top of page

არჩევანი მე!

დაკანონებული უკანონობა.jpg

არჩევანი მე!..

ლელა ოჩიაური

არსებობს თუ არა თანამედროვე ქართული თეატრი? აქვს თუ არა ის ძალა, რომელიც ოდესღაც ჰქონდა და იპოვა თუ არა ახალი სამეტყველო ენა, რომლითაც მაყურებელს ელაპარაკება? და ესმის თუ არა მას (მაყურებელს) რაზეც ესაუბრებიან? მოძებნა თუ არა ახალი, დღევანდელობის შესატყვისი მხატვრული ფორმა, რომელშიც საკუთარ ფიქრებს, წუხილებს, სათქმელსა და პრობლემებს აქცევს, რომლებიც, ერთი მხრივ, აღელვებენ ადამიანებს, რომლებსაც თეატრი მხოლოდ გართობისთვის არ უყვართ და რომლებიც, მეორე მხრივ, მისაღები და გასაგებია სხვა საზოგადოებებისთვის, რომლებიც ქმნიან და აფასებენ მსოფლიო თეატრალურ სცენებზე მიმდინარე პროცესებს? არის თუ არა ეს ენა თანამედროვე მსოფლიო თეატრის იდენტური, თანხვედრილი, როგორც შორეულ და შემდეგ არცთუ შორეულ წარსულში ხდებოდა?

დღეს ქართულ თეატრში რეჟისორების რამდენიმე თაობა საქმიანობს. ზოგი ძველი და „აპრობირებული“ მეთოდების, საკუთარი ხელწერისა და აზროვნების ფორმის ერთგული რჩება და მათ ჩარჩოებში მოქმედებს. ზოგი - მათ გამოცდილებას იზიარებს, იყენებს და საინტერესოდ აგებს საკუთარს. ტრადიციას ინარჩუნებს. ზოგიც სრულიად ახალ თეატრალურ სახეებს ქმნის და ამდენად ქმნის თანამედროვე ქართულ თეატრს, ექსპერიმენტების - ზოგჯერ წარმატებული, ზოგჯერ - არა - შედეგად. ზოგჯერ - სხვისი სტილისა და ხერხების - ზოგჯერ ორგანული გათავისებით, ზოგჯერ გამეორებით - პირდაპირი კოპირებით,  ზოგჯერ ერთმანეთის მიბაძვითა და მაინც - ახალი თეატრალური ენის ძიების მიმრთულებით. 

ქართული თეატრის სახეს აქტიურად (შეიძლება დანაწევრებულ-დაქსაქსულ, მაგრამ მაინც ერთიანს, ჯგუფურს) ქმნიან და მაყურებლის (როგორც საქართველოში, ისე მის გარეთაც) მტ-ნაკლბი ინტერესის წრეში ექცევიან - რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, ქეთი დოლიძე, გოგი მარგველაშვილი, ავთო ვარსიმაშვილი, ლევან წულაძე, დავით დოიაშვილი, დავით საყვარელიძე, დავით მღებრიშვილი, ანდრო ენუქიძე, გიორგი სიხარულიძე, გიორგი შალუტაშვილი და ახალგაზრდებიდან - დათა თავაძე, ვანო ხუციშვილი, მიშა ჩარკვიანი, პაატა ციკოლია, ნიკა საბაშვილი, სანდრო ელოშვილი, თემურ კუპრავა, ნიკა ლუარსაბიშვილი, ნიკა ჩიკვაიძე, თათა პოპიაშვილი. სხვებიც.

სულ ახალი თეატრალური დადგმებიდან (რომლებიც სხვადასხვა მიზეზით  იმსახურებენ და იპყრობენ ყურადღებას - თბილისშიც და რეგიონებშიც) რამდენიმეს ავირჩევდი და მაყურებელსაც ვურჩევდი მათ ნახვას. სხვადასხვანაირი თეატრის მოყვარულ მაყურებელს.  მხოლოდ რამდენიმეს გამოვყოფ.

რჩევა პირველი.  „დაკანონებული უკანონობა“ რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლია, რომლითაც („კავკასიური ცარცის წრის“ დადგმიდან 41 წლის შემდეგ, რუსთაველის თეატრში) ბერტოლდ ბრეხტს დაუბრუნდა. და საკუთარ თავში, საკუთარ წარსულში, საკუთარ შემოქმედებაში დაიწყო მოგზაურობა. რევიზია ჩაუტარა, რაც, როგორიც და როგორც იყო და თავადვე გახდა საკუთარი თავის მსაჯულიცა და მოსამართლეც. რომლითაც ახალი ბრეხტი აღმოაჩინა და ნებისმიერ მკვლევარზე უკეთ შეძლო თავისი წინამორბედი დადგმების კრიტიკულად გაანალიზება.

პირდაპირი ციტატები და პირდაპირი მისამართები ძველი სპექტაკლებისა და ამ სპექტაკლებიდან სცენებისა და მუსიკალური ფრაგმენტებისკენ სხვა ხედებითა და სხვა რაკურსებით - რომლებსაც „დაკანონებულ უკანონობაში“ მოხდენილად იყენებს - აშკარად გამოხატავს აზროვნების განსხვავებულობასა და ახალ პოზიციას საკუთარი თავის მიმართ.

რობერტ სტურუა თვითირონიით აფასებს ყველაფერს, რაც გაუკეთებია და ყველაფრის - ყოფიერების არაფრისმთქმელობის, ამქვეყნიური ფუსფუსის, ძალაუფლებისთვის, სიმდიდრისთვის, პოლიტიკური თუ რელიგიური გავლენისთვის ბრძოლის ამაოებაზე, ეფემერულობაზე მრავალშრიანი ქარაგმებით საუბრობს. გაუდაბურებულ სამყაროში ქაოსია. უსასრულო სვლა, უგზოოდ, ქვიშებში, სადაც ადამიანებიც მირაჟებს დამსგავსებიან. ცხოვრება მირაჟია. ან სიზმარი. ქვიშასავით არამყარი და ცვალებადი.  ნამდვილი რეალობა და მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ „ბარსა ჩემპიონია!“ მხოლოდ ესაა მნიშვნელოვანი. და როდესაც ესაა მნიშვნელოვანი, სხვა ყველაფერი, რაც გვთრგუნავს და გვაწუხებს - უმნიშვნელოა. ამ, შინაგანი ტყვეობიდან გამათავისუფლებელ და შვებისმომგვრელ აღმოჩენამდე რობერტ სტურუა თანდათან მივიდა.

რჩევა მეორე. მარჯანიშვილის თეატრში, ლევან წულაძის „უცხოობაში  Begalut“ (დრამატურგები - შალომ ალეიხემი, გურამ ბათიაშვილი) - დრამატულ თეატრში ვერბალური თეატრის ხერხებით გაკეთებული არავერბალური სპექტაკლი, რომელშიც რეჟისორი მხოლოდ ქმედებას, ჟესტს, პლასტიკას, ქორეოგრაფიას იყენებს.  იყენებს „უხმო კინოს“ გამომსახველ ხერხებს -  მიზანსცენებითა და კომპოზიციური განლაგებით, კადრებას აწყობით, განათებით. სცენა თითქოს კინოაპარატის ობიექტივშია მოქცეული. სიჩუმე არ არის, მაგრამ არ არის სიტყვა. მუსიკაა, ხმებია, ხმაურები, როგორც ცხოვრებაში და ეს დუმილი, ბევრად უფრო მეტყველია. როგორც ტკივილის ფასი და წინააღმდეგობის დიდი ძალა.

რაც სცენაზე ხდება,  შეიძლება მირაჟიცაა, ნისლში გახვეული, შორეული და თან ახლობელი. მხიარული, იუმორითა და სიხარულით გაჯერებული და უკიდურესად ტრაგიკული. რეალურიცა და ირეალურიც. სადღაც ზღვარზე, რომლის ტერიტორიებიც უცნაურად და მოულოდნელად იცვლებიან.

უცხოობაში შეხვედრილი და გაერთიანებული ადამიანების - ორი ებრაული ოჯახის ისტორია. ისინი სამყაროში, თავშესაფრის ძებნაში გადაადგილდებიან და უცხო ქვეყანაში სახლდებიან. ებრაელების, როგორც ზოგადად ერისა და ალბათ, ერთადერთი ერის დედამიწაზე, რომელიც მრავალსაუკუნოვან დევნასა და „უცხოობას“ განიცდიდა, თემა მთავარი და წარმმართველია. თუმცა საყოველთაოობა შემდეგ იწყება. ჯალათისა და მსხვერპლის მარადიული და მრავალგანზომილებიანი ამბავი. სიკეთისა და ბოროტების შესახებ. სასოწარკვეთისა და იმედის, განადგურებისა და გადარჩენის ღრმა მეტაფორა. 

რჩევა მესამე. არავინ იცის, სადაა ზღვარი ამქვეყნიურ და მიღმა სამყაროებს შორის. ერთი მეორის ზუსტი ანარეკლია. აქ - ყველაფერი დროებითია. იქ - თითქოს - მარადიული. მაგრამ იქაც, როგორც აქ, დრო გადის და  გატეხილანკესიანი მეთევზეების რიგებიც ივსება და ივსება.  იქაც დარდობენ დანაკარგებზე და იმაზე, რისი გაკეთებაც უნდოდათ და ვერ მოასწრეს.  იქაც ჭაღარავდებიან, ბერდებიან. ავღანეთისა და ერაყის - სხვა ქვეყნებისა და მაინც საკუთარ - ომში დაღუპული ჯარისკაცები - მათი განვლილი ცხოვრება და სიკვდილი ძალიან გავს ერთმანეთს, როგორც ბევრ ომში დაღუპული მეომრების ისტორია. ჯარისკაცები - ერთი, ორი! ერთი, ორი! - კვლავ მწყობრში არიან.

„მეთევზე ერთი, ორი...“ - ორი მსახიობის - დავით როინიშვილისა და გიორგი ჩაჩანიძის - ძლიერი დუეტი გიორგი შალუტაშვილის სპექტაკლში (ჭიათურისა და ქუთაისის თეატრების ერთობლივი პროდუქცია, დრამატურგი - ირაკლი სამსონაძე) - ცხოვრებისა და სიკვდილი მეტაფორა, მებადური მოციქულების იგავის თანამედროვე ალუზია.

მეოთხე რჩევა. 130 წელზე მეტია, ექიმ სტოკმანის ვნებები აფორიაქებს და იზიდავს ადამიანებს და ფიქრის, განსჯის, არჩევანის გაკეთების საშუალებას სთავაზობს. ყველა, ვისაც მასთან შეხება აქვს, ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას იღებს.

ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ქართველი რეჟისორების „ახალი ტალღის“ წარმომადგენელ დავით მღებრიშვილსაც ჰენრიკ იბსენის „ხალხის მტერის“ საკუთარი ვერსია აქვს. მისთვის მნიშვნელოვანია არა იმდენად პიესის სოციალური ჟღერადობა, რამდენადაც  ფსიქოლოგიური პროცესები, რომლებიც სტოკმანში (გიორგი სურმავა) - მიმდინარეობს და საბედისწერო ნაბიჯების მოტივაცია, რომლებსაც იგი - მარტოხელა მეამბოხე - სულიერებისგან დაცლილი ხალხის წინააღმდეგ, მომავლის გადასარჩენად დგამს. 

იდეა, ამბავი, მხატვრული ფორმა, სცენური გარემო  - ჩაკეტილ სივრცეში - საკუთარ საპყრობილეში მომწყვდეული საზოგადოებისა და თავისუფლების თამამი მეტაფორა. და პასუხი მარადიულ კითხვაზე - ვინაა ხალხი და ვინ - მისი „მტერი“?  ექიმ სტოკმანის შინაგანი თავისუფლება და საბოლოო გათავისუფლება - წრის გარღვევა. 

რჩევა მეოთხე. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ქეთი დოლიძემ თენესი უილიამსის „ტრამვაი - სურვილი“ დადგა. იგი აცილებს სპექტაკლს პიესისთვის დამახასიათებელ წარსულის რომანტიზებას, მკვეთრად გაყოფილ - ამერიკელი სამხრეთელისა და ჩრდილოელის - მრავალგვარ განსხვავებულობას და წარსულზე ფიქრს, განცდას საერთო (საყოველთაო) დანაკარგების სევდის მეტაფორად აქცევს.

საერთოდ სევდა მთელ სპექტაკლს მოიცავს. ჩაკეტილობის, უიმედობის, გამოუვალობის ატმოსფეროა. გაჯერებული ძალადობით, უსიყვარულობით. მარტოობით, მაშინაც კი, როდესაც გარეშემო სხვა ადამიანები არიან. ისინი ატარებენ ტკივილს დაკარგული სახლების, წინაპრების, შეყვარებულების, მშობლების გამო. ისინი ატარებენ მძიმე ფიქრებს საკუთარი თუ სხვათა უიღბლობის, მიუსაფრობის, სამყაროსთან და ერთმანთთან შეუთავსებლობის მიზეზით. იგრძნობა მარტოობისთვის განწირული ადამიანების განცდა, ყოფის უსასოობა და საზოგადოების ყალბი მორალის წინააღმდეგ ბრძოლის უპერსპექტივობა. რადგან აქ ბატონობენ უკვე დამსხვრეული ილუზიები და უკანასკნელი იმედების გაუმართლებლობა.

რჩევა მეხუთე. სამეფო უბნის თეატრი და მასში არსებული „დათა თავაძის თეატრი“ ალბათ ერთ-ერთი გამორჩეულია დღევანდელ ქართულ სახელოვნებო სივრცეში. ბევრი მიზეზით. თუ რაიმე სიახლეზე, სითამამესა და  გამორჩეულზე შეიძლება საუბარი, სწორედ ამ თეატრზე შეიძლება. პირველ რიგში, სწორედ „სამეფო უბანში“ მეტყველებენ უახლეს სათეატრო ენაზე და ახალ წესრიგს ამყარებენ, რომელსაც არა წარსულის დიდების კვალი, არა მიღწეულით ტკბობის სიმყუდროვე, არამედ ცოცხალი მომავალი აქვს.

„პრომეთე. დამოუკიდებლობის 25 წელი“,  დათო გაბუნიას პიესაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის 25-წლიანი ისტორიის ფრაგმენტებზე, მოგონებებსა და ასოციაციებზე აწყობილი სპექტაკლი, დოკუმენტურ მასალისა და ლიტერატურული ტექსტების ერთიან ჯაჭვად  ლაგდება და არაორდინარულ სახეს იძენს. განზოგადების ხატი იმდენად ძლიერია, რომ თაობის - რომელიც სწორედ 25 წლის წინ დაიბადა და ამ ხნის განმავლობაში იქცა ჩვენი სამშობლოს ცხოვრების განუყრელ ნაწილად - ხედვა და დამოკიდებულება საკუთარი თუ ქვეყნის ბიოგრაფიისადმი კაცობრიობის მეხსიერებისა და დავიწყების ხატად ყალიბდება და სიტყვით, ქმედებით, მოვლენათა ქაოტური თანმიმდევრობით დასახიჩრებული სამყაროს კალეიდოსკოპური სურათის შექმნაში მონაწილეობს.  

კიდევ შეიძლება რამდენიმე რჩევის დამატება. სამეფო უბნის თეატრში, ვფიქრობ, აუცილებლად სანახავია - თემურ ჩხეიძის სახელოსნოს სტუდენტების - დრამატურგებისა და რეჟისორების - სადიპლომო სპექტაკლები - გურამ ღონღაძის „მარინა რევია“ (დრამატურგი - ალექს ჩიღვინაძე), თათა პოპიაშვილის „ოლიმპიური თამაშები“ (დრამატურგი - ალექს ჩიღვინაძე), ვანო ხუციშვილის „დიდი შესვენება“ (მესხეთის თეატრში, დრამატურგი დათა ფირცხალავა); მიშა ჩარკვიანის „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“ (მარჯანიშვილის თეატრში); პაატა ციკოლიას „აიიქ“ (დრამატურგი - ოთარ ქათამაძე, მუსიკისა და დრამის თეატრში), დავით დოიაშვილის „ბალიშის კაცუნა“ (მუსიკისა და დრამის თეატრში); ნიკა საბაშვილის „ორკესტრი ტიტანიკი“ (ფოთის თეატრში), სანდრო ელოშვილის „მოხუცი ქალის ვიზიტი“ (მარჯანიშვილის თეატრში) და სხვა.      

მოკლედ, თეატრალური ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება და რამდენიმე ასეულ დადგმას ქართული თეატრის ისტორიაში ახალ-ახალი სპექტაკლები ემატება, რომელთაგან ზოგი ისტორიას დარჩება და ყოველთვის გაიხსენებენ, ზოგი - სეზონის ბოლომდეც ვერ ატანს, 2-3 ჩვენების შემდეგ იხსნება და ქრება. მაგრამ ესეც ისტორიის ნაწილია, როგორც ყოველთვის იყო -  კარგ სპექტაკლებს ცუდი ცვლის, ცუდს - კარგი, საშუალოს - უკეთესი და „არანაირს“ - ბრწყინვალე, საინტერესო და უინტერესო, მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო. არჩევანიც მაყურებელს მათ შორის შეუძლია გააკეთოს. 

შემოქმედებით პროცესებს თან სხვადასხვა სახის რყევები, ადმინისტრაციული, საორგანზაციო ცვლილებებიც ახლავს. მოკლედ, ქართულ თეატრს სიმშვიდისა და მოდუნებისთვის არ სცალია.

bottom of page