top of page

„ავანტიურისტები“ ზეკოს გემო - ვნებით...

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

3.jpg

ნერონ აბულაძე

„ავანტიურისტები“ ზეკოს გემო - ვნებით...

2024 წლის 26 ივნისს საზეიმოდ დაიხურა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - „თეატრალური იმერეთი“. საფესტივალო პროგრამაში წარმოდგენილი 15 სპექტაკლიდან მხოლოდ 9 წარმოდგენა იყო საკონკურსო. ფესტივალი, რომელიც უკვე იქცა რეგიონის კულტურულ მოვლენად, ყოველწლიურად ვითარდება და მრავალ თეატრალურ დასს თუ დამოუკიდებელ ხელოვანს აძლევს შესაძლებლობას წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედება. არც წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი, როცა ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამაში ჩართული იყო ახლად დაფუძნებული სახელოვნებო გაერთიანება სახელწოდებით - „სამოქალაქო თეატრი“. ამ ამბიციური იდეის უკან არც მეტი, არც ნაკლები პროფესიით ჟურნალისტები დგანან, რომლებმაც შეძლეს დასახული მიზნის მიღწევა და მაყურებელს საინტერესო, წარმოდგენა შესთავაზეს. ყველაფერი ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, რა დროსაც ენთუზიასტმა გუნდმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, შედეგად კი მესხიშვილის თეატრის მსახიობებთან და ახალგაზრდა ხელოვანებთან ერთად პროექტი - „იკითხე კონსტიტუცია, ისწავლე თავისუფლება“ განახორციელა. სწორედ ეს ფაქტი აღმოჩნდა ახალი იდეის გაჩენის საუკეთესო წინაპირობა, რა იდეაც კიდევ ერთი კულტურულ - საგანმანათლებლო სივრცის შექმნის აუცილებლობას გულისხმობდა. მოგვიანებით, უკვე 2023 წელს შესაძლებელი გახდა მეორე პროექტის - „ქუთაისური ისტორიები“ განხორციელება. სცენისმოყვარეების გაერთიანებამ, სადაც თავი მოიყარეს, როგორც პროფესიონალმა ხელოვანებმა, ასევე ჟურნალისტებმა და სტუდენტებმა, შეძლეს საარქივო მასალაზე დაყრდნობით შეექმნათ სცენარი და მაყურებლისათვის განსხვავებული პერფორმანსი შეეთავაზებინათ. ამ ე.წ ,,მოსამზადებელი სამუშაოების“ შემდეგ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ნამდვილად ამბიციური და ნამდვილად მიზანდასახული - საბოლოოდ დაფუძნდა დამოუკიდებელი თეატრალური კერა - „სამოქალაქო თეატრი“

    

„ავანტიურისტები“ - ასე ქცია სპექტაკლს, რომელიც პიერ შენოს კლასიკად ქცეული პიესის - „იცოცხლე“ საფუძველზე ზეკო და ნიტა ხაჩიძეების რეჟისორობით განხორციელდა. ფრანგი დრამატურგის ეს ნაწარმოები იმდენად პოპულარულია, რომ იშვიათად თუ მოიძებნება ქვეყანა ან თეატრი, სადაც არ განხორციელებულია. რეჟისორთა მზარდი ინტერესი და თეატრალურ ინტერპრეტაციათა უწყვეტი ჯაჭვი უპირველეს ყოვლისა ნაწარმოების ჟანრობრივ- სტილისტური თავისებურებით, ზუსტად აქცენტირებული პრობლემატური საკითხების აქტუალობით იყო გამოწვეული. XX საუკუნის მეორე ნახევრის საფრანგეთის დრამატული თეატრის ევოლუცია ქვეყნის ისტორიული და სოციალურ-კულტურული განვითარების კონტექსტში კრიტიკოსების მიერ სრულფასოვნად არის შესწავლილი. ამ პერიოდში საფრანგეთის დრამატულ თეატრში შეინიშნება განვითარების ახალი ტენდენციები, რომლებმაც XX-XXI საუკუნეებში გამოიწვია მნიშვნელოვანი სასცენო ფორმების ტრანსფორმაცია. შეიცვალა თეატრალურობის გაგება, ახალი სასცენო ენის ძიებამ და დრამატურგიაში სოციალური თემების დამუშავებამ ხელი შეუწყო ახალი თეატრალური მიმდინარეობების გაჩენას. თანამედროვე ფრანგული დრამატურგიის ექსპერიმენტული ბუნება პირდაპირ კავშირშია პოსტმოდერნიზმის გავლენასთან, რომელიც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ავტორთა შემოქმედებასა და ყველა თეატრალურ მიმდინარეობაში შეინიშნება. აღიარებული ფრანგი დრამატურგების ძიება და შემოქმედებითი ექსპერიმენტები დაკავშირებულია ნაწარმოების ფორმასა და შინაარსზე სკრუპულოზურ მუშაობასთან. ამ პერიოდის დრამატურგთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ პიერ შენოს შემოქმედებას უჭირავს, რომლის პიესაც - „იცოცხლე“ - პირველად 1976 წელს ელისეს მინდვრებში, თეატრ ,,კომედიში" დაიდგა. პიესა თავისი თემატური დატვირთვით ფრანგული სოციალური კომედიის ჟანრს განეკუთვნება. ნაწარმოები გაჯერებულია მრავალფეროვანი ხასიათებით, სადაც მოქმედ პერსონაჟთა შინაგან წინააღმდეგობებს კონტრასტულად ენაცვლება მორალურ კრიტერიუმთა შეუსაბამობები. სიუჟეტი ბურჟუაზიის უგემოვნო და ყოველდღიურობის რუტინულ გარემოში ვითარდება, სადაც ყველა, ზნეობრივიც და უზნეოც ფულის ჰეგემონიის დიქტატის ქვეშაა მოქცეული. უპირველეს ყოვლისა პიესის ფაბულა შესრულებულია საუკეთესო ფრანგული კომედიოგრაფიის სტილში რასაც ზედ ერთვის გოგოლისეული მძაფრი მისტიკა და გროტესკი. თავად ნაწარმოების სათაური თითქოს უბრალო და მარტივია, მაგრამ იმდენად ტევადია, რომ უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. შემთხვევითი რაც ზეკო და ნიტა ხაჩიძის გადაწყვეტილებაა, რაც ავტორისეული სათაურის „იცოცხლე“ – „ავანტიურისტებით“ ჩანაცვლებას გულისხმობს. კი, ეს ნამდვილი ავანტიურაა... ავანტიურისტები არიან თავად პერსონაჟები და სპექტაკლის შემოქმედებითი გუნდიც ერთგვარ ავანტიურაზე წავიდა, ამ შემთხვევაში სიტყვა ავანტიურის არაპირდაპირი გაგებით. თუკი ავანტიურისტი განიმარტება, როგორც - უპრინციპო საქმოსანი, სამოქალაქო თეატრის მესვეურების შემთხვევაში ჩვენ ვიხილეთ საქმიანი ადამიანები, გამორჩეული ერთგულებით და შესაბამისი მხატვრული პრინციპების დაცვით.

       

ნაწარმოებში ყველაფერი იწყება დაცემინებით და მომყოლი სტანდარტული ფრაზით: „იცოცხლეთ!“ სწორედ ესაა სათაურად გამოტანილი, მაგრამ ირონია იმაში მდგომარეობს, რომ აცემინებს მიცვალებული - მწერალი, რომლის მდიდარი მემკვიდრეობის ხელში ჩასაგდებად თავი მოიყარა მემკვიდრეობის მსურველ კანდიდატთა მთელმა არმიამ. აქ ავტორი ხსნის როგორც სიუჟეტურ საკვანძო ხრტილებს, ასევე ნაწარმოების იდეას - ერთგულებისა და ორგულობის, თავდადებისა და მუხთლობის მარადიული დაპირისპირების შესახებ. სიუჟეტური ხაზი იხსნება სწორედ ამ მემკვიდრეობის მიღების გაცხოველებული სურვილის წარმოჩენით. აღძრულია შიშები ამ დაცემინების გამო, მეტიც, ეს დაცემინება ხდება სიუჟეტური პერიპეტიების ეპიცენტრი. შეიძლება ითქვას, რომ დაცემინება არის ნაწარმოების მთავარი გმირი, გმირი უხილავიც და ხილვადიც, რაც ყველა სუბიექტსა და ობიექტს აიძულებს საკუთარი თავი და რეალური მისწრაფებები გამოავლინოს. ზომიერი დეტექტიური ფორმის შემოტანა უფრო კითხვადს ხდის პიესას, სპექტაკლს კი ყურებადს. მწერალ ბუასიერის ეს დაცემინებები აუტანელია ცოლისთვისაც, ქალიშვილისთვისაც, სიძისთვისაც. მიცვალებული ფაქტობრივად გაცოცხლდა, დადის ოთახში და აცემინებს მაშინ, როცა სიკვდილის ფაქტი დადგენილია, მემკვიდრეობა გაყოფილია და დაკრძალვაც აუცილებლად უნდა შედგეს. მოსამსახურე, - (ლუიზა, მადამ სოტე - მსახიობი მაგდა გერაძე) რომელიც ირწმუნება, რომ მწერალი გაცოცხლდა, შეშლილად შერაცხავენ. აქვე აღსანიშნავია, რომ სპექტაკლში მაგდა გერაძე ერთადერთი პროფესიონალი მსახიობია, რომლის გმირიც მუდმივად მოქმედების ცენტრშია. მსახიობი ჩვეული არტისტიზმით ქმნის მადამ სოტეს მხატვრულ სახეს და ავლენს პროფესიული შესაძლებლობების მაქსიმუმს. მოსამსახურე ერთადერთი პერსონაჟია, რომელიც ნამდვილად განიცდის მწერლის გარდაცვალებას. მოვლენების განვითარების კვალდაკვალ იცვლება მადამ სოტეს დამოკიდებულებები და ხასიათი. მსახიობი თანმიმდევრულად, სრულად წარმოაჩენს თავისი გმირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს

      

რაც უფრო იძაბება სიტუაცია, მით უფრო იშლება გროტესკული პორტრეტები მოღალატე ცოლის - (მარიამ ირემაძე), სულელი შვილის - (ია იაშვილი), საქმოსანი სიძისა - (გიორგი ჩუბინიძე) თუ პატივმოყვარე ექიმის - (ხვიჩა ვაშაყმაძე). თავად ბულვარული რომანების ავტორიც კი, რომლის წიგნები ყველა გაზეთის ჯიხურებიდან მომენტალურად იყიდებოდა, დრამატურგის სარკაზმის მსხვერპლი ხდება. მთავარი ღერძი, ყველას და ყველაფრის მამოძრავებელი ამ ყვითელი რომანებით ნაშოვნი მილიონებია, რომელიც სხვადასხვაგვარად ახერხებს გარდასახვას ყველა მოქმედ პერსონაჟში. და ბოლოს, ირონიის უმაღლესი წერტილი - მოსამსახურე ქალი ლუიზა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეურაცხადად შერაცხეს, ხდება ერთადერთ მემკვიდრედ მწერალ ბუასიერის უმდიდრესი მემკვიდრეობისა და აქაც ყველაფერი ნონ-კონფორმიზმის სტილში წყდება - მემკვიდრეობა მიღებულმა მოსამსახურემ გადაწყვიტა მთელი ქონება ყველას გაუნაწილოს, ამიტომ იგი მზადაა აჰყაროს ლუდოვიკო XIV-ის დროინდელი უძვირფასესი პარკეტი, გაანადგუროს წლობით გაშენებული ბაღი და მის ნაცვლად გამართოს ბოსტანი. ფინალშიც პიერ შენო თითქოსდა სამართლიანობას უსვამს ხაზს, მაგრამ არსებულ რეალობასთან ტოლობის ნიშანს მაინც არ სვამს, ანუ არის სამართლიანი ყველაფრის განადგურება იმის ფასად, რომ ყველას ყველაფერი გაუყო? იდეალური გადაწყვეტა და რიტორიკული კითხვა, რომელიც თან სდევს აბსოლუტურ უმეცრებას, რეალობის შეუფასებლობას და მის არდაფასებას.

       

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, გარდა მაგდა გერაძისა, სამსახიობო ანსამბლის დიდი ნაწილი - (გიორგი ჩუბინიძე, ია იაშვილი, მარიამ ირემაძე, ხვიჩა ვაშაყმაძე, კობა მიშვიძე, თათული ქაროსანიძე, ლუკა ფარჯიკია, ლუკა სვანიძე, ლუკა ლილუაშვილი) - წარმოდგენილია ჟურნალისტებითა და სცენისმოყვარეებით. სპექტაკლის ყურებისას იგრძნობა რეჟისორების მაქსიმალური კონტროლი თითოეულ მსახიობზე. ხასიათებზე ნამუშევარია, მსახიობები ცდილობენ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი გმირების გრძნობათა ბუნება. ამათგან ნაწილი კარგად ახერხებს, ნაწილის შემთხვევაში კი ვხდებით ხასიათის მონოტონურ განვითარებას. ხაზგასმით გამოვყოფ ახალგაზრდა ჟურნალისტს, მარიამ ირემაძეს და მის პერსონაჟს, რომელიც გამორჩეულია სცენური მომხიბვლელობით, მკვეთრად გამოხატული მეტყველების მანერითა და პლასტიკით...თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლის შემთხვევაში - (რაც ნამდვილად არ არის გვიან) მარიამ ირემაძეს გააჩნია ყველა საჭირო მონაცემი საიმისოდ, რომ მომავალში ქართულ სცენასა და ეკრანზე დიდ წარმატებას მიაღწიოს. ასევე მხატვრული ზომიერების გრძნობითა და დამაჯერებლობით გამოირჩევიან გიორგი ჩუბინიძისა და ხვიჩა ვაშაყმაძის პერსონაჟები.

       

შესაძლოა ამ წერილს არა რეცენზია, არამედ „ესკიზი რეცენზიისათვის“ ვუწოდოთ... ფესტივალის არასაკონკურსო ჩვენებებიდან აღნიშნულმა სპექტაკლმა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. კონკურსის შემთხვევაში გამარჯვებულ ნომინანტთა დაჯილდოებაც სხვაგვარად გადანაწილდებოდა. უპირველესად, რაც ყველაზე მთავარია ქალაქში გაჩნდა კიდევ ერთი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე, რაც დადებითად აისახება რეგიონის კულტურულ ცხოვრებაზე. რასაკვირველია მაქვს არაერთი შენიშვნა, როგორც შემოქმედებითი, ისე ტექნიკური ხასიათის. საწყისი სცენები ხელოვნურად გაწელილია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს წარმოდგენის ერთიან ატმოსფეროსა და შემოქმედებით რიტმზე. ცალკეულ სცენებში მსახიობები მიმართავენ გადაჭარბებულ გროტესკს, რაც ჟანრის სპეციფიკასთან არათავსებადია. ვფიქრობ, თუკი შემოქმედებითი გუნდი კიდევ ერთხელ მიუბრუნდება და შეეცდება აღმოფხვრას არსებული ხარვეზები, სპექტაკლი თამამად შეიძლება წარსდგეს საერთაშორისო მაყურებლის წინაშე, ვგულისხმობ შესაბამისი სტატუსის მატარებელი თეატრებისათვის განკუთვნილ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებს.

     

სპექტაკლის შექმნის ერთიან დრამატურგიულ პროცესში ზეკო და ნიტა ხაჩიძეები ლიტერატურული პირველწყაროს ერთგულნი რჩებიან. მიუხედავად მცირე ფამილიარული ჩარევებისა, რაც ტექსტის ცალკეული ფრაგმენტების შეკვეცას, ერთგვარ მონტაჟურ გადაადგილებებს გულისხმობს, მოქმედების განვითარება ავტორისეულ ლოგიკას მიყვება. სცენა - (მხატვარი ხვიჩა ვაშაყმაძე) მაქსიმალურად თავისუფალია ზედმეტი ბუტაფორიული დეტალებისაგან. მხატვარი მინიმალური დეტალებით ქმნის მარტივ კონსტრუქციებს. მოოქრული წითელი სავარძლები, მდიდრული მაგიდა და სკამები, თანმიმდევრობით განლაგებული, სხვადასხვა ვიზუალით აღბეჭდილი შირმები ქმნის მდიდარი მილიონერის ასევე მდიდრულ მისაღებ ოთახს. მოქმედების უმეტესი ნაწილიც სწორედ აღნიშნულ მისაღებში ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი პიესას კლასიკური ფრანგული სოციალური კომედიის სტილში წარმოგვიდგენს, ნაწარმოებში ასევე უხვად ვხვდებით სიტკომის - ე.წ სიტუაციური კომედიის ელემენტებს, სადაც მოქმედი პერსონაჟები მუდმივად კურიოზულ, სასაცილო სიტუაციებში ხვდებიან. რეჟისორების ყველაზე დიდ მიღწევად ჟანრის სპეციფიკის სრულად გათავისება წარმოადგენს. ჟანრის თავისებურებებს კარგად გრძნობენ მსახიობებიც და ცდილობენ არ დაკარგონ მხატვრული ზომიერების ზღვარი. სპექტაკლის მსვლელობისას, მიზანსცენათა სწრაფი მონაცვლეობისას სცენაზე წარმოდგენილი ამბავი სრულად აღწევს მაყურებლამდე. წარმოდგენის კონცეფციის ორგანული ნაწილია მუსიკალური - (ნიტა ხაჩიძე, ლუკა ლილუაშვილი) გაფორმებაც.

bottom of page