოლოდ)  განსაკუთრებულ ორიენტირად აქცევენ. რაც იყო და უნდა იყოს ქართული თეატრის მთავარი როლი და დანიშნულება.

P.S. ჯერჯერობით კიდევ ერთი სპექტაკლი, რომელიც ოზურგეთის თეატრში ვნახე, იოანე (ვანო) ხუციშვილის „3+3“-ია, მანანა დოიაშვილის ამავე სახელწოდების პიესაზე, რომლითაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მცირე სცენა გაიხსნა და რომლის შესახებაც რეცენზიები და გამოხმაურებები სოციალურ ქსელში, ონლაინპლატფორმებზე თუ თეატრის გვერდზე უკვე  გამოქვეყნდა. ჩემ შთაბეჭდილებას ოზურგეთელების ამ ახალ წარმოდგენაზე შემდეგ წერილში გაგიზიარებთ.