
არჩილ ქიაჩელი რომ გარდაიცვალა...
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

26.11.2026
ლელა ოჩიაური
არჩილ ქიაჩელი რომ გარდაიცვალა...
„პათეტიკური მონოლოგების“ საპრემიერო ჩვენებას, თეატრალურ კომპანია „ჰარაკში“, ორი წლის წინათ დავესწარი. კარგი შთაბეჭდილებაც დამრჩა. დამამახსოვრდა. „მივიღე“. შემდეგ, კიდევ მინდოდა მენახა და მეორედ, მხოლოდ ახლახან ვნახე. „შესამოწმებლად“. დრო გავიდა. ამასობაში, რაღაცეები თეატრსმიღმაც შეიცვალა, და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხელოვნება - ცოცხალი, დამოუკიდებელია. და... რა თქმა უნდა, პოლიტიკურიცაა. და რომ თავისუფლება და დრო ხელოვნების ნაწარმოებს (თუ მართლა ხელოვნებაა) სხვა ღირებულებასაც მატებს და მნიშვნელობასაც. ყველა სხვა ფასეულობასთან ერთად, ის, რაც ადრე, მიმდინარე პროცესებზე პირდაპირ და ამით მომხიბვლელ რეაქციად/პასუხადაც აღიქმებოდა (ასეც იყო), დღეს უფრო „მძიმეწონიანად“ იქცა, განივრცო, განზოგადდა და ჩაღრმავდა. ამდენად, შეფასების სხვა საზომიც გაჩნდა.
„პათეტიკური მონოლოგები“ თემო რეხვიაშვილის - თემორეს (მსახიობი, მწერალი, დრამატურგი, კურიერი) ორი პიესიდან [ყოველ შემთხვევაში, გამოქვეყნებულიდან, კრებულში - „პათეტიკური მონოლოგები“/ორი პიესა, „CO2“-თან ერთად („სულაკაურის გამომცემლობა“)] ერთ-ერთია. ორივე, თანამედროვე ქართული დრამატურგიის გამორჩეული ტექსტია; ორივე, დროის მცირე ინტერვალით, რეჟისორმა და მსახიობმა ილია ქორქაშვილმა დადგა („CO2“ - თეატრში „ათონელზე“. სხვათა შორის და სამწუხაროდ, თავისუფალმა და თეატრის განვითარების ხელშემწყობმა ამ სივრცემ საქმიანობა იძულებით შეაჩერა და იმედია, დროებით). და ორივე, წარმატებული შედეგით.
ილია ქორქაშვილი ქართულ სათეატრო სივრცეში გამორჩეული ხელწერისა და ხედვის რეჟისორია, არაბანალური მხატვრული გადაწყვეტისა და ფორმის რამდენიმე სპექტაკლის ავტორი (ავგუსტ სტრინდბერგის „ფრეკენ ჟული“ - გორის თეატრში, ვალერი ოთხოზორიას „წმინდა ნაწილები“ - სამეფო უბნის თეატრში, დინო ბუცატის „კლინიკური შემთხვევა“ – „მარჯანიშვილში“), რომელიც სცენურ სინამდვილეს - თავიი თეატრის სამყაროს - გამომსახველი, ინტენსიური, მრავალშრიანი ფორმების სიუხვით ქმნის. მისთვის მნიშვნელოვანია - სივრცის, გარემოს მხატვრული, ვიზუალური, მეტყველი (ფორმით, ფერით, განათებით, მუსიკით, ხმოვანებით) აგება და „ფიზიკური“ სურათის, როგორც სპექტაკლის ერთ-ერთი მოქმედი „გმირის“ ინტენსიური ჩართულობა მოქმედებასა და მოვლენების, ასევე თავისთავად, ფიქსირებასა და თანმიმდევრობაში.
ამ პროცესში, მის შეთხზვასა და აგებაში, ორგანულადაა „მოქცეული“ ქეთი ნადიბაიძის სცენოგრაფია და კოსტუმები, აბსტრაგირებული, თავისუფალი ფანტაზიითა და სულ რამდენიმე „ბუტაფორიული“ ელემენტით შექმნილი გარემო.
რეჟისორთან ერთად და მასთან უნისონში, მხატვარი სივრცის მთლიანობითა და მკვეთრადგამომსახველი დეტალებით, ფერებით - ძალიან ინტენსიურ წითელსა (ყველაფერი წითელშია შესუდრული), შავში და ნეიტრალური ტონებით აგებს. განსაზღვრავს სამყაროს კონტურებს, რომელიც, თითქოს მოქმედების ერთ ადგილს „ეკუთვნის“, უცვლელია, მაგრამ ბევრ სხვადასხვა სივრცეს, ადგილსა თუ დროის სხვადასხვა მონაკვეთსაც გულისხმობს და განყენებულ და პირობით გარემოსაც, წარსულს, აწმყოს, კიდევ უფრო ღრმა წარსულსა და უდროობასაც. ამ მხატვრული ხერხების თანაარსებობას ამთლიანებს და თავისთავად პირობით ელფერს, ფაქტურას სძენს და სახეს უცვლის აჩი არგანაშვილის, სხვადასხვა ინტენსივობის განათება, როგორც „შუქწერის“ აქტიური პირობა.
„პათეტიკურ მონოლოგებში“, კასკადურ და მძლავრ ენერგეტიკულ ველში მოქცეული მოვლენები მონოლოგების (7, ერთი-მეორეზე სხარტი, სიტყვით, აზრით, სხვადასხვა ემოციით გაჟღენთილი) „პათეტიკური“ ჯერით ცვლიან და აგრძელებენ ერთმანეთს. თამამი, თავისუფალი და ლაღი, გახსნილი - დახურულ და ფიზიკურად შეზღუდულ სივრცეშიც კი. რომელსაც, თავის მხრივ, არღვევს სპექტაკლებისა და ინტერვიუების ჩანაწერების პროექცია ეკრანზე, არჩილის მონაწილეობით). სამაგიეროდ, აქ ჭარბობს შინაგანი თავისუფლება და ვიტყოდი, უკომპლექსობა (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით).
ამბავი „ღვაწლმოსილ“ მსახიობ არჩილ ქიაჩელის - ვანო თარხნიშვილი - სიკვდილით, უფრო ზუსტად, პანაშვიდით იწყება. „ახალშესვენებულიც“ იქვე წევს, თეჯირს მიღმა, წინ და უკან მოძრავ კუბოში და თითქოს მკვდარი კი არაა, ძინავს, რადგან, პრაქტიკულად, ყველა ამბავში, ყველა ეპიზოდშია, სხვადასხვა ფორმით, სახითა თუ დოზით ჩართული. მგლოვიარეებიც, დასაწყისში, იქვე, აქა-იქ, მიმდაბარედ ჩამომსხდარან; მუშები - ბექა ხაჩიძე და გიორგი რაზმაძე - სარიტუალოდ, დარბაზს აწესრიგებენ, სკამებს აწყობენ, გლოვის განსაზღვულ წესრიგზე, გარდაცვლილზე საუბრობენ და შემდეგ, მოქმედების ძირითადი ნაწილიც იწყება.
არჩილ ქიაჩელი რომ გარდაიცვალა, მის სამოქალაქო პანაშვიდზე, თეატრში, რომელშიც მუშაობდა, ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც სხვა ასეთ ტრაგიკულ ან ფსევდოტრაგიკულ (რადგან ასეა მიღებული, ასეთია ტრადიცია) შემთხვევებში ხდება. აქ და ამ დროს, ყველა პოულობს საქებარ სიტყვებს და დასტირის მიცვალებულს - საჯაროდ და ყველას დასანახად. ყველას რაღაც აგონდება, თუ იგონებს, თუმცა, არც მანამდე და არც შემდომ, ალბათ, არავის ახსოვდა და აღარც გაახსენდება, ძაღლის გარდა, რადგან არჩილმა, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი იყო: ადამიანების მიმართ რწმენა დაუბრუნა.
სამძიმარზე მისული საზოგადოების პროცესიას პრიმადონა მსახიობი - ნატალია გაბისონია - მიუძღვის. მის ამალაშია არჩილ ქიაჩელის კოლეგა, მსახიობი კაცი - ბექა ხაჩიძე. ასეთი ამბის გამო, თვით ანტიგონეც - სოფიკო გვიმრაძე - კი ტოვებს თებეს და დანარჩენებს უერთდება. არჩილთან გამოსამშვიდობებლად და საკუთარი კრიტიკული პოზიციის დასაფიქსირებლად - ცხოვრებაში არსებული პრობლემების მიმართ - ყოფილის (ანუ არჩილ ქიაჩელის ყოფილის) დაქალიც - გვანცა ენუქიძე - მიდის, რომელიც, სამოქალაქო პროტესტში მყოფ საზოგადოებას წარმოადგენს და თავის ხაზს „აწვება“.
არჩილ ქიაჩელს, გამოსამშვიდობებლად, თვით კულტურის მინისტრიც - ლაშა-გიორგი ლაშხი - კი ეწვევა; და სხვებთან ერთად, იხსენებს გარდაცვლილს. მხურვალე მონოლოგს წარმოთქვამს, პათეტიკითა და პირობითად, წარსულითა თუ საქმიანობის აწმყოთი, თუ ტყუილი დაპირებებითა და დეკლარირებული გეგმებით - როგორც სახელმწიფო მოხელის ტიპური წარმომადგენელი, რომლებისთვისაც სიყალბე და სიცრუე დასაშვები და ბუნებრივად და ორგანულად მისაღებია.
არჩილ ქიაჩელის სიკვდილი, როგორც პიესაშიცაა მითითებული - მთაწმინდის ბინადრებსაც შეუტყვიათ და ამ ახალ ამბავს ღამით და აქტიურად განიხილავენ. პანთეონიდან, საკმაოდ პათეტიკურ დიალოგში ჩაბმული საზოგადო მოღვაწეების - გალაკტიონ ტაბიძე - ლაშა-გიორგი ლაშხი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი - გიორგი რაზმაძე, ანა კალანდაძე - გვანცა ენუქიძე, ვერიკო ანჯაფარიძე - სოფიკო გვიმრაძე, კეკე გელაძე-ჯუღაშვილისა - ნატალია გაბისონია - მხოლოდ ხმები ისმის, საფლავების, თეთრსაბურველჩამოფარებულ ბიუსტებს მიღმა, ან პირდაპირ სამარეებიდან.
ყველა და მათ შორის, მიცვალებულებიც, სხვადასხვანაირად გრძნობენ სიკვდილს - კონკრეტულად და ზოგადად, სხვადასხვანაირად რეაგირებენ, აფასებენ, განიცდიან. ვიღაცისთვის (მაგალითად, ვერიკო ანჯაფარიძისთვის, რადგან ის უკვე „იქაა“) ის „გარდმოიცვალა“, ვიღაცისთვის გარდაიცვალა, ზოგადად კი უკვდავია.
შემდეგ მათ სატელევიზიო ანძაც - გიორგი რაზმაძე - უერთდება, რომელიც პანთეონსაც, ბუნებრივად ხედავს, რადგან იქვეა და მთელ ქალაქსაც გადმოჰყურებს, იცის, სად, რა და როგორ ხდება და ვინ ვინაა. და რომელსაც საღად აღქმაც, სიტუაციებისა და ადამიანების განსხვავებაც და განჭვრეტაც შეუძლია, რადგან ნეიტრალურია და ზუსტი და მიუკერძოებელი შემფასებელიც.
სპექტაკლი ამგვარი „სიუჟეტების“, დამოუკიდებელი ეპიზოდებისგან შედგება. ტრადიციული, თითქოს ჩვეულებრივი რუტინაა, მაგრამ „არაყოფითად“ წარმოდგენილი. ბასრი და გონებამახვილი იუმორით, ყოველგვარი „გადაცდომისა“ და უხამსობის გარეშე (რასაც ასე მივეჩვიეთ, თუ მიგვაჩვიეს დღეს), პაროდირებით, შარჟით - პერსონაჟებზე, სიტუაციებზე, მოვლენებზე, ნაცნობ, ამოსაცნობ და ინტერპრეტირებულ ამბებზე - ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიიდან; ქართულ თეატრსა და საზოგადოებაში დღეს არსებულ ბანალობებზე, თუნდაც, იგივე პათეტიკურობაზე, ფარისევლობაზე, ნაყალბევებზე, უნიჭობაზე, დეფორმირებულ პროცესებზე.
მსახიობების ოსტატობა ალბათ ერთ-ერთ ურთულეს ჟანრში - ტრაგიფარსში თუ პაროდიაში, უმაღლეს კლასს აღწევს. თითოეული ქმნის მდიდარნიუანსებიანპერსონაჟს, შარჟს - ვიღაც კონკრეტულზე, ზოგადსა თუ წარმოსახვითზე, ქმნის კრებით სახეებს, რომლებშიც და რომლების მონათხრობ ამბებშიც, მოგონებებში თუ სამყაროზე, ცხოვრებაზე შეხედულებებსა და ასე შემდეგ მსჯელობებში, გულწრფელ თუ „საპარადო“ გამოსვლებშიც ბევრი ნაცნობი პიროვნება, სიტუაცია, ამბავი, ფაქტი, მოვლენა შეიძლებ ამოვიცნოთ, ვიღაც ან რაღაც მოგვაგონდეს, რაღაც გვენიშნოს და კიდეც აღმოვაჩინოთ. მნიშვნელოვანია, თუ როგორ მიჰყავს თითოეულ მათგანს როლი, როგორ და რა ტიპაჟებს ქმნიან, როგორი მდიდარი და დატვირთულია თითოეული დეტალი, ჟესტი, როგორ რეაგირებენ სხვებზე - ვითარებაზე, ნათქვამზე, სიტყვაზე, როგორ აფასებენ, როგორ გადიან ურთულეს გზას, დასაწყისიდან დასასრულამდე, როგორ ინარჩუნებენ მთლიანობასა და ერთობას, როგორ გრძნობენ კონკრეტული ეპიზოდის ხასიათსა და რეჟისურის თავისთავადობას, როგორ „უჭირავთ სტილი“ და ინარჩუნებენ ფომას.
ამ სივრცეს ავსებენ - ხმები, ცოცხლად წარმოთქმული, მიკროფონში, „კადრსმიღმა“, დაბალ თუ მაღალ რეგისტრში; ხმაურები, რომლებიც ცხოვრებას თან ახლავს, საბა ფადიურაშვილის ხმოვანებითა და დავით ხორბალაძის (რომელიც რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგია და ამდენად, ზუსტად გრძნობს და იცის, როგორ და რა აქცენტებით შეიძლება შეიქმნას „საჭირო“ და ცოცხალი ატმოსფერო) მუსიკა - ორიგინალურიცა და „გამოყენებულიც“, „თავისუფალი“ გაფორმებით (რომელიც, სხვათა შორის, იმ საღამოს, სპექტაკლს ცოცხლად აფორმებდა), ემოციურიც, ნეიტრალურიც, ორგანულიცა და კონტრაპუნქტულიც, აგრესიულიც და „შინაარსობრივად“ მორგებულიც (ასეთი ბალანსირება ზოგადააა სპექტაკლის სარეჟისორო გადაწყვეტის პრინციპში), ვოკალური ჩანართებით (გვანცა ენუქიძისა და გიორგი რაზმაძის სოლო პარტიებით) - და ხმოვან-მუსიკალური რიგი არსებობს, როგორც დამატებითი მხატვრული და საინფორმაციო შრე - ყველასა და ყველაფერზე, რაც შიგნით და გარეთ ხდება.
მნიშვნელოვანი აღარაა, უფრო ზუსტად, „გათანაბრებულია“, გაიგივებულია, ვინ წარმოთქვამს ამ მონოლოგებს, ვინ ვის ესაუბრება - ადამიანი, თვითონ გარდაცვლილი არჩილი, სხვა მიცვალებულები (დიდი ხნის წინათ), ძაღლი თუ სატელევიზიო ანძა. თუ ვიღაც შეიძლება „იყოს“ ნაგავი ან სანთელი, და ჩვეულებრივად არსებობდეს, თანასწორუფლებიანი იყოს (როგორც CO2-შია), ანძაც და ძაღლიც თავისუფლად შეიძლება „გააადამიანურდნენ“. საფლავის ძეგლებიც. ისინი ნაკლებპათეტიკური და არაყალბები არიან, რადგან არაფერს „თამაშობენ“, არიან, რაც არიან. მთაწმინდის ბინადრები კი, ისევე ცოცხლები. „პათეტიკური მონოლოგების“ წესებით, ეს ყველაფერი მისაღები და დასაშვებია.
სპექტაკლი სამი საათი გრძელდება და დროის გასვლას ვერ გრძნობ. დრო აქ ისედაც თითქოს გაჩერებულია. ან, უფრო ზუსტად, ზღვარწაშლილია. წარსული და აწმყო გაერთიანებულია, მომავალი კი, არჩილ ქიაჩელისთვის (და არა მხოლოდ) უკვე აღარ არსებობს. წარსულად იქცა და განზომილებები და სივრცეები გაერთიანდა. სიკვდილმა ყველაფერი წაშალა და თან მეხსიერებაში ამოატივტივა. გააცოცხლა. სხვებსაც შეახსენა, დროისა თუ ამქვეყნიური არსებობს წარმავალობის გარდუვალობა - სულიერსაც და უსულოსაც, რომელსაც ისევე გაუდის ყავლი, როგორც ცოცხალს.
„პათეტიკური მონოლოგები“, „თამაშ-თამაშითა“ და „არასერიოზულობით“, მოცულობითსა და მრავალმნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებზეა აგებული. ბევრ ასოციაციას იწვევს, ბევრი პარალელი და ადრესატია, არა, ვთქვათ, პირდაპირ და ილუსტრაციულად, პლაკატურად აღქმული, არამედ, განზოგადებულიც, სახეცვლილიც, „დაკონკრეტებულ-დაზუსტებულიც“, ახალმნიშვნელობა და არსმინიჭებულიც. მასში პიროვნული, პოლიტიკური, სოციალური, საზოგადოებრივი არა ერთი გზავნილია თავმოყრილი, ურთიერთკავშირში, ურთიერთგამომდინარე და განზოგადებული. ზოჯერ მიმართულებაშეცვლილი, ზოგჯერ - უფრო დატვირთული, ანალიტიკური. და ეს ყველაფერი არასდროს ცდება ჟანრს, ფორმას, კომპოზიციური აგებულების გამართულობას, რომელიც ილია ქორქაშვილის სარეჟისორო სტილისთვის, აზროვნებისთვის დამახასიათებელი, სპეციფიკური და საცნობია.
ფინალური ეპიზოდი და ალბათ, მთავარი - სპექტაკლის კულმინაცია - რიჩარდადწოდებული ძაღლის - ბექა ხაჩიძე - მონოლოგია. აქ მთავრდება „პათეტიკა“ და ადამიანის ტრაგედიისა და სპექტაკლის მთავარი და ნამდვილი რაობა და არსი მჟღავნდება.
„პათეტიკური მონოლოგები“ თავისებური გამოთხოვება ადამიანებთან, ძაღლებთან, ადგილებთან, შეჩვეულ ქუჩებთან, ქალაქებთან, ცხოვრების წესთან, დამკვიდრებულ ჩვევებთან. ახალი ცხოვრება და სიკვდილიც თანაბრად იწვევენ განახლებას. ცუდსაც და კარგსაც. შვებსაც და უიმედობასაც. სასოწარკვეთასაც და სინანულსაც.
„პათეტიკური მონოლოგები“ - ტექსტი და სპექტაკლია, რომლის ყველა ეპიზოდი და სიტყვა, მოვლენა და საერთო კონსტრუქცია, მსახიობების ოსტატობა და მხატვრული რეალობის ასაწყობად გამოყენებული ყოველი შტრიხი - ამა თუ იმ სახის, პერსონაჟის „გრძნობათა ბუნებისა“ თუ ტიპაჟის შესაქმნელად და მათი თვისებების გამოსაკვეთად, სიტუაციის, ატმოსფეროს გასამართად და - სათქმელის სრულიად არაპათეტიკურად გამოსათქმელად - ღიად და უკომპრომისოდ გაიცემა და შენც მისაღებად ხარ მზად, ჩართული ხარ, გულგრილი არ რჩები და ეს მდგომარეობა - გესმის, გაინტერესებს, გხიბლავს და გატკბობს.
ილია ქორქაშვილის, თემორეს, სადადგმო და საპროდუსერო ჯგუფის - მარიამ პაიჭაძე, ლიზი ტყეშელაშვილი, ტექნიკურ ასისტენტ ირაკლი სირბილაშვილისა და მსახიობებისგან უკვე მიჩვეული ვართ, რომ იმედგაცრუებულს, გულნაკლულს, მოწყენილს არ დაგვტოვებენ, თეატრში გატარებული დროის ფუჭად გაფლანგულად თუ დაკარგულად ჩათვლის გამო.
„ჰარაკისგან“ მუდამ (და უკვე „პრეტენზიითაც“) ველით ახალს, საინტერესოს, ხარისხიანს, დამაფიქრებელს, სამსჯელოს, საკამათოს. მივეჩვიეთ, რომ ეს თეატრალური კომპანია ცოცხალი, ქმედითი, მიმზიდველი და პირდაპირ ვიტყვი - განსაკუთრებულნიშნებიანი შემოქმედებითი ცხოვრების ადგილად იქცა - უახლესი სახელოვნებო აზროვნებით, ინტელექტუალური თეატრის მახასიათებლებით; საერთო მოვლენებზე რეაგირებითაა და შიდა „სპექტაკლური“ თავისთავადი ფორმატებით; ქრონომეტრაჟის თავისებურებებით (ზოგჯერ, საკმაოდ ხანგრძლივით, თუმცა, არამოსაწყენ-არამოსაბეზრებელით) და დინამიკით; სამყაროსა და მასში მიმდინარე პროცესების ასახვის ინდივიდუალური ხერხებითა და ფორმებით, მიდგომებით, ხილვადობით, უკვე დამკვიდრებული (სხვაგვარი რეალობა უკვე უცნაური იქნებოდა) და გათავისებული გეზითა და წესრიგით.
ფოტო „ჰარაკის“ facebook გვერდიდან