
ფოთის თეატრის „ბაკულას ღორები“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

24.09.2026
მანანა თევზაძე
ფოთის თეატრის „ბაკულას ღორები“
დავით კლდიაშვილის მოთხრობა „ბაკულას ღორები“, ქართული თეატრისათვის, ალბათ, მას შემდეგ გახდა საინტერესო, რაც 70-იან წლებში, ბატონმა შალვა გაწერელიამ, საქართველოს ტელევიზიაში დადგა. ამ სატელევიზიო სპექტაკლში შესანიშნავი ქართველი მსახიობები მონაწილეობდნენ: ლემურა ჯაყელი, ნოდარ ცერცვაძე, ბესო ხიდაშელი, ლადო მექვაბიშვილი, შოთა ქრისტესაშვილი და მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის ალბათ მთელი დასი, რადგან მიუხედავად ნაწარმოების ტექსტური სიმცირისა, თამაზ გოდერძიშვილმა იმგვარად გამართა ინსცენირება, რომ იგი ხალხმრავალი შეიქნა.
დავით კლდიაშვილის ამ მოთხრობით, შემდეგ, მიხეილ თუმანიშვილი დაინტერესდა და ცოტნე ნაკაშიძის მიერ ინსცენირებული, ჯერ თეატრალურ ინსტიტუტში დადგა, მერე კი კინომსახიობთა თეატრის სცენაზე გადაიტანა. აგერ უკვე 47 წელია, ეს სპექტაკლი ამ თეატრის რეპერტუარს ამშვენებს და ფაქტობრივად, თუმანიშვილის სახელობის თეატრის წარმომადგენლურ სიმბოლოდ ქცეულს, მაყურებელი არ აკლია.
„ბაკულას ღორები“ მარჯანიშვილის თეატრში დადგა ლევან წულაძემ.
მას შემდეგ საქართველოს ბევრმა თეატრმა მიმართა ამ მოთხრობის ინსცენირებას.
„ბაკულას ღორები“ ამჯერად ფოთის თეატრმა წარმოადგინა მარჯანიშვილის თეატრში. სპექტაკლის რეჟისორი გახლავთ სოფიო ქელბაქიანი, მხატვარი - ავთო მოდებაძე, კომპოზიტორი - თამარ ფუტკარაძე-ლაშხი, ქორეოგრაფები - ირინა კუპრავა და კობა დარახველიძე. მონაწილეობენ მსახიობები: ჯანო იზორია, გენადი შონია, გიორგი სურმავა, თამარ აბშილავა, ანიკო შურღაია, რამინ კილასონია, თემურ გოგინავა, მარტინ ღამბარაშვილი.
***
სცენის სიღრმეში ოაზისივით ამოზრდილა ლერწმიანი კუნძული, გარს შემოვლებული სკამძელით, რომელზეც სამი კაცი ზის თუ თვლემს, წამოწოლილი.
მერე იყო და ეს კაცები წუთით შეიშმუშნენ, თითქოს გამოფხიზლდნენო, მაგრამ არა, თვლემა განაგრძეს. თითქოს რომელიღაც სადგურის მოსაცდელში არიანო, მაგრამ რას ელიან, თუ ვის ელიან? ვინ არიან? ისე კი, თანამედროვედ აცვიათ, რაღაც ქართულად, შავი შარვალ-პერანგი...
სცენის უკანა კედელზე ჩამოშვებული ფარდა მომწვანოდ ჩანს. შავი ხაზებით კვადრატებად დაყოფილმა აგურისფერმა იატაკმა კაკაბაძისეული „ჩემი იმერეთი“ გამახსენა.
წინა პლანზე მაგიდაა.
სიმაღლიდან რამდენიმე სანათი ჩამოშვებულა. მათთან ერთად მიკროფონიც... ზოგადი გარემოა, ვერაფრით მიამსგავსებთ კლდიაშვილის სოფელს.
ის იყო, ავტორისეულმა ტექსტმა ჩანაწერით გაგვაცნო პიესის მთავარი გმირი - გალაქტიონი, რომ მთვლემარე კაცები წამოიმართნენ, ნიღბები მოირგეს და ჩვენ თვალწინ, დიდთავა ღორებად იქცნენ...
არც თუ სასიამოვნო სანახაობაა.
დავით კლდიაშვილის მწერლური სტილისთვის ტრაგიკულის და კომიკურის მონაცვლეობაა დამახასიათებელი და სპექტაკლის ამგვარმა პროლოგმა მძაფრი სატირის ხილვისთვის განმაწყო. მოთხრობის მიხედვით ხომ გალაქტიონ ხოსოლიანმა ქალაქიდან გავლენიანი სტუმრები მოიწვია, მეზობელი ბაკულას შესაშინებლად, რომლის ღორები ბოსტანს უჩანაგებენ. სტუმრებმა კარგად მოილხინეს და კიდევ უფრო გამხიარულდნენ, როდესაც დაინახეს, როგორ ჩიჩქნიდნენ ღორები ბოსტანს.
კომიკურია, რომ ჩინოვნიკების მოწვევამ უფრო დააზარალა ოჯახი, ვიდრე ღორებმა. გალაქტიონს შურისძიება სწყურია და სამაგიეროს გადახდის მიზნით, უსახელო წერილს სწერს მაზრის უფროსს, სტუმრებს აბეზღებს. ბაკულას ღორები კი თავის საქმეს განაგრძობენ.
სიტუაციის ტრაგიზმი და სატირა ამ პერსონაჟთა სევდიანსა და სასაცილო მდგომარეობას გვიხატავს და ადამიანის თავმოყვარეობისა და ამპარტავნების საკვებადაა ქცეული.
ინსცენირების ავტორს ჩანაწერით შემოჰყავს მთხრობელი; ავტორის ტექსტის ერთგულიცაა, თუმცა კლდიაშვილისეული სხვა მოთხრობების რეპლიკებიც მეცნო, მგონი.
თავჩაქინდრული გალაქტიონი მაგიდასთან ზის...
ასე იწყება სპექტაკლი.
უცნაური მუსიკისა და გალაქტიონის ცოლის, ზენათის ხმამაღალი წყევლის ფონზე, უცნაურ ცეკვას იწყებენ ღორნიღბოსნები.
თითქოს ღორებისთვის არ სცალია ცოლ-ქმარს. მათ უცნაურ, თითქოს ტრფიალმორეულ ჟესტებსა და დიალოგში, მათი ოჯახის პრობლემა ირკვევა - მეზობლის ღორების მიერ გაჩანაგებული ქონება! ზენათი, ცოლის სიჯიუტით თავს ესხმის ქმარს და დანასაც ისე უთამაშებს ცხვირწინ, თითქოს ემუქრებაო...
ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ...
ბოსტანში გადასულ ღორებს კი, გადასარეკად, მხოლოდ მათი 14 წლის გოგო, პიტია დასდევს.
ის ერთი ბეწო ოაზისი - ამ ოჯახის ერთი ბეწო ყანა-ბოსტანია და ღორებისაგან გადაჯეგილი მთელი ქონება.
ამ პირველსავე სცენაში გამოჩნდა ორი კარგი მსახიობი: ჯანო იზორია და თამარ აბშილავა. მერე და მერე კიდევ უფრო გამოიკვეთა მათი სამსახიობო ნიჭი: ემოციურობა, განცდის სიწრფელე, მოთხრობის გმირთა სახისა და ხასიათის შექმნის უნარი.
სახასიათო სცენაა შაშასთან შესახვედრად გალაქტიონის მზადება, ან შაშასთვის ხელის ჩამორთმევის ეტიუდი - დასაწყლებული გალაქტიონის ინტონაციები. როგორ უჭირს გალაქტიონს თხოვნის წარმოთქმა - ერთი კაცი შემიშინეო!
და შემდეგი, ასევე მშვენივრად გათამაშებული სცენა - ცარიელ მაგიდაზე ჭადრაკის ფიგურებსავით დაწყობილი გეგმა - ბაკულას ღორების შეშინებისა - გალაქტიონის და შაშას ლოგიკური მახვილებით მშვენივრად გამართული დიალოგი...
შაშა (მსახიობი გენადი შონია) ხომ სულ ტანსაცმელს იკოპწიავებს; ხელებსაც ისე ათამაშებს, თითქოს ხაზს უსვამს თავის აღმატებას.
და მათი საუბრის ფონზე გათამაშებული ორი ღორნიღბოსნის გავლა-გამოვლა...
ეს ღორნიღბოსნები არც ერთ სცენას არ აკლდებიან; მოწმე და მონაწილე არიან ყველა საუბრის, ყველა შეხვედრის, ყველა გადაწყვეტილების. თითქოს სწორედ ისინი წარმართავენ მოქმედებას. საინტერესოა, რომ ნიღბები, ყოველთვის არც უკეთიათ, მაგრამ ეს სახე ერთხელ და სამუდამოდ შერჩენიათ და ჩემთვის, ჩნდება ასოციაცია არც თუ შორეულ, თუ მარადიულ ინსტიტუციასთან.
სწორედ ისინი შემოაგორებენ საწერ მაგიდას. საკანცელარიო სიმბოლოდ ქცეულ მაგიდას, დღეს რომ გამქრალი და სახეცვლილია სისტემიდან, მაგრამ ვისაც გვახსოვს, კარგად გვახსოვს ეს დეტალი ბიუროკრატიული ინტერიერისა.
მაგიდას რუსის სეკრეტარი (მსახიობი გიორგი სურმავა) მიუჯდა. გახსნა თავისი ყოველდღიური „პაიოკი“ და რუსული სიმღერის ფონზე კარტოფილის ჭამას შეუდგა.
თუკი, მთელი რიგი სცენები, რეჟისორულად სიმბოლური გადაწყვეტებითაა საინტერესო, რუსის სეკრეტარის სცენები უხეში, დაუფარავი სარკაზმითაა აფიშირებული. რა ვიცი, იქნებ ასეცაა საჭირო და ამგვარ გადაწყვეტას ჩვენი უთავბოლო დრო მოითხოვს, მაგრამ მე მაინც იმ აზრისა ვარ, რომ „სეკრეტარები“ სხვა რანგისა და სიმაღლის მოხელეები იყვნენ, არა მხოლოდ იმ დროს, და არა ჩვენი ასე გაუბრალოებული წარმოდგენიდან გამომდინარე.
წითლად მოციმციმე განათების ფონზე დაიწყო სიუჟეტის პანტომიმური წარმოდგენა - „ცეკვა-ტლინკაობა“ და შეთანხმდნენ კიდეც, - „ნაპუგაემო!..“
სცენას მხიარული სიმღერა და ტაში ახლავს, რომელმაც ღორებისგან აკლებული გალაქტიონი აიყოლია და წარმოიდგინეთ, ვალსიც ააცეკვა „ევროპეისკულად“...
ესაა, რომ ხმაშეწყობილი რუსული სიმღერის ფონზე „სეკრეტარის“ ხმამ მოისუსტა და ტექსტი ოდნავ დაიკარგა.
სად არის ამ დროს ზენათი? გაავებული და მაჩხუბარა ზენათი?
იგი სტუმრის მოლოდინში თავის სახლს ამზადებს; სცენის მთელ სიგრძეზე ხალიჩას გადაჭიმავს თუ არა, სტუმრებიც საზეიმოდ დაწყობილები შემოდიან წითელი სინათლის შუქზე.
აქედან კი უკვე სრულად თავს იჩენს კლდიაშვილისეული მძაფრი სატირა.
სვამენ, სადღეგრძელოებს ამბობენ, ცეკვავენ...
მხოლოდ ესაა, რომ მთელი წარმოდგენის მანძილზე რაღაც გამწყრალი დადის პიტია...
მაგრამ თეთრ ატლასის კაბაში გამოწყობილ პიტიასაც რომ ააცეკვებენ...
ააცეკვებენ გულის გამაწვრილებელი მუსიკის ფონზე, რომელიც არც ქართულია, არც რუსულ-„სეკრეტარული“, არც ზოგადად კავკასიური და არც „ევროპეისკული“...
რაღაც ისე შემაშფოთებელია ეს მუსიკალური ჩანართები.
ხელებგაშლილი ცეკვავს პიტია, ცეკვავს კი არა, წრიალებს და როგორ არ უნდა ასე უმწეო წოწიალით წრიალი პიტიას...
ჩემი განსაკუთრებული სიმპატია და მოწონება პიტიას (მსახიობი ანიკო შურღაია, რომელიც კარგადაა მორგებული თავის ამპლუას).
ამ გაუგებრობაში მოხვედრილს, ისევ მამა თუ გამოუცეკვებს, თითქოს გამოარიდებს იქაურობას, მაგრამ მათი ცეკვით მოხიბლული სეკრეტარიც რომ ჩვეულებისამებრ ტლინკაობს და ერთს თავისებურად ჩამოუვლის კიდეც... მერე ხელს დაავლებს პიტიას, ვალსს ააცეკვებს, გულ-მკერდზე შემოისვამს, აქეთ-იქეთ დაატარებს, ვერ გადაუწყვეტია როგორ მოიქცეს... მერე ისევ თავის მხლებლებთან ერთად სიმღერას არჩევს, მანამ, სანამ სუფრას არ გადაემხობა.
ისევ მამა წაავლებს ხელს თავის პიტიას და მთვრალ, გატიალებულ სეკრეტარს გამოაშორებს.
მახსენდება რუსთაველის თეატრის არაჩვეულებრივი სპექტაკლი „გუშინდელნი“, ფაციასა და გრენგოლმის ცეკვის სცენა...
აქ კი რეჟისორს შემოჰყავს მოთხრობის ერთი, თითქოს უმნიშვნელო პერსონაჟი, ძაღლი ტრუბია. სპექტაკლის ტრუბია - სათამაშო ძაღლია, გორგოლაჭებზე შემდგარი, საგორიავებელი... ერთგული არსება, რომელსაც პიტია ეხუტება და რომელთან ერთადაც ატლასის კაბის გამოსაცვლელად კულისში გადის. მთელი სპექტაკლის მანძილზე მხოლოდ ამ ერთხელ ჩნდება ტრუბია. ვფიქრობ, აზრის გამოსაკვეთად, რეჟისორს შეეძლო მისი უფრო ხშირი გათამაშება.
ამასობაში ზენათისაც სადღაც გაათრევენ ღორნიღბოსნები და „პატივს სცემენ“.
ყანწ-ტელეფონში მოსაუბრე „სეკრეტარს“ მოულოდნელი, არაავტორისეული ფრაზა დასცდება, - სამი მილიონი კი არა, უკვე მილიონნახევარი არიანო... ჩვენი ძალიან დღევანდელი რეალობის აღმნიშვნელი რეპლიკა!
ღორების ნამოქმედარით ძალიან შეფოთებულია შაშა, სეკრეტარი კი ამბობს, - მე რასაც ვაკეთებ, კაჩესტვითო...
აქ ჩნდება შაშას რეპლიკა სეკრეტარისადმი: - ალექსანდრე დამიძახე ვასილი ივანიჩ, ალექსანდრე!
სინანულის გრძნობამ თუ თავმოყვარეობამ გაიღვიძა მასში?
მეტი არ არის ჩემი მტერი...
და მეტი რაღა უნდა სთქვას სადღეისოდ მნიშვნელოვანი სპექტაკლმა და მასში მონაწილე მსახიობებმა და დამდგმელმა რეჟისორმა? ისინი ხომ დროდადრო მიკროფონთან მიდიან და თავის სათქმელს ახმოვანებენ, ყველას გასაგონად აცხადებენ თავიანთ განსაცდელსა და დარდს და წუხილს და გმინვასა და ვაებას...
მერე რა? ვინმეს ესმის?
და იმიტომ რომ ყველას გააგებინოს, ზენათი და არა გალაქტიონი, გრძელ ქაღალდს ეტრატივით გაშლის... გაშლის, გაშლის...
და აირევიან ერთმანეთში სცენაზე პერიოდულად გამოჩენილი ღორნიღბოსნები... სეკრეტარი, თვითონ რომ მიათრევს თავის მაგიდას... ფურცლებზე თავჩარგული გალაქტიონი, რომელიც წერს, წერს, წერს საჩივარს... „დანოსს“...
არსებობისათვის მძაფრ ბრძოლაში ჩაბმული გალაქტიონი ამჩნევს კი საკუთარ დამცრობას, დაკნინებას?..
იცის, რომ რასაც აკეთებს, კარგი არ არის და ცუდია? ხომ გაიძახის კიდეც, - რა ბოროტები ვართო! - მაგრამ თავსაც რომ იმართლებს, - მაგათზე მაინც ვიყარე ჯავრიო!..
და სრულიად მოულოდნელად, გამწარებული ჩაქუჩს დასცხებს... უღელს... ღორისათვის კისერზე ჩამოსაცმელს თავად ჩამოიცვამს თავსა და კისერზე, რადგან თავადაა უკვე დასაბმელი...
და გადის სცენიდან გალაქტიონი...
იქ კი ღორნიღბოსნები დგანან მზადმყოფნი და აღარაა გალაქტიონის საშველი და საცხოვრისი...
მხოლოდ პიტია დარჩენილა მათთან მებრძოლი, ჯოხით მომგერიებელი... 14 წლის პიტია!
როდემდე? ჩემო კარგო ქვეყანავ... როდემდე მოიგერიებს პიტია ღორნიღბოსნებს?
ვულოცავ ფოთის თეატრს! კარგი მსახიობები ჰყავს, მახარებს მათი ყოველი გამოჩენა სცენაზე.
ვულოცავ დამდგმელ რეჟისორს, სოფიო ქელბაქიანს და მთელ სადადგმო ჯგუფს.