top of page

ახლა მე მომისმინეთ!..

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

​

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

​

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

4f5ab860-4eba-4ce8-87ea-6ba969f784f5.jpeg

Cormorant Garamond is a classic font with a modern twist. It's easy to read on screens of every shape and size, and perfect for long blocks of text.

ლელა ოჩიაური

ახლა მე მომისმინეთ!..

​

სამეფო უბნის თეატრის 2026-2027 წლის სეზონი დათა თავაძის სპექტაკლის „ღამე, ზუსტად ტყეების წინ“ პრემიერით გაიხსნა.

​

ბერნარ-მარი კოლტესის (1948-1989)  ეს პიესა რამდენიმე წლით ადრე (2021), იქვე, სამეფო უბნის თეატრში, ჯგუფ „ქამელეონის“ ორგანიზებულ დრამატურგიის ფესტივალზე „წაუკითხეს“ საზოგადოებას, კოლტესის სხვა პიესებთან ერთად. წაკითხულთაგან ერთ-ერთი კი, მისივე, ბოლო ნაწარმოები „რობერტო ზუკო“ (1988) , საქართველოში, პირველად  2024 წელს, გეგა გაგნიძემ დადგა,  მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, ირაკლი კვირიკაძით მთავარ როლში.

​

„ღამე, ზუსტად ტყეების წინ“, დათა თავაძის ერთაქტიანი, ზუსტად ერთსაათიანი, რეალურ დროში (პრინციპით, „აქ და ახლა“), ორაზროვან და პირობით შინაარსიან-სახელწოდებიანი მონოსპექტაკლი  (რომელიც სიტყვა-სიტყვით მიჰყვება კოლტესის ტექსტს, კუპიურებისა და „საკუთარი“ პასაჟების ჩართვის გარეშე (თარგმანი - ვალერი ოთხოზორია, დათა თავაძე, დავით გაბუნია), სამეფო უბნის თეატრის ქვედა ფოეში, ბუნებრივ გარემოში თამაშდება. უშუალოდ, დარბაზის შესასვლელთან, რომელიც დეკორაციის კედლითა და პატარა ფიცარნაგითა გადატიხრული და მაყურებლის სკამების ჰორიზონტალურად და ნაწილობრივ გასასვლელებში იშლება, სანდრო სამხარაძის მონაწილეობით.

​

მაყურებელი (რომლის  რაოდენობა, ასეთ სივრცეში მოქცევით, შეზღუდულია) მსახიობთან ახლოს, ფაქტობრივად, გვერდით, „ცხვირწინ“ ზის („ფიზიკური შეხების მანძილზე“) და ამდენად, ყველაფერს „ახლო ხედში“ უყურებს და ისმენს. მით უმეტეს, რომ უწყვეტ და სწრაფ ტემპში წარმოთქმულ, არსობრივად და შინაარსით მძიმედ დატვირთულ, უსასრულო და ერთ ამოსუნთქვაზე (შეიძლება, უკანასკნელზეც კი, პერსონაჟისთვის) წარმოთქმულ მონოლოგში (პიესა უწყვეტი წინადადებაა), ყოველი სიტყვა და მათი წარმოთქმის ემოციის აღქმა და მანერის „ჩავლებაც“, ნიუანსებით, მნიშვნელოვანია. არაფერი უნდა გამოგეპაროს და არ გაგექცეს მხედველობის არედან. ამავე დროს, მაყურებელიც მოვლენების უშუალო მონაწილე, შეიძლება ითქვას, მოქმედი გმირივით, ისეთივე მოთამაშე და დამკვირვებელია.

​

სცენოგრაფ ქეთი ნადიბაიძის გადაწყვეტით, სცენაზე მხოლოდ სარეცხი მანქანა (რომელიც ჩართულია და დანიშნულებისამებრაც მუშაობს და რომლის ერთი ციკლის ჩამთავრების შემდეგაც იწყება ძირითადი მოქმედება სპექტაკლში), მასზე შემოდებული თიხის ქოთანი - უძველესი და იდუმალი მცენარით - გვიმრით (რომელიც მანქანის მუშაობის რიტმში მის ზედაპირზე სახიფათოდ მოძრაობს და მოგვიანებით, კიდეც იმსხვრევა). ამ პროცესს მაყურებელი დაძაბული ინტერესით აკვირდება, უთვალთვალებს და „რაღაცას“ ელოდება.  

უკან, ავანსცენის მიღმა კი ფარდაა (რომელსაც სანდრო სამხარაძე დროდადრო გაწევ-გამოწევს ხოლმე), მის უკან კი - თეთრი ეკრანი, რომელზეც დროდადრო, რომელიღაც კატასტროფის ამსახველი ეპიზოდის ფოტოპროექცია (ივა ქიმერიძის გრაფიკა) ჩნდება, რომელსაც „ცოცხალი პლანი“ ორგანულად და  ფაქტურების ბუნებრივი გადასვლებით  ერევა. ამ მოცემულობას თავისთავად ხასიათსა და განწყობას უქმნის, აძლიერებს და ასუსტებს, გამოკვეთს და აუფერულებს  თენგიზ წიქარიშვილის განათება, რომელიც სპექტაკლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად იქცევა ატმოსფეროსა და განწყობის შექმნის, „რეალური“ თუ წარმოსახვითი სივრცის აგების პროცესში.

​

სანდრო სამხარაძის პერსონაჟს, რომელიც დარბაზში პირველად, სპექტაკლის დასაწყისის მომლოდინე მაყურებლის ზურგის მხრიდან ჩნდება, სახელი არ აქვს. ის შეიძლება ნებისმიერი იყოს. ასაკის, სქესის, ეროვნების, ამა თუ იმ დროში არსებობის მიუხედავად, თუმცა, ძალიან თანამედროვე, რომლის ამბავი, „თავგადასავალი“, მონათხრობი, შეფასებები - ჩვენი რეალობისა და ზოგადსაკაცობრიო პრობლემების ერთდროული გამოძახილია. მათით ინსპირირებული და მათზე რეაქცია, როგორიც არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს, მოქმედ გმირს, არამედ ბევრს შეიძლება გამოუმუშავდეს.

​

სოლო მდგომარეობა კიდევ უფრო ამძაფრებს მისივე განწირულობისა და სიმარტოვის განცდას, მით უფრო, რომ  მონოლოგი სწორედ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სულიერი მხარეების გახსნას ემსახურება. მით უმეტეს, რომ საავტორო მისტიფიკაციით, მონოლოგი-აღსარება შემთხვევით ქუჩაში, წვიმიან ღამით შემხვედრი უცნობი ადამიანის წინაშე, მის გასაგონად და მასში მეკავშირის, თანანდგომის აღმოსაჩენადაა წარმოთქმული და მას ეძღვნება. და კიდევ ეძღვნება - სიყვარულს, სიცოცხლესა და სიკვდილს.

​

„შეუკავებელი“ მონოლოგი, „რომელიც აუცილებლად უნდა წარმოითქვას“, სხვადასხვანაირად იშიფრება და ერთი მნიშვნელობა და აზრი არ აქვს. ბევრი რამ თვითონ მაყურებლის პირადი წარმოდგენებიდან, მასში გაჩენილი ასოციაციებიდან, შეხედულებებიდან, გამოცდილებიდან, ხსოვნიდან, თუნდაც, ბიოგრაფიიდან (ხანგრძლივი თუ ხანმოკლე) გამომდინარეა.

ერთი ფრაზა მეორე ფრაზის დაბადების, მიმართვის, განსაზღვრულად გამოკვეთილი  მიმართულების საფუძველია. თითქოს გამომდინარეა და დამოკიდებულია ფსიქოლოგიური აღქმის თავისებურებებზე, ფაქტების სიმწვავეზე, რადგან ასეა აგებული, ასეა ჩაფიქრებული. პოეტურიცაა, მკვეთრიც, უხეშიც, სლენგურიც, მხატვრულიც, ლიტერატურულიც, და ძალიან ინტენსიური და ცოცხალი.

​

მსახიობ-პერსონაჟს ისე მიჰყავს საუბარი, თითქოს, იმაზე და ისე მეტყველებს, რაც „თავში მოსდის და ენაზე ადგება“, ბევრს არ ფიქრობს, თუ რა თქვას და ამბობს იმას, რაც იმ წამს ახსენდება, სხვადასხვა დროში მომხდარსა თუ შემთხვევასთან დაკავშირებით.

სანდრო სამხარაძე სულ  ემოციების პიკზეა. ნერვიული დაძაბულობის, უზომო სასოწარკვეთისა და უიმედობის ზღვარზე და ნაზავით. არ ასუსტებს და ხელიდან არ უშვებს არც ერთ ფრაზასა და შეფასებას, რეაგირებისა და განწყობის ნიუანსებს. ემოციისა და გრძნობების ინტენსივობა წამითაც არ ნელდება. არ წყდება ის უსასრულო ჯაჭვი, რომელიც მოგონებებზე, შეგრძნებებზე, რეაქციებზეა აწყობილი და ქვეცნობიერისა და ცნობიერის ნაკადებს აერთიანებს და ეყრდნობა. 

​

ის ესაუბრება მაყურებელს, ისე, როგორც ნაცნობებს, ახლობლებს ესაუბრებიან. გახსნილად, თავისუფლად, ყოველგვარი ნართაულობის გარეშე და გულახდილად. ისე, თითქოს არც ფიქრობს და რასაც ამბობს, ცნობიერება კარნახობს  და დროც და სივრცეც ქრება. ადგილიც და სინამდვილეც ახალ ფერებს იძენენ.

​

შემდეგ, დარბაზიდან ერთ, კონკრეტულ „პერსონაჟს“ ირჩევს და მასთან აბამს „დიალოგს“. უშუალოდ მას მიმართავს, უზიარებს საკუთარ შეხედულებებს, მოსაზრებებს, პოზიციას, კონკრეტულ საკითხებს. მას უამბობს პირადი ისტორიის ფრაგმენტებს. ხაფანგსაც უგებს და თანამოაზრედ ქცევასაც ცდილობს.

​

მოგონებების სურათები თითქოს მასშივე ცოცხლდებიან და მის ემოციებსაც აცოცხლებენ. მონათხრობი, თითქოს უმართავად, უკონტროლოდ წამოსრულილი ფრაზები, ტექსტი რაღაცის ხსოვნა გაშიშვლებული ემოცია და ემოციის თავიდან განცდაა. იმ შეგრძნებების გახსენება, ხელახლა განცდა, რომლებიც და როგორც  მაშინ იყო, როდესაც რაღაც ხდებოდა, კონკრეტული თუ აბსტრაქტული - ანუ გრძნობიერი. შემდეგ მაყურებელიც, გზადაგზა იგივე პროცესს გადის. და რეალობისა და სივრცის შეგრძნებას კარგავს. 

​

ეს სამყარო ხმებით,  ახლოდან, მძაფრი, მკვეთრი, თუ შორეული, ყრუ ხმაურებით ივსება (ხმის რეჟისორი - ლიზა ძაგანია) ინტენსიურად და ივსება ნიკა ფასურის მუსიკის ცვალებადობით, რომელიც არა ფონი, არამედ სიტყვისა და ქმედების ორგანული ნაწილია, გამოძახილი, გამამძაფრებელი იქ, სადაც სიტყვა გრძნობას ვერც გამოხატავს და საკმარისი არაა. რადგან სიტყვა, ხშირად, უძლური და უღონოა. მუსიკა იმიტომაცაა საჭირო და მნიშვნელოვანი, რომ ის ტექსტშიც უნდა ჟღერდეს, რადგან მის არსებობას გულისხმობს და ადასტურებს. ის არსებობს, სადღაც შორს, „ზურგსუკან“, რომლის ხმაც კარგად და ბოლომდე შეიძლება ვერც აღწევდეს, შეშლილი ყვითელკაბიანი მოხუცი ქალის, არაბებისა და ლუდის ბოთლების გარემოცვაში, წვიმის დროს.

​

მსახიობი - პერსონაჟი მუდივ მოძრაობაშია, ხან ანელებს ტემპს, ხან უმატებს. ხან თითქოს ირინდება. გადაადგილდება ფიცარნაგზე, მის გასწვრივ და საერთო სივრცეში. ექსპრესიას, მაყურებელთან სიახლოვესთან ერთად სწორედ ეს - ტექსტის შინაარსის, სხვადასხვა ემოციითა და სტილში წარმოთქმის ცვალებადი ფორმა და მანერა ამძაფრებს.

სპექტაკლის მთელი მოქმედების განმავლობაში უხილავად წვიმს. პერსონაჟი მუდამ ახსენებს წვიმას, სისველესა და სიცივეს. ეს მდგომარეობა, მის წარმოსახვაში - ფიზიკურიცაა და შინაგანიც. სიცარიელეც ასეთივეა - სამყაროში არსებული და შიგნით გამჯდარი. ადამიანის მარტოობა, სიმარტოვე, მიუსაფრობა, ვერგაგება, მიუღებლობა, უბინაობა, უსიყვარულობა, დაკარგულობა რომ იწვევს.

​

სანდრო სამხარაძე, პირდაპირი მნიშვნელობით, ფიზიკურადაც, ჭამს „ცივ“ მიწას, პირი ტალახით ევსება. ესვრება და უსველდება სამოსი (უბრალო ლურჯი მაისური და შარვალი), რომლის გამოცვლაშიც, და თეთრით შეცვლაში, სამეფო უბნის თეატრის ტექნიკური რეჟისორი მაია სახლთხუციშვლი ეხმარება, პირდაპირ, იქვე, მაყურებლის თვალწინ, სარეცხი მანქანიდან ამოღებული სამოსით. და ეს „ინტიმური“  პროცესი „ტყავის“ გამოცვლის რიტუალსაც გავს, წამიერად აძლევს მსახიობ-პერსონაჟს სულის მოთქმისა საშუალებას და ახალი გარდასახვის საფუძველს უქმნის.

​

დათა თავაძე და სანდრო სამხარაძე ქმნიან მღელვარებისა და არამყუდრო გარემოსა და ატმოსფეროს, ფაქტობრივად, სიცარიელეში. მოქმედება უწყვეტად, მოქმედების მიხედვით, რეალურ დროში გრძელდება. არაფერი იცვლება - არც ადგილი, არც ეპიზოდი, არც პირობითი დრო. 

​

სანდრო სამხარაძის ფაქტურა, პლასტიკა, ფიგურა, პროპორციები, ანტიკური ქანდაკების მსგავსია და რაღაც კუთხით, მისი „არამიწიერი წარმომავლობის“ ეფექტს ბადებს, განზომილებაში - იდუმალი ტყეების წინ, ღამით თუ ნისლიან ამინდში, თავისი მისტიკურობით, სიმყიფით, სამყაროში, სადაც არაა და ვერც იქნება სიმშვიდე.

​

 „ახლა მე მომისმინეთ!..“, - ამბობს სანდრო სამხარაძე და ჩვენც ვუყურებთ და ვუსმენთ - ყურადღებით, დაფიქრებით, ნერვიულად, მშფოთვარედ, დაძაბულად, რაღაცნაირი შიშით, სიფრთხილითა და... პატარა იმედით.

​

P. S. XX საუკუნის 90-იანი წლებში - თემურ ჩხეიძის, მერაბ თავაძის, იზა გიგოშვილის, ნატო მურვანიძის, გოგა თავაძის, ნიკო თავაძის - დაფუძნებული და უკვე წლებია, ერთ-ერთი გამორჩეული შემოქმედებითი და სამოქალაქო სივრცე - „სამეფო უბნის თეატრი“ - საკმაოდ ხანგრძლივი, დატვირთული  და „ინდივიდუალური“ ისტორიით, თავისთავადი სახითა და ბიოგრაფიით - შემოქმედებით ცხოვრებას აგრძელებს და არსებობის ახალ ეტაპზე გადადის.

დათა თავაძეც აგრძელებს პირად და თეატრის მრავალწლიან „ტრადიციას“.  ყოველთვის დგამს - ამა თუ იმ დრამატურგის (ქართველი და უცხოელი), ამა თუ იმ პიესას - პირველად  (და არა „მრავალჯერად“, რაც არც თუ იშვიათია ქართველი რეჟისორების საქმიანობაში); უფრო ხშირად კი - ამა თუ იმ „უცნობი“ დრამატურგის „უცნობ“ ტექსტებს - საერთოდ პირველად და შემდგომ, ზოგადად ქართულ თეატრალურ სამყაროში უკვალავს გზას.

​

ასე მოხდა, დავით გაბუნიას დრამატურგიის, თუ მასთან ერთად დაწერილი პიესების - „სხვისი შვილები“, „ტროელი ქალები“, „პრომეთე/ დამოუკიდებლობის 25 წელი“, „ვეფხვი და ლომი“, თუ საკუთარი - „შიმშილისა“ და Liberté-ს შემთხვევაშიც.

​

ასეთი „პირველობა“ იყო -  ფერდინანდ ბრუკნერის „ტკივილი არის ახალგაზრდობა“, მარიუს ფონ მაიენბურგის „მახინჯი“, ასეთი იყო, თვით, უილიამ შექსპირის „ზამთრის ზღაპარიც“ - მოზარდმაყურებელთა თეატრში.

​

დათა თავაძე ბევრს მუშაობს ევროპის სხვადასხვა თეატრშიც და განსაკუთრებით გამოვყოფ უკრაინაში -  „კავკასიური ცარცის წრის“ დადგმას და ტურნეს, ევროპის ისეთი ქვეყნების ჩართულობით, რომლებსაც საქართველოს მსგავსი  ისტორია თუ დღევანდელობა აქვთ. 

ეს თავისთავად მნიშვნელოვანი და აღსანიშნია, მაგრამ მთავარი ისიცაა, რომ მუდამ ახალი გზების გაკვალვის უწყვეტ პროცესშია - ახალი სამეტყველო ენის, მხატვრული სტილის ძიებისა და თანამედროვე თეატრალური ფორმების, აზროვნების თავისთავადი გამომხატველობის, „წესებისა და კანონების“ დამკვიდრების წარმატებულ პროცესში.

 

ფოტო: გიორგი ყოლბაია, ელენე გომელაური

bottom of page