top of page

„არ მოწყდა!“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

331810094_975411883836846_3466903127955676211_n.jpg

ანა (ალექსანდრა) სულამანიძე
„არ მოწყდა!“


„უფრთხილდი მწვალებლური სწავლებების კითხვას,

რამეთუ ყველაზე მეტად ეს ამხედრებს გმობის სულს შენს წინააღმდეგ“

ისააკ ასური
 


XXI საუკუნის საქართველო ადგილია, სადაც არსებობს უამრავი აზრი, იდეა, პოზიცია, ემოცია და პრინციპი. ან უფრო ზუსტად - დაუთმობელი პრინციპი. ამ ფაქტში კი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ყოველივე არ ეფუძნება რეალობას და ხშირ შემთხვევაში ავტორიტეტი პირი გავლენას ახდენს და მეტ-ნაკლებად აკნინებს ინდივიდუალურ აზრსა თუ პოზიციას. ფესვებგადგმული, ოდესღაც დამკვიდრებული მოსაზრება საზოგადოებას პირუტყვადაც კი აქცევს ისე, რომ ადამიანობას აკარგვინებს. ზუსტად ამიტომ, მნიშვნელოვანია ყველანაირი ხერხით ვისაუბროთ ისეთ პრობლემებზე როგორიცაა მცდარი ადათ-წესების მეფობა და მათ მიმართ მორჩილება. თავად პიესაში „ზვავი“ ვკითხულობთ: „თუ გაჩუმდებით, ვერაფერს მიაღწევთ. მცდარი წესების მიღებით ვერაფერს შეცვლით“.

2023 წლის 23 თებერვალს ჭიათურის აკაკი წერეთლის პროფესიულ დრამატულ თეატრში თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესის - „ზვავის“ მიხედვით სპექტაკლის პრემიერა შედგა.
პიესა თავისი აქტუალობიდან გამომდინარე რამდენჯერმე დაიდგა ქართულ სცენაზე.  (სანდრო ახმეტელის სახელობის მუნიციპალური თეატრი, ხულოს პროფესიული დრამატული თეატრი და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი და სხვა).

ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი ქლაინი სპექტაკლში ორიგინალ ტექსტს კვალდაკვალ მიჰყვება და ცდილობს მაყურებელს მარტივი ენითა და სიმსუბუქით აჩვენოს თუ რამდენად დამღუპველია ტყუილში ცხოვრება და ცრურწმენების მონობა, მაშინ როდესაც ისიც კი წარმოუდგენელი და უცნობია თუ საიდან მოდის და ინერგება შიში.

ზვავის ჩამოშლის შიში და შეგუება შექმნილ გარემოებასთან, რომ ხმაურს შეუძლია გამოიწვიოს ის, საკმაოდ ახლო პარალელია დღევანდელი მდგომარეობისა, რადგან საზოგადოება ცხოვრობს ერთპიროვნულ მმართველობაში. სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის პრობლემა დღევანდელ ცხოვრებაში ჩვეულებრივი თანმდევი პროცესი გახდა. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონულმა თეატრმა ხმა აიმაღლა სწორედ ასეთ მწვავე პრობლემატურ საკითხზე, უსაფუძვლო ნიჰილისტურ გამოვლინებებთან გამოხმაურებით.

სპექტაკლში სცენოგრაფია არის ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც დარბაზში შესვლისთანავე ყურადღებას იქცევს. სცენა არ არის გადატვირთული დეკორაციითა თუ რეკვიზიტებით. ორი პირობითი ოთახი, სახლის ჭერი კი ნაჭრის, რაც მთების წარმოდგენას გვიქმნის, ანუ მთის ქვეშ ცხოვრებას. სცენის სიღრმეში ჩამოკიდებულია ხის ტოტები, რომელიც ტყის იმიტაციაა და ქმნის მხოლოდ ასოციაციას, არ არის ქმედითი. ვფიქრობ, მხატვარმა (ნინო ნუცა ჭყონია) ლაკონიური ხერხით პიესის სცენაზე განსხეულება ჩაიფიქრა და მაქსიმალურად გამოხატავს პიესაში არსებულ გარემოს.

ასევე უნდა აღინიშნოს კომპოზიტორის (თაკა კოშაძე) ნამუშევარი.  მუსიკა იდეის მხატვრულ შინაარს გადმოსცემს, რომელსაც აქვს არამხოლოდ ზედაპირული (ან ემოციური) დატვირთვა, არამედ სპექტაკლის განვითარების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტსაც წარმოადგენს.

სცენაზე სხვადასხვა თაობის მსახიობი დგას, აფიშაში ვკითხულობთ: დედაბერი- ლილი თავაძე, ბერიკაცი- როდერი ჩაჩანიძე, გოგონა- ნინო აბესალაშვილი, ყმაწვილი- კოტე კახიშვილი, კაცი- ამირან ნასყიდაშვილი, ქალი- თინა კუპატაძე-მიქაუტაძე, ბებიაქალი- სოფო ლეთოდიანი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე- ანზორ ცაბაძე, სამეთვალყურეო საბჭოს პირველი მოადგილე- გია კენჭოშვილი, მეორე მოადგილე- გიორგი ბრეგვაძე, საბჭოს წევრი- გურამი შუკაკიძე.

ვფიქრობ, თითოეული მათგანი თავს ართმევს ამოცანას, თუმცა მინდა აღვნიშნო, როდერი ჩაჩანიძის შესრულება, რომელიც ძალიან დასამახსოვრებელი იყო, რადგან საინტერესოა თუ როგორ შექმნა ბერიკაცის პერსონაჟი. საკმაოდ ემოციურია სცენა, როდესაც ყმაწვილი საბოლოოდ გაილაშქრებს ცრუ ადათ-წესებისა და მის დამონებულ საზოგადოებასთან. „შენ გენაცვალე! აი მესმის შვილიშვილი! ლომი ხარ, ლომი!“ აღნიშნულ სცენაში ყველა პერსონაჟს ვხედავთ და ჩანს როგორ ილტვის თითოეული თავისუფლებისაკენ, თუმცა ისინი ორად  იყოფიან, შიშს დამონებულნი და ადამიანები რომლებიც არ ეგუებიან : „ჩემს ცოლსა და შვილს არ მოგაკვლევინებთ! მათი სიცოცხლისთვის ყველაფერს ვიზამ!“.

თაობათა შორის დაპირისპირება, აზრთა სხვადასხვაობა იწვევს ადამიანთა კომუნიკაციის ნაკლებობას და სწორედ ეს გახლავთ პიესის მნიშვნელოვანი, საჭირბოროტო თემა და პრობლემა, რადგან ყოველივე ეს განაპირობებს სიკვდილისა და სიცოცხლის ჭიდილს. იქ, სადაც უსაფუძვლო და ცრურწმენის შიშს დამონებული ჰყავს ადამიანი, რთულია იპოვო სიყვარულსა და თავისუფლებას მოწყურებული პირი, რომელიც ყოველივეს თამამად დაუპირისპირდება და მონური ცხოვრებისათვის განწირული ახალი თაობაც სწორედ ამისთვისაა, რომ შეცვალოს, დაარწმუნოს და ჭაობიდან ამოიყვანოს. რეჟისორი კი ამ შემთხვევაში მქადაგებლის ფუნქციას ასრულებს, რომელმაც საზოგადოება ცვლილებისაკენ უნდა მომართოს და მოუწოდოს, რომ არ შეეგუოს მიუღებელ დოგმებს, იმის შიშით, რომ სამარცხვინო სახელი მიეკერება.

მნიშვნელოვანია, რომ თანხვედრაში იყოს ინტელექტუალური და ემოციური მხარეები, რადგან მივიღოთ სრულყოფილი შედეგი. რა და როგორ ხდება!? რა ხდება, ანუ პრობლემა ჩანს უპირველესად პიესაში, ხოლო როგორ, ანუ მხატვრული თუ სასცენო ფორმა -სპექტაკლში. ეს ყოველივე კი დამოკიდებულია რეჟისორზე. ვფიქრობ, თუ რეჟისორის გადაწყვეტებითა და მიზანსცენებით წარმოდგენა უფრო მდიდარი იქნება, სპექტაკლს მხოლოდ და მხოლოდ წაადგებოდა. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მე ვნახე სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება და ცხადია, დროთა განმავლობაში დაიხვეწება.

სპექტაკლი საკმაოდ ექსპრესიულად ვითარდება და მაყურებელი ჩართულია დაძაბულ პროცესში. ამდენად, ჭიათურის თეატრის რეპერტუარისათვის „ზვავი“ ძალიან მნიშვნელოვანი სპექტაკლია, რომელიც ბევრ კითხვას უპასუხებს და საზოგადოებას აჩვენებს, რომ ადამიანები არ უნდა იყვნენ მსხვერპლი გავრცელებული უსაფუძვლო ადათ-წესებისა.

ფოტო: მამა გიორგი გოგოლაშვილი

bottom of page