top of page

ბაქო - თავშეყრის ძველი ადგილი ახალი ფორმატითა და კონცეფციით

V38B1776.JPG
251316180_6286723458067692_1559801733054782224_n.jpeg
V38B6741.JPG
V38B1090.JPG

ლაშა ჩხარტიშვილი

ბაქო - თავშეყრის ძველი ადგილი ახალი ფორმატითა და კონცეფციით

 

მსოფლიო სათეატრო სამყაროსთვის აზერბაიჯანი ბოლო ათწლეულში ბაქოს საერთაშორისო სათეატრო კონფერენციასთან ასოცირდებოდა. ბაქო იყო გამოჩენილი სათეატრო მოღვაწეების, თეატრის თეორეტიკოსებისა და კრიტიკოსების, პროდიუსერების, ფესტივალების ხელმძღვანელების, თეატრის პრაქტიკოსების თავშეყრის ადგილი. ასევე ამ ფესტივალზე, მთელი მსოფლიოდან თავს იყრიდა დამწყები, მაგრამ უკვე წარმატებული ახალგაზრდა თეატროლოგები. მართალია, მაშინ თავად აზერბაიჯანულ თეატრს და მასში მიმდინარე შემოქმედებით პროცესს კონფერენციის სტუმრები და მონაწილეები ვერ ვეცნობოდით, მაგრამ ბაქოს კონფერენცია აღმოჩენილა მრავალი საერთაშორისო კოპროდუქციის, სხვადასხვა მიმართულების საერთაშორისო სათეატრო პროექტების, სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციების მაპროვოცირებელი. ამ მნიშვნელოვან მსოფლიო სათეატრო ფორუმს აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო უწევდა ორგანიზებას.

 

ამჯერად, ბაქოს სათეატრო კონფერენცია (კოორდინატორი პანდემიის დროს დაღუპულო შაიგ საფაროვი, აცხონოს ღმერთმა) ჩაანაცვლა ბაქოს 4.4 მოკლე სპექტაკლების ფესტივალმა. ფესტივალის დამფუძნებელია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეატრის კრიტიკოსი და ინტერნეტ პორტალ “teatro.az” დამფუძნებელი და გენერალური რედაქტორი ელჩინ ჯაფაროვი. ფესტივალის მხარდამჭერი და მთავარი პარტნიორი კვლავაც  აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროა. სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ყველა კონტინენტზე, ფაქტობრივად, შეუძლებელია მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტის განხორციელება საშემსრულებლო ხელოვნებაში, განსაკუთრებით თეატრში.

 

მოკლე სპექტაკლების ფესტივალმა ფაქტობრივად რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია იკისრა: ერთი მხრივ, ფესტივალი წარმოადგენს პირველ მცდელობას აზერბაიჯანული შოუქეისის, სადაც თავს იყრის თითქმის ყველა თეატრი აზერბაიჯანიდან, ახალი წარმოდგენები, რომლის პრემიერებიც სწორედ ფესტივალის ფარგლებში იმართება, მეორე მხრივ, ფესტივალის სტუმრებს: თეატრის მარკეტოლოგებს, სათეატრო ჟურნალისტებს, თეატრის კრიტიკოსებსა და მკვლევრებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ თანამედროვე აზერბაიჯანულ თეატრს და მასში მიმდინარე შემოქმედებით პროცესს (თუ ასეთი არსებობს, ცხადია). ფესტივალის ფარგლებში უცხოელი გამოცდილი თეატრის პრაქტიკოსები, პროდიუსერები ატარებენ ვორქშოპებსა და მასტერკლასებს ახალგაზრდებისთვის. ასევე იმართება საფესტივალო სპექტაკლების განხილვა კრიტიკოსებისა და ჟიურის მიერ, ფესტივალზე მოწვეული ექსპერტები (თეატროლოგები) კი მართავენ დისკუსიებს თანამედროვე თეატრის აქტუალურ პრობლემებზე.

 

ბევრი ქვეყნის მაგალითზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო ურთიერთობებს და ფესტივალებს უმნიშვნელოვანესი გავლენის მოხდენა შეუძლიათ თეატრის განვითარებაზე, პროცესის წახალისებაზე, ახალი, კრეტიული იდეების პროვოცირებაზე და მათ განხორციელებაზე. ვფიქრობ, სტაბილურობის და მშვიდობის შემთხვევაში, ბაქოს მოკლე სპექტაკლების ფესტივალი გახდება ერთგვარი სტიმულატორი თანამედროვე აზერბაიჯანული თეატრის.

 

ორიოდ სიტყვით, რისი თქმა შეიძლება თანამედროვე აზერბაიჯანულ თეატრზე, რომელიც 4.4 მოკლე სპექტაკლების ფესტივალების 2022 წლის პროგრამაზე არის დაფუძნებული:

 

  1. სამწუხაროდ, ადვილი შესამჩნევია და თვალშისაცემია დიდი განსხვავება რეგიონის და დედაქალაქის თეატრებს შორის აზერბაიჯანში. მხატვრული ხარისხის მკაცრი კონტრასტი შესამჩნევია, როგორც სტილისტიკის თვალსაზრისით, ისე შემოქმედებითი დონით. მათ შორის, ერთგვარი უფსკრულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბაქოს თეატრების შემოქმედება ისე ბრწყინავს, რომ მაყურებელს თვალს მოჭრის. აზერბაიჯანული თეატრის მომავალი ახალგაზრდა რეჟისორთა და მსახიობთა ხელშია. სწორედ მათ ძალუძთ ახალი სათეატრო ენის დამკვიდრება, რაც ფესტივალის პროგრამა OFF-მაც დაადასტურა.

  2. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ თეატრი ყველაზე თანამედროვე ხელოვნებაა, რომელიც ვერც ჩამორჩება და ვერც უსწრებს დროს, თუ ვფიქრობთ, რომ თეატრი ხელოვნებაა, რომელიც გვიჩვენებს და აირეკლავს ცხოვრებას, რომელიც აქ და ახლა მიმდინარეობს, მაშინ აზერბაიჯანული თეატრი საკმაოდ ჩამორჩება დროს, მაგრამ არა ეპოქას, რადგან, აზერბაიჯანული თეატრისთვისაც აქტუალურია გლობალური თემები და პრობლემები, მათ შორის ომი… თაობათა მონაცვლეობისა და  ღირებულებების გაუფასურების, ახალი შეხედულებებისა და იდეების დამკვიდრებასთან წარმოშობილი აქტუალური საკითხები.

  3. აზერბაიჯანულ თეატრში გასაახლებელია სათეატრო ენა, ესთეტიკა, სტილისტიკა, თამაშის უკვე დრომოჭმული და მოძველებული მანერა, სპექტაკლის აგების, სცენოგრაფიის გააზრების და მისი განხორციელების ტექნოლოგია.

  4. ყველა ქვეყნის თეატრში, მათ შორის სათეატრო ხელოვნებაში მოწინავე ქვეყნების შემთხევაშიც კი, რეპერტუარში შეგხვდებათ სუსტი და ძლიერი, წარმატებული და წარუმატებელი სპექტაკლები. ასეა აზერბაიჯანულ თეატრშიც. მაგალითად, მიხაილ მიხაილოვის სპექტაკლში „კლოუნები“ (მატეი ვიშნეკის პიესის მიხედვით, თეატრი „YUG“) იგრძნობა არა მხოლოდ რეჟისორული აზროვნება, არამედ სათეატრო კულტურა, მსოფლმხედველობა, გამოცდილება და პროფესიონალიზმი. იგივე შემიძლია ვთქვა სპექტაკლში მონაწილე მსახიობებზე, რომლებიც მუშაობენ საინტერესოდ და მაღალი პროფესიონალიზმით.

  5. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენებ სპექტაკლებს შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ირადა გოზალოვას მიერ დადგმული „დედის წიგნი“. შეგრძნება მქონდა, რომ თანამედროვე აზერბაიჯანელი დრამატურგის სცენურ ინტერპრეტაციას ვუცქერდი აზერბაიჯანის მუსიკალური კომედიის თეატრში. პიესის ავტორი ჯალილ მამადგულუზადე კლასიკოსია. მისი პიესა კი ირიდა გოზალოვამ ისე გააცოცხლა, რომ მოქმედება დღეს და ახლა მიმდინარეობს, საერთაშორისო კომპანიის ოფისში. მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობები ინგლისურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე თამაშობენ თავიანთ როლებს და ქმნიან ჩვენი დროის ახალი ტიპის გმირებს, ხასიათებს, პერსონაჟებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია სცენოგრაფის ვუზამ რაჰილის ნამუშევარი, რომელიც არა მხოლოდ თანამედროვე ოფისის სივრცეს ქმნის, არამედ დინამიკურ სცენოგრაფიას, რომელიც ბევრი იდეის განხორციელების საშუალებას აძლევს რეჟისორს და მსახიობებს. („დედის წიგნი“ ფესტივალის უცხოელ ექსპერტთა მიერ საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა და მას თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების სპეციალური დიპლომი გადაეცა)

  6. ფესტივალზე ვიხილეთ ბაქოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრის ორი ნამუშევარი. ჩინგიზ აიტმატოვის „მანქურთი“ და ნიკოლაი გოგოლის „შინელი“. ეს უკანასკნელი კი, მართლაც გამორჩეული ნამუშევარია (ჟიურიმ უმაღლესი და მთავარი პრიზი სწორედ ამ სპექტაკლს მიანიჭა). რეჟისორი ჯეიჰუნ დადაშოვი გოგოლის „შინელის“ მიხედვით ქმნის სრულიად ახალ ნაწარმოებს, რომელიც ძალაუფლების დაუოკებელ წყურვილზეა. რეჟისორი ჯეიჰუნ დადაშოვი წარმოგვიდგენს ფანტაზიას გოგოლის “შინელის“მიხედვით და ასოციაციის და ლოგიკის პრინციპით ქმნის სრულიად ახალ, დამოუკიდებელ ნაწარმოებს. ამავდროულად, ამ სპექტაკლში მნიშვნელოვანია გამომსახველობითი ფორმა და საშუალება, რომელიც ქართული პანტომიმის თეატრისგან განსხვავებით, კონსერვირებული კი არ არის, არამედ განვითარების პროცესშია და „შინელი“ ამის უტყუარი დასტურია. თანამედროვე პანტომიმა კარგა ხანია გასცდა მარსელ მარსოს დამკვიდრებულ გამომსახველობით ხერხებს, ის დღეს ფიზიკურ, მოძრაობის თეატრს მიუახლოვდა. აზერბაიჯანის პანტომიმის სახელმწიფო თეატრი კი თანამედროვე სათეატრო ტენდენციებისა და ტრენდების კვალდაკვალ ვითარდება, სადაც დაშვებულია სიტყვაც, ხმაც, ვოკალიც, მაგრამ პრიორიტეტული მაინც მოძრაობაა, ფიზიკური სხეულით გამოხატული განცდა, მოქმედება, მოთხრობილი ამბავი. პანტომიმის თეატრის ახალგაზრდა მსახიობები საინტერესო პერსონაჟებს ქმნიან და ისინი იძლევიან გარანტს უკეთეს პირობებში აღმოჩენის შემთხვევაში, მასშტაბის გაფართოების, რადგან მათში ეს რესურსი აშკარად ჩანს.

  7. მონო სპექტაკლებს შორის (რომელიც რამდენიმე იყო წარმოდგენილი ფესტივალზე) უპირობო ლიდერი აზერბაიჯანის ნაციონალური თეატრის სცენაზე თეატრის „სახნა“ მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი   „ლეგენდა მგელზე“ არის, რომელიც რეჟისორმა ნამიგ აღაიევმა ხაგანი ალიევის ნაწარმოების მიხედვით დადგა. მსახიობი ვუსალ რზასოი არა მხოლოდ ფაქტურით გამოირჩეოდა, არამედ მაღალი პროფესიონალიზმით, ვოკალური და პლასტიკური მონაცემებით, მსახიობისთვის საჭირო გარდასახვის ტექნიკით, შესრულების სტილითა და თამაშის მანერით. ამ სპექტაკლში ყველა მოძრაობა და სიტყვა ლოგიკურ თანხვედრაში იყო ერთმანეთთან.

 

 

ვფიქრობ, 4.4 მოკლე სპექტაკლების ფესტივალი თავისი ფორმით და კონცეფციით უნიკალურია, ის დიდ სამსახურს გაუწევს აზერბაიჯანულ თეატრს, გახდის უფრო პოპულარულს სათეატრო სივრცეში და გააჩენს მოტივაციას ახალი იდეების განსახორციელებლად.

 

P.S. ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო მარჯანიშვილის თეატრი ლევან წულაძისა და თემო კუპრავას სპექტაკლით „კრეიცერის სონატა“. ბაქოელმა მაყურებელმა ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები. ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასები ჩაატარეს ლევან წულაძემ, იოსებ ბაკურაძემ, ეკა მაზმიშვილმა, ნუცა ბურჯანაძემ.

bottom of page