ფეერიული ამბავი ბედკრულ სამშობლოზე

მაკა ვასაძე

ფეერიული იგავი ბედკრულ სამშობლოზე

ფეერიული იგავი ჩვენს ბედკრულ სამშობლოზე და მასში მცხოვრებ ერთფეროვან მასად ქცეულ ხალხზე. რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრში, პოლიკარპე კაკაბაძის პიესესბის მიხედვით, დადგმული სპექტაკლი „ასულნი“, შეიძლება აღვიქვათ კიდევ ერთ გაფრთხილებად, კიდევ ერთ შემოძახილად გამოფხიზლებისაკენ. ხელოვანი გვეუბნება: არ შეიძლება მუდმივ შიშსა და მორჩილებაში ცხოვრება, როდესაც ხელისუფალნი მხოლოდ საკუთარ განდიდებასა და ძალაუფლების მოპოვებაზე ზრუნავენ და არა სახელმწიფოზე, სამშობლოსა თუ ხალხზე. ჩვენ კი, ჩვენი მონური მორჩილებით ხელს ვუწყობთ მათ შავბნელი ზრახვების აღსრულებაში. რეჟისორმა ბაზისად პიესა „სამი ასული“ აიღო, ხოლო სათქმელის გასამძაფრებლად გამოიყენა ნაწყვეტები „კახაბერის ხმალიდან“ და  „ყვარყვარედან“. რობერტ სტურუას სათეატრო ენისთვის დამახასიათებელია დრამატურგიულ მასალაზე სკრუპულოზური მუშაობა. უპირველეს ყოვლისა, რეჟისორი მუშაობს ტექსტზე და ტექსტიდან აკეთებს გარკვეულ კომპილაციას. არსებული ნაწარმოებიდან ის ქმნის თავის ტექსტს. ამ შემთხვევაშიც, რობერტ სტურუამ და ნინო კანტიძემ,  პოლიკარპე კაკაბაძის დრამატურგიაზე დაყრდნობით ახალი პიესა შექმნეს და „ასულნი“ უწოდეს.

რობერტ სტურუასათვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩანაფიქრის შესაბამისი სცენის მხატვრული სივრცის შექმნა. მხატვარ ანა ნინუას მიერ შექმნილი სცენოგრაფია რეჟისორის კონცეფციის გამომხატველია. სცენური სივრცე გამოირჩევა ნიშნობრივი გაჯერებულობით: ყველაფერი, რაც სცენაზეა, იღებს ტენდენციას - განიმსჭვალოს დამატებითი მნიშვნელობებით. სცენაზე არსებული დეკორაცია მინიმუმამდეა დაყვანილი და აბსოლუტურად ფუნქციურია. სცენის სიღრმეში ერთ მხარეს ხელებაწეული მანეკენები განთავსებულან, მეორე მხარეს ბოძზე მცოცავი ადამიანის ფიგურა და მის ქვეშ ძაღლია, მათ უკან კიბეებზე  ორი მანეკენი შემოსკუპულა. მათ შორის, შუაში დიდი კარია. სცენის დაახლოებით შუა ნაწილში, მარჯვენა მხარეს, არეკვლადი მასალისგან დამზადებული კარი, მარცხენა მხარეს კი ამავე მასალისგან დამზადებული ნახევრად ღია ყუთი დგას. დეკორაციაში გამოყენებულია ორი კიბე და რკინის კონსტრუქცუია, რომელიც სცენის შუაშია განთავსებული. ავანსცენაზე, შუაში სამიზნე დაუხატავთ, რომელიც ზევით-ქვევით მოძრაობს. დიდი კარის ორივე მხარეს, კედელზე კარის მიმართულებით წითელი ისრებია დახატული. ლიფტის მსგავსი კონსტრუქცია, მასში მოთავსებული ჯაჯოთი (ზ. ლებანიძე) ადი-ჩამოდის სცენაზე. განათების საშუალებით რეჟისორი და მხატვარი, ქმედების შესაბამისად, ხაზგასმულად ამოანათებენ ხოლმე დეკორაციის ამა თუ იმ ნაწილს. მაგალითად, ყოველი ახალი სახელმწიფოს მმართველის ხალხისადმი მიმართვისას, რეჟისორი „ხელისუფალს“ სცენის შუაში მდგარ კონსტრუქციში ათავსებს, რომელიც მისი სიტყვით გამოსვლის დროს ნეონებით ნათდება.

რობერტ სტურუა მუსიკას ანიჭებს ისეთივე ფუნქციას, როგორსაც სამეტყველო ენასა თუ სხეულის, პლასტიკის ენას. ია საკანდელიძის მიერ შექმნილი სპექტაკლის მუსიკალური რიგი ქმედებისა თუ ამბის შესაბამის, ემოციურად გამძაფრებულ განწყობას ქმნის. აქ გამოყენებულია: ბეთჰოვენის, მოცარტის, არვო პიარტის, გია ყანჩელის ნაწარმოებები. სპექტაკლს კრავს ნაწყვეტი ბახის „იოანეს ვნებანიდან“. სწორედ ამ ნაწყვეტით იწყება და სრულდება წარმოდგენა. ძალიან დიდი დატვირთვა ენიჭება აგრეთვე გია ყანჩელის  და ყველასთვის კარგად ცნობილ ქართულ მოტივებზე შექმნილ სიმღერებს. რა თქმა უნდა, ამ სიმღერებში ტექსტი შეცვლილია. სიმღერები ცოცხლად სრულდება. პუბლიცისტურ ჟღერადობას იძენს გია ყანჩელის მიერ სპეციალურად ამ სპექტაკლისათვის დაწერილი  „სიმღერა ვირის ჭკუაზე“.

რობერტ სტურუას სარეჟისორო ენისათვის დამახასიათებელია სცენური თხრობის არაჩვეულებრივი დინამიკუროაბა. ალბათ, ამიტომაც “ასულნი“, შეიძლება ითქვას, რომ ერთი ამოსუნთქვით მიმდინარეობს. სპექტაკლის რიტმი მოდუნების საშუალებას არ აძლევს მაყურებელს.

პოლიკარპე კაკაბაძის პიესაში „სამი ასული“ სულ სამი პერსონაჟია  და ერთიც უხილავი ჯაჯო, რომლის მხოლოდ ხმა ისმის. რობერტ სტურუამ სპექტაკლში 10 მოქმედი პირი შემოიყვანა, რომლებსაც განასახიერებენ: ნინო არსენიშვილი, მანანა გამცემლიძე, თათული დოლიძე, მარინა კახიანი, ზაზა ლებანიძე, ნანა ლორთქიფანიძე, ეკა მინდიაშვილი, მარიკა ჭიჭინაძე, დარეჯან ხარშილაძე და მარინა ჯანაშია.  მსახიობებს თეთრი გრიმი აქვთ გაკეთებული, ამიტომ მათი გამომეტყველება უძრავი, უემოციო ნიღბის მსგავსია. ამით, რეჟისორმა კიდევ უფრო გაამძაფრა ერთფეროვანი, მორჩილი მასის არსებობა. მათი პლასტიკა, ერთი და იმავე ფიზიკური მოძრაობებით, რობოტებს მოგაგონებთ.

რობერტ სტურუა  სპექტაკლს იწყებს „კახაბერის ხმალის“ პროლოგით. ექსპოზიციის შემდეგ, ბახის „იოანეს ვენებანის“ ფონზე უტყვი ასულნი სცენაზე შემოდიან, შავებში გამოწყობილი ნინო არსენიშვილის პერსონაჟი საერთო მასას გამოეყოფა და ავანსცენაზე მდგარი წარმოსთქვამს: „ჩემო ერო, ჩემო მრავალტანჯულო ერო“... ამ დროს ტელეფონის ზარი გაისმის. მსახიობი ყურს უგდებს, მას „ზევიდან“ რაღაც მითითებებს აძლევენ, შემდეგ აგრძელებს: „სანდომიან ლამაზ მამულში დიდხანს გრძელდებოდა უკუნი ღამე... მაგრამ წმინდანი შენს წიაღში იბადებოდნენ“... „ბოროტება უკუვაქციეთ და ვიხსენით ჩვენი მამული“; ამ მონოლოგის დროს ზაზა ლებანიძის ჯაჯო თითქოს მშობიარობს. იშვა ერის მხსნელი, მაგრამ განა შეიძლება ბოროტმა სულმა კეთილი შვას? რეჟისორი დაუფარავად გვეუბნება, რომ ეს მორიგი ხელისუფალის (ნინო არსენიშვილის პერსონაჟი) კიდევ ერთი ტყუილია, რომელსაც მონა-მორჩილი მასა იჯერებს. „ჩემი ძე, ჩემი მემკვიდრე“ - ამბობს ნინო არსენიშვილის პერსონაჟი. დიახ, ეს ბავშვი მატყუარა, ფლიდი, ძალაუფლების მოპოვებისათვის ყველაფერზე წამსვლელი ადამიანის მემკვიდრე, განა შეიძლება „წმინდანი“ და „მხსნელი“ იყოს? ამ ეპიზოდში რეჟისორმა კიდევ ერთ ფაქტს გაუსვა ხაზი. ხელისუფალის ფრაზაზე: „ყოველი თქვენგანი ხომ მამულისათვის თავს გასწირავდა“ - მასა უკან იხევს და უარის გამომხატველ ჟესტს აკეთებს აკანკალებული ხელებით. მათ მონობისგან ხსნა სურთ, მაგრამ ამისთვის თავგანწირვა კი არ უნდათ და არც შეუძლიათ.

„რა ნელა გადის დრო“, „რა ჩქარა გადის დრო“ - აცხადებენ ისინი. მათ ცხოვრებაში არაფერი არ იცვლება, ამიტომაც არა აქვთ დროის მდინარების აღქმა. ზოგისთვის უფერული ცხოვრება ნელა გადის, ზოგისთვის - ჩქარა. ერთადერთი, რისიც ეშინიათ - გარდაცვალებაა. რა დარჩება მათგან? მხოლოდ მათ საფლავებზე ამოსული ლურჯი იები. სევდის მომგვრელია მათ მიერ შიგა და შიგ ნამღერი: „რა დარჩება ჩვენგან, საფლავზე ლურჯი იები ამოვა“, რომელიც რამდენჯერმე მეორდება და რეფრენად გასდევს სპექტაკლს.

ასულებს ორნი მართავენ - ჯაჯო და მისი დამხმარე (მანანა გამცემლიძე). დამხმარე, დიდი ჯოხით ხელში, თვალყურს ადევნებს მათ. ისინი მისი ზედამხედველობის ქვეშ მუდმივად კონტროლდებიან. მათ არ უნდა გადაუხვიონ ჯაჯოს ბრძანებებს, ეს ჩაკეტილი წრე ვერ უნდა გაარღვიონ. კარზე კაკუნი - პიესის მსგავსად სპექტაკლშიც ცვლილების, იმედის, სიახლის მომასწავებელია, მაგრამ ისინი ვერ ბედავენ კარის შეღებას. ცრუ მხსნელები კი მრავლად მოდიან მათთან. ერთ-ერთ მათგანს მარინა კახიანი ასახიერებს, რომელიც გრძელკლანჭებიან, თავმოტვლეპილ ვამპირს მოგვაგონებს. რეჟისორმა მის გარეგნობაში კომიკურობის ელფერიც შეიტანა, იგი ერთდროულად ამაზრზენი და სასაცილოა. ამჯერად ვამპრი-ხელისუფალი თეთრებშია გამოწყობილი. „როდემდე უნდა იღიღინოთ ასე! თქვენი კაცად დადგომა არ იქნა“ - რობერტ სტურუა მორიგი ხელისუფალის ხალხისადმი მიმართვას „ყვარყვარედან“ ნასესხები ფრაზებით იწყებს. იგი ოქროს ყანებს ჰპირდება ხალხს. ისევ „ყვარყარედან“ მის  მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე: „ეს არის გეგმა, ეს არის გზა...“, ავანსცენის შუაში დახატული სამიზნე მოძრაობას იწყება და მასზე გვირგვინი ჩნდება. სწორედ ეს ძალაუფლების სიმბოლოა მისი ნამდვილი მიზანი და არა ხალხის მონური მორჩილებიდან გამოხსნა. ნეონებით განათებულ კონსტრუქციაში მდგარი გვირგვინს თავზე იდგამს და თან ხალხს ჰპირდება - ჩიტის რძეს არ მოგაკლებთო. აქ რობერტ სტურუამ სპექტაკლ „რიჩარდ მესამის“ ციტირება გააკეთა. როდესაც რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდი გვირგვინს იდგამდა თავზე, ამბობდა - „ღმერთია მოწმე არ მინდოდა, თქვენ მაიძულეთ“. სწორედ ამ მოძრაობას და ფრაზას იმეორებს მარინა კახიანის პერსონაჟი. მაგრამ, მის მმართველობასაც არ უწერია დიდი დრო. პირველის მსგავასად ჯაჯო მასაც მოიშორებს თავიდან. ჯაჯო ორივეს კლავს. და, ისევ უბრუნდებიან ასულნი ერთფეროვან საქმიანობას, მოჰყვებიან წუწუნს, ოხვრას, კვნესას, - „მოვკვდებით და არავინ დაგვიტირებს“, მაგრამ არაფრის შეცვლა არ ძალუძთ... ისინი სულ რაღაცის, ან ვიღაცის მოლოდინში არიან...

სცენის სიღრმეში დიდი კარი იღება და მარინა კახიანი მარშის თანხლებით  მანქანას შემოაგელვებს. მას ორი მგზავრი ჰყავს. მარინა ჯანაშიას და დარეჯან ხარშილაძის „ახალი მხსნელები“ პროკლამაციებს ყრიან და თან გაიძახიან: „რევოლუცია, თავისუფლება“!!!  რეჟისორმა ისინი ტყუპებად წარმოაჩინა, ერთ თეთრ ყუთში მოათავსა, თითქოს ერთი ტანი და ორი თავი აქვთ. ტყუპები დაპირებას იძლევიან, რომ ხალხს მხოლოდ ჭეშმარიტებას და სიმართლეს უქადაგებენ. მარინა კახიანის ლამაზ შავ სამოსში გამოწყობილი პესრსონაჟი კი, ამ დროს, ხან მზესუმზირის ნაფცქვენებს  და, ხან შეჭმული კანფეტის  ქაღალდებს ყრის მაყურებელთა დარბაზში. უფრო მეტიც, ერთ-ერთ ეპიზოდში ჯაჯო მაყურებელთა დარბზს მიმრთავს: „მკვლელებო“. რობერტ სტურუა არ ერიდება სიმართლის მძაფრად თქმას. ყველაფერი, რაც  ქვეყანაში ხდება, ჩვენი ბრალია. არ შეიძლება ყველაფერზე თვალის დახუჭვა, წაყრუება, ყველაფრის მორჩილად მიღება.  ჯაჯო ახლადმოვლენილ მხსნელ-ტყუპებს რელიქვიას მიართმევს - წინაპრების ტახტს. ხოლო მათ შეძახილზე - გვირგვინი ერთია? ილუზიონისტის მსგავსი მოძრაობით გვირგვინს შუაზე გაყოფს და ორივეს დაადგამს თავზე. გვირგვინები მოწამლულია. ჯაჯო ტყუპებსაც იშორებს თავიდან.

იმერული ესკიზის სტილში გადაწყვიტა რეჟისომა ზაზა ლებანიძის, მანანა გამცემლიძისა და ნინო არსენიშვილის ეპიზოდი. ჯაჯო გიტარით ხელში მოგვევლინება, დამხმარე თითქოს მჭადებს აცხობს, იქვეა გოგონა პეპელების საჭერით. „რა საჭიროა სიმართლე. ტყუილი სადაც გინდა წაიღე... ვიცხოვროთ სიამ-ტკბილობით“ - ცნობილ მოტივებზე დაამღერებენ ჯაჯო და მისი თანამზრახველნი.

ძალაუფლების მსურველთა ხელში ჩაგდების რიცხვი არ ილევა. ყოველი მათგანი თავისუფლებას, ხსნას, სიმართლეს, წესრიგს ჰპირდება ხალხს... ყველაფერი ფუჭი დაპირებაა. ეკა მინდიაშვილის პერსონაჟს მრავალი დაპირების შემდეგ, ყვარყვარეს ფრაზები წამოსცდება, რომ თუ არ დაემორჩილებიან, რამდენიმე სოფელს აყრის, შეაშინებს ხალხს და შიშით მოიპოვებს მათ მორჩილებას. ჯაჯო მასაც მოიშორებს თავიდან.

ვინ არის ეს ხალხი, რომელიც ასე მორჩილად ენდობა ყველას? რობერტ სტურუამ მონური ფსიქოლოგიის მქონე ადამიანთა არსი წარმოაჩინა ეპიზოდში, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „სიმღერა ვირის ჭკუაზე“. საზეიმო მარშის თანხლებით მარინა კახიანის და თათული დოლიძის პერსონაჟები მანქანით შემოსრიალდებიან. ლამაზად გამოწყობილ 30-იანი წლების კინოპერსონაჟებს მოგვაგონებენ. ისინი იწყებენ სიმღერას „ვირის ჭკუაზე“, რომელიც გია ყანჩელმა, როგორც აღვნიშნე, სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის შექმნა. სიმღერა შემდეგი სიტყვებით სრულდება“ „ათასი კაცის ჭკუას, ერთი კაცის ჭკუა აჯობებს, თქვენ ერთი კაცის ჭკუაც ვერ გიშველით, იმედი ნუ გაქვთ, ვერ გიშველით“. ამ დროს გაისმის ბრძანება: „ადგილებზე! დროზე!“ - ასულები მონუსხულები, მართულები უბრუნდებიან თავიანთ ადგილებს და იწყებენ ჩვეულ საქმიანობას. სცენა წრეზე ბრუნავს. ყველაფერი თავიდან იწყება.

ტრანსფორმაციამ, რომელიც პოლიკარპე კაკაბაძის  პერსონაჟებმა განიცადეს, უფრო პუბლიცისტური ჟღერადობა მიანიჭა მათ სახეებს. როგორც უკვე აღვნიშნე, რობერტ სტურუას სათეატრო ენის ერთ-ერთი ნიშანია სცენური თხრობის არაჩვეულებრივი დინამიკურობა. რობერტ სტურუას სარეჟისორო ენას ახასიათებს სხვადასხვა თეატრალური ჟანრის თუ მიმართულების ერთ სპექტაკლში გაერთიანება, „ასულნი“ ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. „ასულნი“ თანამედროვე პოსტ-პოსტმოდერნული ხერხებით დადგმული სინთეზური სპექტაკლია. წარმოდგენაში შერწყმულია ფიზიკური, ვერბალური, დრამატული, მუსიკალური თეატრის  ელემენტები.