top of page

ასეც უნდა იყოს...

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

135FCF4A-9AB0-4843-958C-4517731EFE6C.png

10.01.2026

ნერონ აბულაძე

ასეც უნდა იყოს...

ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრების ფესტივალი წელს უკვე მესამედ განხორციელდა. ყველასათვის ცხადია თუ რამდენად რთულია და რამდენ წინააღმდეგობასთან არის დაკავშირებული თეატრალური ფესტივალის ორგანიზება, თუმცა  საორგანიზაციო გუნდი  არ უშინდება  სირთულეებს, ერთიანი ენთუზიაზმითა  და მონდომებით ყველა პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია ისე, რომ   ბათუმის - (და არამარტო ბათუმის) თეატრალურ მაყურებელს რამდენიმე დღიანი დღესასწაული  მოუწყონ. 

    

„ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრების ფესტივალი“ თავს უყრის არა მხოლოდ ადგილობრივ თეატრალურ დასებს, არამედ ევროპულ და აზიურ თეატრებს, რომლებიც სტუმრის სტატუსით  მონაწილეობენ ფესტივალში და ჩართულნი არიან საკონკურსო პროგრამაში. წლიდან წლამდე ფართოვდება ფესტივალის საზღვრები, რაც მის განსაკუთრებულ პოპულარობაზე მეტყველებს.  წელსაც, საინტერესო და ორიგინალური დასები მონაწილეობდნენ ფესტივალში, რამაც პირველ რიგში ხელი შეუწყო გამოცდილების გაზიარებას და ახალი კონტაქტების დამყარებას.

 

,,პლატონი“ - ასე ქვია არმენ ჰოვანესიანის საავტორო სპექტაკლს, რა სპექტაკლითაც გაიხსნა წლევანდელი ფესტივალი. რეჟისორი მხატვარი და მეთოჯინე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელობის მოწვევით ესტუმრა ქალაქს. მიზანი მორიგი სპექტაკლის განხორციელება იყო, რომელიც კონკრეტული პიროვნებისადმი იქნებოდა მიძღვნილი. რეჟისორს კონსულტანტიც აუყვანეს ქალაქის ისტორიის საკითხებში - (თამარ ორაგველიძე). სპექტაკლის შექმნის ერთიან დრამატურგიულ პროცესში რეჟისორმა თავად დაწერა პიესა და ასევე თავადაა წარმოდგენის მხატვარიც და მუსიკალური გამფორმებელიც.  

 

„იყო და არა იყო რა“ მხოლოდ კლასიკურ ზღაპრებს შეეფერება, მაგრამ როდესაც ადამიანის რეალური ცხორება იმდენად ლამაზი და მომხიბლავია, ასე მის შესახებ გაზღაპრებულ სიუჟეტს ვერ დაიწყებ, ასეთი დაწყება უფრო შეეფერება - „იყო, არის და უნდა იყოს რა...“ 

     

ამ შესავლით მსურს დავიწყო ერთი აღსანიშნავი სპექტაკლის შესახებ საკუთარი მოსაზრების გაზიარება. რა შუაშია გაზღაპრება და ზღაპრის პირველი წინადადება: თუნდაც პირდაპირ არ დაიწყო ყოველი ზღაპრის ამ მაგიური წინადადებით ნაწარმოები იქნება ეს თუ სპექტაკლი, ეს სიტყვები იგულისხმება, პათოსს მიჰყავხარ აქეთკენ და გაზღაპრებული რეალობა პირიქითაა, ის თავისთავადობაში მოიცავს წარსულსაც, აწმყოსაც და მომავალსაც, როდესაც „იყო-არა-იყო-რა“-ში მხოლოდ წარსული დომინირებს,  გმირის, სიტუაციის, ვითარების, ბოლოს და ბოლოს ყველაფრის არსებობა-არარსებობას ერთმანეთში ხლართავს და სწორედ ამ გადახლართვაზე აკეთებს მთავარ აქცენტებს. ადამიანები ლეგენდებად და კოლორიტულ ფიგურებად შემთხვევით არ ხდებიან.შესაძლოა დღეს ნაკლებად, მაგრამ  ადრე სხვა კრიტერიუმებით ისაზღვრებოდა ადამანისადმი საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა. აქ მთავარ როლს თამაშობდა მოყვასისადმი თავდადება, სამაგალითო პატიოსნება, ერთის სიტყვით, ადამიანურ ღირებულებებზე იყო დაფუძნებული ეს საყოველთაო თაყვანისცემა. 

დავიწყებ პირველი პოსტულატით - [იყო]: 

 

ბათუმში ცხოვრობდა ერთი ექიმი სახელად პლატონ გიგინეიშვილი. სტალინურ პერიოდში ეს პროფესია იშვიათობას წარმოადგენდა. დიდ ცოდნას და თავდადებას მოითხოვდა ადამიანისგან ექიმობა - არამარტო თავის პროფესიაში განსწავლულობას, არამედ ავადმყოფებისადმი უანგარო მოპყრობას. ამ მხრივ პლატონ ექიმი მართლაც სანიმუშო ადამიანი იყო. ყველა თავის პაციენტს შეაყვარა თავი გულისხმიერებითა და განსწავლულობით. თითქოს ამაში გასაკვირიც არაფერი უნდა ყოფილიყო. წესიერება იმ ეპოქაშიც ფასობდა, სადაც უწესობა სახელმწიფოებრივ მოვალეობად იყო ქცეული და საბჭოთა პატრიოტიზმად საღდებოდა. ჰოდა, ამ ქაოტურ დროში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პლატონ ექიმი, კაცი, რომელმაც იცოდა სიცოცხლისა და თანადგომის, სიკვდილისა და მხარდაჭერის ფასი. განსაკუთრებით ომის დროს გამოავლინა თავისი კეთილი გული - ყველა უსახსრო და გაჭირვებულ პაციენტს წამლებს უწერდა მწვანე რეცეპტებზე. აფთიაქარებმა იცოდნენ, რომ ამ ბლანკის წარმდგენელთათვის მომსახურეობა უსასყიდლოდ უნდა გაეწიათ, თვის ბოლოს კი ამ დაგროვებულ მწვანე რეცეპტების ხარჯს თავად ექიმი პლატონი დაფარავდა და ასეც იყო. იგი ამით ეხმარებდა როგორც ომში წასულთა ოჯახებს, ასევე გაჭირვებულ მოსახლეობას. ყველაზე ნიშანდობლივი ისაა ამ ისტორიაში, რომ 37 წლის რეპრესირებულთა ოჯახებს კიდევ უფრო მეტ დახმარებას უწევდა. მთელმა ბათუმმა იცოდა ამ უცნაური კაცის ამბავი და მის მიმართ მოწიწებითა და პატივისცემით განიმსჭვალა. ერთია აკეთო მადლი, ქვაზე დადო და გაიარო და მეორეა დაინახო, შეაფასო და დააფასო ეს მადლი, ანუ იყოს დამნახავი, რათა სიკეთე იქცეს მაგალითად. ასე გადიოდა წლები და პლატონ ექიმი ერთხელაც ავად გახდა, უკურნებელი სენი შეეყარა, იწვა სასიკვდილო სარეცელზე ეს ღვაწლმოსილი და ამაგდარი ექიმი. რა უნდა ექნა ქალაქს? რით უნდა გამოეხატა თავისი მადლიერება მისთვის: ჰოდა, იმისათვის, რომ ეტლების ხმაურს არ შეეწუხებინა იგი, მის ქუჩაზე ბათუმელებმა თივა მოზიდეს და დაყარეს, რათა მომაკვდავი ექიმის სახლის წინ უხმაუროდ ჩაევლოთ ეტლებს. ასე გრძელდებოდა ექიმი პლატონის სიცოცხლის ბოლომდე. ასეთი ისტორიები ცრემლებამდე მოგიყვანს და შენზეც ზემოქმედებს კეთილად მისი ენერგეტიკა,  გსურს ეს ამბავი დავიწყებას არ მიეცეს და ერთი საზღვრისპირა პატარა ქალაქის ერთი ექიმის მოყვასისთვის თავდადება და ამავე დროს მთელი ქალაქის პატივისცემის გამოხატვის მაგალითი თაობიდან თაობას გადაეცეს. პლატონ ექიმი თავისი საქციელისთვის არაფერს ითხოვდა, იგი ასე იყო აღზრდილი, სულსა და ხორცში ჰქონდა გამჯდარი ქრისტესმიერი სიტყვები მოყვასისადმი მზრუნველობის შესახებ. ქალაქიც არ დარჩა ვალში და არათუ სიცოცხლის ბოლო პერიოდი მშვიდი და წყნარი გარემო შეუქმნა, არამედ სიცოცხლის შემდეგ მისი სახელი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღემდე მოვიდა. ყველა ბათუმელს დაუტოვა მოსაგონარი პლატონ ექიმმა, ზოგი რას იხსენებს, ზოგიც რას. 

პოსტულატი [არის]:

 

ასე რომ, პლატონ ექიმის სახელი უკვდავი იქნება ამ ქალაქისთვის. მაგრამ ეს ზოგი ზეპირსიტყვიერი, ზოგიც წერილობითი მასალები განზოგადდა პიესად და ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა წარმოადგინა  სპექტაკლი „პლატონი“. ეს წარმოდგენა გაზღაპრებული ფორმით გვიამბობს ცნობილი ექიმის ცხოვრების ეპიზოდებს და ხსნის მის შინაგან ბუნებას. სიუჟეტი მდიდარია ალეგორიული წიაღსვლებით - კოღო, რომელიც ასოცირდება ზოგადად ავადმყოფობასთან, რომელთან საბრძოლველადაც ჩაერთვება ვინ თუ არა პლატონ ექიმი; დურსუნის ყავახანა - ერთ-ერთი კოლორიტული ადგილი ბათუმში, სახიერი ფორმა ქალაქის თვთმყოფადობისა; პლატონის დედა - აწმყოს წარსულთან დამაკავშირებელი დრამატურგიული სახე და სარეჟისორო ხერხი ექსპრესიის გასამძაფრებლად; მარხილში შებმული თევზები, რომლებიც თითქოს სიურეალისტურ სიზმარს ჰგავს, მაგრამ სპექტაკლის ფინალში ის ორგანულად ჯდება სიუჟეტის კულმინაციაში. ზღაპარი? არა, ასე უფრო სწორი იქნება მისი ჟანრის ჩამოყალიბება:

 

მოზღაპრებული სინამდვილე, ზღაპრულ ელფერშია შეზავებული და მიტომ. მთელი სპექტაკლი სუნთქავს ზღაპრის ჰაეროვანი ატმოსფეროთი. ამ სპექტაკლს ვერ უწოდებ „რა“-ს, მასზე შეიძლება ისაუბრო მხოლოდ ამ რაკურსიდან - „როგორ“. ცხოვრობდა პლატონ ექიმი და ეწეოდა თავის ყოველდღიურ საქმიანობას. ეს თითქოსდა ბანალური ამბავია, მაგრამ ამ ყოველდღიურობაში შემოიჭრებიან ალეგორიული სახეები. პირველად ბავში, რომელსაც ნიჟარას აჩუქებს პლატონ ექიმი. ეს ნიჟარა მთელ სმყაროდ გადაექცევა მას და ამ სამყაროთი გამდიდრებული მდლიერებს გამოსახატავად ბრუნდება ექიმთან. რატომ მოზღაპრებული? იმიტომ, რომ ალეგორიული სახე დედისა მოუწოდებს შვილს ქალაქში შემოჭრილ კოღოს ებრძოლოს, რომელიც დაავადებათა და ავადმყოფობათა განზოგადებაა. სხვა ვინ, თუ არა ექიმი პლატონი უნდა აღუდგეს ამ ბოროტებას, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი. სიუჟეტი აქ ზღაპრულ ალეგორიაში გადადის და კოღოს ექიმი სწორედ ბათუმელთა საყვარელ თავშეყრის ადგილას ხვდება - დურსუნის ყავახანაში და შესთავაზებს გაეცალოს ქალაქს. კოღო მართლაც გაეცლება ქალაქს, მაგრამ ის თავად ექიმის სხეულში შესახლდება იდუმალ, ყოველ შემთხვევაში ქვეტექსტით ასე იკითხება კომპოზიციური სტრუქტურის განვითარება. ზღაპრულ ელფერშია წარმოდგენილი, კი არ გაზღაპრდა სინამდვილე, არამედ ზღაპრული აურით შეიმოსა. ამიტომაა შემოზღაპრებულ გარემოში სინამდვილე რომ უფრო მიმზიდველია და მითიურ ელემენტებსაც შეიცავს. ცალკე უნდა აღინიშნოს მხატვრობაც, რომელმაც დასახულ მიზანს გასაოცარი შთამბეჭდავობით მიაღწია. თოჯინები იქნება ეს თუ მსახიობთა კოსტიუმირება, ყველგან ჩანს მაღალი პროფესიონალიზმი და დახვეწილი გემოვნება. დედის ტანისამოსი იქნება ეს თუ დურსუნის ყავახანის დახლიდარის ცილინდრი, ექიმის ოთახის ინტერიერი და დურსუნის ყავახანა ერთი დიზაინითაა შექმნილი და ერთმანეთს ენაცვლება, ზღვის ალეგორიული სახე თუ ჩემოდნების მარხილში შებმული თევზები, რომლებიც სინამდვილის შესაბამისად ასფალტზე დაყრილ თივის ზვინზე დადიან სიწყნარე რომ დაიცვან მომაკვდავი ექიმის სიმშვიდისათვის სადაც მოცარტის „ლაკრიმოზა“ გვირგვინად უნდა ქცეულიყო ფინალური სცენის დრამატულ ორომტრიალში, თუმცა პოპულარული მუსიკალური ნაწარმოების გაჟღერებამ, სხვა ასოციაციები აღძრა და გარკვეულ წილად აცდა წარმოდგენის ერთიან ატმოსფეროს. ძნელია აუღელვებლად უყურო ამ სპექტაკლს. უნდა აღინიშნოს მსახიობთა - (მინდია ჩოხარაძე, ლევან მიდილიში, მარიკა ბულეიშვილი, სალომე დოლიძე, ქეთევან სამხარაძე, ირინე ღლონტი, ვანო მაღლაკელიძე, ზურაბ ცინცქილაძე - მოწვეული მსახიობი) საშემსრულებლო ოსტატობაც და თოჯინების ტარების ტექნიკის დახვეწილობაც.  

და ბოლო პოსტულატი - [უნდა იყოს]:

დრომ ბევრი რამ დაგვავიწყა, ზოგი პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, ზოგი საზოგადოებრივი წყობის ინტერესთა გამო, მაგრამ არის ისეთი რამ, რასააც არც დრო, არც პოლიტიკა და არც საზოგადოებრივი წყობა არ ექვემდებარება, ყველა წყობასა და მთავრობაში ადამიანობა ადამიანობაა და არა სიმხეცე. ბევრჯერ მიგვაჩვიეს სამხეცეში ყოფნას და გვამხეცებდნენ, მაგრამ პლატონ გიგინეიშვილისა და მისნაირთა თავდადების წყალობით ჩვენ ისევ მოაზროვნეები დავრჩით. რთულია არწივის ბედი, რადგან მარტო დაფრინავს, იოლია ცხვრის ბედი, რომელიც რაოდენობრივ ერთეულში ნახირად იქცევა საზოგადოდ. პლატონ ექიმის მაგალითი ისაა, რომ არ ვიქცეთ ნახირად და ვიყოთ ინდივიდები, თუნდაც მარტო. მაგრამ მისსავე მაგალითზე გამოჩნდა, რომ ქალაქმა იგი ისე შეითავსა და შეითვისა, რომ საკუთარ სახისმეტყველებად აქცია. მასზე სპექტაკლები მართლაც უნდა იქმნებოდეს წიგნები იწერებოდეს და ფილმები იდგმებოდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, უნდა ვსწავლობდეთ და მაგალითებად ასეთი კეთილი ადამიანები უნდა დავისახოთ. ამაშია ხელოვნებისა და კულტურის მაღალმორალური დანიშნულება.

ასეც უნდა იყოს...

 

ნერონ აბულაძე.

bottom of page