გაიგე და დაინახე მეტი...

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს საჩუქარი თეატრალურ სამყაროს

 

 „ გაიგე და დაინახე მეტი “

 

2019 წლის 7-20 დეკემბერს, ბათუმი, გრანდიოზულ, A კლასის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.

ბათუმში მასშტაბური საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაარსების იდეა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ანდრო ენუქიძეს და მის უცხოელ მეგობრებს ეკუთვნის. ინიციატივას მხარი დაუჭირა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომლის პატრონაჟითაც ხორციელდება ბათუმის პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - BATUMI INTERNATIONAL

იდეის განხორციელებაზე მუშაობა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ის 2019 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში მნიშვნელოვან საერთაშორისო ფლატფორმად იქცევა.

ფესტივალის მიზანია:

  • მსოფლიო სათეატრო რუკაზე ბათუმის, როგორც მდიდარი თეატრალური ტრადიციების ქალაქის გაჩენა. აჭარის, რეგიონის ცნობადობის გაზრდა ევროპასა და მთელ მსოფლიოში

  • ქართველი მაყურებლისთვის მსოფლიოს წამყვანი, საუკეთესო თეატრალური კომპანიების და მსოფლიო სათეატრო ხელოვნებაში არსებული სიახლეების, მიმდინარე ტენდენციების გაცნობა

  • გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო პროექტებისა და კოპროდუქციებისთვის პარტნიორების მოძიებისთვის ხელშეწყობა

  • აჭარის რეგიონში თანამედროვე თეატრალური ფორმების პოპულარიზაცია, აჭარის რეგიონში მოღვაწე შემოქმედებითი საზოგადოების კვალიფიკაციის ამაღლება

 

ფესტივალს ჰყავს საერთაშორისო დირექტორთა/ექსპერტთა საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია მსოფლიოში გავლენიანიანი სათეატრო პროდიუსერებით, თეატრმცოდნეებით, ფესტივალების დირექტორებით:

 

  • რომან დოლჟანსკი (ისრაელი)

  • დარიუშ კოსინსკი (პოლონეთი)

  • იაცეკ გლომბი (პოლონეთი)

  • ასტა კაზლაუსკიენე (ლიტვა)

  • ლიუჩიან ბალეანუ (რუმინეთი)

  • ანდრო ენუქიძე (თავმჯდომარე, საქართველო)

 

ბათუმის პირველ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს მსოფლიოში ცნობილი, წამყვანი თეატრალური კომპანიები და დასები გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, რომელთა შერჩევა მოხდა საერთაშორისო დირექტორთა/ექსპერტთა საბჭოს მიერ.

საფესტივალო სპექტაკლებს ახლადრეაბილიტირებული ბათუმის თეატრი უმასპინძლებს, რომელიც ყველა ტექნიკურ პარამეტრებს აკმაყოფილებს.