
არ და მიძახოთ ბებია
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

05.07.2026
გუბაზ მეგრელიძე
არ დამიძახოთ ბებია
თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ახალი სპექტაკლი - „არ დამიძახოთ ბებია“ დაიდგა. პიესის ავტორები არიან მაკა და ქეთევან ხარშილაძეები. ეს გახლავთ უპრეტენზიო სიუჟეტი უფროსი და უმცროსი თაობების ურთიერთდამოკიდებულებებზე, იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე გვხვდება და ცხოვრებისეული დასკვნების გამოტანას მოითხოვს. გმირები რეალურ ვითარებებს ასახავენ და მაყურებელს გულწრფელ ემოციებს უზიარებენ. მაყურებელი თავიდანვე აფიქსირებს, რომ ეს არის საკუთრად მისი ამბავი. ყოველმა ჩვენგანმა ვიცით ძალიან თბილი და იუმორით გაჯერებული ისტორია იმაზე, თუ რა რთულია ხანდახან ერთმანეთის გაგება, როცა ერთი მხარე წიგნების სამყაროთი ცხოვრობს, მეორე კი - სმარტფონებითა და სოციალური ქსელებით.
რეჟისორებმა, ქეთევან ხარშილაძემ და კახა გაბელაიამ, სპექტაკლი შემოთავაზებულ გარემოებებსა და პერსონაჟთა ხასიათების განვითარებაზე ააგეს. დამდგმელთა მიერ მოცემული მოქმედების რიტმი და ბუნებრივი იუმორი მაყურებელს სიუჟეტის აღქმასა და გმირთა შეფასებებში ეხმარება.
სპექტაკლი, მთავარი გმირის, ბებია თინას, იოგას ვარჯიშით იწყება. მსახიობი ქეთევან ქიტიაშვილი თავიდანვე ქმნის ამპარტავანი, ქედმაღალი, საკუთარ თავში დაჯერებული და ახალგაზრდულ იერზე ორიენტირებული პერსონაჟის სახეს. მისი ვარჯიში მიმართულია ულევი შესაძლებლობების მქონე ადამიანის მიერ საკუთარი თავით ტკბობისკენ. ასეთი ადამიანი, ბუნებრივია, ბებიობას არ კადრულობს – ამაყ, დამოუკიდებელ ქალად მოაქვს თავი და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს. აქედან გამომდინარე, შეშფოთდება, როდესაც ქალიშვილი, საზღვარგარეთ მივლინების გამო, ბავშვების სამი თვით დატოვებას სთხოვს. ამავე დროს, თინა გართობასა და ღონისძიებებზე წასვლას გეგმავს, კაბებს იზომავს და წიგნებსაც კი თემატურად ალაგებს თაროზე. ამ მოქმედებით იგი საკუთარი შეხედულებებისა და პოზიციის დათმობას არ აპირებს. მსახიობი კარგად გადმოსცემს გმირის რომანტიკულ განწყობას და ფიქრობს, როგორ შეაყვაროს შვილიშვილებს წიგნების კითხვა. თუმცა, აქვე შეშფოთებულია საყოფაცხოვრებო საქმეების გამო – არ იცის, როგორ შეუთავსოს თავისი განწყობა ამ რეალობას, ვინაიდან დიასახლისის ყოფით არ ცხოვრობს.
შემდგომი სცენა შვილიშვილების თამაშისა და ანცობის გამოხატულებაა. ტასო როსტომაშვილის ქეთი და დამიანე ნავაძის ნიკა გამოირჩევიან ბავშვური გულუბრყვილობით, გულწრფელი დამოკიდებულებებითა და შეფასებებით. მათ შორის კამათი იმის შესახებ, თინა დაუძახონ თუ ბებია, იუმორითა და ბუნებრივი გულწრფელობით მიმდინარეობს. მით უმეტეს, როდესაც ისინი მართლაც თანატოლებს ასახიერებენ და რეალური სკოლის მოსწავლეები არიან.
ნია ტოგონიძის ლელეს, კი, მათგან ასაკობრივი განსხვავების გამო, სულ სხვა ინტერესები აქვს: მოზარდს აწუხებს პირადი პრობლემები, და-ძმისადმი გულგრილია და მხოლოდ საკუთარი ინტერესები აყენებს წინა პლანზე. თავისი ინდიფერენტობისა და საკუთარ სამყაროში ჩაღრმავების გამო ბებიას მოსვლასაც ვერ ამჩნევს. სწორედ ასეთი გარემო ხვდება თინა ბებიას, რაც მასში გარკვეულ მოულოდნელობასა და გაურკვევლობას იწვევს, რის შემდეგაც იგი შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავალს ეძებს.
ქ. ქიტიაშვილის პერსონაჟს ყველა მოვლენაზე თავისი შეფასება აქვს. იგი აღშფოთებულია ნანახი უწესრიგობით და ირონიულად აფასებს ვითარებას. ამიტომ მბრძანებლური ტონით ცდილობს ჭკუა ასწავლოს შვილიშვილებს და თამაში წიგნის კითხვით შეაცვლევინოს. ამავე დროს, აღშფოთებას ვერ მალავს, როდესაც მობილურების აკრძალვის მცდელობისას ბავშვები მკვახედ ეტყვიან: „შენ ვინ ხარ, რომ გვიკრძალავო?“. ქ. ქიტიაშვილი გამომსახველობითი საშუალებების მუდმივ ძიებაშია. სცენაში, სადაც იგი გახარებული სახითა და ემოციური მუხტით ელოდება ბავშვებთან ერთად წიგნის წაკითხვასა და მსჯელობას, მისი განწყობა გულისწყვეტით იცვლება, როგორც კი ზურგშექცეულ შვილიშვილებს დაინახავს. შემდგომში იგი ტაქტიკას ცვლის და მათდამი უფრო მეგობრული ხდება. იგი ხვდება, რომ შენიშვნების ნაცვლად მათი სულიერი სამყაროს დანახვაა მნიშვნელოვანი, რათა შვილიშვილების განწყობასა, თუ სურვილებს გაუგოს. იგი უკვე ცდილობს მათი ცხოვრების წესი მიიღოს, ამიტომ მის სათაყვანებელ წიგნებს თაროზე აწყობს - რაც ადრე მიუღებელი იყო, ახლა სრულიად გასაგები ხდება, ვინაიდან ახალი თაობა სხვა ინტერესებით ცხოვრობს. თანდათან ურთიერთობები თბება და მეგობრული ატმოსფერო იქმნება. ბებია და შვილიშვილები გულწრფელად მსჯელობენ სიყვარულსა და მეგობრობაზე, რის გამოც იგი ლელიკოს განცდებსაც თანაგრძნობით ეკიდება. ამის გამოხატულებაა ლელიკოს მიერ ვიოლინოზე დაკვრაც, როდესაც მისი გრძნობები ნაზად ვლინდება და თინაც წარსულს სიამოვნებით იხსენებს.
მეგობარ მარინასთან სპექტაკლის დასაწყისში თინას შეშფოთებული მსჯელობა შემდგომში სასიხარულო ემოციით იცვლება. ჭკუის სწავლების ნაცვლად, იგი მზრუნველობაზე გადადის. მეგობრული რჩევის სახით ბავშვებს საყვარელ პოეზიის საღამოზე წასვლას სთავაზობს, რაზეც ისინი უკვე სიამოვნებით თანხმდებიან. სცენის უკანა პანო, სადაც ეზოში ბავშვები წიგნებს კითხულობენ, იცვლება მრავალფეროვანი, ყვავილებიანი მდელოთი, რაც სულიერებასთან ზიარების გამოხატულებაა. სწორედ გათვლილი დამოკიდებულების შედეგად, წინათ მომაბეზრებელი ბებიას ნაცვლად, ტ. როსტომაშვილის ქეთი მასზე სასკოლო თემას წერს და იმარჯვებს. თინაც ვერ მალავს ემოციებს, რომ იგი მომავალი თაობის მაგალითად იქცა. ამ დიდი სიყვარულის შედეგად ყველა ერთად იწყებს წიგნების კითხვას და მათი საყვარელი ინტერნეტული სამყარო მეორე პლანზე ინაცვლებს.
ამ დიდი ემოციური განწყობის შედეგად, რასაც მისი ჩანაფიქრის განხორციელება მოჰყვა, ქ. ქიტიაშვილის თინა უკვე სიხარულითა და სიამაყით ამბობს: „ბებია დამიძახეთო“. მან შეიგრძნო ბებიობის ხიბლი, რაც მანამდე უცხო იყო მისთვის. მართლა გრძნობ, რომ მან საკუთარი თავი იპოვა. ეს არ არის უბრალოდ სპექტაკლი მორალზე, ეს არის იმაზე, რომ ხანდახან ყველაზე დიდი ბარიერები მხოლოდ ჩვენს წარმოდგენებში არსებობს. მთავარია ადამიანებმა ისეთი სულიერი უნტერესები იპოვნონ, რაც მათ ერთმანეთისგან არ გააუცხოებს.
სპექტაკლის შემქმნელებმა ძალიან კარგად დაინახეს ის პრობლემები, რომლებიც დღეს თაობებს შორისაა: წესები, თავისუფლების აღქმა, პასუხისმგებლობა – ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. თუმცა, კონფლიქტებისა და გულწრფელი დიალოგების ფონზე, ეს ისტორია ნელ-ნელა იცვლება და გვანახებს, რომ ზოგჯერ სწორედ ის „ბებია“, რომელიც ვიღაცას შეიძლება მოძველებული ეგონოს, ყველაზე თანამედროვე ადამიანი აღმოჩნდება. საერთოდ, სპექტაკლის გარემო ზუსტად გამოხატავს მოქმედების არეალს; სცენები იოლად ენაცვლებიან ერთმანეთს და გმირთა სამყაროს ქმნიან - იქნება ეს თინას მარტოსული გარემო, ბავშვების ინდივიდუალიზმის წარმოჩენის რეკვიზიტები (სცენოგრაფი მაია სხირტლაძის, ვიდეო ინსტალაციები – ირაკლი ხვთისიაშვილის). სცენაზე მათ მიერ შექმნილი გარემო, სადაც ბავშვების ეზო ყვავილოვან მდელოდ გარდაიქმნება, ხაზს უსვამს ბებიასა და შვილიშვილების სულიერ სიახლოვეს. კომპოზიტორ დათო თავაძის მიერ შექმნილი მუსიკალური გარემო და ქორეოგრაფ დათო მეტრეველის მიერ მოქმედებას კარგად მორგებული სასცენო მოძრაობები, მთლიანობაში, მსახიობებს გმირთა დახასიათებაში ვიზუალურად ეხმარება.
ასე მთავრდება სპექტაკლი, რომელიც დარბაზში სასიამოვნო განწყობას ტოვებს.
ზოგადად, სპექტაკლი მაყურებლისთვის იქმნება. სწორედ ისაა პირუთვნელი შემფასებელი - ცოცხლად რომ ეხმიანებოდა სცენაზე მიმდინარე დიალოგებს, მიუთითებს იმაზე, რომ თემის აქტუალურობა დარბაზში მყოფთათვის უდავოა.