
არ ვსიტყვავუხვობ, ასე აღვიქვამ

25.11.2026
ზუკა ნემსაძე
არ ვსიტყვავუხვობ, ასე აღვიქვამ
იასმინა რეზას პიესა „ART“ ქართული თეატრალური სივრცისთვის ახალი და უცნობი ნაწარმოები ნამდვილად არ არის. 1999 წელს თემურ ჩხეიძემ ეს პიესა მაყურებელს საკუთარი სცენური ინტერპრეტაციით წარუდგინა. წლების შემდეგ კი ნაწარმოებს ახალი სიცოცხლე ახალგაზრდა რეჟისორმა თემო გველესიანმა შესძინა. მისი სადიპლომო ნამუშევარი - „დიაგნოზი: ხელოვნება!“ - თავდაპირველად შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე განხორციელდა, თუმცა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ხელმძღვანელის, ვანო ხუციშვილის გადაწყვეტილებით, წარმოდგენამ ახლა უკვე თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში გადაინაცვლა.
ვანო ხუციშვილის, როგორც თეატრის ხელმძღვანელის, ეს მიდგომა განსაკუთრებულად დასაფასებელია. ახალგაზრდა რეჟისორისა და მსახიობებისთვის კარის გაღება და მათი შემოქმედებითი ძიებების მხარდაჭერა, მით უფრო ისეთი ისტორიისა და მნიშვნელობის მქონე თეატრის სცენაზე, როგორიც თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრია, ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს არის ახალი თაობისთვის პროფესიული სივრცის შეთავაზება და მათი შესაძლებლობების მიმართ ნდობის გამოხატვა.
„დიაგნოზი: ხელოვნება!“ ერთგვარი ფსიქოლოგიური კომედიაა თანამედროვე ხელოვნებაზე, მეგობრობაზე, გემოვნებაზე, პირად შეხედულებებსა და იმ წინააღმდეგობებზე, რომლებიც ერთი შეხედვით უმნიშვნელო უთანხმოებასაც კი შეიძლება მოჰყვეს. საინტერესოა თავად ეს თეატრალური „გადაადგილებაც” - უნივერსიტეტის სცენიდან პროფესიულ თეატრში გადმოტანილი სტუდენტური ნამუშევარი, რომელიც ახალ სივრცეში მაყურებელთან შეხვედრისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის შანსს იღებს.
თავად სახელწოდება - „დიაგნოზი: ხელოვნება!“ - გარკვეულწილად მიანიშნებს რეჟისორის ინტერესზე თანამედროვე ხელოვნების მიმართ და იმ კითხვებზე, რომლებსაც იასმინა რეზა თავის პიესაში სვამს. თემო გველესიანმა სადიპლომო ნამუშევრისთვის სწორედ იასმინა რეზას ცნობილი პიესა „ART“ შეარჩია, რომელიც ქართულად თამაზ გოდერძიშვილმა თარგმნა. რეჟისორი სპექტაკლს საკუთარი სათაურითა და მხატვრული ხედვით წარმოგვიდგენს. დინარა ზურაბიანის სცენოგრაფია მინიმალისტურია, გიგა გოგიჩაძის მუსიკალური გაფორმებაც - ასევე. წარმოდგენაში სამი ახალგაზრდა მსახიობი მონაწილეობს: გივი ბალანჩივაძე, დაჩი ცაავა და ილია ზარდიაშვილი.
გივი ბალანჩივაძის მამია პერსონაჟის ხასიათობრივ ბუნებას გარკვეულწილად სწორად იჭერს - მისი ირონია, შეფასებების პირდაპირობა და ზოგჯერ აგრესიული დამოკიდებულება პერსონაჟის ხისტ ბუნებას შეესაბამება. თუმცა, ამ მხატვრული სახის შექმნაში მსახიობს არაერთი პრობლემა აქვს. განსაკუთრებით შესამჩნევია სხეულის ენის ხელოვნურობა: ჟესტები, ხელების მოძრაობა, დოინჯის შემოყრა, ხელების გადაჯვარედინება, წინ და უკან ტრიალი თუ გვერდზე გასვლა-გამოსვლა ხშირად ბუნებრიობას მოკლებულია და პერსონაჟის შინაგან მდგომარეობას სათანადოდ ვერ გამოხატავს. ცალკეულ მომენტებში მის მიერ წარმოთქმული სიტყვების აღქმაც პრობლემურია. მამიას ირონიული ბუნება და შეფასებების სიზუსტე მსახიობის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, თუმცა პერსონაჟის მთავარი კონფლიქტი - მეგობრის განსხვავებული აზრის მიუღებლობა და საკუთარი ავტორიტეტის დაკარგვის შიში - უფრო ღრმა ფსიქოლოგიურ დამუშავებას საჭიროებდა. შედეგად, მსახიობი პერსონაჟის ხასიათის ცალკეულ შტრიხებს დამაჯერებლად წარმოაჩენს, მაგრამ მთლიანობაში მისი სცენური არსებობა ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ორგანული. ამის საპირისპიროდ, ფინალურ სცენებში მსახიობი განსაკუთრებით ზუსტია - ბოლო ეპიზოდში გივი ბალანჩივაძე გაცილებით თავისუფალი და ორგანულია, მისი შესრულება კი ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი და დასამახსოვრებელი მომენტია. სწორედ აქ ჩანს მისი სამსახიობო შესაძლებლობები ყველაზე მკაფიოდ. შედეგად, გივი ბალანჩივაძე პერსონაჟის ცალკეულ შტრიხებს კარგად წარმოაჩენს, თუმცა მთლიანობაში მისი სცენური არსებობა ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ორგანული.
დაჩი ცაავას ივანე ორ ცეცხლს შუა მოქცეული პერსონაჟია, რომელიც ცდილობს, ორივე მეგობარს ასიამოვნოს და მათი შერიგება შეძლოს, თუმცა საბოლოოდ ორივესგან საყვედურსა და უნდობლობას იმსახურებს. მსახიობის მიერ შემოთავაზებულ სახეში იგრძნობა ამ შინაგანი წინააღმდეგობის გადმოცემის სურვილი, განსაკუთრებით კი იმ ეპიზოდში, როდესაც ივანეს ემოციური მდგომარეობა ზღვარს აღწევს და ცნობილ მონოლოგს წარმოთქვამს. მაყურებლის აპლოდისმენტებიც ამ სცენის ემოციურ ეფექტზე მეტყველებს, თუმცა, სწორედ ამ ეპიზოდში იკვეთება მეტყველებასთან დაკავშირებული გარკვეული სირთულეები: მსახიობი ხშირად წამღერებით საუბრობს, ფრაზების დაბოლოებებს ასუსტებს, სწრაფი მონოლოგის დროს კი ცალკეული ბგერები და სიტყვები მკაფიოდ აღარ ისმის. შედეგად, მონოლოგის დინამიკა ირღვევა და გარკვეულ მომენტებში მისი პარტნიორებიც იღლებიან, შეიძლება სწორედაც ასე უნდა იყოს და ასე გათვლილი.
პრობლემურია ცალკეული მიზანსცენების ორგანულობაც. მაგალითად, ფლომასტერის თავსახურის ძებნის ეპიზოდი, რომელიც პირველ საპრემიერო ჩვენებაზე მხოლოდ ფლომასტერის გამოჩენით სრულდებოდა და არ იხსნებოდა, რატომ ეჭირა ხელში ეს ფლომასეტერი, მეორე დღეს, კი ბლოკნოტის დაჭერით უფრო ბუნებრივი გახდა, ფლომასტერის არსებობაც და სცენა, როცა ფლომასტერი თავსახურავს ეძებს. ასევე, ივანეს მიერ სერჟისთვის ზურგის ჩვენების სცენაში, როდესაც ილია ზარდიაშვილის, სერჟი მას, როგორც დერმატოლოგი, ათვალიერებს, ფრაზა - „აუ, ცივი ხელი გაქვს“ - მოქმედებას დაგვიანებით მოსდევს. ეს შეფასება გაცილებით ბუნებრივი იქნებოდა, შეხებისთანავე რომ გაჟღერებულიყო. ასეთი დეტალები მსახიობის სცენურ არსებობაში გარკვეულ ხელოვნურობას ქმნის. დაჩი ცაავას ივანეს ემოციური ამოცანა საკმაოდ საინტერესოა, თუმცა პერსონაჟის შინაგანი დაძაბულობა ჯერ კიდევ საჭიროებს უფრო თავისუფალ მეტყველებას, ზუსტ რიტმსა და პარტნიორთან ორგანულ ურთიერთქმედებას. ვინაიდან და რადგანაც, დაჩი ცაავა ის მსახიობია, რომლის სამსახიობო ოსტატობა და შესაძლებლობები არა ერთ სპექტაკლში წარმატებით დადასტურდა, მისგან უფრო მეტს ელოდები.
ილია ზარდიაშვილის სერგო საინტერესო და მრავალშრიანი მხატვრული სახეა. პერსონაჟის ინტელექტუალური ბუნება, ამბიციურობა და ოდნავ ამპარტავნული დამოკიდებულება მსახიობის შესრულებაში თავიდანვე იკითხება. პრობლემა, ის, რომ მისი მიმიკა ხშირად წინასწარ მიგვანიშნებს მოსალოდნელ რეაქციაზე - თითქოს სერგო ჯერ კიდევ მანამდე აფასებს და განსჯის მოვლენებს, ვიდრე ისინი განვითარდება, ერთგვარად ასწრებს პარტნიორებსაც შეფასებებს. მას სურს, იყოს თანამედროვე, პროგრესული და საზოგადოების იმ ელიტარულ წრეს მიეკუთვნებოდეს, რომლის გემოვნებასა და შეხედულებებსაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ილია ზარდიაშვილი სცენაზე განსაკუთრებით ორგანულია. აშკარაა, რომ მსახიობი პერსონაჟზე ფიქრობს და მის შინაგან სამყაროში ცხოვრობს. ეს იგრძნობა ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფიზიკურ დეტალებშიც - ფეხის გადადების მანერაში, ჩამოჯდომის ფორმაში, სხეულის თავისუფალ და გარკვეულწილად პრანჭია მოძრაობებში. სერგო გემოვნებიანი, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანია და მსახიობი ამ ხასიათს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ქმნის. აღსანიშნავია მისი იმპროვიზაციის უნარიც: კრიტიკულ მომენტებში, როდესაც არსებობს საფრთხე, სპექტაკლის სცენური რიტმი ან წინასწარ განსაზღვრული გეგმა დაირღვეს, მსახიობი სიტუაციიდან გამოსავალს ბუნებრივად პოულობს. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ მეორე საპრემიერო ჩვენებაზე გამოჩნდა. ილია ზარდიაშვილი არა მხოლოდ პერსონაჟის ხასიათს ფლობს, არამედ სცენურ პროცესსაც გრძნობს და საჭიროების შემთხვევაში მას მოქნილად მიჰყვება.
რეჟისორი, ერთი შეხედვით, თითქმის არ ჩანს, რაც შესაძლოა, გარკვეულწილად, თავადაც გააზრებული ხერხი იყოს - სპექტაკლში მთავარი აქცენტი ამბავსა და მსახიობებზე გადავიდეს და რეჟისორი, როგორც დამოუკიდებელი ფიგურა, უკანა პლანზე დარჩეს. თუმცა, წარმოდგენაში არის ცალკეული ეპიზოდები და გადაწყვეტები, რომლებშიც თემო გველესიანის, როგორც რეჟისორის ხელი მკაფიოდ იკითხება. სწორედ ეს დეტალები გვაძლევს საშუალებას დავინახოთ, რომ რეჟისორს სპექტაკლზე ნაფიქრი აქვს, საკუთარი ხედვა აქვს ჩამოყალიბებული და სცენური მასალის მიმართ საინტერესო, გააზრებული მიდგომა შემოუთავაზებია. შესაბამისად, რეჟისორის თითქოსდა შეუმჩნევლობა მის არყოფნას არ ნიშნავს - მისი ხედვა ცალკეულ მხატვრულ გადაწყვეტებში მაინც ვლინდება.
თუმანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე მდგარი ახალგაზრდა მსახიობები ქართული თეატრის დღევანდელი პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ ისინი თანამედროვე ქართული თეატრის ხვალინდელი დღეც არიან. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ შემოქმედებით ძიებებსა და სცენურ განვითარებას მუდმივ რეჟიმში უნდა ვადევნებდეთ თვალს.
გამომდინარე, აქედან, შეიძლება ილია ზარდიაშვილის, სერგომ მომიგოს, რომ ნუ „გვესიტყვაუხვებიო” მარა, ყველაფერი, მაინც წარმოდგენებზე, აღქმებზე, ჩვენში აღძრულ ემოციებზე გადის და სიტყვების დაზოგვა არ დაზოგვაც ჩემი გადასაწყვეტია, როგორც ვინმე „სნობის” გადაწყვეტილება, ეკიდოს თუ არა სახლში, ცარიელი ჩარჩო, მიაჭედოს ბანანი კედელზე თუ ჩაკბიჩოს ვაშლი, რომელიც გაშავდება ან აყვეს ტრენდს, რომელიც კონსერვატორებისთვის მიუღებელია - მაგრამ ეს ყველაფერი ხომ მაინც „თანამედროვე ხელოვნების” სტატუს „აირტყამს”
მაგრამ, აღნიშნული სპექტაკლი მიანიშნებს იმაზე, რომ ხელოვნებაზე, გემოვნებაზე დავამ შეიძლება, სამი დიდი ხნის მეგობრებს, შორის უმწვავესი დაპირისპირება გამოიწვიოს, რაც მათ მიერ წლების მანძილზე დაგროვილი ღვარძლის ამოყრის შესაძლებლობის ველს გააჩენს.
მაინც მთავარი, კითხვა ის არის, ხელოვნება დიაგნოზია? ან საერთოდ რა არის თანამედროვე ხელოვნება და რას ვგულისხმობთ, როდესაც ამ ცნებას ვიყენებთ? სად გადის ზღვარი ხელოვნებასა და არახელოვნებას შორის და ვინ განსაზღვრავს ამ ზღვარს? საკმარისია თუ არა ავტორის განზრახვა, კონცეფცია ან თავად ფაქტი, რომ რაღაც ხელოვნების ნიმუშად წარმოგვიდგინოს, რათა ის მართლაც ხელოვნებად იქცეს?
თანამედროვე ხელოვნებამ დიდი ხანია დატოვა ტრადიციული ესთეტიკური კანონების საზღვრები. მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში, საერთაშორისო ბიენალეებსა თუ თანამედროვე სახელოვნებო სივრცეებში ვხვდებით ნამუშევრებს, რომლებიც ერთდროულად აღფრთოვანებასაც იწვევს, გაღიზიანებასაც და ხშირად სრულიად ლეგიტიმურ კითხვასაც აჩენს - მაინც რასთან გვაქვს საქმე? რამდენად განსაზღვრავს ნამუშევრის ღირებულებას მისი კონცეპტუალური საფუძველი და რამდენად შეიძლება იდეამ ჩაანაცვლოს მხატვრული ფორმა?
და სწორედ ამ კითხვების ფონზე იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეჟისორის მიერ სპექტაკლისთვის შერჩეული სახელდება „დიაგნოზი: ხელოვნება“.
და, ბოლოს ხელოვნება დიაგნოზია?! თუ დიაგნოზია ხელოვნება? - საკითხავი და გასარკვევი ახლა ყველაზე მეტად სწორედ ეს არის. იქნებ, ჩემი მოსაზრებაც სპექტაკლის ირგვლივ საკამათოა, ჩვენ გარშემო ხომ ყველაფერი საკამათოა, ჩემი სიტყვაუხვობაც შეიძლება განხილვის თემა და კამათის საკითხი გახდეს. მაგრამ არ ვცდილობ დაგაჯეროთ, რომ ჭეშმარიტებას ვწერ და ვსაუბრობ - უბრალოდ პასუხი მარტივია - არ „ვსიტყვავუხვობ”, ასე აღვიქვამ.