top of page

არის თუ არა მომავალი ქალებში?

dc444c4a5dcc9577d5cc01547819a133.jpg

ელენე შალუტაშვილი

არის თუ არა მომავალი ქალებში?
 

ფესტივალის ,,საჩუქარი“ ფარგლებში წარმოდგენილი კარლოტა ფერერის სპექტაკლი ,,ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“, ერთი შეხედვით რადიკალური ფემინიზმის გამოვლინებაა. რეჟისორმა სპექტაკლი ბელგიელ მხატვარ რენე მაგრიტს მიუძღვნა. ვისთვისაც ეს ფაქტი უცნობი იყო, გაუჭირდებოდა მიმხვდარიყო, რომ სპექტაკლის დაწყებისას სცენაზე გამოსული მსახიობი სწორედ რენე მაგრიტს განასახიერებდა. მისი მონოლოგი ეხებოდა პოეზიას, რომელსაც ადამიანები ვკარგავთ და მართლაც, სპექტაკლის მსვლელობისას მსახიობები არა ერთხელ ინახავენ ხის ყუთებში ხელოვნების ნიმუშებს , ბოლოს კი ერთ-ერთი პერსონაჟის გვამს. სპექტაკლი საკმაოდ დინამიური გახადა ესპანურმა ტემპერამენტმა. ვფიქრობ საგასტროლო ფორმატმა გარკვეული გავლენა მოახდინა მსახიობებზე და ზოგიერთ სცენაში მსახიობთა მოძრაობა თუ პლასტიკა ვერ პასუხობდა მაღალ მოთხოვნებს.
 

პირადად ჩემთვის აუხსნელი დარჩა, თუ რატომ თამაშობდნენ კაცები ქალებს და რატომ იყო  მხოლოდ და მხოლოდ ამელიას როლის შემსრულებელი ქალი.  შეიძლება რეჟისორის მიზანი იყო, რომ გარკვეულწილად გენდერული სტერეოტიპები ამ სახით დაემსხვრია, ხოლო მეორეს მხრივ კაცები გაეხადა იძულებულნი, თავი ქალის ადგილას წარმოედგინათ. ოჯახის უფროსის გარდაცვალებისას ბერნარდა ალბა სახლში შვიდი წლით კეტავს თავის ქალიშვილებს, რათა გარდაცვლილი ქმრის წინაშე მოიხადოს ვალი. სპექტაკლში ყველაზე გამორჩეულია ანგუსტიასისა და ადელას მხატვრული სახეები. ანგუსტიასი ოცდაცხრამეტი წლის უშნო ქალია, ხოლო ადელა ახალგაზრდა და ლამაზი გოგო, იგი გრძნობს საკუთარი მშვენიერების წარმავალობას და არ სურს სოფლის ტრადიციებს შესწიროს თავისი ახალგაზრდობა.  ბერნარდა ალბას სახლში კი ამ ყველაფერს ფატალური შედეგი მოაქვს. ალბათ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ დაერქვა სპექტაკლს ,,ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“. ვფიქრობ, რეჟისორის მიზანი, ქალებში თავდაჯერებულობის ამაღლება იყო ეს თვალსაჩინო გახდა ადელას ბოლო მონოლოგში. მისი მიზანია ბედნიერების პოვნა არა მამაკაცის მკლავებში, არამედ რაიმე ახლის, ამაღლებული იდეალის ძიება და არსებული სტერეოტიპებისგან  თავის დაღწევა. ის გვაფრთხილებს- ქალმა არ უნდა დაუშვას, რომ ბერნარდა ალბას სახლის მაცხოვრებლად იქცეს.
 

ჩემი სუბიექტური აზრით, განვითარებულ სამყაროში ეს პრობლემა ისე მწვავედ არ დგას. როგორადაც ამას რეჟისორი წარმოგვიდგენს. რა თქმა უნდა ძალადობა არსებობს და არა მხოლოდ ქალების მიმართ. განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში ქალებს აქვთ უფლება იყვნენ თავისუფლები და ჰქონდეთ არჩევანის უფლება. რაც შეეხება დაბალგანვითარებულ საზოგადოებას, მას მსგავსი მოწოდებების სპექტაკლი ალბათ უფრო ფსევდო-ფემინისტურად განაწყობს. თუმცა ვფიქრობ, რომ გულნატკენ ქალებს ბოლო მონოლოგი გარკვეულ შვებას მოჰგვრიდა.

bottom of page