ახალი ქართული დრამატურგია-რაც ხდება იმაზე

ახალი ქართული დრამატურგია - რაც ხდება, იმაზე

ლელა ოჩიაური

ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც თეატრმცოდნეები თუ თეატრის მკვლევარები, თანამედროვე ქართული თეატრის მინუსებზე საუბრისას, ყველაზე ხშირად გამოჰყოფენ, კარგი ქართული პიესების დეფიციტია და თუ ზოგადად წარუმატებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას, მთავარ მიზეზად სწორედ სუსტ დრამატურგიას ასახელებენ.

თუმცა, ფაქტია - 2016 წელს საქართველოს თეატრებში ორასზე მეტი სპექტაკლი წარმოადგინეს, აქედან, დაახლოებით მესამედი ქართულ დრამატურგიაზე დაიდგა. ამათგან, ნაწილი კლასიკაზე, ნაწილი - თანამედროვეზე და რამდენიმე - უახლესზე.

ბოლო სეზონის დრამატურგები არიან - ავქსენტი ცაგარელი და გიორგი ერისთავი, ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი, დავით კლდიაშვილი და მიხეილ ჯავახიშვილი, ეგნატე ნინოშვილი და ვაჟა-ფშაველა, გურამ დოჩანაშვილი და რევაზ მიშველაძე, ნოდარ დუმბაძე და თამაზ ჭილაძე,  ანზორ სალუქვაძე და თამაზ ბაძაღუა, გურამ ბათიაშვილი და რეზო კლდიაშვილი, ლაშა თაბუკაშვილი და ზურაბ სამადაშვილი, ლაშა ბუღაძე და დათო ტურაშვილი, დავით ქოქრაშვილი და მიხო მოსულიშვილი, დავით გაბუნია და ბასა ჯანიკაშვილი, ირაკლი სამსონაძე და თამრი ფხაკაძე. და საერთოდ პირველად - „ვეფხისტყაოსანიც“ კი, პანტომიმის თეატრში, ლეგენდარული ამირან შალიკაშვილის ავტორობით და ფინალში თვით  რუსთაველის როლში.

ბოლო დროს ახალი დრამატურგებიც გამოჩნდნენ - მაკა კუკულავა, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, სანდრო კაკულია, ალექს ჩიღვინაძე, ნანა სეფაშვილი, ლილე შენგელია, დათა ფირცხალავა, ოთარ ქათამაძე, ზურაბ პაპიაშვილი, რომლების პიესები, ზემოხსენებულებთან ერთად, სხვადასხვა თაობის რეჟისორებმა (გურამ მაცხონაშვილი, პაატა ციკოლია, დათა თავაძე, დავით ჩხარტიშვილი, დათო ხორბალაძე, მურად ვაშაკიძე, სანდრო მრევლიშვლი,  გიორგი სავანელი, გიორგი ქანთარია, ოთარ ეგაძე, კახა ბაკურაძე, დავით ხორბალაძე, რობერტ სტურუა, კახა გოგიძე, გოჩა კაპანაძე, გიორგი შალუტაშვილი, ვანო ხუციშვილი, ნიკა ჩიკვაიძე, სოსო ნემსაძე, ანდრო ენუქიძე, გიორგი სიხარულიძე, დავით საყვარელიძე, გურამ ღონღაძე, თათა პოპიაშვილი, დიმიტრი ხვთისიაშვილი, გიორგი ქათამაძე და სხვა და სხვა) და ნაწილმა, ავტორებთან თანამშრომლობითა და ერთობლივი ინსცენირებებით, საქართველოს სხვადასხვა თეატრში დადგეს.

თანამედროვე ქართულ დრამატურგიაში, რეჟისორების დაკვეთით, ახალი ჟანრიც - ვერბატიმი - მკვიდრდება, რომელიც უშუალოდ დასადგმელადაა განკუთვნილი და შესაბამისად, რეჟისორების ინიციტივაა და არა პირიქით.

ვერბატიმი მსოფლიო თეატრალური ხელოვნებისთვის შედარებით ახალი მიმდინარეობაა (ევროპაში XX საუკუნის 80-იანი წლებიდან გააქტიურებული), უფრო ზუსტად, ჟანრი, ტექნიკა, რომლის პირველი ნიმუშები საქართველოში ავთო ვარსიმაშვილს ეკუთვნს (90-იანი წლების ბოლოდან) და რასაც, ოდნავ სახეცვლილად, „თავისუფალ თეატრში“ ფორმას კვლავ უნარჩუნებს.  

ვერბატიმისთვის დამახასიათებელი და წარმმართველია ქვეყანაში, საზოგადობაში რეალურად არსებული პრობლემების - სოციალური, პოლიტიკური და ა.შ. ამ ყველაფრის შემადგენელი საკითხების შესახებ საუბარი და კითხვებზე პასუხების ძიება, გაცემა, საერთო სამსაჯვროზე გამოტანა, თუ გამოსავალის პოვნა არა, გაანალიზება და მსჯელობა მაინც. წარსულის გამოცდილების გადახედვა და მაყურებელთან ერთად დაფიქრება. ესაა დოკუმენტური და შემოქმედებითი კვლევის თეატრალური მეთოდი, რომლიც ავტორებისთვის არა წინასწარ გადაწყვეტილ და მიღებულ, არამედ ზოგჯერ (ხშირად) მოულოდნელ შედეგასაც კი იძლევა.

შემდეგ ეტაპზე, ვერბატიმი, ერთი მხრივ - უკვე მზა მასალაა, არჩეულ თემაზე და მიმართულებით. მომზადებულ კითხვებზე ჩაწერილი პასუხების შერჩევითა და სისტემატიზებით. გამთლიანებით. მეორე მხრივ - არა დოკუმენტური და პირდაპირი ფორმით, რომლის შეკვრა და მხატვრულ ნაწარმოებად, პიესად, დრამატურგიულ ტექსტად, სპექტაკლად ქცევა - უკვე სხვა საქმეა და არანაკლებ ძალებს მოიხოვს, ვიდრე, თუნდაც მხატვრული ტექსტის, ამ შემთხვევაში, არსებული ან სპეციალურად შექმნილი „არასიტყვასიტყვითი“ პიესის სცენური/სარეჟისორო ინტერპრეტაცია.

ბოლო პერიოდში ქართულ თეატრში ვერბატიმის დამკვიდრების ნიშნები უკვე აშკარაა. ერთ-ერთი, ვინც ამ გზას მისდევს - დათა თავაძეა დრამატურგ დათო გაბუნიასთან თანაშემოქმედებით, სამეფო უბნის თეატრში ვერბატიმი ორგანული და უკვე რამდენჯერმე გამოცდილი გურამ მაცხონაშვილისთვისაც აღმოჩნდა, რომელიც პროექტებს თოჯინების თეატრსა და თავისუფალ სივრცეებში წარმოადგენს. ცოტა ხნის წინ მათ დავით საყვარელიძეც შეუერთდა.

ისევე, როგორც ყველგან, საქართველოში უკვე არსებობს მსგავსი, ანალოგიური ან პირდაპირი ვერბატიმი. გააჩნია, როგორ შევხედავთ,  როგორ მოხდება არსებული - შეგროვილი და გამოყენებული მასალის ორგანიზება და შემდეგ, რა ფორმას, დიალოგების როგორ ხასიათს, მოვლენებისა და მათი ჯაჭვის აწყობის რა ხერხებს მიმართავენ ავტორები ამბის თხრობისას.

ქართული ვერბატიმი თემებსა და პრობლემებს ძირითადად საქართველოს უახლეს ისტორიასა და დღევანდელობში ეძებს და პოულობს, ამ ისტორიების უშუალო მონაწილეების მონათხრობის საფუძველზე და ასევე მონაწილე, თანამედროვე ადამიანებისთვის - მაყურებლისთვის გაზიარებით. ქართველი დრამატურგების პიესებზე დადგმული სპექტაკლებიც ამ ნიშნით შევარჩიე.

დათა თავაძისა და დათო გაბუნიას ერთობლივი პიესა-კვლევა -  „პრომეთე. დამოუკიდებლობის 25 წელი“,  საქართველოს დამოუკიდებლობის 25-წლიანი ისტორიის ფრაგმენტებზე, მოგონებებსა და ასოციაციებზე აწყობილი სპექტაკლი, დოკუმენტურ მასალისა და ლიტერატურული ტექსტების ერთიან ჯაჭვად  ლაგდება და არაორდინარულ სახეს იძენს.

პიესა სპექტაკლში მონაწილე მსახიობების რეალურ მოგონებებსა და მათი თაობის სხვა ახალგაზრდების (თაობის - რომელიც სწორედ 25 წლის წინ დაიბადა) მონათხრობზე, ჩანაწერებზე, ინტერვიუების შეგროვებულ ფრაგმენტებზეა აგებული და საზოგადოების სულიერი ბიოგრაფიის, განცდების, გადატანილის, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და დოკუმენტური ფაქტების ერთიანობას, ლიტერატურული ტექსტების ჩანართებით, დიდ პანოს წარმოადგენს.  ავტორების ხედვა და დამოკიდებულება საკუთარი თუ ქვეყნის ისტორიისადმი კაცობრიობის მეხსიერებისა და დავიწყებების სახემდე ზოგადდება და სიტყვით, ქმედებით, მოვლენათა ქაოტური თანმიმდევრობით დასახიჩრებული სამყაროს კალეიდოსკოპური სურათის შექმნაში მონაწილეობს. რეალობა მხატვრულ გამონაგონადაა ქცეული, წარმოსახვა სინამდვილის პირდაპირი ანარეკლია და მაყურებელთან უწყვეტი დიალოგის, ნერვული გამაღიზიანებლის საფუძვლად იქცევა.

თუ დათა თავაძე საქართველოს 25-წლიან ისტორიას გვიამბობს, გურამ მაცხონაშვილმა, ასევე ვერბატიმის ჟანრის  სპექტაკლი-აქციით „13 თიბათვისა...“, 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში მომხდარი წყალდიდობისა და 70-იანი წლების ანალოგიური ტრაგედიის ფრაგმენტები გაააქტიურა.  თუმცა, იგი არ იფარგლება მხოლოდ წმინდა ვერბატიმით და აბსტრაგირებული, ფონისა თუ მეორე პლანის შემოტანით, რომელიც ქალაქის ცხოვრების სხვა სურათებსა და მახასიათებლებს აცოცხლებს, ახალ სიღრმეებს სძენს კონკრეტულ ამბავსაც და პრობლემასაც.

რეჟისორმა დღე, რომელიც ადამიანებისა და ცხოველების დიდი მსხვერპლით დასრულდა, რომელმაც უამრავი ოჯახი უბინაოდ დატოვა, რომელმაც გამოავლინა ხელისუფლების უუნარობა, რომელმაც საზოგადოებში „წარღვნის სინდრომი“ და მართალია, ხანმოკლე, მაგრამ ერთიანობის, ერთსულოვნების იმედი დაბადა - კონკრეტული მოვლენა, ზუსტ დროსა და ადგილზე დატრიალებული ტრაგედია სამყაროს კატასტროფის, ბიბლიური წარღვნის ხარისხამდე განაზოგადა. 

სიკვდილი და სიცოცხლე აქ განსაკუთრებით მძაფრ ზღვარზეა, რადგან სპექტაკლის პერსონაჟები, რაც გადახდათ, სტიქიის შედეგად გარდაცვალების შედეგ ყვებიან. ამ ყველაფერს მაყურებელი ბოლოს იგებს. მანამდე, კი ყოველ მთხრობელთან (მსახიობებთან და თოჯინასთან) ერთად, ყოველი მათგანის ბედის მიმღები და გამზიარებელი ხდება. რადგან ეს თითოეული ჩვენგანის ამბავია, ვიყავით თუ არა კატასტროფის უშუალო მსხვერპლი, რადგან მისი მიმღები და მონაწილე ვიყავით.

ეკოლოგიური კატასტროფის არაპირდაპირი, მაგრამ მაინც შედეგები უდევს საფუძვლად მოვლენებს, რომლებიც ბასა ჯანიკაშვილის პიესაში „გაბრაზებული ჩიტი“ (პიესა 2014 წელს, დრამატურგთა საერთაშორისო კონკურსის „საუბრები საზღვრებს გარეშე“ გამარჯვებულია. იმავე წელს, ნიურბერგში, 2016 წელს - პარიზში დაიდგა) ვითარდება და რომელიც დავით საყვარელიძემ რუსთაველის თეატრში წარმოადგინა.

მთავარი თემა - რელიგიური შეუწყნარებლობა და დაპირისპირებაა; რელიგიურ უმცირესობათა დევნა, რაც რეალობაა, თუმცა ნამდვილი ნიადაგი არ აქვს; რელიგიურ საკითხებში საზოგადოების უმეცრება და ცრუ ფასეულობებით ნამდვილი რწმენის ჩანაცვლება; ძალადობა, მათ შორის, ოჯახური, რაც, სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების პრობლემაა. შეუწყნარებლობა და ძალადობა შეუწყნარებლობასა და  ძალადობას, შედეგად კი, მონაწილე საზოგადოებების განწირულობას იწვევს.

სპექტაკლში თვალსაჩინო ხდება ეკოემიგრანტების თემაც, რადგან პერსონაჟები, სოფლის მუსლიმი მაცხოვრებლები, სწორედ ეკოლოგიური კატასტროფის გამო არიან მშობლიური კუთხიდან, ასევე სამშობლოში, წლების წინ გადმოსახლებულები. ოდესღაც მშვიდობიანი ცხოვრება რატომღაც ირღვევა და ძველი მეგობრები მტრები ხდებიან.

ამ რეალობის ფონზე, რომელიც ყველასთვის ცნობილ მოვლენების გამოხმაურებაა, როდესაც სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა მუსლიმ თანასოფლელებს ლოცვის საშუალებას არ აძლევდა და ფიზიკურად უსწორდებოდა,  სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი - ახალგაზრდა თაობის ხაზი იწყებს აქტიურ განვითარებას. შვილების, რომლებიც ბრმად მიჰყვებიან მამების შეცდომებს და ძალადობას ძალადობის მცდელობით პასუხობენ. ამას მოჰყვება მათი უნიადაგობის, არასწორი ორიენტირების არსებობის, რეალობის ვირტუალური სივრცით ჩანაცვლების (რეალობიდან გაქცევის) საშიშროებისა და რაც ყველაზე სახიფათოა, გამანადგურებლებად, ტერორისტებად ჩამოყალიბების მოსალოდნელობის პრობლემებიც. რადგან გაბრაზებულ ჩიტებად იქცევიან, იმიტომ, რომ სხვაგვარად ცხოვრება მათთვის არავის უსწავლებია.

ასეთი მრავალშრიანობა, სათქმელის დატვირთულობა და კონტრაპუნქტული გადაწყვეტა მოცულობითად აჩვენებს თანამედროვე საზოგადოების, მართალია, ნაწილში, მაგრამ განსაკუთრებული საფრთხის შემცველ წინააღმდეგობრიობასა და მისი გავრცელების საზღვრების ზრდის  საშიშროებაზე გვამახვილებინებს ყურადღებას.

„გაბრაზებული ჩიტი“ სტილისტიკის, თხრობის მანერის, გადაწყვეტისა და ფორმის თავისთავადობის მხრივ, თითქოს კიდევ უფრო სცილდება ვერბატიმის ჟანრს. მით უმეტეს, რომ დრამატურგი და რეჟისორი თავიდანვე გვაფრთხილებენ, როდესაც ასეთ წანამძღვარს აკეთებენ - ჟანრი – „გაუგებარი” და მიგვანიშნებენ, რომ სპექტაკლში ყველაფერი ჩვეულებრივად და „ტრადიციულად“ არ მოხდება.

ასეცაა და ავტორები და მსახიობები - ნინო თარხან-მოურავი, ქეთი სვანიძე, თემიკო ჭიჭინაძე, დავით დარჩია და ბექა სონღულაშვილი - ვითარების „აბსურდულობას“  გროტესკული სიტუაციებისა და სახეების, ქმედების უჩვეულობით, აბსურდულად განვითარებული ამბით, მოვლენათა რიგითა და ასეთივე ფინალით გამოხატავენ. თითქოს შეუსაბამო ბედნიერი ფინალით თანამედროვე რომეო და ჯულიეტას შესახებ, რომლებიც, საბედნიეროდ, არც ტერორისტულ აქტს და არც თვითმკვლელობას არ ჩადიან.

ირონია, რომელიც პერსონაჟების სახეების, ხასიათების, ქმედების (დრამატული ეპიზოდების მსვლელობს დროსაც) შექმნისას გამოიყენება და იუმორი, რომლითაც მთავარ პრობლემებს ასახავენ, სრულებით არ აკნინებს ან ასუსტებს მათ სიმწვავესა და სიმძაფრეს. მეტიც, ხაზს უსვამს და აშკარად ავლენს, თუ რამდენად უაზრო და საფუძველმოკლებულია ის, რაც საქართველოში ხდება და რაზეც დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და საფრთხე - ტერორიზმია დამყარებული.  

სპექტაკლის მხატვრული ხარისხი, პრობლემების თანადროულობა, მრავალშრიანობა, მათი აწყობისა და გადაწყვეტის თავისებურებები, ერთი მხრივ, რეალური ისტორიების ერთიანობა და მეორე მხრივ -  სტილისტიკის შეუსაბამობა განზოგადების საფუძვლად იქცევა. ჟანრის „გაუგებარობასთან“ ერთად სადღაც აბსურდის თეატრისა და პოსტმოდერნისტული „სამეტყველო ენის“ ზღვარზე მერყეობს და ვერბატიმის სტრუქტურასთან ერთიანობით, თანამედროვე საზოგადოების ბედსა თუ უბედობაზე, პასიურობასა თუ აქტივობაზე, დანაშაულსა თუ დაშვებული შეცდომების მიზეზებზე  ფიქრისა და განსჯის, დაფიქრებისა და  თვითირონიზების შესაძლო პირობასაც ქმნის.