ბათუმის თეატრი - ადამიანებზე, სიკვდილ-სიცოხლესა და დემონებზე

ბათუმის თეატრი - ადამიანებზე, სიკვდილ-სიცოცხლესა და დემონებზე

ლელა ოჩიაური

 

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის  პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირიდან აჰმედ მელაშვილის პატარა და მყუდრო ქუჩაზე,  ახალ სივრცეში გადასახლების შემდეგ (საგანგებოდ რეკონსტრუირებულ თეატრის ყოფილ საამქროში, რომელსაც „ახალი სცენა“ უწოდეს) დროებით გადაინაცვლა, ახალ გარემოსთან შეგუება (და არა მარტო ფიზიკურად) მორგება მოუწია.

„ახალი სცენა“, რომელიც 2 წლის წინ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ანდრო ენუქიძის ინიციატივითა და მცდელობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელების  ხელშეწყობით, თეატრის მთავარი შენობის რემონტის გამო გაიხსნა, მნიშვნელოვნად განსხვავდება „აკადემიური“ თეატრის სპეციფიკისა და მოცემულობებისგან. „ახლამა სცენამ“ ნებისმიერს, ვინც მის ზღურბლს გადააბიჯა, თამაშის ახალი წესები შესთავაზა  და ეს პირობა ყველამ მშვენივრად გამოიყენა.

„ახალი სცენა“  მცირე ზომისა და სპეციფიკური პროექტირებიდან გამომდინარე, მხოლოდ  კამერულ, რანდენიმეპერსონაჟიან და არამასობრივი სცენების შემცველი პიესების დადგმას იტანს. (თუმცა, ამ მხრივაც არსებობს გამონაკლისი, რაზეც ოდნავ მოგვიანებით ვიტყვი). ამდენად, რთულდება რეპერტუარის შერჩევაც და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაც. და ბევრ სურვილზე, იდეაზე უარის თქმაც.

ჩანაფიქრით, ეს არაა არც ექსპერიმენტებისთვის განკუთვნილი და სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი სივრცე (თუმცა, რა თქმა უნდა, არც უამისობაა) და არც „იატაკქვეშა“ - სარდაფისა თუ სხვენის ტიპის (რაც დამახასიათებელია დიდ თეატრებში არსებული მცირე თუ ექსპერიმენტულის სცენებისთვის, რომლების სახელწოდებასაც შინაარსი  ამართლებს) პატარა დარბაზი, რომელშიც მეტი ადგილი ახალი ფორმების ძიებებს, წარმატებულ თუ წარუმატებელ მცდელობებს ეთმობა. არამედ სრულფასოვანი თეატრია, რომელსაც განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს. [სავარაუდოდ, მომავალში, „ახალი სცენა“ დარჩება კიდევ ერთ ადგილად, სადაც თავისუფლად შეიძლება როგორც ექსპერიმენტების ჩატარება (რასაც, ბათუმის დრამატული თეატრი, მანამდეც წარმატებულად და აქტიურად ახერხებდა), ასევე, კამერული, მცირემასშტაბიანი დადგმების განხორციელება].

ესაა დროებით უბინაო თეატრის ერთადერთი ალტერნატიული სივრცე, რომლის სპექტაკლებიც მაყურებლის სიახლოვეს,  უშუალოდ თვალწინ, ტრადიციული ამაღლებული და აღჭურვილი სცენის გარეშე თამაშდება და როგორც რეჟისორების (მოქმედების თავისებური გაშლა, აწყობა და დინამიკა, მიზანსცენების თავისებური განლაგება და მონტაჟი, რაც ავტორის ხელწერასა და სტილისტიკას ემატება), ასევე მსახიობების მხრიდან (ხმის რეგისტრების, ტონალობის, ინტენსივობის გათვალისწინებით დაწყებული, ნებისმიერ არტისტული მეთოდით დამთავრებული, რაც ქმნის პერსონაჟის სახეს, ხასიათს, ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, ბიოგრაფიას, ურთიერთობებს და რასაც ვერაფერი, ვერანაირი ტრუკი თუ ეფექტი დაფარავს) განსაკუთრებულ ხერხების გამოყენებას მოითხოვს.  

ბათუმის დრამატული თეატრი სამხატვრო ხელმძღვანელ ანდრო ენუქიძის, 2 წლის წინ  დასახულ, კურსს აგრძელებს და თან საკმაოდ ინტენსიურ  სარეპერტუარო პოლიტიკას ატარებს. პროგრამაში ერთმანეთს ცვლის ქართველი და უცხოელი (რომლებსაც თავიანთი უშუალო და თეატრალური სკოლების გამოცდილება მოაქვთ) სხვადასხვა თაობის რეჟისორების სპექტაკლები - ქართველი და უცხოელი ავტორების, სხვადასხვა პერიოდის დრამატურგიაზე. რეპერტუარშია სხვადასხვა ჟანრისა და ხასიათის დადგმები, სხვადასხვა სპეციფიკისა და მხატვრული ძიებებით აღსანიშნავი.

სხვადასხვა რეჟისორთან მუშაობა მსახიობებს საშუალებას აძლევს, ერთი მხრივ, ახალი შტრიხებით გაამდიდრონ საკუთარი ხელოვნება,  მიიღონ და გამოიყენონ მიღებული გამოცდილება სხვა სპექტაკლებშიც და ამავე დროს, ზოგადად ქართულ სამსახიობო სკოლას ახალი გამოცდილება შესძინონ. 

ამჟამად, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის პროგრამაშია - ანდრო ენუქიძის „სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისაო“, სლავომირ მროჟეკის მიხედვით; ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“ და „ბონდოს ღამე“, ინგმარ ვილკისტის პიესის, ირაკლი სამსონაძის გადმოქართულებული ვერსიით; ზურაბ სიხარულიძის „სამშობლო მცირეთა და მრავალთა“ გურამ ბათიაშვილის პიესაზე;  ნინი ჩაკვეტაძის „უფრო ახლოს“, პატრიკ მარბერის დრამატურგიაზე;  ლაშა შეროზიას „ქორწინება“, ნიკოლაი გოგოლის პიესის საფუძველზე;  გოგი მარგველაშვილის „მოკალი მამაკაცი“, ედვარდ რაძინსკის პიესის საავტორო ვერსია; ზაზა სიხარულიძის „ღამის პორტიე“, ლილიანა კავანის ამავე სახელწოდების ფილმის“ სცენარზე; გოგი ქავთარაძის „თეთრი ბაირაღები“, ნოდარ დუმბაძის რომანის ინსცენირება; მიხეილ ჩარკვიანის „ჩურჩული და კივილი“, ინგმარ ბერგმანის ფილმის საფუძველზე; ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“, ნუგზარ გაჩავას რეჟისურით; ავთო ვარსიმაშვილის „ტერეზა რაკენი“, ემილ ზოლას მიხედვით;  გაგა გოშაძის „ბოლო გაჩერება“, ნიკოლას ე. ბრაერის კინოსცენარზე დაყრდნობით; დავით მაცხონაშვილის „მაწანწალა ზღაპარი“, კარელ ჩაპეკისა და ლუბომირ ფელდეკის მოთხრობების მიხედვით, რეჟისორის ინსცენირებით და უცხოელების დადგემი: რუმინელი იონ საპდარუს „მსუქანი ბიჭი ნატურმორტში“, საკუთარ პიესაზე; პოლონელი იაცეკ გლომბის  „რამდენი დემონიც გნებავთ“, იეჟი პილხის რომანის თეატრალური ვერსია; ლიტველი ლინას მარიუს ზაიკაუსკასის „მოპარული ბედნიერება", ივან ფრანკოს დრამის მიხედვით (ირაკლი სამსონაძის თარგმანი); ბრიტანელი ჰანა მოსისა და დეივიდ რალფის „ცხოვრება გრძელდება", საკუთარ პიესაზე; ბრიტანელი ტარეკ ისკანდერის „ზამთრის ზღაპარი“, იგნას კორნელისენის მიხედვით (დავით გაბუნიასა და გურამ ღონღაძის თარგმანი).

სპექტაკლი ბევრია. მათგან უმეტესობა - წარმატებული. ახალი დრამატურგიის, ახალი სახელების (როგორც რეჟისურაში, ისე მსახიობების ნამუშევრების მხრივ) საკმაოდ საინტერესო და წარმომადგენლობითი პანორამით.

ამჯერად, მხოლოდ ბოლო პერიოდში დადგმულ ორ, რადიკალურად განსხვავებულ მასალაზე, სხვადასხვა ტიპის, ჟანრში გადაწყვეტილ, სხვადასხვა ხელწერის, ქართველი და უცხოელი რეჟისორების სპექტაკლებზე  შევაჩერებ ყურადღებას.

განსხვავებულობის მიუხედავად, მათ ერთი და თეატრისთვის უპირველესი ღირსება ახასიათებთ - ორივე - სამსახიობო კუთხით გამორჩეული ნამუშევარია და ერთი მხრივ, უკვე გამოცდილი არტისტების შემოქმედებაშია სიახლის შემცველი და მეორე მხრივ, როლების ახალგაზრდა შემსრულებლების აღმოჩენისა და მათი მონაცემების ახალი კუთხით დანახვის შესაძლებლობას იძლევა.  თუმცა, უნდა ვთქვა, რომ სხვადასხვა თაობის მსახიობების წარმატება, მრავალფეროვანი შემადგენლობის დასი და ახალ-ახალი სახელების ელვარება  ბათუმის თეატრს არასდროს აკლდა და არც აკლია.

როგორ  მოვკლათ ქალი?!

2016 წლის ზედ მიწურულს, 30 დეკემბერს, ბათუმის თეატრის „ახალ სცენაზე“ სრულიად არასაახალწლო და არასაზეიმო  სპექტაკლის „მოკალი მამაკაცი“ პრემიერა გაიმართა.  წინასადღესასწაულო სამზადისისა და ეიფორიის მიუხედავად, წარმოდგენას ბათუმის თეატრალური ელიტა და ბათუმში სპეციალურად ჩასული პროფესიონალების ჯგუფი დაესწრო. ინტერესი და მოლოდინი გასაგები იყო - საპრემიერო დადგმის ავტორი თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი წამყვანი  რეჟისორი გოგი მარგველაშვილია, რომელსაც საკმაოდ ხანგრძლივი და წარმატებული კარიერის განმავლობაში, როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ბათუმში დებიუტი ჰქონდა.  

„მოკალი მამაკაცი“, რომელსაც აფიშა როგორც  „ტრაგიკომედიას ერთ მოქმედებად“ განსაზღვრავს, რუს დრამატურგ და კინოსცენარისტ ედვარდ რაძინსკის პიესის „მე რესტორანთან ვდგავარ - გათხოვება - დაგვიანებული, ჩაძაღლება - ადრეა“ მიხედვითაა დადგმული, მანანა ანთაძის თარგმანითა და გოგი მარგველაშვილის ინსცენირებით. პირველად, ქართულ თეატრში, ქართულ ენაზე. 

თუმცა, გოგი მარგველშვილმა ეს პიესა პირველად, რამდენიმე წლის წინ, გრიბოედოვის თეატრში დადგა. რუსულენოვანი მსახიობების მონაწილეობოთ, რუსულენოვანი მაყურებლისთვის, ოღონდ ქართულ რეალობას, ქართულ ხასიათებსა და სიტუაციებზე მორგებით. და შემდეგ განზოგადებით, რადგან ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, მას შემდეგაც, რაც ურთიერთობა მთავრდება, კონფლიქტის მიზეზები და შედეგები მარადიული თემებია და ეროვნებით,  გეოგრაფიული მდებარეობით ჩაკეტილი საზღვრები არ აქვს. პიესის შიდა, ადამიანების საკუთარ თავებში, ნაჭუჭში, საკუთარ საპყრობილეში ჩაკეტილობის მიუხედავად. რადგან ეს თემაც ზოგადი და ბევრისაა.  

რეჟისორმა უცვლელი დატოვა ამბავი, კონფლიქტი, მაგრამ მნიშვნელოვნად შეცვალა თვითონ ჟანრი (პიესას დრამატურგი - ქალის მონოლოგს უწოდებს) სტრუქტურა, ხასიათი, ძირითადი  ხაზი, აქცენტებიც გადაანაცვლა, ფორმა და აზრი უცვალა ფინალს,  და კაცი (პიესისგან განსხვავებით, სადაც მას მეორეხარისხოვანი როლი აქვს და ქალის ფიქრებს, მონოლოგებსა თუ წარმოსახვაშია და მხოლოდ ხანმოკლე გამოჩენით შემოიფარგლება) ქალის თანასწორუფლებიან პარტნიორად აქცია. ფაქტობრივად პირველი ეპიზოდიდანვე შემოიყვანა არა როგორც „დამატებითი ობიექტი“, არამედ როგორც კიდევ ერთი მთავარი გმირი  და კონფლიქტიც ცხადი და პირდაპირ განვითარებული გახადა.

მოქმედება ერთ ოთახში (რომელსაც გარესამყაროსთან მხოლოდ კარი აკავშირებს) ხდება. ჩვეულებრივი, ავეჯითა და ყოფითი ნივთებით მინიმალისტურად გადაწყვეტილ სივრცეში. გოგლა გოგიბერიძის სცენოგრაფია ხაზს უსვამს მარტოხელა ქალის ცხოვრების უინტერესობას, უღიმღამობასა და ერთფეროვნებას. მისი სამყაროს ჩაკეტილობასა და სიტუაციის გამოუვალობას.

ქალი და მამაკაცი. ქალის როლს მარინა ბურდული ასრულებს, მამაკაცის – კახა კობალაძე. მათ სახელები არ ქვიათ. უბრალოდ არიან - ქალი და მამაკაცი. როგორიც ბევრია. ძალიან ბევრი. მათი მარტოობა და არაკომუნიკაბელობა. ასეთი შემთხვევა ყოველთვის იყო და არის. ალბათ ყოველთვის იქნება. თითქოს ბანალური. არაფრით გამორჩეული, განსხვავებული, ათასობით სხვა ქალისა და მამაკაცის ცხოვრებისგან განშორების შემდეგ. 

ორი ადამიანის კონფლიქტი, მას შემდეგ, რაც ურთიერთობაში ყველაფერი დამთავრებულია და აღარასოდეს აღდგება. უხერხული მცდელობისა თუ გაუნელებელი სურვილის მიუხედავად.  როდესაც დამნასავე არც ერთი თითქოს არაა, თუმცა შეიძლება ცოტათი მაინც მამაკაცი, რომლისთვისაც ქალს საბოლოო განაჩენი გამოაქვს.

რა იწვევს ამ კონფლიქტს, რა იწვევს დაპირისპირებას, თუ სიძულვის არა, უსიყვარულობას, მათ შორის, ვისაც ოდესღაც ერთმანეთის ესმოდა და უყვარდა? რა არის მთავარი სათქმელი, მაშინ, როდესაც ადამიანებს ერთმანეთისთვის სათქმელი აღარაფერი რჩებათ? რა რჩება ორის - ქალისა და მამაკაცის ურთიერთობიდან?

ორივე მსახიობია - ქალი - წარუმატებელი, კაცი - წარმატებული. ორივე მოთამაშეა და ნამდვილი სახისა და მდგომარეობის დასაფარად - კაცი ხან ჰოკეისტის ნიღაბს ირგებს და ხან - წითური კლოუნის გაჩეჩილ თმებსა და წითელ ცხვირს წამოიცვამს.  წითური - ცირკში მხიარული კლოუნია. 

ქალის ცხოვრება მუდმივი თამაშია. ყველაფერს ვიდეოკამერაზე იწერს და მონოლოგს „ვიღაცისთვის“ წარმოთქვამს. ალბათ, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის, რომ სინამდვილე გამონაგონით ჩაანაცვლოს. ილუზიით, რომელსაც ცხადად ქცევის არც ერთი შანსი აღარ აქვს. მან რეალობა ოთახში ჩართული კამერის წინ წარმოსახვითი ამბის თხრობითა თუ გამოგონილ მეგობართან, გამორთულ ტელეფონზე საუბარში გადაიტანა. ჩაკეტილ  და ჩახშულ, გარესამყაროსგან იზოლირებულ სივრცეში, რომელიც მის შინაგასნ მარტოობასაც გამოხატავს.

ურთიერთბრალდებები მხოლოდ და არა ბედნიერი ერთად ყოფნის მოგონებები, წვრილმანი და დიდი წყენები, გულისტკივილები და ცოცხლად „მკვლელობა“, რადგან კაცთან ოდესაღაც არსებული ურთიერთობისა და მისი წასვლის შემდეგ, ქალის ცხოვრებას სიცოცხლე უკვე აღარ ჰქვია.

ქალი და მამაკაცი (რომელიც ქალთან, დიდი ხნის განშორების შემდეგ, პირადი ნივთების წასაღებად მიდის), როგორც ადრეც, მაგრამ ახალ თამაშს იწყებენ. ეთამაშებიან ერთმანეთს. ნამდვილი გრძნობების  დაფარვას თამაშით, სიტუაციების გათამაშებით, ცეკვით (ქორეოგრაფი - თამარ ბერიძე), ზოგჯერ არცთუ სინქრონული მოძრაობებით, მოჩვენებითი მხიარულებით გამოხატავენ. და ასე, თამაშ-თამაშით, ოღონდ შინაგანად დაჭიმული და თავიდან შეფარული ვნებებით, უხილავ ნიღბებს ამოფარებული ემოციებით უკიდურესი ნერვული დაძაბულობის ზღვრამდე მიდიან. ურთიერთობების კულმინაციამდე. ვითარება თანდათან სახეს იცვლის. ერთი თამაში მთავრდება და რეალობა ზედაპირზე ამოდის.

რეჟისორი ქმედებით, მოვლენებით, სპირალისებურად განვითარებული და მუდმივი დაძაბულობის მდგომარეობაში მიმდინარე სპექტაკლის აწყობაში დიდ დატვირთვას მსახიობებს აკისრებს. მნიშვნელოვანია თითოეულის ცალ-ცალკე და როგორც წყვილის - ერთის ორი მხარის - სახეების ორგანიკა დადგმის მთლიან სტრუქტურაში.   

კახა კობალაძე (ბათუმის თეატრის წამყვანი მსახიობი და ფაქტურითა და შინაგანი მონაცემებით გამორჩეული არტისტი), მამაკაცის როლში სამსახიობო ოსტატობის ახალ შესაძლებლობებს ავლენს. მისი პერსონაჟი ბევრი ნიუნსით აწყობილი, ფსიქოლოგიურად რთული და მრავალპლანიანია, რომლის ყოველ ნაბიჯი და სიტყვა ასეთი ტიპის ადამიანების კრებითი, განზოგდებული და ამავე დროს, ინდივიდუალური ნიშნებით მდიდარ სახედ წარმოდგება.

მარინა ბურდული - ახალი თაობის არტისტია, რომლის ბიოგრაფიაც, ახალგაზრდობის მიუხედავად, ბევრ და საინტერესო როლს შეიცავს. მისი ქალი, კახა კობალაძის მამაკაცის მსგავსად, რთული, წინააღმდეგობრივი ბუნებისაა, ბოლომდე გაშიშვლებული გრძნობებითა და შეგრძნებებით, აგრესიული ტემპერამენტით, რასაც მსახიობი ექსპრესიული, მკვეთრად გამომჟღავნებული, დინამიკური ქმედებითა და შეკავებული ემოციების ნაკრებით გამოხატავს.

მსახიობები ქმნიან მრწყინვალე დუეტს, რომლის არსებობაც დაპირისპირების, ხასიათების სხვადასხვაობის, მოვლენების მიმართ დამოკიდებულების არაერთგვაროვნებისა და ურთიერთაღქმის კონტრასტულ ბუნებაზეა  აწყობილი.

ორის თამაში - ორთაბრძოლა ბოლომდე გრძელდება, ოღონდ უფრო და უფრო იჭიმება. იძაბება. მუხრი იზრდება და მოვლენათა რიგის ტემპო-რიტმი მატულობს. თანდათან იცვლება ჟანრი. მელოდრამა ტრაგიკომედიაში, შემდეგ დრამაში გადადის და ტრაგედიად სრულდება. ტრაგედიად კათარზისის გარეშე.

სხეული-გალიები ვეღარ მალავენ, რაც შიგნით ხდება. უკვე აღარაფერს შეუძლია შეაჩეროს წყენის, ტკივილს, გულდაწყვეტის ის ნაკადი, რომელსაც ქალი ატარებს, რომლის სათავედ და მიზეზად, ასეა მართლა თუ არა, მამაკაცს თვლის  და რისი მოთმენაც თუ პატიებაც უკვე დიდი ხანია, აღარ შეუძლია.  

ფინალური სცენა თითქოს კიდევ ერთხელ ცვლის სპექტაკლის ჟანრს. ახლა ისინი უკვე სამუდამოდ ერთად არიან. ხელბორკილით მიჯაჭვულები. უსულო წითური კლოუნი და ქალი - უცნაური, მოზეიმე და ბედნიერი, გამარჯვებული ღიმილით სახეზე. ყველაფრისთვის შურისმაძიებელი. სიცოცხლეშივე სიკვდილისთვის გამეტებული.

დემონების ძალა

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბათუმის თეატრში სპეტაკლებს არა მხოლოდ საქართველოს სხვა თეატრებიდან, არამედ უცხოეთიდან მიწვეული რეჟისორებიც დგამენ. მათ შორისაა პოლონელი იაცეკ გლომბიც, რომლის, 2015-2016 წლების სეზონში წარმოდგენილი სპექტაკლი  „რამდენი დემონიც გნებავთ“ (რომელიც ავტორებმა, როგორც  დეტექტიური თრილერი ერთ მოქმედებად, განსაზღვრეს) თანამედროვე პოლონელ მწერალ და დრამატურგ იეჟი პილხის, 2013 წელს  გამოქვეყნებული, რომანის „ბევრი დემონი“ („ურიცხვი დემონი“) მიხედვითაა შექმნილი. ინსცენირების  ავტორია კატაჟინა კნიხალსკა. თარგმნეს მარია ფილინამ და ირაკლი სამსონაძემ. 

„რამდენი დემონიც გნებავთ" - უცხოელების დამდგმელი ჯგუფისა და ქართველი მსახიობების მონაწილეობითაა შექმნილი. რეჟისორის გარდა პოლონელები არიან -  მხატვარი – მალგოჟატა ბულანდა-გლომბი,  კომპოზიტორი  – ბარტოშ სტაბუჟინსკი, სასცენო მოძრაობა – ვიტოლდ იურევიჩის. როლებს ასრულებენ - ოლა მრაკი - თათია თათარაშვილი, იულა მრაკი - მარინა ბურდული, პასტორი - ზურაბ ქავთარაძე, პასტორის ცოლი - მერი ნაკაშიძე, მადამ ვზმოჟეკი - მაია ცეცხლაძე, ამხანაგი გონეცი - კახა კობალაძე, უფროსი - ზაალ გოგუაძე, ფრიცი - ტიტე კომახიძე, კორნელი - ლაშა კონცელიძე, ახალგაზრდა ვზმოჟეკი - მამუკა მანჯგალაძე.

„ახალი სცენის“ პატარა სივრცისთვის საკმაოდ ბევრი პერსონაჟია, რომლებიც უმეტეს სცენებში, ერთდროულად მოქმედებენ და ესეც, შეიძლება ითქვას, იაცეკ გლობმის სპექტაკლის ერთ-ერთი გამორჩეული თავისებურებაა.

იაცეკ გლომბი, რომლის შემოქმედებასაც ქართველი მაყურებელი პირველად გაეცნო, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მსახიობი, თეატრისა და კინოს რეჟისორია. ქალაქ ლეგნიცის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ლეგნიცის დემოკრატიის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ათეულობით სპექტაკლისა (ალექსანდრე დიუმას „სამი მუშკეტერი“, მიგელ დე სერვანტესის „დონ კიხოტი“, უილიამ შექსპირის „კორიოლანოსი“, „რიჩარდ III“, „ოტელო“, პოლიტიკური ჟღერადობისა და მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატველი - „ციმბირული ამბავი“,  „თვითმარქვია მეფე“, „შეწყვეტილი ოდისეა“ და სხვა) და გახმაურებული ფილმის „ოპერაცია „დუნაი“ დამდგმელი რეჟისორია, არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, როგორც შემოქმედების, ასევე პოლიტიკური საქმიანობის სფეროებში.

მოქმედება პილხის რომანში 50-იან წლებში ხდება. იაცეკ გლომბი, თან ინარჩუნებს დროს თავისებურებებსა და მახასიათებლებს და თან, კონკრეტული ნიშნებისა და მინიშნებების მიუხედავად, ანზოგადებს დროსა და მასთან ერთად, ადგილსაც. ამბავიც, ერთი მხრივ, რეალურია, ბევრი ფაქტორისა და საზოგადოების მდგომარეობის, დამოკიდებულებების, ცხოვრების წესიდან გამომდინარე, თუმცა მისი არსი და განვითარება მისტიკურ რეალობში გადადის.

ჟანრობრივად სპექტაკლი მართლაც შეიძლება თრილერად განისაზღვროს, მისტიკური დეტექტივის  ელფერით, რომელიც თავიდანვე ისწრაფვის ამოხსნას პასტორის გაუჩინარებული ქალიშვილის საიდუმლო.

პოსტმოდერნისტული ლიტერატურისა თუ თეატრისთვის დამახასიათებელი თავისებური პარალელები „ძველ ჟანრებთან“, ნაწარმოებებთან, იდეოლოგიასთან თავისებური კავშირი, ირონიზება და არსებული არქეტიპების დაშლა არის რომანისა და სპექტაკლის მთავარი და წარმმართველი ღერძი.

დეტექტივისა თუ თრილერის ჟანრიც კი, გლომბის სპექტაკლში ახალ შეფერილობას იძენს. ირონიზება და უტრირება პრობლემასა და სათქმელის სერიოზულობას სიმძაფრეს სრულებით არ უკრგავს. პირიქით. მხოლოდ აქცევს მას ახალ ენაზე მეტყველ წარმოდგენად, რომლის პანორამული სურათის შექმნაში ყველაფერი ერთად მონაწილეობს.  სარკაზმი, ირონიზებაა რეჟისორის დამოკიდებულებაში სიკვდილის აღქმის ფაქტთან დაკავშირებითაც, იმის მიუხედავად, რომ მის არსებობაში ეჭვი არავის ეპარება და რაც ყოველთვის იყო და რჩება ადამიანისთვის უდიდეს  ტრაგედიად.  

იაცეკ გლომბის სპექტაკლს საფუძვლად უდევს, ერთი მხრივ,  პოლონური აღმსარებლობის თავისებურებებისა და პრობლემების (ლუთერანები კათოლიკურ ქვეყანაში) და მწერლის ბავშვობის გამოყოლილი კომპლექსების ძალა და მეორე მხრივ, თანამედროვე საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესის, მისი  ინტერესებისა და შესაძლო, თუ არსებული შედეგების ზოგადი სურათი, რომელიც, ყველა ეპოქაში თავისებურად ვლინდება.

ყველა დროს თავისი შიშები და ხიფათები აქვს. და ერთნაირი სიყვარული და სიძულვილი. ერთნაირი რწმენა და ურწმუნოება. ერთნაირი იმედი და უიმედობა. ერთნაირი გულგრილობა და სიცოცხლის წყურვილი.

რელიგიური ფანატიზმი და ურთიერთობების - ოჯახში თუ მის მიღმა - საზოგადოების წევრებში - ნამდვილი და გულწრფელი კავშირების არქონა - არის სპექტაკლის მთავარი ხაზი. ეს ყველაფერი კი შეფუთულია, ერთი მხრივ,   სარკაზმით, ირონიით და  მეორე მხრივ, იდუმალების არაერთი შრით, რომელიც დაკარგული გოგონას გაუჩინარების მიზეზებსა და ამ ფაქტში დამნაშავის ძიებას  უკავშირდება.

მოქმედება ორ დროში და  სხვადასხვა განზომილებებში ვითარდება. „რეალური“ დრო და წარსული - მოგონებები, რომლებშიც პასტორის გაუჩინარებული ქალიშვილი მონაწილეობს და არაფრად მიაჩნია საკუთარი არარსებობა თუ სხვა სივრცეებში გადანაცვლება. რადგან არავინ იცის, სად გადის საზღვარი მისთვის, ისევე როგორც სპექტაკლის სხვა პერსონაჟებისთვის სინამდვილესა და წარმოსახვასა, რელიგიურ აღმსარებლობასა და ცრურწმენას,  დემონების არსებობა-არარსებობასა და მათი გამოხმობის რიტუალს  შორის. ისევე, როგორც თავად ოლა მრაკმა არ იცის, სად და რომელ სამყაროში იმყოფება. ეს სამყაროების მისთვისაც და სხვებისთვის ერთნაირად არეული და ერთნაირია. 

მთლიან ატმოსფეროს ქმნის პირქუში, ნახევრადჩებნელებული, ცუდად, სუსტი და თითქოს იდუმალი შუქით განათებული გარემო და მუქ ტონებში ჩაფლული ძუნწი დეკორაცია, უკუღმა ჩამოკიდებული გამხმარი ხის ტოტებით და სადღაც, სარდაფისა თუ ქვესკნელისკენ მიმავალი ჩასასვლელი კიბით, რომელიც არავინ იცის, საით მიემართება.

იდეისა და შექმნილი პირობითობის, სამყაროს უცნაურობის სურათს პერიოდულად თითქოს მაგიურ, ჰიპნოზურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ცეკვა თუ გარკვეული ხაზების მიხედვით წარმართული მოძრაობა ავსებს. მსახიობების პლასტიკა და პლასტიკაში გადაწყვეტილი სცენები, თითქოს ზუსტ ქორეოგრაფიულ ნახაზზე აწყობილი  ემოციისა და სათქმელის გამოხატვის ერთ-ერთი პირობაა, მაგიური რიტუალივით. 

ამ ცხოვრებისეულ და მისტიკურ ორომტრიალში ყველაა ჩართული. ყოველი პერსონაჟი საკუთარ ხაზს ავითარებს და ერთი მხრივ, საერთო პროცესებში, „ნიღაბაფარებული“ იჭრება და მეორე მხრივ,  საკუთარ, ფაქტობრივად, გასაიდუმლოებულ, ნამდვილ სახეს ხსნის, ისევ და ისევ პირობითი ხერხებით, მანერული, სტილიზებული ნიშნების გამოყენებით. სიმბოლოებითა და მეტაფორებით აქტიურად დატვირთულ სპექტაკლში.

დადგმის ხერხების თავისთავადობისა და ამბის უჩვეულობიდან გამომდინარე, მსახიობებს უწევთ იყვნენ სხვადასხვა სიბრტყეზე „მცხოვრებნი“ და ორივე განზომილებში თანაბრად იარსებონ. ორივე შემთხვევაში იყვნენ ორგანული და არ დაარღვიონ ზღვარი, რომელიც ორი სამყაროს შორის თითქოს არსებობს.

აქაც, ისევე, როგორც გოგი მარგველაშვილის სპექტაკლში, განსაკუთრებული დატვირთვა თითოეულ პერსონაჟს - მსახიობების შექმნილ სახეებს ენიჭება. აქცენტი მოქმედი გმირების ბუნებაზე, შინაგან სამყაროზე, სულიერ მდგომარეობაზე, მათი რაობის, არსის, ქმედების მოტივაციაზე კეთდება. როლების შემსრულებლებს, ამ, არაერთგვაროვან და არასწორხაზოვან სპექტაკლში განსახვავებული სამსახიობო ხერხების გამოყენება უწევთ. მათ ზუსტად აქვთ მიღებული და გაცნობიერებული თამაშის სარეჟისორო ხერხის სიახლეცა და თავისებურებაც.

მაია ცეცხლაძე, მარინა ბურდული, თათია თათარაშვილი, ზურაბ ქავთარაძე,  მერი ნაკაშიძე, კახა კობალაძე, ზაალ გოგუაძე,  ტიტე კომახიძე, ლაშა კონცელიძე, მამუკა მანჯგალაძე - სხვადასხვა თაობისა და გამოცდილების მსახიობები არიან, რომლებისთვისაც იაცეკ გლომბის სპექტაკლის თავისებური  ხასიათი, მისი სარეჟისორო ხელწერა და პერსონაჟების არაერთგვაროვანი სახეები მნიშვნელოვანი ამოცანა და წარმატებული შედეგით დასრულებული ექსპერიმენტი აღმოჩნდა.

თათია თათარაშვილის პასტორის ქალიშვილი, უკვე დაკარგული, მაყურებლის თვალწინ ორმაგად ცოცხლდება - როგორც მთხრობელი, რომელიც ფაქტობრივად მთელ სპექტაკლში მოქმედებს, მის პირად, თუ დის ან სხვა ადამიანების მონათხრობსა და მოგონებებში. ადამიანები კი ცოცხლობენ მანამ, სანამ მათ იხსენებენ და მათზე ლაპარაკობენ. ის ჩვეულებრივად არსებობს, იმ დროშიც, როდესაც აღარაა, უკვე გაუჩინარებულია და როგორც მთხრობელი თუ დამკვირვებელი, ორგანულად შედის „რეალურ“ შრეში. მოვლენები მის გარეშე, ოღონდ ძირითადად მის გარშემო ტრიალებს. მსახიობი მორგებულია  სხვადასხვა განზომილების, სხვადასხვა დროში განვითარებული მოვლენებისა და საკუთარი - ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის პირობებთან და საინტერესო ხერხებს იყენებს თითოეული შრის შექმნის დროს.

მაია ცეცხლაძე (რომელიც ქართული თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობია, რომელსაც წარუმატებელი როლი არ ჰქონია და მდიდარ შემოქმედებით ბიოგრაფიაში სრულიად განსხვავებული სახეები აქვს შექმნილი) მადამ ვზმოჟეკის როლში ოსტატობის ახალ საფეხურზე ადის. ის მთელი სპექტაკლის განმავლობაში სახეს იცვლის, ერთ, პატარა ეპიზოდშიც კი ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის, გარდაისახება დრამატულიდან სახასიათომდე, ტრაგიკულიდან კომიკურამდე, ექსპრესიულიდან მხოლოდ შინაგან და უხილავ ნიუანსებზე აწყობილ ქმედებამდე. ესაა მსახიობი, რომელსაც ყველაფრის თამაში შეუძლია და არაფრითაა შეზღუდული, ოსტატობის მაღალი ხარისხისა და ბუნებრივი მონაცემების წყალობით, რასაც სპექტაკლიდან სპექტაკლში ავითარებს. ყველა მონაცემი აქ ერთ სახეშია თავმოყრილი.

საინტერესო და გამორჩეული, განსხვავებული სახეები შექმნეს ახალგაზრდა მსახიობებმა - ლაშა კონცელიძემ და მერი ნაკაშიძემ, რომლებისთვისაც კორნელი და პასტორის ცოლი - ახალი შესაძლებლობების გამოხატვის პირობა აღმოჩნდა. 

ასევე ახალ სამსახიობო მანერაში, მდიდარი ნიუანსებისა და ბევრი შტრიხის გამოყენებით მუშაობენ, არაერთგვაროვან სახეებსა და და მრავალფეროვან ანსამბლს ქმნიან - ტიტე კომახიძე, კახა კობალაძე, ზურაბ ქავთარაძე, ზაალ გოგუაძე, მარინა ბურდული, მამუკა მანჯგალაძე. ვინც ამ მსახიობების აქტიურ შემოქმედებას იცნობს და თითქოს აღარფერი უნდა უკვირდეს, იაცეკ გლომბის სპექტაკლში განსახიერებულ პერსონაჟებში ბევრ სიახლეს ნახავს და ბევრ „მოულოდნელ“ აღმოჩენას გააკეთებს. 

სპექტაკლში სულ რაღაც მოძრაობს. რაღაც იცვლება. ერთი ამბავი დასრულებას ვერ აღწევს, მეორე იწყება. ერთი მოვლენა მეორეს იწვევს, შემდეგ მესამეს, მეოთხეს.  იაცეკ გლომბი რთულ კონსტრუქციას აწყობს, ბევრი გადამკვეთი ხაზის, შტრიხისა და ნიუანსის ერთიანობით. იდუმალიდან ხილულამდე, ფარულიდან აშკარამდე, მისტიკურიდან რეალურამდე, წარსულის თითქოს ბუნდოვანი სურათებიდან არანაკლებ ბუნდოვან და პირქუშ აწმყომდე.

აქ, ამ სამყაროში იმდენი დემონია, რამდენიც გნებავთ. ისინი ყველგან არიან. არა უხილავი და იდუმალი, როგორსაც წარმოსახვა და მისტიკურის შიში აძლიერებს, არამედ ადამიანებში ჩაბუდებულები, მოუშორებელ დამღად აღბეჭდილი და სულის ბნელ მხარეებში დამალულები. იმის მოლოდინში, როდის გამოიხმობენ ვინმეს (საზოგადოების) მყუდროების დასარღვევად. ისინი ყოველთვის იარსებებენ, სანამ ადამიანებს გულგრილობა, შეუწყნარებლობა და თანადგომის არქონა ამოძრავებთ და თუ დავუფიქრდებით, ასეთი დემონები საკუთარ თავშიც შეიძლება აღმოვაჩინოთ. 

P.S. ბათუმის თეატრს თებერვალ-მარტში,  ლიტვასა და პოლონეთში, ხანგრძლივი, მასშტაბური და წარმატებული საგასტროლო ტურნე ჰქონდა. ლიტველ და პოლონელ მაყურებელს წარუდგინეს - იაცეკ გლომბის „რამდენი დემონიც გნებავთ“ და ანდრო ენუქიძის „სინდრომი ანუ ვის უგალობ, ვისაო“. ამავე დროს, ლიტვაში, პანევეჟისის, მილტინისის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, ანდრო ენუქიძის „ხანუმას“ პრემიერა გაიართა, ქართულ შემოქმედებით ჯგუფთან (მხატვარი - შოთა ბაგალიშვილი, კომპოზიტორი - მიშა მდინარაძე) ლიტველი მსახიობების მონაწილეობით.

გასტროლზე გასვლა ქვეყნის შიგნითა თუ გარეთ ბათუმის თეატრისთვის პირველი შემთხვევა არაა. მას არც წარმატება აკლია და არც მაყურებელი, უშუალოდ ბათუმსა თუ სხვაგან. მაგრამ ასე ნამდვილად პირველად მოხდა, რაც თეატრის სწორი სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკის, ანდრო ენუქიძის პირადი  და დასის მოპოვებული საერთაშორისო პრესტიჟის დამსახურებაა.