top of page

არ არის მშვიდობა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

d0d13bd5-5c1c-4ad4-ab8a-7576ec65e592.jpeg

10.04.2026

ლელა ოჩიაური

არ არის მშვიდობა

თეატრის არსებობის მიზანი, „კანონი“ და გამართლებაა, როდესაც ცოცხლად და დროში თანხვდენით, რეაგირებს რეალობაზე, მიმდინარე მოვლენებზე, იხსენებს წარსულს, რომელიც კვალს ტოვებს და რომელიც გრძელდება; აჩვენებს, აანალიზებს და დისკუსიაში იწვევს საზოგადოებას. თანადროული და მობილურია. თეატრი ისაა - სადაც არ უნდა იყოს,  არაა სიმშვიდე და არც შეიძლება იყოს.

შეიძლება, ბევრს ახსოვს, XX საუკუნის 90-იან წლებში, თბილისში დატრიალებული ტრაგედია, ქვეყნის უახლესი ისტორიის, მრავალთაგან ერთ-ერთი, ბნელითმოცული და ავბედითი - ამბავი - მაშინ ძალიან ცნობილი თამბაქოს ფაბრიკის (რომლის ყოფილ ადგილს, საორიენტაციოდ, ქალაქურ ფოლკლორში, დღესაც ასე მოიხსენიებენ) დირექტორ გრიგოლ ჟორდანიას მკვლელობის საქმე.

დღეს ეს, მივიწყებული, ვიღაცისთვის უცნობი და ვიღაცისთვის კარგად ნაცნობი (თუმცა, სხვადასხვა მიზეზით, გასაიდუმლოებული, „გაუხსნელი“) ამბავი, სპექტაკლის  „მამა, ნათლია და ვიღაც კაცი“ საფუძვლად იქცა და დაბრუნდა სივრცეში, რომელიც, წლების წინათ, კონფლიქტის, დანაშაულისა და ტრაგედიის უშუალო „მონაწილე“ იყო - თამბაქოს ყოფილ ფაბრიკაში,  ამჟამად მდებარე „ქალაქის თეატრში“ -  დამოუკიდებელი და თავისუფალი ხელოვანების თავისუფალ და დამოუკიდებელ სივრცში - თავისუფალი და დამოუკიდებელი ხელოვნებისთვის.

პიესის ავტორი და რეჟისორი კი, იმ გრიგოლ ჟორდანიას შვილიშვილი - გრიშო (გრიგოლ) ჟორდანიაა, რომელმაც ტექსტი ისტორიული და საოჯახო ქრონიკების, მკვლელობასთან დაკავშირებული მასალებისა და ბაბუის დღიურის ჩანაწერების მიხედვით დაწერა. ავტორმა, ერთი ადამიანისა და მასთან დაკავშირებული ადამიანების პირადი, ნამდვილი ამბის, კონკრეტული და ამავე დროს, საერთო, არცთუ შორეული წარსულის ჩვენებით,  დღევანდელი საზოგადოების პორტრეტი შექმნა და პრობლემები სამსჯელოდ გამოიტანა..

რეალურად მომხდარ ამბავს რეალური მონაწილეები ჰყავს - გრიშასა და მისი ოჯახის და შეიძლება, დანარჩენი პერსონაჟების სახითაც. მათი პირდაპირი თუ კრებითი პროტოტიპები. პრობლება, მრავალთაგან ერთია, წარსულშიც, აწმყოშიც. პროცესიც, შედეგიც და არსიც - კონკრეტიკის მიუხედავად, არაერთგვაროვანი, არა ერთი „შინაარსის“ შემცველი და ტიპურია. სწორედ ამ მიმართულებით მიჰყავს გრიშო ჟორდანიას თხრობა და ამას ეფუძნება მისი პოზიცია და სპექტაკლის კონცეფციაცა და სათქმელიც.

მოქმედების მიმდინარეობისას, „ქალაქის თეატრის“ მაყურებელთა დარბაზის დიდი სარკმლებიდან (გადაწეული ფარდების მიღმა) - ეზოსა და მის ტერიტორიაზე შენობების კუთხეები,  მოშორებით, ალაყაფსმიღმა ქუჩის ფრაგმენტები, ქუჩის განათებები და  ახლომდებარე სახლების ფანჯრებიდან გამოსული შუქები ჩანს. ასეთი გარემო, რეალობასთან ამგვარი (შეიძლება, მისტიკურიც კი)  კავშირი გრიშო ჟორდანიას საავტორო სპექტაკლში  განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მის წყობაში, სტრუქტურაში  სხვა შრე შეაქვს, თეატრალური პირობითობის განსხვავებული და თავისთავადი ფორმა; აძლიერებს წარსულის, აწმყოს, რეალური ისტორიისა და ადამიანების კავშირს, დღევანდელობისა და პრობლემების ახალ რაკურსს გამოკვეთს. და მაყურებელსაც, თუ ამბის თანამონაწილედ არა, უშუალო შემსწრედ და მიმღებად აქცევს.

ამბავი ასეთია - ფაბრიკის დირექტორ გრიშას, „ვიღაც კაცები“, რომლებსაც მისი თანამდებობა  და პოზიცია რაღაც უკანონო მასშტაბური ოპერაციების ჩასტარებლად სჭირდებათ (ქარხნის სამომავლო პრივატიზების შესაძლებლობა მხოლოდ საბაბია), შიდა პოლიტიკური პროცესებისა და გარედან, რუსეთის მხრიდან (როგორც გრიშა ამბობს: „რომელმაც შეიძლება დაღუპოს მსოფლიო“), ომის მორიგი საშიშროების ფონზე, მის მოსყიდვას, გადაბირებასა და თავიანთ სამსახურში ჩაყენებას ამაოდ ცდილობენ. გრიშა კრიმინალურ, დანაშაულებრივ გარიგებაში არ შედის, და ამით, გაფრთხილების მიუხედავად, საკუთარი  თავისთვის, განაჩენი თვითონვე გამოაქვს.

ამ, თითქოს დეტექტურ ისტორიაში, რომელშიც არსებობს - დამკვეთიც, შუამავალიც, მკვლელიცა და მსხვერპლიც, არსებობს - მიზეზიც, მიზანიც და ფაქტიც - ყველაფერი თავიდანვე გახსნილი და ნათელია, უფრო ზუსტად, თავიდავე იკვეთება, რომ რაღაც მზადდება, რა და რატომ უნდა მოხდეს და ხდება. თავიდანვე ნათელია - ჩანაფიქრის განვითარების გეგმაც და ისიც, რომ, თუ მოლაპარაკება არ შედგება, მსხვერპლი მოჰყვება. წინასწარვე გასაგებია -  მსხვერპლის ვინაობაც,  დამკვეთიცა და შემსრულებელიც; ანგარიშსწორების მიზეზიც და რისთვისაც და რა მიზნითაც ხდება მკვლელობა.

გრიშო ჟორდანია რეალურად მომხდარი ფაქტს, რეალურ ფონსა და ქვეყნის ისტორიის კონკრეტულ პერიოდს, ცხოვრების წინააღმდეგობებსა და დანაშაულებრივი წესრიგის დაშვებულ ნორმებს  - კორუფციას, ანგარიშსწორებას, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს (რომლებიც ბევრ რამეს სპობენ, ადამიანებს ცხოვრებას უმახინჯებენ, მორალურად ანადგურებენ და სიცოცხლესაც უსწრაფებენ) - ორი ოჯახის  (რომლების გზებიც მანამდე არსად იკვეთება) შინაური ამბებისა და მათი ყოველდღიური ცხოვრების მოკლე მონაკვეთის ჩვენებით აღწერს და მოცულობით მასშტაბში გადააქვს.

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი - ასე არიან წარმოდგენილი - გრიშა -  გიორგი ქადაგიშვილი, გრიშას ცოლი - მარიამ ავალიანი, მიშა - ვახო ჩაჩანიძე, მიშას ცოლი - რუსკა მაყაშვილი, თამაზი - ნიკოლოზ წერედიანი, გრიშას შვილი - ალექსანდრე სულაბერიძე, მიშას შვილი - ლუკა ნაყოფია. სპექტაკლის სახელწოდებაც დაშიფრული და ორაზროვანია, პერსონაჟების ამგვარი წარდგენაც და ამბავიც, რომელიც, ერთი შეხედვით, რეალურ დროში ხდება, როდესაც სინამდვილეში მოხდა.

პერსონაჟების ცხოვრების პირობები, ურთიერთობები და არჩევანიც (მანამდეც და შემდგომ)  განსხვავებულია. საერთო მათ თითქოს არაფერი აქვს -  არც სოციალური მდგომარეობა, არც ცხოვრების დადგენილი წესი და პირობები. ერთმანეთს არც კი იცნობენ და მაინც, ორივეს ბედი ერთმანეთისკენ მიზნობრივად მიემართება და მყარად ეხლართება.

გრიშა - ფაბრიკის, წარმატებული დირექტორია. მიშა - ხელმოცარული მხატვარი, რომლის ნამუშევრებს მყიდველი არ ჰყავს. ორივე ახალნაავადმყოფარია, ორივეს ეკრძალება - დალევა, მოწევა, ნერვიულობა. მოკლედ,  რაც გულით დაავადებებულ ადამიანებს ეკრძალებათ. ორივეს ყავს მოსიყვარულე ოჯახი, ლამაზი, ახალგაზრდა ცოლები, პატარა შვილები და იმ პირობებში უწევთ ცხოვრება, როგორსაც სინამდვილე, გარემო და ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური ვითარება სთავაზობს.

ანანო ქარუმიძის დეკორაცია მოქმედების ადგილს - სრულიად ყოფით, არაფრით გამორჩეულ გარემოს - ბინას წარმოადგენს -  „გადაჭედილს“  უბრალო, ძველი, გაცვეთილი ავეჯითა და ნივთებით, გახუნებული ძველმოდური შპალიერით, 90-იანი წლებისა და შეიძლება კიდევ უფრო ძველი, „სტანდარტულად გაწყობილი“ ინტერიერების მსგავსს, ან თუნდაც დღევანდელს, რომლის აღჭურვილობა, არ განახლებულა და იმ სულსა და სახეს ინარჩუნებს, სხვადასხვა თაობამ რომ ჩამოაყალიბა.

მოქმედება პარალელურად, თუ ერთი მეორის მიყოლებით, ორივე ოჯახის  სახლში ხდება, სადაც ერთი და იგივე ავეჯი, ერთი და იგივე ნივთებია; პერსონაჟები ერთი და იგივე კონიაკს ერთი და იგივე ჭიქებით ერთი და იგივე ბოთლიდან სვამენ, ერთი და იგივე ნამცხვარს აყოლებენ, თამაზმა რომ უფეშქაშა. თითოეულ სივრცეში სცენები ერთიმეორეს ერევა, „აჯდება“, საზღვრებს შლის და ეს გამომსახველი მეტაფორა პირობითობისა და ილუზორულობის ეფექტს იწვევს.

პერსონაჟებს ისევე აცვიათ, როგორც 90-იანი წლებში ეცვა საქართველოში უმეტესობას. გრიშას ცოლი ნატურალური ბეწვის (მართალია, არა ძვირფას) ქურქს (რომელიც მაშინ კეთილდღეობის გამომხატველად ითვლებოდა), ელეგენტური კაბებსა და ფეხსაცმელსა და აქსესუარებს ატარებს, კოხტად თმადავარცხნილი და მოვლილია.

მიშას ცოლი - საშინაო ხალათში, წინდებსა და ჩუსტებში, შემდეგ, უბრალო და იაფფასიან პალტოში  - ქართველი „დიასახლისების“ ტიპური წარმომადგენელია; ბიჭები, ძირითადად, კიმონოებში არიან გამოწყობილი - ორივე კარატეს სექციაში ერთი და იგივე სენსეისთან ერთი და იგივე ჯგუფში ვარჯიშობს; კაცებს - უბრალო მაისურები, პერანგები,  სპორტული თუ საოფისე შარვლები - მოსავთ - საშუალო სტატისტიკური მოქალაქეების „გარდერობიდან“.

მოქმედი გმირების საუბარში, თითოეულისთვის სახასიათო ფორმებში, დიალოგებში,  ფრაგმენტულად, სხვადასხვა ვითარებასა და კონტექსტში ბუნებრივად წარმოთქმულ ტექსტებში დროის შესაფერისი მეტყველების ნორმები, ლექსიკა, სლენგი ისმის.

ოჯახების წევრების ვინაობის, მათი ურთიერთობების, თვისებების ნიშნების, ხასიათების აღწერილობების პარალელურად და გამომდინარე, იხატება ქვეყნის მდგომარეობა, პოლიტიკური და სოციალური რეალობა, გამოკრთება სხვადასხვა ნაცნობი ფაქტი და საერთო ვითარება, რომელთან საერთოც დღევანდელ რეალობაშიც ადვილი აღმოსაჩენია.  კორუფციას, ანგარისწორებას, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს ყველაფერზე  ისეთივე გავლენა აქვს, როგორც სპექტაკლში მიმდინარე დროში ჰქონდა.

გიორგი ქადაგიშვილის გრიშა ლაღი და კეთილი ადამიანია, რბილი და დამთმობი, თბილი და ალერსიანია, კაცთმოყვარე და მოყვარული.  მძიმე ავადობისა და დაღლილობის მიუხედავად, სიცოცხლით სავსე და ბედნიერია, თანატოლივით ეთამაშება შვილს, უყვარს ცოლი და ლაღია. სიმტკიცე და პრინციპულობა მისგან თითქოს მოულოდნელია, თუმცა, აღმოჩნდება, რომ პრინციპული და უდრეკია. გარემოებებისა და ქვეყანაში არსებული კრიმინალური სიტუაციის, მუქარის საშიშროების მიუხედავად, არ იყიდება და სარფიან, თუმცა უწესო გარიგება უარს ამბობს, არც მუქარისა და სამსახურის დაკარგვის ეშინია, რადგან, როგორც ამბობს, არ უნდა ვინმეს სისხლში ხელი გაისვაროს, რადგან საკუთარ და შვილის სახელსა და რეპუტაციას უფრთხილდება.

მიშას - ვახტანგ ჩაჩანიძის შესრულებით -  აფხაზეთში ნაბრძოლი და მძიმე ცხოვრება გამოვლილ კაცს,  ტრავმების ანაბეჭდი ყველაფერზე - იერზე, გამომეტყველებაზე, საუბრის მანერაზე, პლასტიკაზე, ტერმინოლოგიაზე ეტყობა. მსახიობი ქმნის ამ ტიპის ადამიანების ფსიქოლოგიურ და ტიპაჟურ სახეს, რომლებსაც „სამშობლოსგან მხოლოდ რაღაც მოსამშობლო დარჩათ“, რომელიც  უდანაშაულო და მისთვის, ფაქტობრივად, უცნობ ადამიანს გასამრჯელოს გულისთვის და თითქოს არაფერი ხდებოდეს,  გულცივად, კლავს,

მისი მსგავსი მკვლელების, „ფსკერზე“ მორალურად და ფიზიკურად ჩაშვეული ადამიანების მსგავსად, სოციალური სიდუხჭირიდან სხვა გამოსავალს ვერ ხედავს, თან მისთვის სიცოცხლეს ფასი აღარ აქვს.

და ამ ყველაფრის მიუხედავად,  აცნობიერებს თავის მდგომარეობას და საღადაც აფასებს - „ხედავ, სადამდე დავეცი, ხშირად ეჭვი მეპარება ჩემი დაავადების დიაგნოზზე. სულიერი ტკივილი ხომ არ არის, ვფიქრობ? - ეუბნება ცოლს. მას, როგორც მხატვარს არ უნდა კომპრომისზე წასვლა, მაგრამ მკვლელობაზე თანხმდება, და როგორც თამაზს ეუბნება: „ჭიშკარზე რომ წერია, „ეზოში ავი ძაღლია”, ხომ შემჩნეული გაქვს?! დაგინახავს ოდესმე ძაღლი ჩვენს ეზოში?  მე მგონი, ჩემზე წერია. მაწანწალა, ავი ძაღლივით ვარ… ცოფიანი. მოგდებულ ლუკმა-პურზე“.

გრიშას და მიშას „მეკავშირე“, „მედიუმი“ - ნიკოლოზ წერედიანის თამაზია. ორივე ოჯახის ახლობელი,  „ნათლია“, გულშემატკივარი და ტრადიციისა და ქართული წეს-ჩვეულებების მიხედვით, საყრდენი და იმედი უნდა იყოს.  თამაზი  - ტიპური და სიმბოლური სახეა - მაცდური, ცბიერი და გაიძვერაა, ფარისეველი და ავანტურისტი, რომელიც, სხვისი დავალებითა და ხელმძღვანელობით მოქმედებს და ყველაფერს წარმართავს.  

გრიშას ცოლი - მარიამ ავალიანის შესრულებით - მკაცრია, ზედმეტი ემოციებისა და  სენტიმენტების გარეშე, საქმიანი, მომთხოვნი, წესრიგისა და ოჯახური დისციპლინის მოყვარული, ყოველთვის გაწონასწორებული, თავი ამაყად უჭირავს. თითქოს არ მოსწონს  ქმრისა და შვილის მხიარული თამაშობები, შვილსაც მკაცრად ზრდის, ვალდებულებებისა და მოვალეობის შესრულებას, წესრიგის დაცვას ასწავლის.

მისგან განსხვავებით, რუსკა მაყაშვილის პერსონჟი -  დაღლილი, გადაღლილი, გაჭირვებისა და გამოუვალობის სიმძიმისგან დათრგუნული. იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდა ქალია, ყურადღებას აღარ აქცევს საკუთარ თავს. მთელი ყურადღება და მზრუნველობა ქმრისა და შვილისკენ მიუმართვს; ხშირად კარგავს წონასწორობას და ამავე დროს, მოსიყვარულე, ალერსიანი და დამთმობია.

გრიშასა და მიშას  შვილების როლების შემსრულებლების  - ალექსანდრე სულაბერიძისა და ლუკა ნაყოფიას  - ნამუშევრის პროფესიონალი მსახიობებისგან გამოყოფა შეუძლებელია.  ამ ყმაწვილების უშუალობა, ბუნებრიობა და თავისუფლება, სილაღე, პირდაპირ ვიტყვი, გხიბლავს და გაჯადოებს.

ჩელისტი ეკატერინე გორგაძე სპექტაკლის მსვლელობისას, სცენის სიღრმეში ზის და ცოცხლად აფორმებს სპექტაკლს. ხან სხვადასხვა ჟღერადობისა და ინტენსივობის მელოდიით, ხან საკრავის სიმებზე დარტყმით ხმების გამოცემით, ერთი ან რამდენიმე ბგერითა თუ ტაქტით, მელოდიკა ხან ხმამაღალი, ექსპრესიული და ინტენსიურია, ხან ძლირდება, ხან „ჩუმდება“ და ქრება. და ქმნის საერთო ატმოსფეროს, ემოციურ შრესა და ცვალებად განწყობას, როგორც ქმედების განუყოფელ და მეტყველ ნაწილს.

„მთავარია, მშვიდობა იყოს ქვეყანაში!“ - ეუბნება თამაზი გრიშას (დღესაც „აქტიურ“ ფრაზას, რომელსაც თავისი ნამდვილი მნიშვნელობა და შინაარსი დაკარგული აქვს) -  ადამიანი,  რომელიც ქვეყანაში ძალადობასა და კრიმინალის არსებობა-დაკანონებას უწყობს ხელს.

და არ არის მშვიდობა. ვერც იქნება. ვერასდროს იქნება ქვეყანაში, რომელიც თვითონ კლავს თავის მოქალაქეებს ან მკვლელებად აქცევს.

მკვლელობის შემდეგ, სამძიმარზე მისული მიშას ცოლი გრიშას ცოლს მიშას დახატულ გრიშას პორტრეტს გადასცემს, რომელიც გრიშას ცოლმა შეუკვეთა და მიშას ცოლის კატეგორიული უარის მიუხედავად, გრიშას ცოლი, გარდაცვლილი ქმრის საფულედან ამოღებული ფულით, გასამრჯელოს აძლევს. და ყავის დასალევად ეპატიჟება.

გრიშა შვილს, დაბადების დღეზე, „ბრუსლისნაირ ნუნჩაგოს“ ჩუქნის, რომელსაც ფინალში გრიშას შვილი მიშას შვილს უსახსოვრებს და სპექტაკლიც სწორედ ამით  და გრიშას შვილის  პირადი გამარჯვების   ალეგორიული ეპიზოდით სრულდება. როდესაც კარატეს კატების შესრულების დროს, სავარჯიშო ფურცლების დასტას, დარტყმებით, საბოლოოდ და ბოლომდე შლის და დარტყმის დროს, ხელი აღარ ტკივა. კარატე კი, თავდაცვის ხელოვნებაა და არა თავდასხმის, ღირსების შენარჩუნების, სხვების - სუსტის, ძალადობის მსხვერპლის ან ჩაგრულის დასახმარებლად.

აღსარება ჩაბარებულია, სათქმელი ითქვა, ვალებიც გასტუმრებულია. და სწორედ აქ წყდება, თუ იკვრება ტრაგიკულ წარსულთან დამაკავშირებელი პირდაპირი ძაფი. მანამდე ნაჩვენები ისტორია თავისი რეალობის ჩარჩოებიდა გადის და მისი ახალი სინამდვილით  ჩანაცვლების, ვალდებულების ტვირთის შემსუბუქებისა და იმედის ჯერი დგება.

იმედი კი, სწორედ  ბიჭები არიან, რომლებიც, შესაძლოა, გათავისუფლდნენ დაკარგული და გზააბნეული, ამორალური და მოძალადე საზოგადოების, მსხვერპლადშეწირული და სიმართლისთვის, ღირსებისთვის თავდადებული მშობლების პრობლემებისა და მემკვიდრეობის სიმძიმისგან. იქნებ, ისინი მაინც გათავისუფლდნენ.

bottom of page