top of page

ახლა კი ფარდა! - 
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი პანდემიაში

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

224055965_4282751548507452_2915198431210007354_n.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

 

„ახლა კი ფარდა!“

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი პანდემიაში

 

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალმა სტარტი, შარშანდლის მსგავსად, სენაკში აიღო და ფოთში დასრულდა. 22 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით ფესტივალის ფარგლებში 13 წარმოდგენა სხვადასხვა ლოკაციაზე გათამაშდა. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს იმ თეატრებმა, რომელთაც გასულ და მიმდინარე სეზონზე შექმნეს სპექტაკლები (პროგრამის შერჩევისას აქცენტი სწორედ ახალ წარმოდგენებზე გაკეთდა).

პანდემიის მიუხედავად, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი შარშანაც და წელსაც ჩატარდა, თანაც ორიგინალურად, შეზღუდვების გათვალისწინებით, მაგრამ პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს, ფესტივალის ხელმძღვანელობა შემოქმედებითად მიუდგა და სათავისოდ გამოიყენა, როგორც ახალი სივრცეების ათვისების თვალსაზრისით (რომლის გამოცდილებაც ფესტივალს პანდემიამდეც ჰქონდა), ისე პროგრამის შერჩევის თვალსაზრისითაც.

წლების განმავლობაში ფესტივალის გუნდმა (ნინელი ჭანკვეტაძე, თენგიზ ხუხია, ბექა ჯუმუტია, შიო აბრახამია, ნანა თუთბერიძე, ნათია გოგოჭური, თეიმურაზ ქავთარაძე) შეძლო ფესტივალი გამხდარიყო მნიშვნელოვანი ფორუმი რეგიონის თეატრებისთვის, სადაც არა მხოლოდ ახალი ნამუშევრების გაცნობის საშუალება ეძლევა კოლეგებსა და მაყურებელს, არამედ იგეგმება ერთობლივი პროექტები, კოპროდუქციები, ფესტივალი ემსგავსება ერთგვარ შემოქმედებით ბაზარს, სადაც შესაძლებელია გამორჩეული მხატვრული პროდუქტის დათვალიერება და კეთდება აღმოჩენები ახალგაზრდა რეჟისორებისა და მსახიობების. ფესტივალი წელსაც, ამ მხრივ გამორჩეული აღმოჩნდა, ვინაიდან სათეატრო საზოგადოებამ გაიცნო რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე, რომლის ორი სპექტაკლი აღმოჩნდა მთავარ პროგრამაში. ფესტივალის დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინელი ჭანკვეტაძემ მას საპატიო სიგელი გადასცა, როგორც პერსპექტიულ ახალგაზრდა რეჟისორს.

წლების განმავლობაში ფესტივალმა შექმნა მოლოდინი სათეატრო წრეებში (ცხადია, სენაკელ და ფოთელ მაყურებელშიც) და ატმოსფერო, სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდებიან კრიტიკოსები, რეჟისორები, მსახიობები... რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ერთადერთია, რომლის გარშემოც ყველაზე მეტი კრიტიკოსია შემოკრებილი სხვადასხვა თაობებისა და მათი განსხვავებული მსოფლმხედველობის მიუხედავად, რომლებიც ყოველწლიურად „მრგვალი მაგიდის“ გარშემო აანალიზებენ ფესტივალის მნიშვნელობას და აფასებენ პროგრამას. წელსაც ფესტივალის ბოლო დღე კრიტიკოსთა და სამხატვრო ხელმძღვანელთა შეხვედრას დაეთმო. აღნიშნულ შეხვედრებს მუდმივად ესწრებიან თეატრის ხელმძღვანელები, რომლებიც პასუხს მიუგებენ ხოლმე კრიტიკოსთა მიერ დასმულ კითხვებს.

2021 წლის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი სენაკის ახლადრეაბილიტირებულ თეატრში გაიხსნა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ აწარმოებდა. სიმბოლური იყო, რომ სენაკის თეატრის გახსნა რეგიონული თეატრების მე-7 საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაამთხვიეს ორგანიზატორებმა. ფესტივალის ფარგლებში არაერთი კოპროდუქცია შექმნილა, რომლითაც იხსნება ან იხურება ხოლმე ფესტივალი. ამჯერადაც, საზეიმო გახსნა გოგა თავაძის სპექტაკლით „სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე“ (ერიკ-ემანუელ შმიტის მიხედვით) შედგა. წარმოდგენამ გააერთიანა რამდენიმე თეატრის მსახიობი. განახლებული სპექტაკლის საფესტივალო რედაქციაში მთავარ როლებს წარმოშობით სენაკელი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობები ნანა ფაჩუაშვილი და მურმან ჯინორია მონაწილეობდნენ. მათ ღირსეულ პარტნიორობას უწევდნენ სენაკის თეატრის მსახიობი თამარ აბშილავა, ფოთის დრამატული თეატრის მსახიობი ჯანო იზორია, სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი მარიამ კალატოზიშვილი. მაყურებელმა ნახა დახვეწილი, გამართული, ანსამბლური წარმოდგენა, სადაც სცენურ პარტნიორებს ერთმანეთის ესმის. განსაკუთრებული ოვაციით შეხვდა მაყურებელი ნანა ფაჩუაშვილისა და მურმან ჯინორიას სცენაზე გამოჩენას. თუ მათ სცენაზე გამოჩენას მაყურებელი ოვაციით მათ გასამხნევებლად შეხვდა, სპექტაკლის შემდეგ გამართული ოვაცია და მხურვალე ტაში იმის დასტური იყო, რომ სცენაზე ნამდვილი ოსტატები იდგნენ, რომლებიც კვლავაც მოწოდების სიმაღლეზე დგანან. განსხვავებულ ამპლუაში ვნახეთ თამარ აბშილავა, რაც სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა დარბაზში მსხდომი მოწვეული სტუმრებისა და ადგილობრივი მაყურებლისთვის.

ნოქალაქევის ციხე-ქალაქში მესხეთის თეატრმა ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ წარმოადგინა, რომელიც რეჟისორმა ვანო ხუციშვილმა დადგა. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენა, რომელიც მისტიკურ რიტუალს ჰგავს ორგანულად მოერგო ნოქალაქევის ნანგრევებს. ვანო ხუციშვილმა ამ დადგმაში ერთგვარ ექსპერიმენტს მიმართა, სადაც რიტმს დაუქვემდებარა მოძრაობა და ტექსტი, ფიზიკური თეატრის ელემენტებით გააცოცხლა ვაჟა-ფშაველას ტექსტი და მაყურებელი ნამდვილ თანამედროვე რიტუალის მონაწილე გახადა. მსახიობთა შორის გამოირჩეოდა ლია სულუაშვილი (ბედისწერა), რომელიც დადუმებულიც კი მოვლენათა ეპიცენტრში იდგა. მისი კოსტიუმი და სახე, რომელიც ხშირად იცვლებოდა, მაყურებელზე გარკვეულ ემოციურ გავლენას ახდენდა. ის ერთდროულად იწვევდა შიშს, მოკრძალებას, ინტერესს... ლია სულუაშვილი თამაშის მანერითაც განსხვავდებოდა სპექტაკლში მონაწილე სხვა მსახიობებისგან. მათი გამომსახველობითი საშუალებები და თამაშის ხერხები კონტრასტული იყო. ერთ მხარეს ბედისწერა (ლია სულუაშვილი) დგას და მეორე მხარეს ყველა დანარჩენი პოემის პერსონაჟი. გარემო, რომელშიც ვანო ხუციშვილის „სტუმარ-მასპინძელი“ გათამაშდა იყო ინტიმური, ატმოსფერო მისტიკური.

ფესტივალის მეორე დღე სენაკის თეატრის სპექტაკლს დარიო ფოს „ქურდის ქურდი“ დაეთმო, რომელიც კახა გოგიძემ დადგა. ამავე დღეს სენაკის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იყო მესხიშვილის თეატრის სპექტაკლი ჟერარდ სიბლეირასის „ქარი ქრის ვერხვებში“. სპექტაკლი, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორმა ნინო მაღლაკელიძემ დადგა, საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის „სეზონის საუკეთესო ქმნილება“ ჟიურიმ საუკეთესო სპექტაკლად დაასახელა. „ქარი ქრის ვერხვებში“ ნინო მაღლაკელიძის პირველი სპექტაკლია საქართველოში (მან უმაღლესი პროფესიული განათლება სანკტ-პეტერბურგში მიიღო), რომელმაც პროფესიულ წრეებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სპექტაკლში სამი მსახიობი - დავით როინიშვილი, ზურაბ სვანაძე და სულხან გოგოლაშვილი მონაწილეობს. ამ მსახიობთა პროფესინალიზმში სათეატრო საზოგადოებას არასდროს შეჰპარვია ეჭვი, მაგრამ ამ წარმოდგენამ კიდევ უფრო გაამყარა აზრი მათ შემოქმედებით რესურსზე და მასშტაბზე.

ფესტივალის მესამე დღეს გორის თეატრმა ფლორიან ზელერის „ვაჟიშვილი“ წარმოადგინა, რომელზედაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ჩხარტიშვილი პანდემიის პერიოდში მუშაობდა. ორიგინალურ სცენურ სივრცეში (მხატვარი თამარ ჭავჭანიძე), ორიგინალური ფორმით, უკიდურესი პირობითა და სცენური გულწრფელობით ოთხი მსახიობის: ანა მატუაშვილის, ქეთი ლუარსაბიშვილის, გიორგი გოგუაძისა და დაჩი ბაბუნაშვილის მიერ თამაშდება ოჯახური ტრაგედია (ეპიზოდურ როლში კობა კოპაძე). სასიხარულოა, რომ გორის თეატრი კვლავინდებურად ინარჩუნებს განსაზღვრულ სარეპერტუარო პოლიტიკას და სპექტაკლებში მხატვრულ ხარისხს.

თელავის დრამატული თეატრი რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე წელს ახალი სპექტაკლით „როცა ძალიან მოგენატრები“ წარსდგა. პიესა მსახიობების ვანო იანტბელიძისა და პაატა გულიაშვილისთვის ირაკლი სამსონაძემ შექმნა და ავთო ვარსიმაშვილმა დადგა. წარმოდგენა, რომელიც მამისა და შვილის ურთიერთობებზეა აგებული, სევდანარევი იუმორითა და დრამატული კოლიზიებითაა დატვირთული, რომელიც სოციალური და ყოფითი პრობლემებით კიდევ უფრო ამძაფრებს და დრამატულს ხდის ამბავს. ორი მსახიობი ვანო იანტბელიძე და პაატა გულიაშვილი ყოველგვარ პათეტიკის გარეშე, სცენური გულწრფელობით გვიჩვენებენ მამა-შვილის მძიმე, შემდეგ კი „დალაგებულ“ ურთიერთობას, რომელიც ორი არტისტის კარგი სცენური პარტნიორობის ხარჯზე მაყურებელში ხან ცრემლს, ხანაც ღიმილს იწვევს.

ფოთის თეატრმა ფესტივალის ფარგლებში საპრემიერო წარმოდგენა „ზაფხულის ბზიკები ნოემბერშიც გვკბენენ“ (ივან ვირიპაევის პიესის მიხედვით) გვიჩვენა. სპექტაკლი, რომელიც ნინო მაღლაკელიძემ დადგა, აგებულია პერსონაჟთა ურთიერთობებსა და მსახიობთა პარტნიორობაზე, რომლებიც საინტერესო ანსამბლს ქმნიან. წარმოდგენაში ფოთის თეატრის წამყვანი მსახიობები: გია სურმავა, გენა შონია და ნინო გოშაძე მონაწილეობენ. სასიამოვნო სიურპრიზი იყო ნინო გოშაძის განსხვავებულ ამპლუაში ხილვა, ისე როგორც გენა შონიას მიერ შექმნილი მორიგი წარმატებული მხატვრული სახის ხილვა. გია სურმავაც მოწოდების სიმაღლეზე იდგა, თუ არ ჩავთვლით მის საუბარში უხეშად შემოჭრილ და გადომინანტებულ ადგილობრივ ინტონაციებს, რომელიც არღვევს სპექტაკლის ზოგად ატმოსფეროს. მსახიობს მეტი ყურადღების გამახვილება სჭირდება პროვინციული ინტონაციის მაქსიმალურად შესამცირებლად მის მეტყველებაში.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალში სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მოძრაობის თეატრიც იღებდა, რომელმაც კახა ბაკურაძისა და სანდრო ნიკოლაძის ერთობლივი კოლაბორაცია „რეჩიტატივი ქალაქში“ შემოგვთავაზა. ნახევად იმპროვიზირებული შოუ-კონცერტ-პერფორმანსი დატვირთული იყო აქტუალური (სამწუხაროდ, ყველა დროში) სოციალურ-პოლიტიკური აქცენტებით, რომელიც ბრეხტისეულ ზონგებს მოგვაგონებდა თავისი შეგონებებით. ეს წარმოდგენა ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და ცოცხალი იყო საფესტივალო პროგრამაში.

2021 წლის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალში ერთი უცხოური დასი მონაწილეობდა - ქალაქ ალიტუსის საქალაქო თეატრი (ლიეტუვა), რომელმაც ალვიდას სლეპიკას „მარი“ წარმოადგინა. წარმოდგენა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი ბავშვების, ე.წ „მგლის ლეკვების“ შესახებ მოგვითხრობდა, რომლებიც ომის შემდეგ ძალადობრივად დააშორეს ოჯახებს, რომლებიც გერმანიიდან ლიეტუვაში აღმოჩნდნენ. წარმოდგენა ვერბატიმის პრინციპებით იყო დადგმული და მას რამდენიმე ფინალი ჰქონდა. ეს არ იყო კლასიკური პიესა ან თხრობის ტრადიციული სტილი, არამედ სათეატრო ტექსტზე დაფუძნებული წარმოდგენა, რომელსაც ოსტატურად აცოცხლებდნენ მსახიობები.

ოზურგეთის თეატრმა ვანო ხუციშვილის სპექტაკლი „სამს პლუს სამი“ (მანანა დოიაშვილის პიესის მიხედვით) წარმოადგინა. ამ წარმოდგენით გაიხსნა ოზურგეთის თეატრის მცირე სცენა და სპექტაკლს ფართო გამოხმაურება მოჰყვა პროფესიულ წრეებში. სპექტაკლზე ბევრი დაიწერა და ამიტომაც ამ წარმოდგენაზე აქ აღარ ვისაუბრებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ დადგმამ ოზურგეთის თეატრის მსახიობთა შემოქმედებითი შესაძლებლობები და რეჟისორის თავდაუზოგავი შრომა დასთან გვიჩვენა.

ზუგდიდის თეატრმა კი ავთო ვარსიმაშვილის მიერ გადმოქართულებული „ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“ წარმოადგინა, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დადგა ზუგდიდის თეატრის მსახიობებთან ერთად. ეს იყო პირველი სპექტაკლი, რომელიც ლაშა შეროზიამ სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში დადგა. ამ სპექტაკლით შედგა რეჟისორისა და მსახიობების ნაწილის გაცნობა. თეატრის რეპერტუარში რამდენიმე გაცილებით უკეთესი (მხატვრული ხარისხის თვალსაზრისით) წარმოდგენაა, რომელიც უკვე ნახა სათეატრო კრიტიკამ და ნაჩვენები იყო კიდეც სხვადასხვა ფესტივალზე.  

ჭიათურის თეატრი რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლით „ავადმყოფობის სიმულაცია“ წარსდგა. მოლიერის კომედიის მიხედვით ამ წარმოდგენაზეც ბევრი დაიწერა და კრიტიკოსთა აზრი ფაქტობრივად ორად გაიყო. ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მოლიერის პიესის ამგვარი ინტერპრეტაცია, ზოგიერთმა კრიტიკოსმა კი დადგმას მაღალი შეფასება მისცა. წარმოდგენა ღია სივრცეში, ფოთის შუქურას ტერიტორიაზე გათამაშდა, რომელიც ახალი გამოცდილება იყო დასისა და რეჟისორისთვის.

წლევანდელ საფესტივალო პროგრამაში იყო ერთადერთი თეატრი აჭარიდან - ბათუმის დრამატული თეატრი, რომელსაც ლეონიდ ანდრეევის „სჯანი“ (ქართული ვერსიის ავტორი თამაზ გოდერძიშვილი, რეჟისორი ზაზა სიხარულიძე) უნდა წარმოედგინა, მაგრამ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო დასმა წარმოდგენა ვეღარ გამართა.

ფესტივალში სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, რომელმაც ერთგვარი კომპოზიცია „გვესტუმრეთ ზღაპართა სამყაროში“ წარმოადგინა.

ფესტივალი დაიხურა ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლით „ახლა კი ფარდა!“, რომელიც ქართველი რეჟისორის, პედაგოგისა და თეატრის თეორეტიკოსის მიხეილ თუმანიშვილის ცხოვრებას და დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა. გენიალური რეჟისორის საიუბილეო წელი თითქმის ისე მიიწურა, რომ ქართულ საზოგადოებას მასშტაბურად არ აღუნიშნავს (თუ არ ჩავთვლით facebook ვიდეო მოგონებებს, რომლებსაც წლის დასაწყისში ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში ათავსებდა თუმანიშვილის თეატრი და რამდენიმე სატელევიზიო გადაცემას) შესაძლოა ამას ხელი პანდემიამაც შეუშალა, მაგრამ თეატრი (ისე როგორც ზოგადად ხელოვნება) ყოველთვის პოულობს ალტერნატიულ გზას, თუ არსებობს მიზანი და მისი მიღწევის სურვილი. ფოთის თეატრი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც მიხეილ თუმანიშვილის იუბილე მასზე მიძღვნილი სპექტაკლით აღნიშნა. წარმოდგენაში, რომელიც რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა დადგა ეფუძნება მიხეილ თუმანიშვილის ტექსტს რეჟისორის ბოლო წიგნიდან „ახლა კი ფარდა!“. მოგონებებსა და რეჟისორის შეხედულებებს თეატრზე, სამყაროზე, ადამიანებზე მისი მოწაფე, ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მსახიობი რამაზ იოსელიანი კულისებიდან მხატვრულად კითხულობს. წარმოდგენაში მონაწილეობენ ფოთის თეატრის მსახიობები: თამუნა ჭუბაბრია, შოთა სასანია, ანი ანდღულაძე, ირაკლი კვერღელიძე, ალიკა ცეკვაშვილი და ნიკა კვარაცხელია.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებსაც. ყოველ წლიურად ფესტივალის ფარგლებში ტარდება ვორქშოპები და მასტერკლასები, რომელსაც უცხოელი სპეციალისტები ატარებენ. წელს ფესტივალზე მოწვეული იყო თემურ ჩხეიძე, რომელთანაც ფოთის თეატრში გაიმართა შეხვედრა ფესტივალის მონაწილეებთან და სტუმრებთან. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და გამოჩენილმა რეჟისორმა დამსწრე საზოგადოებას მისთვის საინტერესო შეკითხვებზე უპასუხა.

ბიუჯეტის შეკვეცის, პანდემიით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, ფესტივალის არსებობის აუცილებლობა და მისი მნიშვნელობა, ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ კრიტიკოსებშიც კი აღარ იწვევს ეჭვს, რადგან ფესტივალმა დაამტკიცა, რომ ის სათეატრო პროცესისთვის არის მნიშვნელოვანი, შემოქმედებითი პროცესის მასტიმულირებელი და გამაჯანსაღებელი საშუალებაა.

ტრადიციულად, ფესტივალის ფინანსური პარტნიორები საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტები არიან. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი მომავალ წელსაც ჩატარდება და განსხვავებული ფორმით, როგორც ყოველ წელს, რომელიც თითქმის არ მეორდება და მუდმივად ორიგინალური ჩარჩო-ფორმატით გამოირჩევა. თამამად შეგვიძლია ვთქვა, რომ პანდემიამდეც და პანდემიის პერიოდშიც რეგიონული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი შემოწმების ნიშნის მისაღებად, ჩათვლისთვის არასდროს ჩატარებულა. ამ დამოკიდებულებას და ენთუზიაზმს დიდი იმედი მაქვს ფესტივალის გუნდი მომავალშიც შეინარჩუნებს. იმასაც ვიმედოვნებ, რომ ფესტივალს განვითარების მიზნით, მომავალში უფრო მეტად დაეხმარებიან მუდმივი პარტნიორები.

bottom of page