
ახალი თეატრალური სეზონი ბათუმის თეატრში
.jpg)
12.11.2026
გიორგი ყაჯრიშვილი
ახალი თეატრალური სეზონი ბათუმის თეატრში
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში ახალი სეზონი დაიწყო. გასული წლის განმავლობაში თეატრში მოწვეული რეჟისორების სპექტაკლები სჭარბობდა, გარდა გაგა გოშაძის, რომელიც შტატის თანამშრომელია (მან სამი სპექტაკლი განახორციელა: ალექს ჩიღვინაძის „უხერხემლო“ და ოთარ ქათამაძის „დაარქვი რაც გინდა“, ფ. გუდრიჩის და ა.ჰაკეტის პიესის მიხედვით „ანა ფრანკის დღიური), სპექტაკლები ასევე დადგეს გიორგი კაშიამ - დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ და ნიკოლაი გოგოლის „რევიზორი“, გიორგი ჩაკვეტაძემ - ეჟენ იონესკოს „გოდოს მოლოდინში“, ირაკლი კავსაძემ „ბოჰემურები“, გოჩა კაპანაძემ „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ და ფრიდრიხ შილერის „ვერაგობა და სიყვარული“, პავლეჩარგეიშვილმა - რევაზ ნაჭყეპიას „სახლი ღრუბლებში“, მარიამ სიხარულიძემ ფრანც კაფკას „მეტამორფოზები“.
თავისთავად რეპერტუარის ასეთ მრავალფეროვნებაში ცუდი არაფერია, რასაკვირველია რაოდენობა ხარისხს ვერ უტოლდება, თუმცა ჩემი აზრის მის „სიჭრელის“ უკან ერთი საფრთხე იმალება. თეატრი კარგავს განსაკუთრებულობას, ასე ვთქვათ მის თავისებურებასა და იმ სპეციფიკურობას რაც მას ისტორიულად მოჰყვებოდა და განასხვავებდა სხვა თეატრებისგან.
წინა სეზონის 148 სეზონის რამდენიმე სპექტაკლზე უკვე ვწერდით, ამჟამად მინდა გავჩერდეთ ორ პრემიერაზე ნიკოლაი გოგოლისა და ლევ ტოლსტოის ერთი და იმავე სახელწოდების „შეშლილის წერილების“ მოთხრობის მიხედვით და ლუჩიან ბელიანუსი „მოდარაჯე ძაღლების“ მიხედვით დადგმულ „რეისი LP 43-20”. პირველი მათგანის, რომელიც მცირე სცენაზე გაიმართა რეჟისორი ვარლამ ნიკოლაძეა, მიხეილ თუმანიშვილის ერთ-ერთი მოწაფე. იგი დიდხანს მოღვაწეობდა საქართველოსა და თურქეთში იყო აზერბაიჯანული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თარგმნილი აქვს პიესები უცხო ენიდან, მათ შორის თურქულიდან. ამ ორი ნაწარმოების გაერთიანებაც მას ეკუთვნის, თუმცა მაინც მგონია, რომ „პატარა ადამიანის“ სურათს, რასაც ნიკოლაი გოგოლი ქმნის და რომელმაც სამსახიობოს ხელოვნებაში რეალისტურ სკოლას (გავიხსენოთ თუნდა ჩარლი ჩაპლინი) საფუძველი ჩაუარა, ახალი აქცენტების დამატებას არც კი საჭიროებდა, თუმცა ეს რასაკვირველია შემოქმედებითი ჯგუფის გადასაწყვეტია.
ამ მოთხრობის ინსცენირება ახალი არაა, მიხეილ თუმანიშვილიდან დაწყებული სხვადასხვა რეჟისორები ხშირად მიმართავდნენ ამ ტექსტს: დავით დოიაშვილი, ლევან წულაძე, გიორგი მარგველაშვილი, ოსკარას კორშუნოვასი, სოსო ნემსაძე, კოკო როინიშვილი და სხვ. ბევრი მათ შორის მონოსპექტაკლის ფორმას არჩევდა, სხვაგან სხვა პერსონაჟების არიან შემოყვანილი სცენაზე. ბათუმის თეატრის მცირე სცენაზე „ა“- ს დიალოგები“ მონოსპექტაკლია: რეჟისორი ვარლამ ნიკოლაძე, კომპოზიტორი გოგი ჩლაიძე, სცენოგრაფი ლუკა ბესელია პლასტიკის რეჟისორი ზურაბ გუგუშვილი და „ა“ -ს როლში ზურაბ შილაკაძე. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ზურაბ შილაკაძემ საუკეთესოდ გაართვა თავი ამ ურთულეს, ემოციებით და განცდებით დატვირთულ როლს და მიუხედავად გრძელი მონოლოგებისა მისი „ა“ გამოირჩევა უზადო მეტყველებით, რიტმის შეგრძნებით, პლასტიკით, ვოკალითა და სამსახიობო ოსტატობით.
სოციალურმა უთანასწორობამ, დაუცველობამ, იმდროინდელი საზოგადოების მიერ უგულებელყოფამ, სამსახურში ადამიანების, საკუთარი უფროსისა და მისი ქალიშვილის მიერ მისმა იგნორირებამ ერთი პატარა ჩინოვნიკი „ა“ ჭკუიდან გადაიყვანა.
ერთ დღეს იგი გადაწყვეტს სამსახურში არ წავიდეს (სპექტაკლის მიხედვით). ოთახში უამრავი ნივთია, როდენის „მოაზროვნე“, თუჯის ღუმელი, კედელზე უშველებელი აბლაბუდა, კიბე, საწოლი, მაგიდა და მის უკან დაფა, სადაც პერიოდულად გაზეთიდან ამონარიდებსა და წერილებს (მათ შორის ძაღლების მიმოწერას) აკრავს, მოლბერტი რომელზედაც მოგვიანებით მუნკის შედევრს ვიხილავთ, მისი მოჩვენებების შედეგად შექმნილი „ყვირილს“, იატაკზე მიმობნეულ დაკუჭულ ქაღალდებს, ისევ გაზეთების გახუნებულ ფურცლებს. მავრაც (დამლაგებელი) არსად ჩანს, რომ ოთახი დაელაგებინა. გამოღვიძებისთანავე ავლენს შეშლილობას, ხელების რაღაც მოძრაობებით გველებსა თუ ურჩხულებს ასახიერებს - „ვიცი რომ არაფერი ვიცი“ - ერთადერთი ჭეშმარიტებაა რაც მის ბაგებს წამოცდება - ხოლო დანარჩენი ყოველი ფრაზა, ნებისმიერი მის მიერ წარმოთქმული მონოლოგი შეშლილის ბოდვებია, არასწორი, არალოგიკური, გიჟური დასკვნები, იმის შესახებ რაც მან ქუჩაში მოისმინა (უფროსი ქალიშვილისა და მეგობრის), უფროსის ძაღლისა და მისი ოთხფეხა მეგობრის მიმოწერა, ძიძის მოგონებები და საკუთარი სიზმრებაი გონება გადასული ინტერპრეტაცია: ცისფერ სისხლიანობაზე და იმპერატორის შთამომავლობაზე და დროდადრო შეძახილები „არ ვარ გიჟი“ - რაც თავისთავად სწორედ ამაზე მეტყველებს.
საგულისხმო დედის გახსენების ეპიზოდი, ადრე თუ მსახიობის შესრულებაში სჭარბობდა გროტესკი, სარკაზმი და კომიზმიც კი, ამ ეპიზოდში იგრძნობა პერსონაჟის ღრმა სევდა, დედის დაკარგვის ტრაგიკული განცდა, მარტოობის შეგრძნება-გააზრება და მძიმე ნაღველი, რომელსაც ის ატარებს. აქ იგი სრულიად ჯანმრთელია და შეშლილობის არაფერი შეიმჩნევა.
თუმცა თეთრებში გამოწყობილი სულ მალე „მოაზროვნეს“, ესაუბრება, მეტყველებს ფრანგულად, თურქულად, ესპანურად თავდავიწყებით კითხულობს გალაკტიონის „ლურჯა ცხენებს“ (თუმცა ვერ მივხვდი აქ მისი ჩართვის აუცილებლობას), ფრანგი იმპერატორის შემდგომ ესპანეთის მეფედ წარმოგვიდგება, მღერის და ამ ყველაფერს მსახიობი წარმოგვიდგეს ორგანულად, დიდი ემოციებითა და განცდით - ფერდინანდ მერვედ „ყოფნისასა“ დეპარტამენტის უფროსს ფეხზე არ წამოუდგება ეს მისი პროტესტია და საკუთარი „წარმომავლობის“ აღიარება. მოზღვავებული ემოციებით, გაუწონასწორებელი ქმედებებით, სოციალური უკუღმართობისა, შიმშილით, აკვიატებული აზრებით, ადამიანთა დაუნდობლობის გამო სიგიჟის ზღვარზე მისული „ებრძვის“ ყველას - პარლამენტარებს, მთავრობას, მთელ სახელმწიფო წყობას.
მეორე სპექტაკლის რეჟისორი ანდრო ენუქიძეა, რომელიც შესანიშნავად იცნობს თანამედროვე ევროპულ დრამატურგიასა და ბათუმის თეატრის დასსაც. მის მიერ ლუჩია ბელიანუსის „მოდარაჯე ძაღლების“ მიხედვით დადგმულ „რეისი LP 43-20” ჭიათურის თეატრში დადგმული სპექტაკლის შემდეგ მეორეა ამჯერად ბათუმის თეატრის სცენაზე.
რეჟისორმა ავტორთან ერთად პიესაში მთელი რიგი ცვლილებები განახორციელა, ასე მაგალითად მთავარი ინტრიგა სპექტაკლის ბოლოში გადაიტანა, რითაც პიესას დეტექტიური მიმართულება შესძინა: მაყურებელი მთელის სპექტაკლის განმავლობაში ცდილობს გაიგოს ვინ არია დიანა (ანანო იაშვილი) და რატომ ცდილობს ის გამშვები პუნქტის გვერდის ავლით მოხვდეს თვითმფრინავის ბორტზე. თუმცა როდესაც სპექტაკლის მიწურულს ბოლოსდაბოლოს აღიარებს რომ დაკარგული მეუღლის საძებრად მიდის, მისი ეს აღიარება მაინც კითხვებს აჩენს. რატომ ამაზე ცოტა მოგვიანებით.
სცენა აეროპორტის მოსაცდელ დარბაზს წარმოადგენს (სცენოგრაფები: გოგლა გოგიბერიძე, გიგი გოგიბერიძე) სარეკლამო ბანერებით, თვითმფრინავის მოდელით, მტრედი, გლობუსი, მოსაცდელი სკამები, ბარგის კონვეიერით, ძია გიორგის (შემდგომ ჟორა) საწერი მაგიდა და ერთი სავარძელი მარცხნივ. სცენაზე ჩემოდნებით ხელში აეროპორტის მგზავრები შემოდიან: მათი პლასტიკური შემოსვა - ცეკვა (ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე), რომელიც რამდენიმეჯერ განმეორდება და საერთოდ მათი ერთად გამოჩენა ერთგვარი ქორო - რეზონატორის ფუნქციას იძენს (ლაშა კონცელიძე, ხატია ფოფხაძე, მიხეილ ლომიძე, ტამანგო ჯგერია). სწორედ მათ რიგშია დიანაც - ერთ-ერთი მგზავრი ჩემოდნით. სცენაზე დარბაზის ორი მცველი რჩება: ძია ჟორა (ზაზა გოგუაძე) და პავლე (დავით ჯაყელი) სწორედ ესენი არიან „მოდარაჯე ძაღლები“ და სპექტაკლის გრძელი ექსპოზიციური ნაწილი მათ დიალოგის ეძღვნება.
ორი მსახიობი დიდი სამსახიობო ოსტატობით წარმოგვიდგენენ ადამიანებს საკუთარი განცდებით, საკუთარი ისტორიებით, ლირიულით თუ ტრაგიკულით, საკუთარი ინტელექტისა და განსწავლულობის წარმოდენით, ოჯახური ბედნიერებით, მომავალი ოჯახის შექმნის ოცნებებით ან დანგრეული ოჯახის ამბებით, ციხეში გატარებული წლებით და დანაშაულის აღიარებით. ორივე მათგანი კი არსებული „სისტემის“ ტყვეებად გვევლინებიან, სისტემის, რომელიც მათ საშუალებას არ აძლევს თუნდაც დიდი თხოვნის მიუხედავად დიანა თვითმფრინავში აუშვან. დასაწყისში პავლეთითქოს გატყდება კიდევაც, დიანათი მოხიბლული, თუმცა ძია ჟორას შეძახილი ისევ „სისტემის“ სამსახურში დააბრუნებს. მათი უფროსი ვანო - ტიტე კომახიძე ამ სისტემის წარმომადგენელია, თვითონ ადრეულ პერიოდში „ჩამშვები“ და ძია გიორგის დამბეზღებელი, მისი თანამდებობის დაკავების მიზნით. ასე რომ სახეზე აეროპორტის მოსამსახურეთა სრული პორტრეტი, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. და ეს ხასიათები სამივე მსახიობის მიერ ზუსტად არის გააზრებული და წარმოჩენილი.
ახლა კი კონფლიქტის შესახებ: დიანა (ანანი იაშვილი) ყველა ხერხებით ცდილობს ლისაბონისკენ მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე მოხვედრას, რაც თავიდანვე იწვევს ეჭვს და ეს ეჭვის მტკიცდება სპექტაკლის ფინალში. მოდარაჯე ძაღლები გატყდებიან, ცდილობენ აჯობონ „სისტემას“ გამოიჩინონ ჰუმანურობა და დიანას ბორტზე აუშვებენ - თვითმფრინავი აფრენისას ფეთქდება.
და ახალ დავუბრუნდეთ პიესის ფინალის შეცვლას. აქვე დავძენ რომ სპექტაკლს ესწრებოდა ავტორი დრამატურგი ლუჩია ბელიანუსი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ცვლილება ორივე მათგანმა რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ და ბელიანუსმა ერთად განახორციელეს.
თვითმფრინავის აფეთქების და ასეთი ფინალის ორი ვერსია წარმომიდგენია: პირველი, „სისტემამ“ რომელმაც შენიშნა აქამდე არსებული, მისი კანონების დარღვევა - ანუ გასაფრენად არ დაშვებული მგზავრის (დიანა) ბორტზე მოხვედრა იმოქმედა მყისიერად და თვითფრინავი აფეთქდა.
მეორე ვერსი კი, რისკენაც უფრო ვიხრები დიანა ტერორისტია, მისი ლტოლვა თვითმფრინავში ყველა ხერხებით მოხვედრაზე ამას მიანიშნებს. გავიხსენოთ სცენა ჩემოდნით, როცა პავლემის ჩემოდანს კულისებში მოისვრის აფეთქების მოლოდინში. ასეთი ფინალი კარგად უპასუხებს ძია ჟორას და პავლეს და ვანოს საქციელს: მათ კეთილი საქმე ჩაიდინეს, მაგრამ ცხოვრების ბოლომდე ასე ვთქვათ ეგზისტენციალურ ჯოჯოხეთი დარჩენიან. მათმა საქციელმა ათობით მგზავრი გამოასალმა სიცოცხლეს. აქ შეძლება საქმე გვქონდეს ორ დაპირისპირებულ სენტენციასთან: ჰუმანიზმთან და ფანატიზმთან - პირველის ნაკლებობას მთელი მსოფლიო განიცდის, მეორის - ფანატიზმის და ტერორიზმის სიჭარბეს ყოველდღიურად ვეჯახებით.
ამ ვერსიებზე პასუხს რეჟისორი მაყურებელს უტოვებს.
ისე კი, დავუბრუნდები სპექტაკლის ანოტაციას: „რეჟისორი ანდრო ენუქიძე, მარადიულმა კითხვამ ჩააფიქრა, რადგან, ეკლესიასტეს ამაოება ამაოებისა არ იყოს, წარმავალობაზე მარადიულ მართლაც არაფერია“.