top of page

ახმეტელის თეატრი 2013

axmeteli.jpeg

გუბაზ მეგრელიძე

ახმეტელის თეატრი

 

ახმეტელის თეატრის რეპერტუარი მრავალმხრივი თემისა და პრობლემის ჩვენებით გამოირჩევა. განსხვავებული სტილის პიესებზე აგებული სპექტაკლები ასახავენ სხვადასხვა სოციალური ფენის პრობლემებსა და საზოგადოებრივ მოვლენებს, რომლებშიც ადამიანთა განსხვავებული ხასიათები ვლინდება. სხვადასხვა რეჟისორთა დადგმები ფორმით, სტილითა და ჟანრით ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ ეკლექტურ შთაბეჭდილებას არ ტოვებენ. მსახიობები ქმნიან საინტერესო სცენურ გმირებს, რაც მათ შემოქმედებით წარმატებას განაპირობებს. დრამატურგ უ. გიბსონის ,,სასწაულმოქმედისა“ და რეჟისორ სანჯაი ლილას კინოსცენარის მიხედვით შეიქმნა. ეს არის ფსიქოლოგიური სპექტაკლი არა მარტო თანაგრძნობაზე, არამედ სულის სიძლიერესა და ხასიათის სიმტკიცეზე, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს განახორციელოს სასურველი ჩანაფიქრი და საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში. უსინათლო, სმენადაქვეითებული ელენი გ. კანდელაკის შესრულებით თავიდანვე ჯიუტ გოგონად წარმოგვიდგება, ვინაიდან გარე სამყაროს მოწყვეტილი საკუთარ თავშია ჩაკეტილი. მას მშობლებიც კი ვერ უგებენ და ამიტომ პროტესტის ნიშნად მათ აღარ ემორჩილება. ელენი დაბნეულია, არ იცის რა აკეთოს და როგორ წარმართოს თავისი ცხოვრება, მის გარშემო გაუცხოებული ოჯახური სამყაროა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება არ ეძლევა. ამ დროს მასთან მოდის მასწავლებელი ლუკა (აკ. ხიდაშელი), რომელიც მის სულს ჩასწვდება და ადამიანურ გრძნობებთან ერთად, ცხოვრებისადმი ინტერესს აღუძრავს. აკ. ხიდაშელის ლუკა ერთი შეხედვით ექსცენტრული, შინაგანად კი ტრაგიკული პიროვნებაა. მან იცის, რომ უკურნებელი სენითაა შეპყრობილი, ეს კი მისი ფსიქიკურად დაავადების საფუძველი ხდება. ამიტომ უნდა თავისი მეთოდით გადაარჩინოს ელენი, თუმცა შინაგანი შიშისა და მოსალოდნელი საფრთხის დასავიწყებლად სასმელს ეტანება. ელენი თავიდანვე უნდობლობით ეკიდება მასწავლებელს და თავის ჩვეულ სიჯიუტესა და დაუმორჩილებლობას ავლენს. უჭირს უცნობ ადამიანთან შეგუება, ვინაიდან მას თბილი ურთიერთობები არ განუცდია და ყველას გაუცხოებულად აღიქვამს. გ. კანდელაკი კარგად გადმოსცემს გმირის შინაგან სამყაროში ცვლილებების დაწყებას. მასწავლებლისგან წამოსული თბილი ურთიერთობა და კეთილგანწყობა, მასში ძირეულ გარდატეხას ახდენს. სწავლაში მიღწეულ წარმატებებთან ერთად, ელენის სულიერი სამყაროც იცვლება და ლუკასადმი სიყვარული უჩნდება, რის გამოც მას კოცნასაც სთხოვს. ელენში ქალური გრძნობა იღვიძებს და სრულყოფილ პიროვნებად წარმოგვიდგება. ლუკას წასვლის შემდეგ, იგი სულიერად არ ეცემა, პირიქით ცხოვრებისადმი ინტერესი კიდევ უფრო უღვივდება და კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ბაკალავრის ხარისხსაც იღებს. ასე განვლო განათლებულმა და ცხოვრებაში წარმატებას მიღწეულმა ახალგაზრდა გოგონამ ექვსი წელი, მაგრამ უეცრად მასში კვლავ მოულოდნელი ცვლილებები იწყება. დედასთან ერთად ეკლესიიდან მომავალი, ქუჩაში დაგდებულ მათხოვარში თავის საყვარელ მასწავლებელს შეიცნობს, რომელიც ფსიქიკური დაავადების გამო რეალობას მოწყვეტილია. ელენი ცდილობს მასწავლებლისთვის გონიერების დაბრუნებას, მაგრამ მხოლოდ მისი კოცნა მოაგონებს ლუკას სად და ვისთან არის. აკაკი ხიდაშელის ლუკა, საკუთარი ოჯახური გამოცდილებით მოდის ელენთან. სურს განახორციელოს ის შესაძლებლობები, რაც თავის დასთან ვერ შეძლო. ეს შინაგანი დაუკმაყოფილებლობა არ ასვენებს. იგი მგრძნობიარე პიროვნებაა, რომელსაც შეგნებული აქვს თავისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და ცდილობს ახალგაზრდა გოგონას გადარჩენას. იგი სიმკაცრესაც `ნათელი ბნელში~ 95 იჩენს და თავისი პრინციპულობით, ელენის სიჯიუტეს მისადმი კეთილგანწყობით ცვლის. იგი ესწრაფვის ადამიანურ სითბოსთან ერთად, გოგონას განათლება მიაღებინოს და ცხოვრების სწორ გზაზე დააყენოს. ამასთანავე ამოწმებს თავის პედაგოგიურ მეთოდს, რომელსაც ელენი ფინალში უკვე მისთვის იყენებს. მსახიობი საინტერესოდ გადმოსცემს გმირის განცდებს ელენთან პირველი შეხვედრიდან, რომელიც თანდათან ვითარდება და პედაგოგიურ დამოკიდებულებასთან ერთად, სულიერ სიახლოვეში გადადის. ლუკა აცნობიერებს, რომ ადამიანური თვალსაზრისით ელენის კოცნა გამართლებულია, მაგრამ მასწავლებლის პოზიციიდან მიუღებლად მიიჩნევს და მოულოდნელად უჩინარდება. ლუკას პედაგოგიური მეთოდი მისი პიროვნების არაორდინალურობიდან გამომდინარეობს. თავისუფალი ქცევა, მოურიდებლობა, სიმკაცრისა და სითბოს გამოვლენა და გოგონასთვის სამყაროს შემეცნების სურვილის აღძვრა ერთმანეთშია გადახლართული. ლუკა ხედავს მისი მეთოდის წარმატებას, მაგრამ სიხარულს თავისი ექსცენტრულობით ფარავს. სულ სხვაგვარია ქუჩაში ბოგანოდ ქცეული, ყველასგან მიტოვებული ლუკა, რომელსაც იმედი დაუკარგავს და მხოლოდ ღმერთის წყალობაზეა მინდობილი. ეს სასწაულიც ხდება, როდესაც ელენს კვლავ ხვდება, მაგრამ ამჯერად მათი როლები იცვლება. ახლა ელენი საოცარი გრძნობით უბრუნებს სიკეთეს და თავისი კოცნით ლუკას ამქვეყნიურობისკენ აბრუნებს. ვ. ციცილოშვილის შესრულებით, მამა მკაცრი პიროვნებაა, რომელსაც მრავალი მცდელობის მიუხედავად, შვილის გადარჩენის იმედი აღარ აქვს. ასეთმა ცხოვრებამ იგი დაღალა და ოჯახისადმი ზრუნვა გაუნელა. აქედან მომდინარეობს მასში ის დაუნდობლობა, რაც შვილისადმი ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადადის და მისი საქციელით წონასწორობადაკარგული ცხოველივით ბაწრით აბამს. მამა უნდობლობით ეკიდება ლუკას, რომლის წარმოდგენაშიც იგი მასწავლებელს სრულიად არ ჰგავს, პირიქით, თაღლითად მიიჩნევს და სახლიდან გაგდებასაც უპირებს. ამიტომ მივლინებიდან დაბრუნებული გაკვირვებით შესცქერის ლუკას, რომელმაც გაფრთხილების მიუხედავად მისი სახლი არ დატოვა. ამასთანავე ეჭვით უყურებს მეუღლეს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ შეასრულა და მასწავლებელი კვლავ სახლში დაახვედრა. ეს განწყობა მსახიობს მაშინ ეუფლება, როდესაც შვილის წარმატებას ხედავს და ბოლოს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ლუკას დახმარებასაც ცდილობს. იგი დამნაშავედაც გრძნობს თავს შვილის წინაშე, რომელსაც ვერ გაუგო და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უპირებდა გაგზავნას. ამიტომ შეცდომის გამოსწორებას ცდილობს. მ. ხარჩილავას ანა, შვილსაც თანაუგრძნობს და მეუღლისგან მის დაცვასაც ცდილობს. მისი პიროვნება გაორებულია შვილსა და ქმარს შორის, რადგან არც ერთის დაკარგვა არ უნდა. ანას, ბოლომდე აქვს შვილის განკურნების იმედი, თუმცა გამოსავალს ვერ ხედავს და საავადმყოფოში გასაგზავნად ვერ იმეტებს. აქედან მომდინარეობს მეუღლესთან კონფლიქტიც. ანას საოცარი გრძნობა ეუფლება ლუკას ქუჩაში დანახვისას და შვილთან ერთად, გონებაარეული ყოფილი მასწავლებელი სახლში მოჰყავს. ცდილობს, ისეთი გარემო და პირობები შეუქმნას, რაც მის განკურნებას ხელს შეუწყობს და სიკეთის გადახდას შეძლებს. სპექტაკლი მაყურებელს ემოციით აღავსებს და გმირებისადმი თანაგრძნობით განაწყობს. ამასთანავე ჩააფიქრებს საზოგადოებაში არსებულ ვითარებაზე, სადაც ხშირ შემთხვევაში ადამიანების მიერ ერთმანეთისადმი გამოჩენილი გულგრილობა, მათ ურთიერთობებს გაუგებარს ხდის და ბრმასა და ყრუ ადამიანებს ამსგავსებს. თანამედროვე ვითარებაში ერთმანეთისადმი თანადგომისა და თავდადების გამოვლენა გმირობად აღიქმება, რაც დეფიციტური გახდა და საზოგადოება ადამიანის ბედისადმი გულცივი გახადა. ამიტომ დადგმაც ერთმანეთზე ზრუნვის აუცილებლობას შეგვახსენებს. ახმეტელისა და კინომსახიობთა თეატრების ერთობლივი პროექტით დაიდგა ლალი კეკელიძის საავტორო სპექტაკლი ,,იქ, სადაც ჩემი სახლია”, რომელშიც იგი დრამატურგად და რეჟისორად მოგვევლინა. ლ. კეკელიძემ მსგავსი სპექტაკლი თავის თანამოაზრე მსახიობთა ჯგუფთან ერთად სხვა თეატრებშიც განახორციელა. სპექტაკლში აგრეთვე მონაწილეობენ ახმეტელის თეატრის მსახიობი მ. ხარჩილავა და რუსთაველის თეატრის ყოფილი მსახიობი ლ. ჩხეიძე. პიესა გასული საუკუნის 90-იან წლებში, აფხაზეთის ომის შემდგომ პერიოდში დაიწერა და მასში ერთი ოჯახის ისტორია აისახა. ავტორისთვის მთავარი იყო ეჩვენებინა ადამიანთა ხასიათებში ის რადიკალური ცვლილებები, რაც სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების გაუარესებას მოჰყვება. ერთ დროს უზრუნველად მცხოვრები ოჯახი, უკიდურესი სიდუხჭირის ზღვარზე აღმოჩნდა, რასაც თითოეული მათგანის პირადი პრობლემებიც დაემატა. ამიტომ ისინი ისეთ თვისებებს ამჟღავნებენ, რაც ადრე, ნორმალურ ყოფაში არ ჩანდა. შეიცვალა მათი დამოკიდებულება, როგორც გარესამყაროსადმი, ასევე ოჯახის წევრთა მიმართაც და ერთმანეთს სულ სხვა ხასიათებისა და შეხედულებების ადამიანებად წარმოუდგნენ. პიესაში თითქოს ზღვარია გავლებული წარსულის საქართველოსა და მოულოდნელად სულ სხვა სამყაროში აღმოჩენილ ქვეყანას შორის. სადაც ყველაფერი სარკესავით გამოჩნდა და წინა პლანზე იმ გაშიშვლებულმა მოვლენებმა წამოიწიეს, რასაც ადრე ყურადღება არ ექცეოდა. ამიტომაც იხედებიან ასე ხშირად გმირები ძველი კარადის სარკეში, რომელიც, საკუთარი თავის შეცნობის გარდა, სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნის ასოციაციასაც ქმნის. უახლოეს ადამიანთა ასეთ დაშორებას, ყველაზე მეტად დედა განიცდის, რომელმაც მეუღლე და ერთი შვილი აფხაზეთის ომში დაკარგა. ამიტომ ცდილობს ოჯახის წევრებისადმი სითბოთი და სიყვარულით, მათ შორის დაწყებული გაუცხოვება შეაჩეროს. ოღონდაც შემდგომში ამ უცნობის თემა აღარ ვითარდება და არც მოქმედების მსვლელობაში აისახება, რაც დრამატურგიულად მეტ დასაბუთებას საჭიროებს. ამის იმედად კი მისტერ იქსი ეგულება, რომლის შესახვედრადაც გულმოდგინედ ემზადება და ნასესხებ ფულს ბაზარში ხარჯავს. მისტერ იქსი მოქმედებაში არ ჩანს, მაგრამ იგი აბსტრაქტული მოლოდინის სიმბოლოა, რომელსაც დედა მდიდარი ადამიანისგან, დეპუტატისგან, თუ ღმერთისგან მშველელის სახით მოელის. სათანადო შთაბეჭდილების მოსახდენად კი კარგად დახვედრაა საჭირო, რითაც ხაზგასმულია სინამდვილის შესალამაზებლად ქართული ოჯახის ტრადიციის სიმახინჯეში გადასული თვისების ჩვენება. მისტერ იქსის პრობლემას, შემდგომში ფულის პოვნის საკითხი ცვლის. ავტორის ოპტიმიზმი ბებიას სახეს უკავშირდება. იგი თავის ბაღზე ფიქრით იმ ისტორიულ წარსულთან ასოცირდება, რომელთანაც ქართველი ერი გენეტიკურად არის დაკავშირებული. სწორედ ამ წინაპართა მიერ დატოვებულ ბაღს უნდა მოუაროს მომავალმა თაობამ, რომელსაც ეროვნული ორიენტირი დღეისთვის დაკარგული აქვს და უცხოეთის მიუწვდომელ ედემის ბაღზე ოცნებობს. პიესის ძირითადი სათქმელი მიმართულია ოჯახის წევრთა ურთიერთგაგების აუცილებლობისკენ, სადაც გამოუვალი ვითარების დროსაც კი სიყვარული პიროვნული გადარჩენისა და სიცოცხლის შენარჩუნების უებარ საშუალებას წარმოადგენს. ამ მოტივს უპირისპირდება დიდძალი ფულის პოვნით გამოწვეული ეიფორია, რომელიც ოჯახში ახალი განხეთქილების საბაბდ იქცევა. მათ სახეცვლილებას ბებიაც ამჩნევს, რომელიც ამ გულს უნიტაზში გადაუძახებს. ამით ავტორისეული პოზიცია ნათელია, რომ მხოლოდ ფულით არ განისაზღვრება ადამიანის გადარჩენა. პიროვნებამ თავისი სახე არცერთ გარემოებაში არ უნდა დაკარგოს, ქვეყნის გამთლიანება ოჯახური ურთიერთობების მიგვანებით იწყება. არაფერი არ რჩება ამ ქვეყნად ხსოვნისა და სიყვარულის გარდა, რომელსაც გაფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება. ასეთია პიესის ავტორისეული ჩანაფიქრი. სპექტაკლის დაწყებამდე მაყურებელი გამჭვირვალე ფარდით დაფარულ სცენაზე, სიღარიბის ოჯახის მიმანიშნებელ ძველმოდურ ავეჯს ხედავს (სცენოგრაფი ა. ჭელიძე). ასევე გმირთა ხასიათებიც თავიდანვე გახსნილად წარმოგვიდგებიან და შემდგომში ცვლილებებს აღარ განიცდიან. სალომე, მ. ხარჩილავას შესრულებით _ სიდუხჭირესთან მებრძოლი დედაა, რომელიც მთელი არსებით ცდილობს ოჯახის ფიზიკურ გადარჩენას, მაგრამ შვილების სულიერი ცვალებადობის შეჩერება აღარ ძალუძს. იგი განიცდის ამ მდგომარეობას და ცდილობს შეძლებისდაგვარად თავისი ყურადღება არავის მოაკლოს, თუმცა საპასუხოდ დაცინვას იღებს. სალომე იმდენადაა გართული მისტერ იქსის დახვედრის სამზადისით, ვერც კი ამჩნევს, რომ შვილებს გადამეტებული ჭკუის სწავლებით თავს აბეზრებს და აღარავინ უსმენს. მას შენარჩუბული აქვს მორალური პრინციპები და დარდობს შვილების ცხოვრებისადმი მერკანტილური დამოკიდებულების გამო. მათთან ურთიერთობა ხშირად აუტანელ ზღვრამდე მიდის, მაგრამ იგი ყოველთვის ცდილობს ოჯახური ერთიანობის შენარჩუნებას და ამისთვის უკანაც იხევს, რომ თავისი სიმართლით გული არავის ატკინოს. მისი დამოკიდებულება მაშინ იცვლება, როდესაც ნინო ფულით სავსე ჩანთას მოიტანს და სალომე ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს. ეჭვით შესცქერის ფულის წარმომავლობას და უბედურების მომტანად თვლის. იგი ასე ხედავს ბედნიერებას: ,,ამ ფულის გარეშე ბედნიერები არ ვიყავით?! მე და მამათქვენმა, მთელი ჩვენი სიცოცხლე თქვენ შემოგწირეთ”. ამიტომ აღშფოთებას ვერ მალავს, როდესაც შვილები თავიანთი წილის აღებასა და სახლიდან წასვლაზე ოცნებობენ, რადგან ახლა ერთად ახალი ცხოვრების დაწყება შეუძლიათ. სალომეს უნდა ოჯახში ისევ ძველებური სითბო იყოს, რაც არსებულ პირობებში შეუძლებელია, ამიტომაც დაძაბულობას ვერ უძლებს და გული მისდის. მ. ხარჩილავას გმირისთვის მთავარი წყნარი ცხოვრება და ოჯახური ერთიანობაა. ამიტომ მთელ თავის ენერგიას ამ მიზნის განხორციელებისკენ წარმართავს. მსახიობი არც ერთ დიალოგს შეუფასებლად არ ტოვებს, თითოეულ სიტყვას განიცდის, შვილებსაც თანაუგრძნობს და გამოსავალს ეძებს, თუმცა მას ანგარიშს არავინ უწევს. საბოლოოდ კი, როდესაც მთელო ოჯახური ურთიერთობები მის ემოციებში აისახება და გულშეწუხებული ეცემა. მაშინღა უბრუნდება ყველას თანაგრძნობა. ამ დროს, შვილებით გარშემორტყმული სალომე, თითოეულ მათგანს ეფერება და თავისი სითბოთი ოჯახური ერთიანობის შეკვრას ცდილობს. ლაშა, ანუ როგორც უწოდებენ ,,ამერიკელი” გ. კალანდარიშვილის შესრულებით საკუთარ წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობს. ყველას მიმართ ცინიკური დამოკიდებულება აქვს. მუდმივად სადღაც წასასვლელად გამზადებულ სკლეროზიან ბებიას ვითომდა გამგზავრებაში ეხმარება, ოჯახზე მზრუნველ დედას ,,მარჩენალსა” და ,,გენერალს” უწოდებს, პოეტ ძმასთან კი გაუთავებელი კინკლაობა აქვს, რაც ჩხუბამდეც მიდის. ამ დაძაბული გარემოდან თავის ხსნას ამერიკაში წასვლაში ხედავს. იგი დედის ერთადერთ იმედს მისტერ იქსის გამოჩენის ილუზიასაც აბუჩად იგდებს. გ. კალანდარიშვილის გმირი სულ თამაშობს, მუდმივად რაღაცას განასახიერებს და ,,ერთი მსახიობის თეატრს” წარმოადგენს, რითაც არსებული სინამდვილიდან თავის დაღწევა სურს. მსახიობი კარგად აფასებს თითოეული გმირის დამოკიდებულებას, ცდილობს დაძაბულობა განმუხტოს. ამიტომაც თავისუფალი ქცევით გამოირჩევა და ყველაფერში ,,საშაყირო” მიზეზს ეძებს. იგი პროტესტს გამოხატავს იმ საზოგადოებისადმი, სადაც ადამიანი მლიქვნელობისა და ფარისევლობის გარეშე ცხოვრების გზას ვერ გაიკაფავს. ამ მიზეზის გამო ამერიკულ ცხოვრებაზე ოცნებობს, თუმცა გრძნობს, რომ ,,თავის მატარებელზე შეხტომა” დააგვიანა. მიუხედავად იმისა, რომ ფული მისთვის ამერიკაში წასვლის რეალური შანსია, ლაშა მასზე უარს ამბობს, რადგან ხედავს მის დამღუპველ ზეგავლენას ოჯახის წევრებზე. ამიტომაც ამხელს თავის ძმას, ლევანს ნარკომანობაში. დათო, რომელსაც ,,პოეტს” ეძახიან, გ. ჩიხლაძის შესრულებით, ოჯახის წევრებისადმი ირონიულადაა განწყობილი. თავისი გესლიანი სიტყვებით დასცინის ქმრისგან მიტოვებულ ქეთისა და მისტერ იქსით დაიმედებულ დედას. მას აღიზიანებს, როდესაც დედა ,,ამერიკელის” პირად ცხოვრებაში ერევა და ადანაშაულებს კიდეც, რადგან მიაჩნია რომ ყველამ თავის ცხოვრებას უნდა მიხედოს. ცინიკურად უყურებს და არ სჯერა ამერიკანიზაციის გზაზე დამდგარი ძმის თავისუფლებისმოყვარეობა. ამიტომ პირდაპირ ეუბნება: ,,შენ ვინ ხარ და რა გიკეთებია?” და მასხარასაც უწოდებს. ამიტომაც მათ შორის დაპირისპირება ღრმავდება. იგი ნინოსაც დასცინის და არ სჯერა ფულის პოვნის, რასაც დის ხუმრობა ჰგონია, თუმცა ოჯახის წევრებს ფულის დათვლას სთავაზობს და თვითონაც ამ პროცესში აზარტულად ერთვება. ამ დროს ირკვევა, რომ იგი იმ ქალთან დადიოდა, რომელიც ,,ამერიკელს” მოსწონდა და აღიზიანებს დედის გადამეტებული ზრუნვა და მკვახედ პასუხობს: ,,შენ ვინ დაგავალა ჩვენი ცხოვრების დალაგება? ყველამ, თავის ცხოვრებას მიხედოს”, თუმცა დედის ცუდად გახდომისას თავის საქციელს ნანობს და მის დაწყნარებას ცდილობს. ლევანი, გ. ბოჭორიშვილის შესრულებით ოჯახური კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, მოვლენების განვითარებას მეტწილად ჩუმად ადევნებს თვალს, თუმცა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ ტოვებს სახლს, როდესაც დედა საყვარელ ადამიანთან ტელეფონით საუბარს უშლის და თითქოს პრინციპულ გადაწყვეტილებამდე მიდის. თუმცა რეალურად თავისი ყოფის შეცვლა არ ძალუძს. იგი ოჯახის წევრებთან აქტიურ კონტაქტში ნინოს გამოჩენის შემდეგ ერთვება და დის აფორიაქების მიზეზის გაგება სურს. უნდობლობით ეკიდება ფულის ქუჩაში პოვნის ვერსიას, რომლის ,,დაკანონებასაც” ოჯახის წევრთა თვალში ცდილობს. ამიტომ აღიზიანებს დედის მიერ გაუთავებელი ეჭვების გამოთქმა ფულის პოვნასთან დაკავშირებით. ლევანი ვეღარ იტანს დედის საუბარს პატიოსნებაზე, რამაც ოჯახი სიდუხჭირემდე მიიყვანა და მოაგონებს ომში მამისა და ძმის უაზრო დაღუპვას, რასაც ბაბუის აშენებული საკუთარი სახლის გაყიდვა და გარეუბნის ერთ ოთახიან ,,ხრუშჩოვკაში” გადაბარგება მოჰყვა. იგი რეალურად უყურებს ცხოვრებას და წილის მიღების შემდეგ, საკუთარი გზის გაკვლევას გეგმავს. ამიტომ ყველაზე მეტად ფულის დათვლითაა გატაცებული და წყობიდან გამოდის, როდესაც ,,ამერიკელი” მათ ფულზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. სწორედ ამ კამათისას მჟღავნდება ლევანის ნარკომანობის ამბავიც და ძმების ჩხუბის შემხედვარე დედას გული უხდება ცუდად. გ. ბოჭორიშვილის გმირი სულიერი დრამა მის მარტოსულობაშია. იგი საკუთარ ქალაქში თავს გაუცხოებულად გრძნობს. ამიტომაც ეკამათება ლტოლვილ მეზობელს, რომელმაც ცხოვრებას მასზე უკეთ აუღო ალღო. ლევანი გაორებულ მდგომარეობაშია _ არ იცის აფხაზეთში რისთვის იომა და ვერც მშვიდობიან დროში ხედავს თავის დანიშნულებას. ქ. ასათიანის ქეთი ოჯახური მდგომარეობითაც გაღიზიანებულია და პირადი მოუწყობელი ცხოვრებითაც. ამიტომ განმარტოვება მხოლოდ ძილის დროს შეუძლია, რის საშუალებასაც ცინიკოსი ,,პოეტი” არ აძლევს. იგი ხან ბებიის მოვლაშია, ხან ძმების დაწყნარებას უნდება. ოჯახური აყალმაყალის გამო, სულიერ შვებას საახალწლო განწყობაში ხედავს, რასაც ხშირად იხსენებს და ფულის პოვნასაც თოვლის ბაბუის საჩუქრად აღიქვამს, რაშიც თავისი დაფარული ოცნებების რეალურ პერსპექტივას ხედავს. ე. დემეტრაძის ნინო სცენაზე, ჩანთით ხელში, გახარებული შემოდის, ვინაიდან არსებული ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაზე ფიქრობს და დაბნეულიცაა მოულოდნელი ნაპოვნით. იგი ოცნებებში ჩაფლული, გაკვირვებულ და დაბნეულ ოჯახის წევრებს რომანტიკულად პასუხობს _ ღმერთის ხმა ჩამესმაო. შემდეგ, როდესაც ოჯახის წევრთა განწყობის შეცვლას დაინახავს, შექმნილი გაუცხოებული ვითარების ეშინია და ამბობს _ იქნებ ღმერთის ხმა სულაც არ იყოო. ამავე დროს არსებულ სიტუაციაში დედისთვის ორსულობის გამოცხადება პიროვნული გადარჩენის მცდელობაა. ამ ემოციურმა, ნაზმა გოგონამ, გაჭირვების მიუხედავად საკუთარ თავში სიცოცხლის გაგრძელების ძალა აღმოაჩინა, რაც იმედის საწინდარია. ამ ვითარებაში ირკვევა მისი სიხარულის ნამდვილი მიზეზი _ ფულის პოვნას ღვთისგან იმის ნიშნად აღიქვამს, რომ ბავშვი უნდა გააჩინოს. ნინომ ცხოვრების შიში დასძლია და სტერეოტიპული შეხედულებებისგან გათავისუფლდა, რაც ერთგვარ განწმენდის რიტუალს ემსგავსება. ამიტომ ბებია თავისი ბაღის მოვლასა და ტრადიციების გაგრძელებას ნინოს გადაულოცავს, რაც თაობათა სულიერ ერთიანობაზე მიანიშნებს. სპექტაკლში მ. გელოვანმა, ზომიერი იუმორითა და იმპროვიზაციით ლტოლვილი მეგრელი ქალის კოლორიტული სახე შექმნა, რომელმაც მოქმედებაში კომიკური ელფერი შეიტანა და თავისი გულუბრყვილობით ოჯახის წევრები ააფორიაქა. დადგმაში გამოირჩევა ლ. ჩხეიძის თითქოსდა გონებაარეული ბებია, მაგრამ სწორედ მხოლოდ მას ესმის რძლის ეზოდან ძახილი, რასაც შვილები ყურადღებას არ აქცევენ, იგი განიცდის ოჯახში შექმნილ გამოუვალ მდგომარეობას და მათი ჩხუბის მთავარ მიზეზსაც უნიტაზში გადაუძახებს. იგი თითოეული ოჯახის წევრისგან ყურადღებასა და თანაგრძნობას ელოდება, რასაც ვერც ერთ მათგანში ვერ პოვებს და ამიტომ თავისი წარსულის რომანტიკული გახსენებაღა ასულდგმულებს.Mმსახიობი თავის საფინალო მონოლოგში ლირიკული განცდით, დაკარგული ბედნიერი ცხოვრების ილუზორული ხედვით წარმოსახავს იმ ოცნების ბაღს, სადაც ყველანი მშვიდად და ბედნიერად იცხოვრებენ. ამითაა გაპირობებული მისი გარაცვლილი მეუღლის გიორგის გახსენებაც, რითაც სპექტაკლი მთავრდება. რეჟისორმა დრამატურგის ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ განახორციელა. პიესაში გმირთა კამათი, სპექტაკლში ძირითადად ჩხუბში გადაიზარდა და მოქმედება ერთფეროვანი გახადა. დასრულებულად მხოლოდ დედის, ბებიისა და მეზობელი ქალის სახეები წარმოგვიდგება, სხვა პერსონაჟებს კი ბოლომდე ჩამოყალიბებული არა აქვთ თავიანთი მიზნები, თუ რა უნდათ, ან რისკენ მიილტვიან. მხოლოდ სახლიდან გაქცევა ხომ არ არის მთავარი ცხოვრებაში?! თუმცა წარმოდგენა მაყურებელს ჩააფიქრებს ცხოვრების ურთულეს პერიოდში გამოვლენილი მორალურ-ეთიკური ფასეულობებისა და წარსული სულიერი სიმდიდრის შენარჩუნებისკენ, რაც პიროვნული გადარჩენის საწინდარია. სპექტაკლი `ჭურში~ რეჟისორმა ოთარ ბაღათურიამ ქართულ ფოლკლორზე დაყრდნობით შექმნა. ეს არის პატრიოტულ თემაზე აგებული კომპოზიცია, სადაც სიუჟეტური განვითარებით ერთმანეთს ენაცვლება სიმღერა, ლექსი და ცეკვა. მოქმედება თანადროულობიდან ისტორიულ წარსულში გადადის და კვლავ ჩვენ დროს უბრუნდება, რასაც აერთიანებს ქართველი ერის გმირული წარსულის, პატრიოტული სულისკვეთების ჩვენება და სადღეისოდ ამ ეროვნული სულის დაკნინება. აქ ერთმანეთს ენაცვლება ერთის მხრივ, მშვიდობიანი ცხოვრების დროს სიყვარული, შრომა, სიმღერა, დროსტარება, ხოლო მეორეს მხრივ საბრძოლო ეპიზოდები, სადაც ჩანს ქართველი კაცის ბუნება, ადათ-წესებისადმი პატივისცემა, დალხინებისა თუ შეჭირვების ჟამს ქედუხრელობა და მომავლის რწმენა. ჭურის ფორმის რესტორანში მოქეიფენი დროს ატარებენ. მათი ღრეობით გაბეზრებული ოფიციანტები სულმოუთქმელად ელიან სუფრის აშლას. ამ დროს თანამეინახეებს ხელსახოცები შემოაკლდებათ. ოფიციანტიც წიგნიდან ამოგლეჯილ ფურცლებს მიაწვდის. შეურაცხყოფილი, მთვრალი სუფრის წევრები, ოფიციანტებს დავას დაუწყებენ. შეშინებული ოფიციანტი ვ. ციცილოშვილი მათ დაწყნარებას შეეცდება და ყურადღებას გაამახ¬ვილებინებს ფურცლებზე დაწერილ ბრძნულ აზრებზე. მათ ხელში აღმოჩნდა ვახუშტი ბატონიშვილის `აღწერა სამეფოსა საქართველოსა~, სადაც ქვეყნის აღწერილობის ზოგიერთი ფრაგმენტის ამოიკითხვის შემდეგ, მოქეიფეებს აღმოხდათ: `ეს რა მშვენიერი ქვეყანა გვქონია~ და იწყებენ სახელოვანი წარსულის გაცოცხლებას. იქვე მდგარ ოფიციანტ ქალ-ვაჟს ხევსურულ ტანსაცმელს გადააცმევენ და იწყება წინაპართა ცხოვრებისეული ეპიზოდების წარმოსახვა. ამ სასიყვარულო კაფიაობაში მსახიობები ა. მატუაშვილი და ვ. მანძულაშვილი აღწევენ ერთმანეთისადმი სიყვარულისა და მოკრძალების გულწრფელ გამოხატვას, რაც იუმორითაა გაჯერებული. ამასთანავე, ჩანს მათი მხატვრული კითხვის ოსტატობა. აღსანიშნავია, რომ ა. მატუაშვილი ქალის რამდენიმე როლს ასრულებს და ბუნებრივად გადადის სახასიათოდან დრამატულ სახეებში. ამას მოსდევს მათი მშობლების გაშაირების სცენა, რომელსაც იუმორით წარმოადგენენ შ. ბახტაძე და ვ. ციცილოშვილი. სწორედ ამ დროს იპარებიან მათი შვილები, რასაც ქორწილი ცვლის, მაგრამ ლხინს გრუხუნი წყვეტს _ ომი დაიწყო. მსახიობები: გ. ჯაფარიძე, კ. მჟავია, ვ. შიხაშვილი, შ. ბახტაძე, ვ. ტორონჯაძე, ვ. მანძულაშვილი პატრიოტული, საომარი თემის ლექსებთან ერთად, წარმოსახავენ ბრძოლის სცენებს. გამარჯვებული ქართველები იარაღს ქალს აბარებენ და დუქნისკენ მიდიან.Aამ დროს, თოფის ხმას ბიჭის დაბადების ამბავი მოსდევს და დედას სცენაზე აკვანი გამოაქვს. ყველანი აკვანს შემოეხვევიან და ,,ნანას” მღერიან, რაც მომავლის იმედის სიმბოლოდ აღიქმება. ამას მკათათვის გათამაშება სიმღერის `გლესავ და გლესავ ნამგალო~ ფონზე მოჰყვება. თუ აქამდე სიუჟეტი ლოგიკურად ვითარდება, შემდგომ სცენებში `შამამეყარა ყივჩაღი~, ჯიხვებზე ნადირობა და `ვეფხისა და მოყმის~ გათამაშება მოქმედებიდან ამოვარდნილია. გასაგებია, რომ ამით ო. ბაღათურიას უნდოდა ოჯახის პატივისცემის, ვაჟკაცობის ჩვენება, მაგრამ ისინი ლოგიკურად არ ებმიან არც წინა და არც შემდგომ სცენებს. შემდგომი სიმღერის `შემოდგომა შემოსულა გიორგობის თვეო~-ს ფონზე ყურძნის კრეფის, დაწურვისა და დალევის რიტუალია. კვლავ გრგვინვა და ომის დაწყება... ვ. შიხაშვილის ირონიულ რეპლიკაში: `ამ შაჰ-აბასმა, ხო შაჭამა ტვინი~, ჩანს ქართველთა დამოკიდებულება ომისადმი, რაც ყოველდღიურ ჩვეულებად აღიქმება. ,,ხორუმის” ცეკვაც ბრძოლის განსახიერებაა, რომლის ტრაგიკულობაც გამოიხატება კ. მჟავიასა და ა. მატუაშვილის დრამატულად და ემოციურად წაკითხული ლექსის `დედავ, დედავ რაო~ გათამაშებისას, რომელიც ომში დაღუპულ გმირთა სადიდებელი ჰიმნის მნიშვნელობას იძენს. ამ ფონზე კი ქართველთა ბოლო 2008 წლის რუსეთთან ომის ირონიული წარმოსახვა და გაკვირვება `ასე მალე დამთავრდა?~ კონტრასტულად გვიჩვენებს პატრიოტული სულის დაკნინებას, მტერთან გამკლავების უძლურებას. ამიტომაც დაბნეულმა და გაკვირვებულმა გმირებმა არ იციან, რა ქნან და გამოსავალს ჭურში ქეიფის გაგრძელებაში ხედავენ. 2013

bottom of page