
არ უყუ რო?!. არ დაინახო?!. არ შეიმჩნიო?!..
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

10.04.2026
ლელა ოჩიაური
არ უყურო?!. არ დაინახო?!. არ შეიმჩნიო?!..
სამეფო უბნის თეატრი, რომელიც დაიბადა, როგორც დამოუკიდებელი და პირველი სპექტაკლის წარმოდგენიდან, 30 წელია, ასეთადვე აგრძელებს საქმიანობას; რომელსაც გამორჩეული ისტორია აქვს და რომელიც საქართველოს სახელოვნებო პროცესების ერთ-ერთი წინამძღოლი და თანამედროვე ენაზე მოსაუბრეა; რომელიც, შემოქმედებით ძიებებთან ერთად, ამართლებს ხელოვნების უმთავრეს მისიას - თვალს ადევნებს, უყურებს, ეხმიანება საზოგადოებრივი, სოციალური, პოლიტიკური მოვლენების მსვლელობას და მათზე, სხვადასხვა ფორმით, ხერხითა თუ თემით რეაგირებს. და რაც, არანაკლებ მნიშვნელოვანი და არსებითია, აკვირდება, იკვლევს, „იმჩნევს“ ასეთი პირობების გავლენას - ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, პიროვნულ არჩევანზე, ცხოვრების წესსა და მიღებულ/გაზიარებულ/მიუღებელ „კანონებზე“; იმაზე, რასაც ისტორიული გარემოებები ქმნიან და იმაზე, როგორ პასუხობს საზოგადოება დროისა და ეპოქის „შეთავაზებებს“. და რომელსაც ყოველთვის აქვს პოზიცია და მყარ უტყუარ ღირებულებებს მისდევს.
ამ პროცესის, „სამეფოსა“ და პირადი დამკვიდრებული გეზის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაგრძელებაა ნიკო თავაძის ახალი, ელეგანტური და დახვეწილი სპექტაკლიც „შეხვედრა უმაღლეს დონეზე“, რომლის ხარისხი სხვადასხვა კომპონენტითა და პირველ რიგში, „გამოსახულებით“, პლასტიკური გამომსახველობით, მინიმალისტური, კოდირებული რეჟისურითა და სამსახიობო კლასით იქმნება. ყოველგვარი ხრიკებისა და „ექსცენტრიკის“ გარეშე. არავითარი ეფექტები, არავითარი ტრუკები და მძაფრი მოძრაობები. „მოძრაობაშია“ მხოლოდ მოვლენებისა და პერსონაჟების ფსიქოლოგიის თანდათანობითი გახსნის პროცესი, შინაგანი მდგომარეობისა და განცდების გამოვლინებებით, „აღიარებებითა“ და თამაშის წესის ცვალებადობით, საიდუმლოდ დარჩენილი ფიქრებითა და შეგრძნებების არაკატეგორიული დემონსტრირებით.
ნიკო თავაძემ რობერტ დევიდ მაკდონალდის ეს პიესა, გურამი ღონღაძის თარგმანითა და საკუთარი ვერსიით დადგა, სიმონ მაჩაბელის სცენოგრაფიითა და კოსტუმებით, ნიკა ფასურის მუსიკით, ივა ქიმერიძის გრაფიკული ჩანართებით, გიორგი ყოლბაიას ფოტოგაფორმებითა და სამი მოქმედი გმირით: ევა (ბრაუნი) - ქეთა შათირიშვილი, კლარა (პეტაჩი) - ნატუკა კახიძე და ახალგაზრდა ესესელი - ჰიტლერისა და მუსოლინის მეგობარი ქალების ყარაული, ფაშიზმის ლიდერების შეხვედრის დროს - ლაშა მებუკე - არიული რასის - 2 გერმანელი და 1 იტალიელი (თუ მის შემთხვევაში შეიძლება ეს სიტყვა, რასის ნაცისტური განსაზღვრების მიხედვით გამოვიყენო), სამი წარმომადგენლის მონაწილეობით.
სპექტაკლში წარმოდგენილ მოვლენებსა და მათ შედეგს, რეჟისორი პირდაპირ თუ პირობით რაკურსებში, არაკატეგორიულად, სხვადასხვა მნიშვნელობითა და დატვირთვით, მკაფიოდ გამოკვეთილი ხერხებით, დამოკიდებულებითა და პოზიციით ააშკარავებს.
პიესაში მითითებულია - მოქმედების ადგილი - ბერლინი. რაიხსკანცელარია. 1941 წელი. მკაფიოდ და კონკრეტულად. ესე იგი, მეორე მსოფლიო ომის საწყისი ეტაპია. ფაშიზმი უკვე მასშტაბურად გავრცელებულია. იტალია ომში ახალი ჩაბმულია (ალბათ, ბალკანეთის კამპანიის დროა). საფრანგეთი უკვე ოკუპირებულია და წინ ბევრი ქვეყანაა დასაპყრობი. შემდგომ ბევრი რამ უნდა მოხდეს და მსოფლიოს ისტორიაც თანდათან უნდა შეიცვალოს. მაგრამ ეს კონკრეტული ამბავი აქ - ამ პატარა ოთახში იწყება და აქვე მთავრდება. სულ რამდენიმე საათში. მაგრამ მნიშვნელობა ასეთ დროში მომხდარზე ბევრად მეტი აქვს.
ნიკო თავაძის სპექტაკლში მაყურებელიც სცენაზე ზის, იქვე, სადაც მოვლენები ვითარდება, იმავე, თითქოს მიტოვებულ თუ სარემონტოდ, ცელოფანში „შეხვეულ“ კედლებიან-ავეჯიან, დამტვერილ თაროებიან და ბოთლებიან ოთახში, რომელიც დისკომფორტის, სივიწროვისა და გამოუვალობის გრძნობას ბადებს, რომელშიც ეს ლამაზი და კოხტა ახალგაზრდა ქალები, გარემოებებიდან გამომდინარე, ხვდებიან ერთმანეთს, ლამაზი და მოხდენილი ახალგაზრდა ჯარისკაცის ზედამხედველობის ქვეშ. მაშინ, როდესაც ორი ფაშისტური სახელმწიფოს ორი მეთაური უმაღლესი დონის შეხვედრის მართავს. და „მორიგ მკვლელობებს გეგმავს“.
სიმონ მაჩაბელის ფანტაზიით შექმნილ, თითქოს ნეიტრალურ სივრცეში ეპოქის, წარმოსახვითი რეალობისა და განზოგადებული სამყაროს სხვადასხვა პირდაპირი და სიმბოლური საცნობი ნიშანია თავმოყრილი.
ისტორიის ეპიზოდები და ისტორიული პირები კედლებზე პროექცირებულ ქრონიკის ძველ კადრებშია აღბეჭდილი. მუსიკა, რომელიც „გარედან“ იჭრება და რომელსაც პერსონაჟები უსმენენ, დროისა და დროის სპეციფიური მახასიათებლების თავისებურებებს ამეტყველებს. სპექტაკლში არა ერთი დამაკავშირებელი საცნობი რგოლი და კაუჭია თანამედროვეობასთან. ხოლო, კედლის საათის ქანქარას ჩრდილი, რომლის გამოსახულებაც მთელ სცენას ფარავს, ზანტად, ოღონდ, დაუნდობლად და მიზანსწრაფულად აღრიცხავს დროის მსვლელობას.
ძვირფასი ქსოვილის კლასიკურ კოსტუმებში, აბრეშუმისა და მაქმანის პერანგებში გამოწყობილი დახვეწილი გარეგნობის მინიატურული ქალები, მათი საგანგებო ვარცხნილობა და გრიმი; ესესელის ტანზე ზუსტად მორგებული შავი მუნდირი (რომელიც გერმანელი ჯარისკაცის, ნორმებით გათვალისწინებულ, ათლეტურ სხეულს გამოკვეთს) ტიპური, „გერმანული“, თუ „იტალიური“, „ვარსკვლავური“ იერი, მსგავსება ნაციზმის დროინდელ თუ ეპოქაზე გადაღებული ფილმების საკულტო მსახიობებთან (მარლენ დიტრიხი, ჰანა შიგულა, როზელ ცეხი, ბარბარა ზუკოვა, სტეფანია სანდრელი, ჰედი ლამარი, ჰელმუტ ბერგერი თუ ანტონ დიფრინგი), დროისა და ტიპაჟური განზოგადების პირობასა და „ხარისხის“ განსაკუთრებულობის ეფექტს ამძაფრებს.
კლარა და ევა არა მხოლოდ სოციალური წარმოშობით განსხვავდებიან, არამედ განსხვავებული ბუნებისა და ხასიათის არიან. კლარა უფრო თავისუფალია, ევა - უფრო მორჩილი. ამავე დროს, არა მხოლოდ საზოგადოებრივი მდგომარებით, სტატუსით, ვიზუალურადაც გვანან ერთმანეთს, ბევრი საერთო აქვთ და ბევრი რამ აკავშირებთ. ეს კავშირები აწმყოსიცაა და წარსულისაც. რომელიც აქამდე, არასდროს გადაკვეთილა, მაგრამ ფაქტობრივად, იდენტურია. ერთმანეთის კარგად ესმით. ერთი ბედი ხვდათ და ერთი ბედი ირგუნეს. სარგებლობენ მდგომარეობითა და პრივილიგიებით. ისიც ნათლად ჩანს, რომ ორივე მსხვერპლია. რისი აღქმაც მათზე უკეთ არავის შეუძლია. მათთვის ცხადია, რა ხდება სამყაროში და გარშემო, ვინ ვინაა და ისიც იციან, რა ელოდებათ. ეს დამოკიდებულება ყველა სცენაში, პერსონაჟების ყველა ფრაზასა თუ საქციელში, ყველა ნიუნასში აშკარაა, რასაც ნატუკა კახიძე და ქეთა შათირიშვილი დიდი ოსტატობითა და საოცარი გახსნილობით, პროფესიონალური ბუნებრიობით აჩვენებენ.
ევა და კლარა წესებს არღვევენ - ეწევიან და სვამენ, თუმცა იციან, რომ ჰიტლერი არ ცნობს თამბაქოსა და ალკოჰოლს, ჩუმად უსმენენ აკრძალულ ჯაზს, ცეკვავენ, ეროტიკულ (მართალია, მსუბუქ, მაგრამ ნაცისტების მიერ დაგმობილ) ურთიერთობას აბამენ და ნელ-ნელა როლებს - სახეს იცვლიან, მათივე ბატონების როლებში იჭრებიან, ამხელენ, რასაც ნამდვილად განიცდიან და ჯარისკაცსაც ითრევენ ამ თამაშში, ამ კავშირში, „სქესსაც“ და წარმომავლობასაც „უცვლიან“. სარგებლობენ შემთხვევით და გამოცდას უწყობენ, ამცირებენ, აშინებენ, ძალადობენ მასზე და შეძლებისდაგვარად, აფხიზლებენ.
მათ შეუძლიათ, იყვნენ თავისუფალი და ისინი ირჩევენ თავისუფლებას. და მსახიობები, რომლებიც სპექტაკლის მსვლელობისას, არა ერთხელ იცვლიან სახეს, განწყობას, არა ერთხელ ცვლიან, მართავენ სიტუაციას, არსებული შეზღუდვების (კონკრეტული და საზოგადო) პირობებში, გარდასახვის რთული გზის გავლით, ისტორიის მსვლელობასაც მეტაფორულად თითქოს გეზს უცვლიან.
ევა და კლარა, ბოლოს ახერხებენ, გააღონ კარი და სხვაგან, გარეთ გავიდნენ. მართალია, კვამლსა და საჰაერო განგაშის - ქალაქის დაბომბვის დროს, როდესაც უკვე გასაგებია, როდის დაიწყო „ბერლინის დაცემა.“ ეს შეხვედრა, რეალობისგან განსხვავებით, მათი მცდელობის გამარჯვებით სრულდება - გათავისუფლდნენ, ჯარისკაციც გაათავისუფლონ ტყვეობიდან და ძალადობრივი პროპაგანდის გავლენის ძალისგან, ცხოვრების ტყვეობიდან იხსნან. მის ანუ მომავლის გადასარჩენად.
წარსულისა და აწყოს ნებისმიერი შეფასება, თავისდაუნებურად, შეიცავს სადღეისო თუ სამომავლო გაფრთხილებასაც. და იმასაც, რომ, შეუძლებელია, რამდენი დროც უნდა გავიდეს და როგორც უნდა გვინდოდეს, ხსოვნის წაშლა და პირველ რიგში - სხვისი - საზოგადოების მეხსიერებიდან ჩვენი ნამოქმედარის ამოშლა. „რადგან, თუ შენ დიდხანს იყურები უფსკრულში, გახსოვდეს, უფსკრულიც გიყურებს შენ“. (ფრიდრიხ ნიცშე). ეს, ფაშიზმის, ბოლშევიზმისა თუ ნებისმიერი სხვა დიქტატურისა და მათ მსახურთა, მოძალადეებისა და მედროვეების მრავალჯერადმა ისტორიამ თვალნათლივ გვიჩვენა.
სპექტაკლში ქვეტექსტურად, „რეზიუმირებულია“, როგორ დასრულდა და დასრულდება (გამონაკლისის გარეშე და უშეღავათოდ) ნებისმიერი ძალადობა, მათი არჩევანი, ვინც ძალადობას თანაუგრძნობს და ემორჩილება, ვინც თვითონ ძალადობს და სხვასაც ამისკენ აქეზებს და უბიძგებს. ეს „მაღალი დონის შეხვედრის“ პროცესში, ევასა და კლარას და მათი ახალგაზრდა მსხვერპლის ურთიერთობისას, ერთი ეპიზოდის მეორით შეცვლის აწყობილი და ზუსტად გათვლილი მოვლენების თამიმდევრობით, თავისებური და გამომდინარე ლოგიკითა და მყარი „არგუმენტებით“ მტკიცდება.
სპექტაკლში ყველაფერი პირობითია. დროც, ფაშიზმის ლიდერების სამიტიც, მათი მეგობარი ქალების, მუდმივ შიშსა და უმომავლო ცხოვრების გაცნობიერებაც და ხმამაღლა გაცხადებაც. ნიღბებს მიღმა და სინამდვილეში.
„შეხვედრა უმაღლეს დონეზე“ შეიძლება დისტოპიადაც აღვიქვათ (იმის მიუხედავად, რომ პერსონაჟებიცა და ამბის ნამდვილობის დაშვებაც შესაძლებელია). და როგორც დისტოპიურ ნაწარმოებებს ახასიათებს, სპექტაკლი გულისხმობს „იდეალური“ საზოგადოების კრიტიკას, ააშკარავებს, რომ „სრულყოფილი წესრიგისკენ“ სწრაფვა, ტირანიის შედეგია, რომ ძალაუფლება, რომელსაც საზოგადოებაზე ბატონობისა და მისი ნების დათრგუნვის ტრიუმფის მიზანი აქვს (გლობალურია თუ ავტონომიური), აზიანებს ადამიანებს და ანგრევს საზოგადოებას, არყევს მისი ნორმალური განვითარების სისტემას. მოვლენები სხვა რეალობასა და დროში გადადიან.
„შეხვედრა უმაღლეს დონეზე“ სადა, დახვეწილი და ხარისხიანი სპექტაკლია. პირდაპირი მნიშვნელობით - მაღალი დონის შეხვედრა - მაყურებელთან. ყველა შემადგენელი კომპონენტის ჩართულობითა და გათვალისწინებით, რაც, წესით, ნებისმიერ სპექტაკლს უნდა ახლდეს. და ამართლებდეს ავტორის არჩევანსა და ხედვის თავისებურებებს, მიზანსა და მხატვრული გადაწყვეტის ფორმის ინდივიდუალურ განზრახვას.
სპექტაკლი, ევასა და კლარას წასვლის შემდეგ, ლაშა მებუკის (რომლის პერსონაჟიც, იმის მიუხედავად, რომ, პრაქტიკულად, სულ სცენაზეა, მოვლენებში მხოლოდ თანდათან და პასიურად ემბება, ბოლოს აქტიურდება და მთავარი ხდება) მონოლოგით სრულდება.
შთამბეჭდავი სცენაა, რომელშიც, დამცირებული, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალაგამოლეული, აფეთქებების ხმით გამოღვიძებული, მაგიდაზე მწოლიარე ჯარისკაცი, თითქოს არალოგიკურ, ფრაგმენტებით, სიტყვების წამოსროლით აწყობილ მონოლოგს სომნაბულასავით წარმოთქვამს (ბრწყინვალედ ნათქვამი ბრწყინვალე ტექსტით, ნიკო თავაძის ავტორობით). თითქოს ვიღაც უხილავსა და „უხმოს“ პასუხობს და ესაუბრება. შემდეგ, მაყურებლისკენ მიემართება და უშუალოდ მათ მიმართავს. პირდაპირი დამიზნებითა და საკონტაქტო ობიექტის თავისუფალი არჩევით.
ლაშა მებუკეს თითოეული სიტყვა და არსებული რეალობა ნიუნასებამდე აქვს გააზრებული, რომლის პერსონაჟიც თითქოს მართლა ფხიზლდება და ხმამაღლა იწყებს ფიქრების, გრძნობებისა და განწყობის გამოხატვას. და ეს უბრალოდ ნათქვამი სიტყვები არაა.
ეს ალბათ ერთ-ერთი დრამატული მონოლოგია, რეჟისორისა და მისი გუნდის განაცხადი, რომლითაც თანამედროვე ადამიანს შეიძლება აღმოხდეს და სხვასაც „გაამეორებინოს“, უმაღლეს დონეზე შეხვედრის დროს, შემდეგ, თუ დამოუკიდებლად, ისტორიის გაკვეთილებისა და თავისუფლების არსის შესახსენებლად.
„...მე ვარ დემოკრატიული გზით არჩეული კანდიდატი და გთხოვთ, მხოლოდ ასეთივე გზით გამაცილოთ! დიახ მთვარეულებმა იციან, საით მიდიან. აი, ასე იბადებიან ღმერთები. სამწუხაროა, რომ ყურადღებით არ მისმენთ. ზოგჯერ ვნატრობ, რომ.. ნუ მაცინებთ... სვავი უცხადებს ომს მომაკვდავ ზებრას. მაგრამ ისტორიას ხომ ახსოვს წუთები... უკაცრავად... პატარა ყვითელო ვარსკვლავო, შენ რას აკეთებ? ახლა კი, დაიძინე. დაიძინე. ეჭვები გაფანტე. არ გაქვს ეჭვი, არ გაქვს იმედი. არ გაქვს იმედი, არ გაქვს ზიზღი... ხოო... არ გაქვს ზიზღი... არ უყურო... არ დაინახო... არ შეიმჩნიო... არ უყურო... არ დაინახო... არ შეიმჩნიო... არ უყურო... არ დაინახო... არ შეიმჩნიო...“, - იმეორებს ახალგაზრდა ესესელი.
პატარა ყვითელი ვარსკვლავი კი ერთადერთია, ლაშა მებუკეს ხელში, რომელიც ბოლოს, სიბნელეში ანათებს.
თუ თეატრი დამოუკიდებელი, თავისუფალი, პოლიტიკური და თანადროული არაა, მაშინ ის არაა თეატრი. ან არასაინტერესო, არამიმზიდველი, არასაიმედო თეატრია. ფიქციაა. ცარიელია და მტვრით დაფარვა ემუქრება.
ისტორიას ხომ ახსოვს წუთები!..
არ ვუყუროთ? არ დავინახოთ? არ შევიმჩნიოთ?
ფოტო „სამეფო უბნის თეატრის“ გვერდიდან. ავტორი გიორგი ყოლბაია