top of page

ბათუმის თეატრის მეორე პრემიერა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

სულთა პეპელა დაფრინდა, ფრთა დამეფარა სიზმრის

13.03.2026

გუბაზ მეგრელიძე                                        

ბათუმის თეატრის მეორე პრემიერა

ბათუმის თეატრმა მოგვიანებით გახსნილი სეზონი აქტიურად დაიწყო. ჯერ დავით კლდიაშვილის ,,დარისპანის გასაჭირის“ განსხვავებული ვერსია შემოგვთავაზა, ხოლო შემდეგ  ალექსი ჩიღვინაძის გახმაურებული პიესა ,,უხერხემლო“, რომელიც რეჟისორმა გაგა გოშაძემ განახორციელა.

ამ პიესამ  რამდენიმე წლის წინ მიხეილ თუმანიშვილის ფონდის კონკურსის მთავარი პრემია დაიმსახურა და იმთავითვე მიიქცია თეატრების ყურადღება (იგი რამდენიმე თეატრმა დადგა).   ასეთი წარმატებული სადადგმო ისტორიის შემდეგ, მკითხველი იფიქრებს, დასაბუთებულადაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სპექტაკლები დაიდგა, თუმცა აღებული თემა და მისი გადაწყვეტა სადავოა. პიესის მთავარი პრობლემა ტრასგენდერებისა და საზოგადოების ურთიერთობაზეა დაფუძნებული. ქართველები, ეროვნული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ვერ (არ) ეგუებიან  იმას, რაც რეალურად  არსებობს. მთელ დედამიწაზე და, ბუნებრივია, ჩვენშიც არიან განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები. ნაწილი გმობს და სასწრაფოდ გამოსწორებას უბრძანებს არატრადიციული ორიენტაციის მიმდევართ, ნაწილი ძნელად, მაგრამ მაინც აღიარებს  მათ არსებობას. მეტიც, გაგებით ეკიდება და პატივს სცემს მათი ცხოვრების წესს. საერთო ჯამში, წინააღმდეგობრივი პროცესია: ძნელად გასაცნობიერებელი, მაგრამ რეალური. განსხვავებული ორიენტაციის წარმომადგეგნლებისადმი უარყოფითი დამოკიდებულკება აქვს ეკლესიასაც, თუმცა პიესაში მღვდელი პატიობს, წესსაც უგებს და სასაფლაოზე დასაფლავების ნებასაც რთავს. ფაქტია, თეატრში ამ პრობლემას თანაგრძნობითა და გაგებით უყურებენ. ამავე თემას ეხებოდა ფილმი ,,და შემდეგ ჩვენ ვცეკვავდით“ (2019 წ., შვეცია-საფრანგეთი-საქართველო, რეჟ. ლევან აკიმი), რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.  

სპექტაკლის მესვეურებმა ფაქტობრივად ბეწვის ხიდზე გაიარეს და ეს უაღრესად საყურადღებო პრობლემა გააზრებულად მიიტანეს მაყურებლამდე, თუმცა  ის (მაყურებელი)  ვერ ხედავს მიზეზთა ძიებას, რომლებმაც ელენე (დაბადების სახელი ლევანი) ამ სტატუსამდე მიიყვანა, არამედ უფრო საგრძნობია პატიების, გაგებისა და ვითარებასთან შეგუების ტენდენცია. საყრადღებოა ისიც, რომ პიესის სიუჟეტი რეალურად მომხდარ ამბავს ეყრდნობა, რომელიც კახეთში რამდენიმე წლის წინ მოხდა და დრამატურგმა მისი განზოგადება სცადა.     

ასეთი საკამათოა პიესის შინაარსი. სპექტაკლის საშემსრულებლო დონე მაღალია. მხედველობაში მაქვს, მსახიობთა მიერ, გულწრფელად და ემოციურად შესრულებული როლები, მიზანსცენებში გამოკვეთილია გმირთა ხასიათები, რაც რეჟისორ გაგა გოშაძის მსახიობებთან მუშაობის შედეგია.

მოქმედება ნახევრად ჩაბნელებულ სცენაზე მიმდინარეობს. პერიოდულად ისმის წვიმის, ჭექა-ქუხილის ხმა, რაც მოქმედების დრამატულობას ფიგურალურად გამოკვეთს. სცენოგრაფ აკაკი ჯაშის მიერ შექმნილი სამყარო ოჯახის უკიდურეს გაჭირვებას გამოხატავს, რაც გმირთა რთულ და გამოუვალ ვითარებაზე მიუთითებს. საქანელაზე დაფიქრებულად მჯდარი მართა თავის სულიერ და საზოგადოებრივად მერყევ მდგომარეობას განასახიერებს. სწორედ ამ ვითარების თითქოსდა შესალამაზებლად იწყებს მაია ცეცხლაძის გმირი სახლის დალაგებას. იატაკზე ჭუჭყისა და ფარდებზე ჩრჩილის კვალს ხედავს და მის გასუფთავებას ცდილობს უცხო თვალის დასანახავად. ჩანთიდან იღებს ფოტოს, ვადაგასულ მატარებლის ბილეთს, რომლებიც გარდაცვლილ შვილს ეკუთვნის. მართა ამ საქმიანობით ცდილობს ნერვიულობის გადაფარვას, რადგან სამძიმარზე არავინ მოდის. ამას ემატება მისი სკოლიდან დათხოვნის ამბავიც - შვილი ვერ აღგიზრდიაო და მასწავლებლობის მორალური უფლებაც არ გაქვსო... ჩამტვრეული შუშების კვალიც სოფლის მაცხოვრებელთა პროტესტის შედეგია ტრანსგენდერი შვილის გაზრდისთვის. ამ დროს შემოდის ტიტე კომახიძე - მამა, რომელიც დაბნეული და დაფიქრებულია. სწორედ მის კისერზე გადადის სასახლის შეკვრაცა და ეზოში საფლავის გათხრაც, ვინაიდან თანასოფლელებს არც სათანადო მასალა აღმოაჩნდათ და ჩვეულებრივ სასაფლაოზე დაკრძალვაც აუკრძალეს. სამანს იქით იკრძალება განსხვავებული, ყველასაგან გარიყული ადამიანი, სიცოცხლეში უარყოფილი, მკვდარიც მოძულებული. მამის თითქოსდა გამოუვალი მდგომარეობა სახალხოდ შერცხვენითა და თავმოყვარეობის შელახვითაა განპირობებული. ცოლისგან უხერხემლოდ შერაცხული, შვილის გვამთან მდგარი, საკუთარ თავში მაინც პოულობს ძალას, რომ უკანასკნელი პატივი მიაგოს. მსახიობი გადმოსცემს გმირის მორალურ და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას ასეთი ოჯახური ვითარების გამო. არ სიამოვნებს ცოლის დამამცირებელი სიტყვები და ფიზიკურადაც ეხება მას. იგი მოვლენებისადმი უშუალო დამკიდებულების შენარჩუნებას ცდილობს, მართა კი უფრო აგრესიულ და დრამატულ განწყობას გამოხატავს. მაია ცეცხლაძე გულწრფელად გადმოსცემს დედის განცდებს. იგონებს, როგორ სცემდნენ მის შვილს სოფლის ბიჭები,  ვერც იმას არკვევს, ხუთი წლის წინ სახლიდან გაქცეულმა შვილმა თავი მოიკლა, თუ სხვის დახმარებას შეეწირა,. დრამატულია მისი განცდა, როდესაც ჰყვება, ჩუმად ქალაქში თვალთვალისას  ვიღაც  ქალმა როგორ შეურაცხყო მისი შვილი და როგორ გააფრთებით ეძგერა მას. ამ სცენაში დედის ინსტიქტი აპოგეას აღწევს, რადგან შვილთან ერთად მისი პიროვნებაც გაუფასურებულია. ეს ტანჯვისა და გამართლების შინაგანი წინააღმდეგობა არ ასვენებს მართას და ამ მდგომარეობის ახსნას ცდილობს.

 დაძაბული ვითარების კონტრასტია  ჩუმ გარემოში გარედან შემოჭრილი მხიარული მუსიკა... ,,მართალთა’’ ზეიმი საოცრად შემაძრძწუნებელს ხდის ადამიანურ ტრაგედიას.....

 შექმნილი მძიმე ვითარების მიუხედავად, მართა მაინც გამოსავალს ეძებს. სწორედ თანაგრძობის ძიებამ მიიყვანა იგი მღვდლამდე, რომელიც სპექტაკლში მეორე სართულზე (მათგან ამაღლებულ ადგილზე) ცხოვრობს (რაც ფიგურალურად ღმერთის უზენაესობაზეც მიგვანიშნებს და მის ნებას დედამიწაზე მღვდელი ახორციელებს). ამ დაკეტილ კართან მართას განწირულობამ მღვდელი - კახა კობალაძე გამოაღვიძა. ეს სცენა ძალიან ჩაბნელებულია და მღვდლის მიერ გადაწყვეტილების მიღება არ ჩანს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ იგი უფრო მექანიკურად მოქმედებს, ვიდრე რაიმე სულიერი განცდის შედეგად. აქ ადამიანური თანაგრძნობა მეტია. წესის აგებისას ჩუმად არის, მშობლებთან დიალოგი ლაკონიურია და სასაფლაოზე დაკრძალვის უფლებასაც აძლევს, თუმცა არ ჩანს მისი გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი, თუ რატომ მიდის საკუთარი თავისა და სოფლის წინააღმდეგ. გაუგებარია მისი არჩევანი: იგი ღვთიური მიტევებითა თუ თანაგრძნობითაა (იქნებ, დედის თხოვნითაც) განპირობებული. შესაძლოა დრამატურგმაც დააკლო ამ მოტივაციას ახსნა.

ვითარებას გარდაცვლილის მეგობართა მოსვლაც ამძაფრებს. მათ წითელი კაბა მოაქვთ, რომელიც გადაღებებზე ეცვა და დაუბარებია კიდევაც - თუ რამე მომივა, ეს კაბა ჩამაცვითო. ნინო - მარიამ გველესიანის (ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი) შესრულებით - თამამი გოგოა, რომელიც ბილწსიტყვაობასაც არ ერიდება, მაგრამ მისი როლი და დანიშნულება მოქედებაში არ იკვეთება. არ ჩანს, როგორი მეგობრობა აკავშირებდა გარდაცვლილთან. იგი ცდილობს მიცვალებულის სახელის დაცვას მშობლებისგან და მასთან ერთად მოსულ მეგობარ დანიელისგან მეტ აქტიურობასა და პრინციპულ დამოკიდებულებას მოითხოვს, რომ მიცვალებულს წითელი კაბა ჩააცვან და ამით მისი ცხოვრებისეული არჩევანი აღიარონ.

დანიელი, თორნიკე ბარამიძის შესრულებით, თავიდანვე დარცხვენილია და ცდილობს მშობლებს არ შეეწინააღმდეგოს, თუმცა ელენესთან ურთიერთობის გამხელის მოტივაციას მამასთან მაინც ახერხებს. მსახიობს სჭირდებოდა მეტი შინაგანი განცდის ჩვენება, შეფარული გრძნობების მაყურებლამდე მიტანა და საკუთარი დამოკიდებულების უფრო გასაგებად გამოვლენა. თითქოს დამნაშავედაც გრძნობს თავს, თუმცა ისიც უნდა იგრძნობოდეს, თუ რამ განაპირობა ახალგაზრდა ბიჭის  თანატოლისადმი ლტოლვა. უფრო მოტივირებული უნდა იყოს მისი ქცევა, როდესაც ასეთ დრამატულ ვითარებაში მობილურში ელენეს სიმღერას უსმენს - ეს მის გრძნობებთანაა დაკავშირებული, თუ არსებული დაძაბული ვითარების განსამუხტავად.

ტიტე კომახიძის გმირი - მამია ძალიან რთულ მდგომარეობაშია. გარემოება მასზე ემოციურად მოქმედებს - გეცხოვრა ნორმალური ცხოვრებით და ცოლ-შვილიც გეყოლებოდაო, - დანანებით ჩაილაპარაკებს. იგი შვილის ყრმობის თვისებების გახსენებას ცდილობს, რომ  ამით შვება იგრძნოს. ბრაზიც თანდათან უნელდება და მართასაც არაფერს ეუბნება, როდესაც ის ოთახში შვილისთვის წითელი კაბის ჩასაცემლად შედის. მართასთვის მოულოდნელია მღვდლის მიერ სასაფლაოზე დასაფლავების ნებართვის მიცემა,  გაგონილის არ სჯერა, მაგრამ მასში იმედის ნაპერწკალი იღვიძებს და მამიაც დანიელს მეგობრულად ეუბნება - ცხედრის გადასვენებაში მომეხმარეო. მშობლები შეეგუენ რეალობას და ელენეს (ლევანის) მეგობრებსაც შეურიგდნენ. ამის მაჩვენებელია ფინალში მართასა და ნინოს ერთად ჩუმად დგომა. სინათლე ქვრება და მთელ სცენაზე განათების იმიტაციით პეპლების ფრენას ვხედავთ, იმ პეპლებისა, რომლებიც ელენეს ტანზე ეხატა...

ფინალი, მართლაც, პოეტურია, მაყურებლი თანაგრძნობით ივსება და ემოცია ტაშით გამოიხატება.

ფოტო: თორნიკე თავაძე

bottom of page