top of page

„აურზაური არაფრის გამო“ - ტარიელ კუბლაშვილის „თოლიას“ ირგვლივ

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

​

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

​

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

IMG_7530.jpeg

09.10.2026

ანასტასია ჩერნეცოვა

„აურზაური არაფრის გამო“ - ტარიელ კუბლაშვილის „თოლიას“ ირგვლივ

​

თუ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარს გააღებთ, პირდაპირ დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში აღმოჩნდებით. ხოლო თუ მეორე სართულზე ახვალთ, მარცხნივ გაუხვევთ და კიბეებს გაუყვებით - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სცენას მიადგებით. ეს ისე, რომ არ აგერიოთ.

​

სწორედ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სცენაზე მაყურებელს ჰქონდა შესაძლებლობა, ამა წლის მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში ეხილა ტარიელ კუბლაშვილის სადიპლომო სპექტაკლი - ანტონ ჩეხოვის „თოლია“.

​

ტარიელ კუბლაშვილი ერთ-ერთი აქტიური ახალგაზრდა რეჟისორია, რომელმაც თავისი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში უკვე ოთხი სხვადასხვა ჟანრის, ეპოქის, სტილისა და ესთეტიკის სპექტაკლი განახორციელა, როგორც სასწავლო, ისე რეგიონული თეატრის პროფესიულ სცენაზე: ნიკოლო მაკიაველის „მანდრაგორა“, ნინო ბასილიას „და რა შუაშია აქ თაგვი?!“, თამაზ ჭილაძის „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“ და ანტონ ჩეხოვის „თოლია“.

ახალგაზრდა რეჟისორის შემოქმედებითი გამოცდილება მეტყველებს იმაზე, რომ იგი ეჭიდება როგორც სუსტ, ისე საკმაოდ ძლიერ მასალას, თანამედროვესა და კლასიკას. გარკვეულ შემთხვევებში, იგი ტექსტსა და სადადგმო კომპონენტებს თანამედროვე ჟღერადობას ანიჭებს, ზოგჯერ კი, პირიქით, „აკონსერვებს“. მაგალითად, აღორძინების პერიოდის „მანდრაგორა“ მან თანამედროვედ ააჟღერა, ხოლო „ჭალას ჩიტი“ და „თოლია“ საკმაოდ თავშეკავებული და კონსერვატიული გამოუვიდა, როგორც გარეგნული თვალსაზრისით, ისე გრძნობათა ბუნების მხრივ.

​

ჩემი მონაწილეობით გადაცემა „სპექტაკლის შემდეგ“ დავით დოიაშვილის „თოლიაზე“ ნანახი გაქვთ? თუ არა, არაუშავს. აქვე გაეცნობით ჩემს საყვარელ თეორიას „თოლიასთან“ დაკავშირებით: „როცა მიდიხართ ჩეხოვის „თოლიას“ სანახავად, ჰკითხეთ საკუთარ თავს -რომელმა პერსონაჟმა დადგა ეს სპექტაკლი?“

​

იქიდან გამომდინარე, რომ ტარიელ კუბლაშვილი ახალბედა რეჟისორია, ბუნებრივია, ავტომატურად გაგიელვებთ - „ტრეპლევი“. თუმცა ჩემმა მოლოდინმა არ გაამართლა და აღმოჩნდა, რომ წინ არკადინასეული ინტერპრეტაცია მელოდა. რატომ? ამას თანდათან გაიგებთ.

​

მოგეხსენებათ, არკადინა „ძველი თეატრის“ წარმომადგენელია, ხოლო ტრეპლევი - „ახალი ფორმების“  პროპაგანდისტი. ტარიელ კუბლაშვილის სპექტაკლი კი, ჯერ მარტო გარეგნული ნიშნით - სცენოგრაფიისა და კოსტიუმების მხატვრობის თვალსაზრისით (მხატვარი - სანდრო ჯავახიშვილი) - გვაგონებს „მხატისეულ“ დადგმას ან უბრალოდ ჩეხოვის ეპოქას, რაც სპექტაკლს გარკვეულწილად სამუზეუმო ექსპონატის ხასიათს ანიჭებს.

​

სანდრო ჯავახიშვილის მხატვრობა ე.წ. შტამპში გადადის. თუ გავიხსენებთ მის მიერ გაფორმებულ რამდენიმე სპექტაკლს (მაგალითად, „შენ რომ მომკვდარიყავი“, რეჟისორი თეიმურაზ დვალი ან „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“, რეჟისორი ტარიელ კუბლაშვილი), შეამჩნევთ, რომ მხატვარს უყვარს მსახიობთა პომპეზური, ცოტა არ იყოს აკადემიური და დრამატურგიული მასალის ეპოქისადმი პირდაპირ მორგებული სამოსის შექმნა.

თუმცა, ყველაფერს მხატვარს ნუ „დავაბრალებთ“, რადგან შესაძლებელია ეს თავად რეჟისორების მიერ დასახული ამოცანიდან გამომდინარეობს. ფაქტი ისაა, რომ სანდრო ჯავახიშვილი ჯერ მხოლოდ სტუდენტია და მას ნამდვილად აქვს განვითარების პოტენციალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ახალგაზრდა რეჟისორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მხატვარი ვერ იქნებოდა.

​

პარადოქსულია, რომ ახალგაზრდა რეჟისორი უფრო არკადინას თაობის ესთეტიკურ მხარდამჭერად გვევლინება. ეს მკვეთრად განსხვავდება დავით დოიაშვილის პოზიციისგან, რომელიც პირიქით, ტრეპლევის თაობის მიმართაა ემპათიით განწყობილი.

ესთეტიკური თვალსაზრისით, დავით დოიაშვილის „თოლია“ თანამედროვეა ნებისმიერ ასპექტში. ამასთან, იგი ტრეპლევის გარდა ნინასაც „კლავს“, რაც პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ახალი თაობა საბოლოოდ მარცხდება „ძველებთან“ მათი დამანგრეველი ავტორიტეტულობის გამო.

​

ჩემმა მომავალმა კოლეგამ, სალომე გულიაშვილმა, თავის სტატიაში „სათქმელის გარეშე დარჩენილი ჩეხოვი“, ტარიელ კუბლაშვილის დადგმაზე აღნიშნა: „სცენაზე რჩებიან მხოლოდ მსახიობები და ტექსტი. ერთი შეხედვით, შესაძლებელია ასოციაცია გაგიჩნდეს თემურ ჩხეიძისეულ ფსიქოლოგიურ თეატრთან, სადაც წინა პლანზე მსახიობი და პერსონაჟის შინაგანი სამყაროა წამოწეული. თუმცა, თემურ ჩხეიძისგან განსხვავებით, ახალგაზრდა რეჟისორი ამ დავალებას წარმატებით ვერ ართმევს თავს. პერსონაჟთა უმრავლესობა დასახვეწია, გამოსაკვეთია მათი მოქმედების მოტივები და განვითარების გზა.“

რამდენიმე შემთხვევაში შემსრულებელთა დიალოგ-მონოლოგები მართლაც გადადის მხატვრულ კითხვაში (განსაკუთრებით პირველ მოქმედებაში, მაგალითად, დორნისა და პოლინა ანდრეევნას დიალოგისას), თუმცა საკითხავია - ეს რეჟისორული არჩევანია თუ ხარვეზი? რატომღაც იგი მხარს უბამს აკადემიურობას, შესაძლოა ფრთხილობს, ნაკლებ ექსპერიმენტს მიმართავს და ამ სიფრთხილეში სპექტაკლის გარკვეული სცენები დაუმუშავებელი, „მშრალი“ აღმოჩნდა.

​

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემატური საკითხები არ უნდა აღვნიშნოთ, თუმცა ნებისმიერ შეფასებას ჯანსაღი არგუმენტაცია სჭირდება. კი ბატონო, მომავალი კრიტიკოსის მხრიდან შენიშვნები ბუნებრივია, მაგრამ რამდენად ლოგიკურია ახალბედა რეჟისორის თემურ ჩხეიძესთან შედარება და იმის მტკიცება, რომ მან „დავალებას თავი ვერ გაართვა“? ასოციაცია გასაგებია, მაგრამ სადმე ეწერა, რომ რეჟისორის მიზანი ჩხეიძისეული ესთეტიკის გაყოლა იყო?

​

თვით თემურ ჩხეიძესაც და ძალიან ბევრ „დიდ“ თუ „პატარა“ რეჟისორს აქვს ხარვეზიანი ან სუსტი სპექტაკლები. მითუმეტეს, 22 წლის ასაკში როგორ უნდა მოითხოვო ათწლეულების გამოცდილების მქონე ოსტატის ხარისხი?

​

ჩემი კიდევ ერთი მომავალი კოლეგა, ზუკა ნემსაძე წერს: „ახალგაზრდა რეჟისორის სადიპლომო ნამუშევარია, რომელიც კლასიკური ტექსტის თანამედროვე თეატრალურ ენაზე გააზრების მცდელობას წარმოადგენს.“ სპექტაკლის ყურებისას საერთოდ არ გამჩენია განცდა, რომ კუბლაშვილს კლასიკური ტექსტის თანამედროვე სათეატრო ენაზე თარგმნა ჰქონდა მიზნად. არც ერთი შემოქმედებითი კომპონენტი არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ რეჟისორი ან მისი გუნდი პიესის მოდერნიზაციაზე იყო ორიენტირებული. რა არის მასში თანამედროვე? მე-19 საუკუნის ვალსი (ქორეოგრაფი - ნანა ბიბილაშვილი)? სანდრო ჯავახიშვილის მიერ შექმნილი ჩეხოვის ეპოქის კოსტიუმები? თუ სადმე მაყურებელს თანამედროვედ აჟღერებული ტექსტი ესმოდა? სპექტაკლში ვერ ვიპოვე ვერც ერთი ისეთი რეჟისორული თუ სცენური ხერხი, რომელიც კლასიკის თანამედროვე ენაზე გააზრების მცდელობას დაადასტურებდა.

​

შეიძლება ჩემი მოსაზრება დოგმატური გამოჩნდეს (არადა დოგმატიზმს ვერ ვიტან, თუ რამეა, შემომედავეთ), მაგრამ მაინც - როცა „თოლიას“ განვიხილავთ, გვერდი უნდა ავუაროთ ზარეჩნაიას, არკადინასა და ტრიგორინს? მესმის, რომ მსახიობთა შესრულება შესაძლოა იდეალური არ ყოფილიყო, მაგრამ მათი ავ-კარგიანობის განხილვა ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა.

​

აქვე დავძენ, რა თქმა უნდა, რეჟისორისა თუ თეატროლოგის არჩევანია, ვისზე ისაუბრებს, „შეიყვანს“ თუ „ამოაგდებს“ პერსონაჟს. მაგალითად, დიმიტრი კრიმოვმა თავის „კოსტიკში“ მაშას პერსონაჟზე საერთოდ თქვა უარი. ეს მისი არჩევანი იყო და იგი კონტექსტუალური გახადა, რადგან მისი ინტერპრეტაციით მაშა სპექტაკლს საერთოდ არ სჭირდებოდა (მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის იგი ერთ-ერთი წამყვანი გმირია).

​

ისიც მესმის, რომ „თოლიაში“ ყველა პერსონაჟსა და შემსრულებელს რეცენზიის ფარგლებში ვერ მიმოიხილავ, მაგრამ მაინც საინტერესო იქნებოდა იმის მოსმენა, თუ რატომ „ვერ გაამართლეს“ დანარჩენმა მსახიობებმა. მით უმეტეს ისეთი საკვანძო პერსონაჟების შემთხვევაში, როგორებიც არიან არკადინა, ტრიგორინი და ნინა.

​

სანდრო ფოლოდაშვილი ორგანულად გარდაისახება, მსახიობი ზუსტად მიჰყვება ჩეხოვისეულ რემარკებს. იგი ნერვიულია, დაკომპლექსებული დედის უყურადღებობისა და სხვა დამამძიმებელი ფაქტორების გამო. ამასთანავე, ახალგაზრდა მსახიობის შესრულებაში ჩეხოვისეული სისადავე იგრძნობა, რაც არა მხოლოდ ორიგინალურ ტექსტს, არამედ რეჟისორის მიერ შერჩეულ მხატვრულ ესთეტიკასაც ზუსტად შეესაბამება. სანდროს ვაკვირდები ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა მე ბაკალავრიატის სტუდენტი ვიყავი, ხოლო იგი - ნიკა ჩიკვაიძის თეატრალური სტუდიის მოსწავლე და მახსოვს თუ როგორ თამაშობდა მასობრივ სცენებში პროფესიულ სპექტაკლებში, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის - „მანდრაგორაში“, „თოლიასა“ და სხვა სპექტაკლებში კი უკვე ძალზე მრავალფეროვანი და მოწიფული მომავალი მსახიობი დავინახე.

​

მართალია, მარიამ გაბაძეც ამჟღავნებს მაშას, მარტივად რომ ვთქვათ, დეპრესიულ გრძნობათა ბუნებას, მაგრამ მექმნება შთაბეჭდილება, რომ იგი ხელოვნურად ამძიმებს თავის პერსონაჟს. თითქოს იგი ამ როლში თავს არაკომფორტულად გრძნობს, რაც მის დაძაბულ ინტონაციებსა და ფიზიკურ ქმედებებშიც მკაფიოდ იკვეთება.

​

აღსანიშნავია ისიც, რომ სანდრო ფოლოდაშვილი და მარიამ გაბაძე თოჯინების თეატრის მსახიობის სპეციალობის სტუდენტები არიან, თუმცა ისინი „დრამის სტუდენტებზე“ არანაკლებ ხარისხს დებენ.

​

კობა ნასყიდაშვილი სკრუპულოზურად გამოკვეთს თავისი პერსონაჟის აბეზარ, მოსაწყენ ბუნებას. მსახიობს ზედმიწევნით გადმოაქვს ტრიგორინისთვის დამახასიათებელი შინაგანი თავშეკავებულობა და ზომიერი ემოციურობა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ეპიზოდში, სადაც ნინა ზარეჩნაია მის ეგოს ეხება.

​

ანა ლევენეცი, ბუბა გოგორიშვილისგან განსხვავებით, მეტად თავშეკავებული არკადინაა. იგი თავისი მშვიდი, წყნარი ინტონაციით მანიპულირებს ყველასა და ყველაფერზე. გოგორიშვილის არკადინა კი, სხვა მახასიათებლებთან ერთად, ბევრად ტემპერამენტიანია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან დოიაშვილისა და კუბლაშვილის მხატვრული ესთეტიკა რადიკალურად განსხვავდება. ლევენეცი ორგანულია კუბლაშვილის ინტერპრეტაციაში, ისევე როგორც გოგორიშვილი დოიაშვილის დადგმაში. თუმცა, ლევენეცის არკადინას თითქოს მარილის მწიკვივით მაინც აკლია ტემპერამენტი.

​

ნინა შონიას ნინა ზარეჩნაია საკმაოდ სქემატურია, არადა იგი ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა პიესასა და სპექტაკლში. ტარიელ კუბლაშვილს გამოუვიდა „უთოლიო თოლია“ (თოლიას მთავარი გამომხატველი ხომ სწორედ ნინაა), დაახლოებით ისე, როგორც დოიაშვილთან გამოვიდა ულირო „ლირი“. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მსახიობის „დანაშაული“ არ არის, რადგან მხატვრულ სახეს მსახიობი სწორედ რეჟისორის ამოცანის თანახმად ქმნის. სავარაუდოდ, პროფესიული თვალსაზრისით, ორივე (რეჟისორიცა და მსახიობიც) ჯერ კიდევ დასაღვინებელია.

​

თორნიკე ფანქველაშვილი ბუნებრივად გამოხატავს სორინის გრძნობათა ბუნებას, რაც ნათლად ჩანს მსახიობის ინტონაციასა და მოძრაობაში. იგი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ფილიგრანულად ქმნის ყველა სფეროში წარუმატებელი, ემპათიური მამაკაცის მხატვრულ სახეს.

​

ვერ დავეთანხმები ჩემს მომავალ კოლეგას- სალომე გულიაშვილს იმაში, რომ სპექტაკლი დაცლილია მეტაფორებისგან, ბევრი მაგალითი რომ არ მოვიყვანო, ვისაუბრებ ნიჟარაზე, რომელიც ტრეპლევის სპექტაკლში ფიგურირებს. ნიჟარა ხომ ოდესღაც ცოცხალი ორგანიზმისგან დარჩენილი გარსია - სიცოცხლის კვალად ქცეული ფორმა. ამიტომ შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ტრეპლევი საკუთარი სპექტაკლის დაწყებამდე მასში ჩაყვირის, ხოლო ნინა სწორედ ნიჟარიდან ამოდის. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ტრეპლევი ძველი, უკვე „მკვდარი“ თეატრალური ფორმის გარსში შედის, რათა მისგან ახალი თეატრალური სიცოცხლის დაბადება სცადოს. ნინას ნიჟარიდან გამოჩენა კი ამ მოტივს კიდევ უფრო ავითარებს - ახალი თეატრი თითქოს სწორედ ძველი ფორმის ნარჩენიდან იბადება. ამგვარად, ნიჟარა მხოლოდ ზღვისა და სივრცის სიმბოლო აღარ არის, იგი სიკვდილისა და ხელახალი დაბადების ერთგვარ სიმბოლოდ გვევლინება.

​

დავით დოიაშვილისა და ბევრი სხვა რეჟისორისგან განსხვავებით, ტარიელ კუბლაშვილმა დატოვა იაკოვის პერსონაჟი (ლევან მიქაბერიძე). მიუხედავად იმისა, რომ ეს ეპიზოდური როლია, მსახიობმა მაინც მოახერხა შთაბეჭდილების მოხდენა და არ ატარებდა „ბუტაფორიულ“ ხასიათს. იგი ერთგვარი მეოთხე კედლის მსხვრეველია, რომელიც მაყურებელს სთხოვს, თუმანიშვილის სცენიდან ახმეტელის აუდიტორიაში გადანაცვლოს. ეს წარმოდგენა გარკვეულწილად იმერსიულია, რადგან ერთი სივრციდან მეორეში გადავდივართ და ატმოსფეროს მაქსიმალურად ვისრუტავთ.

​

თუ დოიაშვილთან რეტროსპექტივა ვიდეოკლიპის სახით არის წარმოდგენილი, კუბლაშვილთან, მისი მხატვრული გადაწყვეტიდან გამომდინარე, ფოიეში ფოტოსურათებია გამოფენილი. მსგავსი გადაწყვეტები ძალზე მოსახერხებელია იმისათვის, რომ რეტროსპექტიული ამბავიც არ დარჩეს უყურადღებოდ და სპექტაკლის ხანგრძლივობამაც ხელოვნურად არ მოიმატოს.

​

რატომ გადაწყვიტა ტარიელ კუბლაშვილმა ბოლო მოქმედებისთვის ლოკაციის შეცვლა? უბრალოდ ინტიმური ატმოსფეროს შესაქმნელად? შესაძლებელია, არ არის გამორიცხული, მაგრამ ასეთ შემთხვევაში რეჟისორული გადაწყვეტა საკმაოდ ზედაპირულ ხასიათს შეიძენდა.

​

მოდით დავფიქრდეთ, იქნებ ასე არც არის. ვისაც ჩეხოვის დრამატურგიულ შემოქმედებასთან გარკვეული შეხება ჰქონია, ალბათ გაახსენდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ავტორისთვის დროის ციკლურობის ჩვენება. თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ „თოლიაში“ მესამე და მეოთხე მოქმედებებს შორის ორწლიანი პერიოდი გადის, მოქმედება ზაფხულიდან შემოდგომაზე ინაცვლებს, ხოლო მისაღები ოთახი ტრეპლევის სამუშაო სივრცედ გარდაისახება.

შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ეს არაა რეჟისორის მხრიდან უბრალო „კეკლუცობა“ ან ატმოსფეროს მექანიკური ცვლის მცდელობა, არამედ იმის სიმბოლური ასახვაა, რომ ამ ორმა წელმა თითოეულ პერსონაჟში სივრცობრივად და შინაარსობრივად სიღრმისეული მეტამორფოზა გამოიწვია.

​

ირაკლი არეშიძის მუსიკა სპექტაკლის ემოციურ ფონს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. მაგალითად, ფინალში ფორტეპიანოს ჟღერადობა ზუსტად იმ დრამატიზმს ანიჭებს დადგმის გრძნობათა ბუნებას, რაც რეჟისორს ჰქონდა ჩაფიქრებული სპექტაკლის საერთო ქარგისთვის.

თუ დოიაშვილის სპექტაკლში მუსიკალური გაფორმება მაყურებელს ეთამაშება და ქმნის მოულოდნელობის ეფექტს (სადაც უაღრესად დრამატულ მომენტში მხიარული ჰანგები გვესმის, რათა კონტრასტით გაცილებით მეტი ემოცია აღიძრას და გაუცხოების შეგრძნება დაიბადოს), კუბლაშვილმა და კომპოზიტორმა არჩევანი შეაჩერეს უშუალოდ ხდომილებასთან თავსებად მუსიკალურ ნაწარმოებზე.

​

საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის დოიაშვილის ვერსია შეიძლება იყოს უფრო ეფექტური და ორგანული, ვიღაცისთვის კუბლაშვილის, სხვისთვის ორივე, ხოლო გარკვეული კატეგორიისთვის ორივე მიუღებელი აღმოჩნდეს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავაანალიზოთ და შევაფასოთ, დანარჩენი კი თითოეული ჩვენგანის აღქმისა და გემოვნების საკითხია.

ტარიელ კუბლაშვილის „თოლია“ ახალგაზრდა რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის მხრიდან კლასიკური ტექსტისადმი თავშეკავებული, აკადემიური და კონსერვატიული მიდგომის ნიმუშია. დავით დოიაშვილის რადიკალური, ტრეპლევისეული და თანამედროვე ენით განმსჭვალული ინტერპრეტაციისგან განსხვავებით, კუბლაშვილი გვთავაზობს არკადინასეულ, „ტრადიციულ“ თეატრალურ ესთეტიკას, სადაც ყურადღება ჩეხოვისეულ სისადავესა და პერსონაჟთა შინაგან მეტამორფოზაზეა გამახვილებული.

​

მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული სამსახიობო ნამუშევრები თუ რეჟისორული ამოცანები ჯერ კიდევ დასაღვინებელია და პროფესიულ მოწიფულობას მოითხოვს, დადგმა გამორჩეულია სივრცობრივი გადაწყვეტით და იმერსიული. ეს არის პროფესიული განვითარების გზაზე მდგარი შემოქმედებითი გუნდის ღირსშესანიშნავი განაცხადი, რომელიც მაყურებელს აძლევს საშუალებას, კლასიკა არა გარეგნული ეფექტებით, არამედ სიღრმისეული, ტრადიციული განცდით აღიქვას.

​

P.S. სასიხარულო იქნება, თუ სათეატრო სფეროში მოღვაწე ადამიანები უარს იტყვიან ორიგინალური სახელების „გადმოქართულებაზე“. მაგალითად, თუ ჩეხოვთან ტრეპლევი კონსტანტინია, მაშინ ქართულადაც მისი სახელი ზუსტად ისე უნდა ჟღერდეს, როგორც ორიგინალშია. ეს საკითხი მხოლოდ თეატრმცოდნეებს არ ეხება,   აფიშებზეც ხშირად წააწყდებით, მაგალითად, ნიკოლაი გოგოლის ნაცვლად „ნიკოლოზ გოგოლს“. აქვე უნებლიეთ „დასტაევსკიც“ გამახსენდა, რაც, რა თქმა უნდა, უკვე ამ ჟანრის „კლასიკაა“.

ფოტო: ნუგზარ ნოზაძე

bottom of page