ახლის შესაქმნელად ყველაფერი ძველი უნდა დაინგრეს

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

188171826_3851977468246953_2981240150570343278_n.jpeg

მაკა ვასაძე

ახლის შესაქმნელად ყველაფერი ძველი უნდა დაინგრეს

დიდოსტატ ავტორებთან (იბსენი, სტრინდბერგი, ჰაუპტმანი, მეტერლინკი...) ერთად, ანტონ ჩეხოვი „ახალი დრამის“ ერთ-ერთი ფუძემდებელია. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ახალი სათეატრო სისტემის დაბადება, სასცენო ხელოვნების ტრანსფორმაცია. ჩეხოვის პიესები და პროზაული ნაწარმოებები,  გამოქვეყნების დღიდან ხშირად იდგმება არა მარტო რუსეთში, არამედ მსოფლიო თეატრებში, მათ შორის საქართველოში. „შუა თაობის“ რეჟისორთა პლეადის რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ რამდენიმე წლის წინ, გრიბოედოვის თეატრის მცირე სცენაზე ჩეხოვის „ალუბლის ბაღის“ ძალიან საინტერესო ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა. ოთხმოქმედებიანი პიესა ერთ მოქმედებად დადგა. ჩეხოვის ტექსტის მონტაჟისას, სარეჟისორო ჩანაფიქრის განსახორციელებლად ზოგი რამ თავად დაწერა, ზოგი ამოაგდო, ზოგიც გადააადგილა. ჩეხოვის პიესაში არსებული 15 პერსონაჟი (და გამვლელები) 6-მდე დაიყვანა. ზოგიერთი საერთოდ გაქრა სპექტაკლიდან, ხოლო ზოგის კრებითი სახე შექმნა.

2021 წელს ანდრო ენუქიძე ისევ მიუბრუნდა ჩეხოვს და ბათუმის დრამატულ თეატრში „თოლია“ დადგა.  ამჯერად, რეჟისორი დრამატურგიული ტექსტის ერთგული დარჩა,  თითქმის არაფერი არის შეცვლილი, ამოგდებული, მხოლოდ ერთი პერსონაჟი - ავტორი - დაემატა. პიესაშიც და სპექტაკლშიც  ხელოვნებაში ახალი გზების ძიებასთან გადაჯაჭვულია სიყვარულის თემა. მაშას უყვარს ტრეპლევი, ტრეპლევს - ნინა, ნინას - ტრიგორინი, არკადინას - ტრიგორინი, მედვედენკოს - მაშა. ყველა გულწრფელია, ყველას საკუთარი მიზანი და სიმართლე აქვს, მაგრამ ერთმანეთის გრძნობებს ანგარიშს არ უწევენ.

პიესიდან გამომდინარე სპექტაკლის სცენოგრაფია (მხატვარი - გოგლა გოგიბერიძე) „თეატრი თეატრში“ ხერხითაა შექმნილი.   სცენაზე ტბის პირას პატარა სცენაა მოწყობილი, ტბაში ნავია, ორი ამფითეატრია, ერთი ავანსცენაზე, მეორე სცენაზე. ავანსცენის ამფითეატრიდან მაყურებელთან ერთად ავტორი (კახა კობალაძე) ადევნებს თვალს წარმოდგენას. ხოლო სცენაზე განლაგებულ ამფითეატრში პერსონაჟებთან ერთად მანეკენები უყურებენ ტრეპლევის სპექტაკლს. სცენის გარშემო აქა-იქ ბუჩქებია მიმოფანტული. სცენის სიღრმეში შელახული თეატრალური ლოჟებია, რომლებშიც ასევე მანეკენებია განლაგებული. ანდრო ენუქიძემ მაყურებელიც „თოლიაში“ განვითარებული ამბის თანამოწილე გახადა.

სპექტაკლი, ისევე როგორც პიესა მაშას და მედვედენკოს სცენით იწყება. ანანო იაშვილის მაშა პარტერიდან ადის სცენაზე და თან „ავტორს“ მიმართავს „აღარ ვიწყებთ?“. ამ ფრაზას, რომელსაც სპექტაკლის მსვლელობისას პერსონაჟები რამდენჯერმე იმეორებენ, რეჟისორმა ორმაგი დატვირთვა მიანიჭა. იგი ეკუთვნის, როგორც ტრეპლევის და ნინას გასათამაშებელ წარმოდგენას, ასევე თავად სპექტაკლის ფორმას, რომელიც „თეატრში თეატრის“ თამაშის ხერხითაა შექმნილი.

ლაშა კონცელიძის მედვედენკო, უფერული, არაფრით გამორჩეული, ცხოვრებისგან დაჩაგრული სკოლის მასწავლებელია. მას გულწრფელად უყვარს მაშა და უკვირს, ჯანმრთელი და შეძლებული, მუდამ შავებში ჩაცმული რატომაა. ანანო იაშვილის გარეგნულად ძლიერი, ჯანმრთელი ახალგაზრდა გოგო ტრეპლევისადმი უიღბლო სიყვარულს გლოვობს. პიესაშიც და სპექტაკლშიც თითქმის ყველა პერსონაჟი უიმედოდ შეყვარებულია, მათი სიყვარული უპასუხოდ რჩება. თითოეული მათგანი გაუცხოებას და მარტოსულობას განიცდის. 

მამუკა მანჯგალაძის ტრეპლევი, როგორც ყველა ახალგაზრდა - „მეამბოხეა“, თუმცა არ ყოფნის არც ნიჭი და არც შინაგანი ძალა რაიმეს შესაცვლელად. მისი დაპირისპირების ობიექტი, უპირველეს ყოვლისა ნიჭიერი და სახელგანთქმული დედა - მსახიობი ირინა არკადინაა. მუდამ დედის ჩრდილქვეშ მყოფს პროტესტისა და ეჭვიანობის გრძნობა ამოძრავებს. ალბათ, აქედან გამომდინარე იგი ებრძვის ძველ სათეატრო ფორმებს, მაგრამ ახლის შექმნა (განსხვავებით ჩეხოვისგან) არ ძალუძს. მამუკა მანჯგალაძის ტრეპლევი, ერთდროულად გულანთებული შეყვარებული, ეჭვიანი, საკუთარ თავში დაურწმუნებელი პერსონაჟია. პიესაშიც და სპექტაკლშიც შექსპირის „ჰამლეტიდან“ ჩართულია პასაჟები. მაშასა და მედვედენკოს სცენას მოსდევს, სპექტაკლის გასამართად ნერვიული მზადების სცენა. ტრეპლევის „ახალი ფორმის“ ნაწარმოები, არკადინასა და მის თანმხლებთა წინაშე, ნინა ზარეჩნაიამ, ტრეპლევის სიყვარულის ობიექტმა უნდა გაითამაშოს. სამზადისი ემოციურად დაძაბულია, განსაკუთრებით ტრეპლევი და ანო ზურაშვილის ნინა ღელავენ. სწორედ აქ შემოდის დედა-შვილის დიალოგში პასაჟები „ჰამლეტიდან“.

მაია ცეცხლაძის არკადინას პირველი გამოჩენა ეფექტურად გადაწყვიტეს რეჟისორმა და მსახიობმა. თეთრებში გამოწყობილი, ელეგანტური,  „ვარსკვლავთათვის“ დამახასიათებელი უტრირებული პლასტიკით, ჟესტიკულაციითა და მიმიკით, წითურთმიან არკადინას ამალა მოჰყვება. ვარსკვლავი ხომ ყოველთვის თაყვანისმცემელთა გარემოცვაში უნდა იყოს. ცოტა მოგვიანებით მათ რიცხვს დავით ჯაყელის ტრიგორინი შეუერთდება. დავით ჯაყელი ქმნის მელანქოლიური, ყველაფრისადმი ინდეფერნტული ადამიანის ტიპაჟს. მისთვის სახელგანთქმული მწერლობაც კი ერთგვარი ტვირთია, სულ უნდა წეროს, ყოველი მოვლენა კი არ უნდა შეიგრძნოს, არამედ დააფიქსიროს, რომ მერე, როგორც მწერალმა გამოიყენოს. დავით ჯაყელის ტრიგორინი კი არ ცხოვრობს, არამედ ცხოვრებისეულ დინებას მიჰყვება. როგორც უკვე აღვნიშნე, ტრეპლევისა და ნინას სპექტაკლის დაწყებამდე შემოდის შექსპირის „ჰამლეტის“ ხაზი. როგორც ჰამლეტს სურს დედა-ჰერტრუდა დააშოროს კლავდიუსს, ასევე ტრეპლევს უნდა არკადინა-დედა ტრიგორინს დააშოროს. ტრეპლევს საკუთარი მხატვრული სტილის უპირატესობის დამტკიცების სურვილი ამოძრავებს. კონსტანტინეს არა მარტო დედა ღალატობს, არამედ ნინაც უარს ეუბნება სიყვარულზე, ნინაც ტრიგორინთან ღალატობს. საბოლოოდ კი, სასოწარკვეთილი ტრეპლევი სუიციდით ასრულებს სიცოცხლეს. 

 თოლიას სიმბოლო ნინა სცენაზე სპექტაკლის თამაშისას ანდრო ენუქიძემ გალიის მაგვარ კონსტრუქციაში მოამწყვდია. ამ გალიას ვფიქრობ ორმაგი დატვირთვა აქვს. ნინა ხომ ტრეპლევის პიესას თამაშობს და რეჟისორმა გალიაში ნინას გამომწყვდევით, მიგვანიშა იმაზე, რომ თოლია ტრეპლევის სიმბოლოცაა. მაია ცეცხლაძის არკადინა რამდენჯერმე სარკასტული ფრაზებით ერევა სპექტაკლის მსვლელობაში. დედის ქცევით გაღიზიანებული ტრეპლევი წყვეტს სპექტაკლის მსვლელობას.

პიესისა და სპექტაკლის თითქმის ყველა პერსონაჟი საკუთარი ცხოვრების საზრისზე ფიქრობს. ყოველი მათგანი ერთმანეთისგან გაუცხოებული მარტოსულები არიან. ზაალ გოგუაძის სორინი, რომელიც ცხოვრებამ სოფელში გამოამწყვდია, ვერ იტანს სოფელს, არაფერი გამოუვიდა რაზეც ოცნებობდა - მწერლობა, მომღერლობა თუ ცოლის შერთვა. მსახიობი დაჩაჩანაკებული, ხელმოცარული თუმცა კეთილი ადამიანის სახეს ქმნის. ტიტე კომახიძის ექიმი დორინიც მარტოსული ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება არ აკლდა ქალების ყურადღება. ინტელექტუალი პიროვნებაა, რომელიც დაძაბული სიტუაციებისა თუ ურთიერთობების დაბალანსებას ცდილობს. მან ერთადერთმა მიიჩნია არკადინასგან „დეკადენტურ“ ბოდვად შეფასებული ტრეპლევის პიესა საინტერესოდ. დორინიც არკადინაშია შეყვარებული. ტიტე კომახიძე დახვეწილი ხერხებით, ყოველგვარი ზედმეტი ემოციურობის გარეშე ქმნის დორინის ტიპაჟს. ქეთევან ეგუტიძის პოლინა კიდევ ერთი უიღბლოდ შეყვარებული ქალია. ჰყავს უხეში, არაფრით გამორჩეული მეუღლე - შამრაევი (ზაზა თოიძე), მაგრამ მთელი ცხოვრება დორინს ეტრფის, ის კი მუდმივად გაურბის. გიორგი ყურავას იაკობი, ერთი უბრალო სოფლელი ბიჭია, ცნობის მოყვარე, ყველაფრის საქმის კურსში ყოფნა რომ სურს და მიყურადებასაც არ თაკილობს.   

შემოქმედის თემა ძირითად ხაზად გასდევს პიესას და სპექტაკლსაც. არკადინა, ნინა, ტრიგორინი, ტრეპლევი ხელოვანები არიან, ზოგი სახელგანთქმული და ზოგიც ახალდამწყები. ტრეპლევი თავის შემოქმედებით ცდილობს დედის ყურადღება მიიქციოს და მისგან ქება დაიმსახუროს. ნინასგან უარყოფილ სიყვარულს, თავის, როგორც შემოქმედის წარუმატებლობას აბრალებს - „ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა ჩემი პიესა ჩავარდა, ქალი არასდროს გაპატიებს მარცხს!“. ნინა მსახიობობაზე ოცნებობს, უყვარდება ტრიგორინი, მაგრამ ყველაფერი მის ცხოვრებაში მარცხით მთავრდება. იგი ვერც სახელგანთქმული მსახიობი ვერ ხდება და ტრიგორინიც მიატოვებს. უფრო მეტიც, როდესაც ფინალისკენ ყველას თანდასწრებით ტრიგორინს უხსნის სიყვარულს, ტრიგორინი საშინელი, დამამცირებელი სიტყვებით პასუხობს: „არაფერი მახსოვს“. ტრიგორინი შემდგარი, სახელგანთქმული მწერალია, თუმცა ბუნებით ინდიფერენტულს სჭირდება, რომ მუდმივად მასზე ზრუნავდნენ. მას ნამდვილი სიყვარული არ ძალუძს. არკადინა ყველაზე უფრო შემდგარი პიროვნებაა. მან თავისი ნიჭითა და შრომით მიაღწია ყველაფერს. არკადინა მუდმივად ქმედებაში და მოღვაწეობაშია, ამბობს კიდეც: „ჩემი გული და გონება ყოველთვის დაკავებულია“.

პიესაშიც და სპექტაკლშიც პერსონაჟები გამოსავალს ეძებენ. მაშა გადაწყვეტს მითხოვდეს მედვედენკოს, ათასი საზრუნავი გაუჩნდება და სიყვარულზე ფიქრის თავიც აღარ ექნება, ყველაფერი დაავიწყდება. განადგურებული ნინა პროვინციაში მიემგზავრება. სრული კრახით მთავრდება ტრეპლევის „ამბოხი“. კონსტანტინე ყველასთან და ყველაფერში დამარცხდა, დედასთან, შეყვარებულთან, მეტოქესთან და რაც მთავარია, საკუთარ თავთან. თვითმკვლელობით კი ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.

ანდრო ენუქიძის ფინალში, პერსონაჟები შეესევიან ლოჟებსა თუ ამფითეატრს, ლეწავენ, ანადგურებენ, მანეკენებს ყრიან თავიანთი ადგილებიდან. რეჟისორმა ეფექტური ფინალით ნათლად მიგვანიშნა, ახლის შესაქმნელად, ახლის დასაბადებლად ყველაფერი ძველი უნდა დაინგრეს, მათ შორის „ძველი თეატრიც“.