top of page

არც კაროჟნა, არც ნატალია !

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

616691539_1330149622491954_2348301996570196081_n.jpg

03.03.2026

ლელა არაბიძე

არც კაროჟნა, არც ნატალია !

„წანწალმა მომკლა, წანწალმა“

ბათუმის დრამატულ თეატრში „დარისპანის გასაჭირის“ სანახავად მისულ მაყურებელს ტრადიციული იმერული ორღობე და ორღობიდან ჩანჩალით მომავალი დარისპანი და კაროჟნა არ უნახავს, არც წინსაფრიან მართას შეუკივლია დარისპანის დანახვისას, საერთოდაც, ვიდრე ნათესავების - მართასა და დარისპანის შეხვედრას ვნახავდით, პარტერში შესულებს მალევე შემოგვიერთდნენ ნატალია და კაროჟნა - ავანსცენაზე დასხდნენ და ყურადღებით აკვირდებოდნენ მაყურებელს - აქაოდა იქნებ ჩვენი მთხოვნელი გამოჩნდეს ვინმეო?! აქაოდა გვეშველოსო?! ვიტრინაში გამოდგმული გასაყიდი ნივთებივით ისხდნენ ლამაზი ნატალია და ლამაზი კაროჟნა და ღიმილით შეჰყურებდნენ მაყურებელს - იქნება და იმ მაყურებლიდან ვინმეს სახლში წაეყვანა რომელიმე? „კაროჟნა თუ ნატალია?“ ეს სიმღერა გასდევდა ფონად პირველივე და კიდევ არა ერთ სცენას, მაყურებელიც იჯდა და ფიქრობდა - კაროჟნა თუ ნატალია?

ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი კაშია ისევ დავით კლდიაშვილს ერკინება - ვნახეთ მისი დადგმული „ირინეს ბედნიერება“ ჯერ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში; (შემდეგ ეს სპექტაკლი რუსთავის დრამატული თეატრის რეპერტუარში შევიდა), „მსხვერპლნი“ - რუსთაველის ეროვნულ თეატრში, „სამანიშვილის დედინაცვალი“ ზუგდიდის თეატრში - სპექტაკლმა არაერთი პრემია და ჯილდო დაიმსახურა, ამ წარმოდგენებით გიორგი კაშიამ მოგვითხრო ადამიანური ღირებულებების გაუფასურების, გულგრილობის, ტკივილის შესახებ, მიაგნო ორიგინალურ ხერხებს, დაგვარწმუნა, რომ კლასიკური ქართული დრამატურგიის თანამედროვე ხერხებით დადგმა ხელეწიფება, დაგვარწმუნა, რომ კლდიაშვილის უკვდავი დრამატურგია, რასაკვირველია, იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ორნაქმარევი და უშვილო დედინაცვალი, კუთხურად მოქცეული „წამეიყოლე, მეიტანე“; ბრეგაძეების კარ-მიდამო და ა. შ. გიორგი კაშია კვლავ ცდილობს დიდი ტრაგიკოსის მძაფრი ტექსტების თავისებურად გააზრებას, (ამ შემთხვევაში, ტექსტის ადაპტაციაზე მასთან ერთად ვალერი ოთხოზორია მუშაობდა) და უფრო მეტი ნატურალიზმითა და ტრაგიზმით სცენაზე იმ გაუსაძლისი ყოფის ჩვენებას, რასაც დიდი დავით კლდიაშვილი ხატავდა.

ამ კონცეფციასთან მიმართებით, რასაც რეჟისორი და დამდგმელი გუნდი გვთავაზობს, სრულიად გასაგები და ზუსტია მხატვარ ანანო დოლიძის სცენოგრაფია - მაღაზია სცენაზე, რადგან გიორგი კაშიას სპექტაკლში მოქმედება ფეხსაცმლის მაღაზიაში ვითარდება. ფეხსაცმლის მაღაზიის მეპატრონე ერთი შეხედვით ამპარტავანი ქალბატონია, მართა ქვიტირიძისა (თამარ მაყაშვილი), რომელსაც ღატაკი მეზობელი- ნათლიდედა პელაგია საბელაშვილისა (ინგა ღირდალაძე) დაუსაქმებია, (ხანდახან აყვედრის კიდეც ალბათ ამ სიკეთეს) და პერიოდულად სულ ცდილობს პელაგიას პატარ-პატარა დახმარებები აღმოუჩინოს - ეს უკანასკნელი სულ დასახმარებელია! თამარ მაყაშვილის მართა თანამედროვედ ჩაცმული, ცოტა გაპრანჭული, ცოტა უხეში, ცოტა ფარისეველი ქალია - იმ არემარეში, სადაც ცხოვრობს, პატივს სცემენ - ფული აქვს ცოტათი მეტი, ვიდრე მის მეზობლებს, ბიზნესს ფლობს. საკითხავი ისაა, ვინ მოირგებს მართა ქვიტირიძის ფეხსაცმელს - ეს ფეხსაცმელები ხომ ასე ადვილად ხელმისაწვდომი არაა! თაროებზე ლამაზად დალაგებულ ამ ფეხსაცმელში ჩანს მისი სიძლიერე - გარეთ თოვლია და მართას კი შეუძლია ფეხშიშველი ხალხი შემოსოს - ამ შესაძლებლობით ის აუცილებლად ისარგებლებს ყველა სიტუაციაში, ყველა დროში, და რადგან მართა ქვიტირიძისა წარმოდგენის განმავლობაში მოქმედების შესაბამისად ხან ამპარტავანი და ძლიერი ქალია, ხან კი სევდიანი შემოდგომის აზნაური, რომელიც უიმედოდ ცდილობს ოსიკოს თავისი ნათლული ნატალია შეაძლიოს - მსახიობი თამაშის ხერხს რამდენადმე ცვლის, თუმცა ეს ხერხი ბოლომდე გამართლებული არცერთ შემთხვევაში არაა, ეს მხოლოდ თამარ მაყაშვილის პრობლემა არ არის წარმოდგენაში. როგორ ჩანს, რეჟისორის ჩანაფიქრმა, ამდენმა შემოთავაზებულმა ჟანრმა - ტრაგედიას ვუცქერთ? კომედიაა? იქნებ ბუფონადა? ხან ნატურალიზმია, ცოტა კომედია დელ არტეც - მსახიობები პრინციპულ გადაწყვეტამდე ვერ მიიყვანა, რაც შემდეგში უკვე დადგმულ სპექტაკლში კარგად იკვეთება.

დარისპანი და კაროჟნა სიცივესა და ქარბუქში მიაღწევენ მართას მაღაზიამდე. „წანწალმა მომკლა, წანწალმა“ ამბობს დარისპანი და გასაცოდავებულ მზერას მიაპყრობს უფრო ქალიშვილს, კაროჟნას. კაროჟნას ხვედრი მძიმეა, ის პირველი უნდა გათხოვდეს და გზა გაუხსნას დანარჩენ სამ დას, ამიტომ დადის დარისპანი, დადის გაუთავებლად და თან დაჰყვება დიდი ტვირთი - შვილი, მოუშორებელი ტვირთი. დაასრულებს კი ღმერთი მშვიდობიანად მათ მოგზაურობას? ან კი მშვიდობას, სიკეთესა და ღმერთს რა ხელი აქვს იმხელა ტრაგედიასთან, რაც დარისპანს დაატყდა თავს? გაუფერულებულია ამქვეყნად ყველაზე რეალური გრძნობა - გრძნობა მშობელსა და შვილს შორის, დარისპანის ყველაზე დიდი ოცნება, მიზანი, კაროჟნას გათხოვება და პატრონისთვის ჩაბარებაა, ეს არის დარისპანის ფუნქცია - რაც შეიძლება მალე „დააგდოს“ შვილი სადმე. ვინმემ წაიყვანეთ, ადამიანები არა ხართ? არავის გინდათ კოხტა კაროჟნა? სადილის გაკეთება იცის, ქსოვა იცის, კერვა, კერვაც იცის კაროჟნამ!

ავთო ქარჩავა ცდილობს დაგვიხატოს ეს ღმერთისგან დავიწყებული გაჭირვებული აზნაური, ტრაგიკული დარისპანი, ტრაგიკული და თან მაინც ყოყლოჩინა - ტრადიციული იმერული კუდაბზიკა ხასიათით. მსახიობი სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებითა და ემოციით ცდილობს ამის ჩვენებას, თუმცა ჟანრობრივი ხერხის შეცვლა და ამით გამოწვეული დაბნეულობა აქაც თვალსაჩინოა - მსახიობი ყველაზე სახიერი არის მაშინ, როცა დარისპანი არათუ რამეს ცდილობს, არამედ სრულიად ღია ნატურალიზმით წარმოგვიდგენს საკუთარ უიმედობას. ძალიან მძაფრია მისი სცენა პარტერში, როდესაც თოვლისგან გაწუწულ და გაყინულ მამა-შვილს მართა მაღაზიაში მიიღებს და ფეხსაცმელს აჩუქებს (ხომ გვახსოვს, რომ მართას ფეხსაცმლის ჩაცმის პატივი ყველას არ აქვს!). ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმას ცხოვრებაში პირველად ცდილობს მოუხერხებელი კაროჟნა (მგონი, ამ კაროჟნამ არაფრის კეთებაც არ იცის, ფარსია ყველაფერი!) ამ დროს მისი გაჭირვებული მამა პარტერში ჩადის და საზოგადოებას მიმართავს - რამ გაგიქვავათ გული, ყმაწვილებო? მამაც ხელმოცარულია და შვილიც - ქუსლიანი ფეხსაცმელი არ შეიძლება ღატაკმა და დარდიანმა კაროჟნამ მოირგოს, ვერც დარისპანი შეაცოდებს თავს ვერავის საზოგადოებაში. ეს საზოგადოება ყრუა და მუნჯი, სხვისი სატკივარი არ სტკივა, (რა დროს კაროჟნას გათხოვებაა, ზოგი ტელეფონსაც არ თიშავს პარტერში).

არც პელაგია საბელაშვილისა ზის უქმად - ნატალიას ამზადებს, უფროს ქალიშვილს. ხუმრობა ხომ არაა - მართა ბიჭს ურიგებს, დღეს პირველი შეხვედრაა! რამდენი იმედია ამ შეხვედრაში, რამდენი ფიქრი და მოლოდინი! ბედად თავდაბანილი და „პიჩოსკა გაკეთებული“ ნატალია მოიჩქარის - დედის მარწუხებისგან დახსნა სურს- გაბედნიერებაზე არც ფიქრობს, მთავარია დედა გააბედნიეროს და მოშორდეს ერთი სარჩენი. იქნებ როგორმე მოშორდეს? იქნებ წაიყვანოს ოსიკომ?

პელაგიას როლს ინგა ღირდალაძე ასრულებს. ის ტრაგიკომიკურ ჟანრში თამაშობს და არ ეძებს ახალ ხერხებს. მისი პელაგია, პირველ რიგში, უბედური ქალია, უქონელი, მისი ერთადერთი იმედი ნათლიდედა მართაა, მზადაა ყველა ღონე იხმაროს და მართას ასიამოვნოს, ოღონდაც კი მართა უცოცხლოს ღმერთმა! სიცილის მომგვრელია მისი ეს მცდელობები, ნატალიას გათხოვების გამო პელაგია უკუღმაც კი ივლის - ღმერთო, ნეტავ შეეძლოს! ინგა ღირდალაძე რიგ სცენებში ზედმეტად ხმამაღლა და გამყინავად გადმოსცემს სათქმელს, რაც დრამატურგიას რასაკვირველია არაფერში ეხმარება და მხოლოდ მოჭარბებულ პათეტიკად აღიქმება, საბოლოოდ კი ის მაინც ახერხებს და პირველ რიგში უიმედო და საცოდავ ქალს ხატავს, რომელიც მაყურებელში თანაგრძნობას იწვევს.

მაღაზიის ვიტრინაში კი, სადაც მართას ყველაფერზე ფასდაკლება გამოუცხადებია, ისევ სხედან კაროჟნა და ნატალია და აბსოლუტურად უიმედოდ ცდილობენ ცოლად გაჰყვნენ ოსიკოს - ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც მართას სინამდვილეში ნატალიას გასაცნობად ჰყავს მოწვეული, ამ არეულობაში შემთხვევით მოჩანჩალე დარისპანი და მისი კაროჟნა აღმოჩნდებიან და... კაროჟნას როლს ხატია ფოფხაძე განასახიერებს, ნატალია კი სალომე ბედინეიშვილია (ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი) ორივე მსახიობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამოცანას შესანიშნავად ართმევენ თავს. ყველაზე რთულ სიტუაციაში, როდესაც ბევრი სასაუბრო არ აქვთ და მთელი წარმოდგენის განმავლობაში სცენაზე დგანან, ყველა სცენას გამართლება უნდა მოუძებნონ და არასოდეს დაავიწყდეთ, რომ სინამდვილეში უბედური გოგონები არიან, ჩამოფასებულები, გასასაღებლები, ახალგაზრდები, მაგრამ არა ლაღები, არა ბედნიერები, არა ქუსლიანი ფეხსაცმლით, განსაკუთრებით გამოვარჩევდი კაროჟნას პერსონაჟს, ხატია ფოფხაძე ყველა სცენაში ახერხებს მიიღოს მაყურებლის თანაგრძნობა, მერე რა, რომ არც ის უნდა არავის და არც ნატალია...

აქვს რამე?

ოსიკო (თორნიკე ბარამიძე / ტამანგო ჯღერია) თავდაპირველად, სპექტაკლის დასაწყისში, ლოჟიდან გვევლინება საიდანაც ტელეფონების გამორთვისკენ მოგვიწოდებს და იქვე მორცხვად აწურულ ნატალიას ეუბნება „დანიშნული მყავს, ბატონო!“ ეს სცენა, სადაც წყვილი ლამაზ ლოჟაში დგას, ერთგვარად რომეოსა და ჯულიეტასა და ვერონის აივნის სასიყვარულო ისტორიას გვაგონებს, თუმცა, რასაკვირველია, ეს ყველაფერი ბლეფია - ოსიკოს ნატალია არ უყვარს, საერთოდ, არც ნატალიას უყვარს ოსიკო და ფასადურია ყოველივე. რეჟისორი ამ და კიდევ არაერთ სცენაში სატირასა და ბუფონადას მიმართავს და მაყურებელს ხან აცინებს, ხან ატირებს, ხან კი აკვირვებს. ოსიკო დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, იგი ონისიმეს (ზურაბ შალიკაძე) უტყვი მორჩილია. თორნიკე ბარამიძის ოსიკო უფრო მხიარული და დინამიურია, ტამანგო ჯღერიას ოსიკოში კი უფრო იკვეთება ცოტა სევდა და დარდი იმ ყველაფრის მიმართ, რაც მის თავსა და ზოგადად სამყაროში ხდება. ოსიკო თანამედროვე ახალგაზრდაა, რომელსაც კომპიუტერული თამაშები უყვარს და კაროჟნასა და ნატალიას რომც „ჰქონოდათ რამე“, სავარაუდოდ, ოსიკო მათ მიმართ მაინც გულგრილი დარჩებოდა.

გიორგი კაშია სპექტაკლში „დარისპანის გასაჭირი“ მართლაც რომ ორიგინალური ხაზით გვიჩვენებს იმ კლასიკური ტრაგედიის სიმძაფრეს, რაზეც კლდიაშვილი წერდა. ყველაზე მეტად შემოდგომის აზნაურების მწარე ხვედრი და წუთისოფლის ამაოება იმ სცენებში ჩანს, რომლის პერსონაჟები რეჟისორს თავად ორიგინალური პიესიდან არ ჰყავს შემოყვანილი. ესენი არიან მღვდელი პანტელეიმონი და ანგელოზი ელენე - გაჭირვებული და გაღატაკებული მღვდელი, რომელსაც ანგელოზი პირდაპირ ციდან ეცხადება და ამშვიდებს - „რა იყო, პანტელეიმონ, რავა მოგიწყენია? მეიჩოჩე აქეთ“. ორი მსახიობის (პანტელეიმონი - სესე მიქავა; ანგელოზი - მარიამ მღებრიშვილი - ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი) დინამიურად გათამაშებული ეპიზოდები მაყურებელში ათასგვარ საფიქრალს აღვიძებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია პანტელეიმონის ვიზიტი მართას ფეხსაცმლის მაღაზიაში, სადაც უკვე პიკს აღწევს კაროჟნასა და ნატალიას უმიზნო ცეკვა-თამაში და ჩანჩალი ოსიკოსთვის თავის მოსაწონებლად, პელაგიასა და დარისპანის დავა და კონფლიქტი - ოსიკოს სიძეობის მოსაპოვებლად, მართას მცდელობები - ოსიკოს და ონისიმეს მოსახიბლად. ეს ყველაფერი ქმნის კარნავალურ სანახაობას, ამ სანახაობის გვირგვინი კი მღვდლისა და ანგელოზის შემოსვლაა, რომელიც ამ სცენაში ანგელოზი კი აღარ არის, არამედ ქალი, კაროჟნასა და ნატალიას კონკურენტი - მასაც ოსიკოზე დაქორწინება სურს! მაგრამ არც მას აქვს რამე, ამიტომაც ოსიკოს დანიშნული ჰყავს! დიახ, დიახ, დანიშნული - ტყუილია ეს ჩანჩალი, კარნავალი და ცეკვა თამაში, ტყუილია ყველაფერი ირგვლივ.

კაროჟნა თუ ნატალია?

სპექტაკლის ერთ-ერთი ძლიერი მხარე მუსიკალური გაფორმებაა, კომპოზიტორ გიორგი ჯღარკავას მიერ სწორედ ამ სანახაობისთვის შექმნილი მელოდიები, „კაროჟნა თუ ნატალია“ ჩაგვესმის განუწყვეტლივ და ვხედავთ ისევ მაღაზიას, ჩამოფასებულ საქონელს ნატალიასა და კაროჟნას სახით, ტრაგედიას, რომელიც გრძნობების გაუფასურებასა და დარისპანისა და კაროჟნას განუწყვეტელ წანწალში გამოიხატება, პელაგიას სიღატაკესა და „მეორადებში“ შეძენილ ბარსელონას ემბლემიან მაისურში, პანტელეიმონისა და ანგელოზის უსაშველოდ სასაცილო და უსაშველოდ დრამატულ გაბაასებაში, მოგზაურობაში, რომელიც, აბა როგორ უნდა დააბოლოო, ღმერთო, მშვიდობით?

14 იანვარია, აღდგენილი ქართული თეატრის დღე, ბათუმის დრამატულ თეატრში სეზონი ხმაურით გაიხსნა, გადაჭედილ დარბაზში ვსხედვართ და ვფიქრობთ კაროჟნა თუ ნატალია? მაგრამ მალევე გვავიწყდება სხვისი დარდი და ტკივილი, განცდა და ემოცია, ამიტომ ერთხმად ვიღებთ გადაწყვეტილებას და თეატრს ვტოვებთ...

არც კაროჟნა და არც ნატალია!    

ფოტო თორნიკე თავაძე

bottom of page