
ახლა ომ ია!
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ნინო გაბედავა
ახლა ომია!
„ამ ბედნიერების სიმყრალე აქამდე აღწევს, ამ უდაბნომდე...“
ყოველ ჯერზე, როდესაც „მედეა“ ხელახალ ინტერპრეტაციას მიმართავენ, ის განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. თითოეული ავტორი კი ამბავს თავისი პერსპექტივიდან და ისტორიული კონტექსტიდან ქმნის. მედეას მითზე დაყრდნობით დრამატული ნაწარმოებების არაერთი ვერსიაა შექმნილი, როგორიცაა: ევრიპიდეს კლასიკური ტრაგედია, ლუციუს ანეუ სენეკას, პიერ კორნელის, ასევე, ჟან ანუის ვერსია, სადაც ახლებური სიტყვით დაწერილი პიესა, ანტიკური მითის სიმწვავეს, თანამედროვე ფსიქო–ეგზისტენციალური სიღრმით ავსებს.
ეგზისტენციალიზმი როგორც მიმართულება ევროპულ ფილოსოფიაში XX საუკუნეში გაჩნდა, რომელიც ლათინური სიტყვიდან existentia მომდინარეობს და არსებობას ნიშნავს. სწორედ, XX საუკუნის ფრანგი დრამატურგი ჟან ანუი ეხება ეგზისტენციალიზმთან დაკავშირებულ თემებს, როგორიცაა: ყოფიერება, პიროვნული თავისუფლება, მორალური არჩევანი, ინდივიდისა და საზოგადოების დაპირისპირება.
XX საუკუნის 40–50–იანი წლების საფრანგეთში მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალური და კულტურული გარდაქმნები დაიწყო. ამ დროს საფრანგეთში IV რესპუბლიკა ხასიათდება: მუდმივად მთავრობის ცვლილებითა და პოლიტიკური არასტაბილურობით. ჟან ანუიმ კი პიესა „მედეა“ 1946 წელს დაწერა, მაშინ, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, არა მხოლოდ საფრანგეთი, არამედ მსოფლიო, ღრმა კრიზისმა მოიცვა, მილიონობით ადამიანი გახდა ლტოლვილი, დარჩა უსახლკარო, საზოგადოება ღრმად ტრავმირებული, არაფერს ვამბობ პოლიტიკურ არასტაბილურობასა და იდეოლოგიურ მწვავე დაპირისპირებებზე.
2025 წლის 13 აპრილს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის სხვენში ჟან ანუის „მედეას“ პრემიერა გაიმართა, თემო კუპრავას რეჟისორობით, რომელიც ვფიქრობ, რომ თანადროულია. თავად რეჟისორმა თქვა ერთ–ერთ ინტერვიუში: „თუ არ ვთქვით რასაც ვფიქრობთ, მალე იმაზე უარესი იქნება ვიდრე დღეს არის“, მისი მიზანიც ეს არის, ხმამაღლა ისაუბროს სათეატრო ენით იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე რის წინაშეც დადგა ქართველი ერი დღეს.
სპექტაკლში კი, ისევე როგორც პიესაში, მედეა არა მხოლოდ მიტოვებული ან შურისმაძიებელი ქალია, არამედ ის განდევნილი ადამიანისათვის დამახასიათებელი უკიდურესი მარტოობის გამოხატულებაა. აღსანიშნავია ახალგაზრდა მსახიობ ნინი კვირიკაშვილის სამსახიობო ოსტატობა, მის მიერ გაცოცხლებული გარკვეულ პერსონაჟთა სახეებიდან (რაც მე მაქვს ნანახი, მაგალითად: ჯერ კიდევ საკურსო სპექტაკლიდან დაწყებული – გიორგი ქანთარიას რეჟისორობით „დრო და ქონვეის ოჯახში“, თავისუფალ თეატრში ავთანდილ ვარსიმაშვილის „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“–ში და მაია დობორჯგინიძის „ბერნარდა ალბას სახლ“–ში) მედეა ყველაზე განსხვავებული, ურთულესი ფსიქო–პორტრეტის მქონე სახეა. ახალგაზრდა მსახიობი დიდი გამოწვევის წინაშე დადგა, რომელმაც გადმოსცა, რომ მედეა მზად არის, სამყაროსთან შეურიგებლობის გამო იბრძოლოს, დაუპირისპირდეს დადგენილ კანონებს/წესებს. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მედეა მორალურად, ფსიქოლოგიურად, უფრო რთული ფიგურაა, ვიდრე უბრალოდ შურისმაძიებელი პიროვნება. ის უფრო მეტად გამოხატავს ადამიანის მარტოობას, გარიყულობას, სიყვარულისა და ღალატის მტკივნეულ ბუნებას. მსახიობს ხელები შავი ლაქებით აქვს შეღებილი და ხელის მტევნები დაბინტული – ეს დეტალი მახსენებს მის ჩადენილ საქმეებს, მის წარსულს, რაც იასონის სიყვარულით იყო განპირობებული. ის შეძულებულია, გაძევებული, უქვეყნო და უსახლკარო, მაგრამ არ არის მარტო, მას ღირებულებები და ფასეულობები გააჩნია, რაც ყველანაირ კეთილდღეობაზე მაღლა დგას. დიახ, ის იცავს იმას, რისი წართმევაც სურს ხელისუფლებას, არ ტოვებს დამონებული ადამიანის შთამომავლობას და იღებს უმძიმეს გადაწყვეტილებას, რაც სიცოცხლის მოსპობას უკავშირდება.
ჟან ანუიმ პიესაში პერსონაჟები გააადამიანურა, და შესაძლებელია ითქვას, რომ მედეა, ამ შემთხვევაში, ნონკონფორმისტი ქალია, ის ვერ შეეგუება დამორჩილებას: „კრეონ, მე არ მინდა გევედრო, ჩემს მუხლებს მოხრა არ შეუძლიათ, ჩემს ხმას არ უნდა მორჩილად ისმოდეს!“. ამიტომაც, მას არ ესმის იასონის (მსახიობი – გიორგი ტაბიძე), რომელიც დაუფარავად აცხადებს: „მინდა მორჩილი ვიყო“. იასონი ირჩევს გზას, რითაც კარგავს თავისუფლებას და ემონება ძალას, სამაგიეროდ მოიპოვებს კეთილდღეობას. სწორედ ის სიხარული აღიზიანებს მედეას, ის ჟრიამული, რომელიც არა თავისუფალი ხალხის, არამედ მონების სიხარულია. მსახიობმა გიორგი ტაბიძემ შექმნა სუსტი პიროვნება, რომელიც ცდილობს რაც შეიძლება მშვიდად დაალაგოს თავისი ცხოვრება, იმის ფასადაც კი, თუ მოუწევს ზნეობრივი ღირებულებების დათმობა.
ჟან ანუის პიესაში „მედეა“ პერსონაჟი კრეონი (მსახიობი – აკაკი ხიდაშელი) ძალაუფლების მქონეა, თუმცა უკვე დაბერებული, რომელსაც ძალა არ გააჩნია. ის ხვდება მოახლოებულ ქაოსს, რაც მედეამ შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ სურს დროულად მოაშოროს ქვეყანას შურისმაძიებელი ქალი. მიუხედავად იმისა, რომ კრეონი უკვე უძლურია, მას მაინც აქვს მტკიცე ხასიათი, მედიდურობა, რაც, ვფიქრობ, რომ მსახიობმა საკმარისად ვერ/არ გამოამჟღავნა. მან ფრთხილი და უფრო შეშინებული კრეონი წარმოგვიდგინა.
ძიძის საინტერესო სახე შექმნა ქეთევან გეგეშიძემ, რომელიც მისტირის წარსულ მატერიალურ კეთილდღეობას და მუდმივად ახსენებს მედეას, თუ როგორ სამეფოში ცხოვრობდნენ და სთხოვს მშვიდად დატოვონ კორინთო. მისთვისაც, ისევე, როგორც იასონისთვის, მნიშვნელოვანია მშვიდი და ტკბილი ცხოვრება მონობის ხარჯზე.
სპექტაკლის სცენოგრაფია (დამდგმელი მხატვარი: ანანო ლიპარტელიანი): მსახიობები შემოსილნი არიან ქიტონითა და გიმატიონით (ანტიკური საბერძნეთის ჩაცმულობა), ანტიკურ ეპოქას გვიხატავს, მათ შორის მუსიკალური გაფორმებაც (მუსიკალური გამფორმებელი: თემო კუპრავა) – გაისმის ძველი ბერძნული მელოდია. ხშირ შემთხვევაში, მუსიკა ხომ წარმოდგენის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მოქმედებას ემოციას სძენს, სცენაზე ატმოსფეროსა და განწყობას ქმნის. თუმცა, ვფიქრობ, რომ აქ გამოყენებული მუსიკა არ შეესაბამებოდა ამბავს, რის გამოც შეიქმნა უზუსტობა დრამატულ მძაფრ ქმედებასა და ემოციურად ცარიელ მუსიკალურ გაფორმებას შორის.
რაც შეეხება დეკორაციებს: სცენაზე განლაგებულია პატარა ზომის ლოდები, მიმოფანტულია ქვები, ქვიშა შავია – ეს ყველაფერი განცდას მიჩენს უნაყოფო და უსიცოცხლო გარემოსი, სადაც არსებობა უკვე შეუძლებელია. სცენის ცენტრის სიღრმეში აღმართული დიდი კედელი კი შესაძლებელია იყოს სიმბოლო ბარიერის, ან უბრალოდ დეკორაცია, თუმცა ვფიქრობ, რომ მედეას ქმედება (როდესაც ამ კედელს ურტყამს) შესაძლებელია იყოს ამბოხი, შეურიგებლობის გამოხატვა და პროტესტი, გაარღვიოს ბარიერი და საკუთარი ხმა გააგონოს სამყაროს.
„პური არავის მოაკლდება“ – პიესის ბოლო წინადადება ლაიტმოტივად გასდევს წარმოდგენას. სწორედ ეს აჩვენა ჟან ანუიმ თავის პიესაში, რომ არსებობს რაღაც ღირებული, ძვირფასი და მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს მატერიალური კეთილდღეობაა და ამ ხაზს ინარჩუნებს სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფიც.
როგორც პიესა, ასევე სპექტაკლიც, წარმოადგენს კლასიკური მითის ახლებურ ინტერპრეტაციას, რომელიც, ვფიქრობ, რომ დღევანდელობას ეხმიანება. ავტორი წარსულის დიდ ნარატივს თანამედროვე ადამიანის ფსიქოლოგიური სირთულეების, მორალური დილემებისა და საზოგადოებრივ სტრუქტურებთან კონფლიქტის ფონზე გვიჩვენებს.