
ბათუმი თოჯინებმა აიღეს
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

06.12.2025
ლელა ოჩიაური
ბათუმი თოჯინებმა აიღეს
ყველა, გამოკვეთილი ნიშნულისა და მნიშვნელობის, დანიშნულებისა და მიზნის ფესტივალს აქვს რამდენიმე დაუწერელი წესი და გამართლება - სტრუქტურული გამართულობისა და ორგანიზების ხარისხი; ხარისხითა და სხვისგან გამორჩეულობის „მარცვლით“ არსებობის გამართლება; ინტერესის გამომწვევი არაბანალური რგოლების ჩართულობა და ერთიანობა; მაქსიმალური მრავალფეროვნება და მოცულობითობა და სხვა და სხვა, რაც ამა თუ იმ საფესტივალო ქალაქს, ფესტივალის დღეებში, თუ ცხოვრების რიტმს არ ურღვევს, გულგრილსა და უყურადღებოს არ ტოვებს და იზიდავს.
ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2025 წლის ნოემბრის დასაწყისში (5-10 ნოემბერს), მესამედ გაიმართა და მესამედ გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის, ტიპის, სახეობის, ფორმის თოჯინების თეატრები, მეთოჯინეები და მათი მოყვარულები - ბათუმელები თუ სტუმრები სხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდან.
ფესტივალის, რომლის წყალობითაც, ბათუმი თოჯინებმა აიღეს/დაიპყრეს და კვალიც დატოვეს, დამფუძნებლები, ორგანიზატორები და სამხატვრო ხელმძღვანელები არიან - ირაკლი კიკვაძე (ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი) და ნიკოლოზ საბაშვილი (საქართველოს თოჯინებისპროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების ხელმძღვანელი); და ორგანიზაციების წარმომადგენლები ორივე მხრიდან - ფესტივალის დირექტორები - იმედა თავდგირიძე (ბათუმის თეატრი) და კონსტანტინე ქარქაშაძე (გაერთიანება), საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - მარეხ ტუღუში (ბათუმის თეატრი) და კოორდინატორი - ნელიკო ვაშალომიძე (გაერთიანება).
ფესტივალი საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი სპექტაკლები საკმაოდ მრავალფეროვანი და უმეტესობა, შერეული სახის იყო - სხვადასხვა ფორმის, ხასიათის, ტიპის, სხვადასხაგვარდ მართვის თოჯინებით - მარიონეტული, თოჯინა-ნიღბებით, თოჯინებით ხელჯოსა თუ სიმებზე, თითებისა და ჩრდილების თეატრების ელემენტებით; თოჯინებთან ერთად მსახიობების ჩართულობით, არა მხოლოდ, როგორც თოჯინების წამყვანების, არამედ თანაბრადაც, ან პირველ ან მეორე პლანზე მონაწილეობით. ეს ტენდენცია აშკარაა მსოფლიოსა და საქართველოს თანამედროვე თეატრში და ფესტივალი, რომელიც ერთ სივრცეში თავს უყრის და თითქოს აჯამებს ზოგად თეატრალურ მიმდინარეობებსა და მიმართულებებს, აშკარად ამჟღავნებს და გამოკვეთს ამ მოცემულობას.
ფესტივალის გახსნამდე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა მიმდებარედ და ფოეში თვალს იტაცებდა უზბეკურ ნაციონალურ ზოლიან ხალათებში, ჩერქეზულ ჩოხებსა თუ კაბებში, თურქულ კოსტუმებში ჩაცმული ადამიანების ჯგუფები, რომლებიც პირველ გზავნილებს გადასცემდნენ საზოგადოებას იმის შესახებ, რაც შემდგომ უნდა მომხდარიყო.
ფესტივალის გამხსნელი სპექტაკლი, მასპინძლების - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის - მარიონეტული „პლატონი“ იყო, არმენ ჰოვანესიანის ავტორობით, ცნობილ ბათუმელ ექიმ პლატონ გიგინეიშვილზე, მისი ცხოვრებისა და პროფესიული საქმიანობის შესახებ. დოკუმენტურ მასალაზე, მოგონებებსა და ქალაქურ „ფოლკლორზე“ აგებული ეს დადგმა, რომანტიკულ და ლირიკულ ტონალობაშია გადაწყვეტილი და მთავარი გმირის პერსონას, მის თანადროულ საზოგადოებასა და ეპოქას, ზღაპრულ გარემოში აცოცხლებს.
„პლატონმა“ ერთგვარი ტონი მისცა საერთო პროგრამას, რომელშიც იყო სპექტაკლები რეალურ ისტორიულ პირებზე; იყო სპექტაკლები კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურისა და ფოლკლორულ მასალაზე. და სრულიად ორიგინალური პიესებისა და გამონაგონის მიხედვით.
ასევე რეალურ, თუმცა უფრო მასშტაბური მნიშვნელობისა და ქართული კულტურის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონის შესახებაა, დამოუკიდებელი კომპანიის „მოხეტიალე მთვარის თეატრი“ ახალგაზდა მსახიობების მონაწილებით შექმნილი, ნიკოლოზ ლუარსაბიშვილის საავტორო სპექტაკლი „ფიროსმანი“, ერთ-ერთი გამორჩეული მხატვრული ქმნილება ქართულ თეატრში და არა მხოლოდ საფესტივალო პროგრამის მიხედვით.
კიდევ უფრო დიდი მასშტაბის ისტორიული პირის - სოკრატეს - შესახებ, თურქეთელმა მეთოჯინეებმა წარმოადგინეს Theatre Tempo-ს პროდუქცია, რეჟისორ პეტარ ტოდოროვის სპექტაკლი, მისივე ინსცენირებით, „სოკრატეს უკანასკნელი ღამე“, სტეფან ცანევის მიხედვით, ჰალუკ იუჯესა და მარინა იუჯეს მონაწილეობით, თოჯინა-ნიღბებისა და სპეციფიკური ხერხებით შექნილი ფანტასმაგორია-ზმანება სოკრატეს ფილოსოფიის უტოპიურ რეალობაში გადმოტანითა და საავტორო ვარიაციებით.
ფესტივალზე ნაჩვენები სპექტაკლების ყველაზე დიდრაოდენობიან ნაწილს, როგორც ზემოთ ვახსენე, კონკრეტული პირების „ბიოგრაფიების“ მხატვრული წარმოსახვის გარდა, ერთი საერთო ნიშანიც ჰქონდა - ტრადიციულ თეატრების საფუძველი, ეროვნული ზეპირსიტყვიერი, მუსიკალური, ქორეოგრაფიული ფოლკლორის ჩართულობა და ახალ ჭრილში გაშლილი - ზღაპრები, ლეგენდები, თქმულებები.
ამ ჯგუფის წარმოდგენები იყო - უზბეკური - ფერგანას თოჯინების რეგიონული თეატრის, სერგეი სედუხინის საავტორო სპექტაკლი „მუსიკალური ჩაის სახლი“, ტრადიციული სათეატრო სანახაობებისა და ნაციონალური მუსიკალური თანხლებით; ჩესკე ბუდეიოვიცეს წმინდა იოსების მონასტერში არსებული თეატრის Teatrum Genesius „ლეგენდა ბედნიერების შესახებ“ - ავტორ და რეჟისორი ევგენი იბრაგომოვის, ტრადიციული ჩერქეზული კოსტუმებით, ასევე შემოსილი თოჯინებით, ნაციონალურ საკრავებზე ცოცხალი მუსიკითა და ცეკვებით შექმნილი სპექტაკლი; მოლდავეთის თეატრის Izorvasul Vesel, შერეული თოჯინური სპექტაკლი „ლაქიანი პრინცესა“, ხალხური ზღაპრის მოტივებზე, მოლდავურ მუსიკაზე, ეროვნული კოსტუმებითა და საცეკვაო ელემენტებით; და თბილისის ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრის, „რწყილი და ჭიანჭველა“, მრავალფესტივალგამოვლილი და მრავალგზის ლაურეატი სპექტაკლი.
დიმიტრი ხვთისიაშვილისა და გია მარღანიას „რწყილი და ჭიანჭველა“ აწყობილია ხალხური ზღაპრის მასალაზე, ქართულ ხალხურ მუსიკაზე და ქართული ცეკვების ფრაგმენტებზე, საცეკვაო ნომრებზე, რომლებიც ქმედების პლასტიკური გამომხატველები არიან. მსახიობებსა და თოჯინებს თანაბარი დატვირთვა აქვთ. ამა თუ იმ პერსონაჟის/მარიონეტის წამყვანი მეთოჯინეები ზღაპრის გმირებად ცოცხლდებიან და შემდეგ ისევ თოჯინების მართვას აგრძელებენ.
ფოლკლორულის გარდა ფესტივალზე ქართული კლასიკის ნიმუშიც აჩვენეს. მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყო ხიზნების“, თეიმურაზ ურატაძის თავისებურ ინსცენირებასა და კონცეფციაზეა აგებული სპექტაკლი. ნიკოლოზ საბაშვილმა „ჯაყო“ დამოუკიდებელ სათეატრო კომპანიაში „თოჯინების სახლი“ დადგა, თოჯინების თეატრების გაეთიანებაში შემავალ და და დამოუკიდებელი არტისტების - დავით ბერიძე, აბელ სოსელია, მარიამ ლომიძე, თეა კიწმარიშვილი, თათია ბაქრაძე, რამონა არჯევანიძე-მიქელაძე, მიხეილ ბერიძე, ოთარ ფადარაშვილი - მონაწილეობით.
ამ წარმოდგენაში (რომელიც ჯავახიშვილის ამ საკულტო მოთხრობის ერთ-ერთ საუკეთესო დადგმად შეიძლება ვაღიაროთ), იმის გარდა, რომ აქცენტები და ჯავახიშვილისეული მეტაფორები თუ კონტექსტები თანადროული მოვლენების რაკურსიდანაა გააზრებული და ნაჩვენები, გამორჩეულია სარეჟისორო გადაწყვეტა და ხერხები, რომლებიც თოჯინურ-სამსახიობო სივრცეში ახალ განზომილებასა და ფორმას ქმნიან. სინთეზურობის, სცენური მხატვრული ურთიერთობისა და კონტაქტის ახალ სახეს.
„ჯაყო“ დრამატული და თოჯინური თეატრალური ფორმების კომპოზიციაა, რომელშიც, უპირატესობა მსახიობებს ენიჭებათ, რომლებიც პირველ პლანს ქმნიან, რომლებსაც, პერიოდულად მარიონეტები ცვლიან და „ასახიერებენ“, და რაც ყველაზე საინტერსოა, მსახიობები პერსონაჟების რთული და არაზედაპირული სახეების შექმნის პროცესში, ისე მოქმედებენ, თითქოს თავადაც თოჯინები არიან, რომლებსაც „ბედი მდევარი“ მართავს.
კომპანია Teatro Saco de Huesos-ის წარმოდგენილ, ფრანგ/ესპანელ ანხელ ნავაროს, სრულიად საავტორო (იგია მხატვარიც, ინსცენირების, თოჯინებისა და კოსტუმების ავტორიც, ქორეოგრაფიც და მხოლოდ კომპოზიტორი და მუსიკალური გამფორმებელია ფრანკ-ოლივიე დეფო) და გამორჩეული, დაუჯერებელიც კი, ოსტატობით შექმნილ, სპექტაკლს „გილდო, მხატვარი სიზმრებში“ - თოჯინების მხრივაც განსხვავდებოდა ყველა დანარჩენისგან. სიმებიან თუ სიმებზე მარიონეტებს, რომლებიც თავისთავადაც რთული სატარებელია, მსახიობი მარტო მართავდა, მარტო მართავდა ყველა სასცენო და განათება/გახმოვანების ელემენტს, არტისტულად ცვლიდა სხვადასხვა ხასიათისა და მონაცემების პერსონაჟს და თავადაც ამჟღავნებდა სამსახიობო ოსტატობის, პლასტიკური გამომსახველობის მაღალ ხარისხს, ყოველგვარი სიტყვისა თუ კომენტარის გარეშე.
სპექტაკლი, „ო-ჯახი“, რომელიც ნიკოლოზ საბაშვილმა და ირაკლი კიკვაძემ, საერთო პიესის საფუძველზე, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში დადგეს, თანამედროვე ადამიანის დრამაა საზოგადოების გულგრილობის, ადამიანის ეგზისტენციალური პრობლემებისა და წინააღმდეგობებთან დაპირისპირების შესახებ. სპექტაკლი არაორდინალური ფორმით, მსახიობების, ნიღბიანი მსახიობების, თოჯინების, ადამიანისა და თოჯინის უცნაური კომბინაციითა და თოჯინად „გადაცმული“ მსახიობების ასევე უცნაური და თავისუფალი გარდასახვის, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის პროცესის ფანტაზიის უწყვეტობით გამოირჩევა.
„ო-ჯახი“, რომელიც დახურვის დღეს წარმოადგინეს, ფესტივალის კონცეფციის (რაც პროგრამაში არსებულ თითქმის ყველა სპექტაკლს გამჭოლად გასდევდა) ერთგვარ რეზიუმედ შეიძლება მივიღოთ - ერთიანობა, საერთო პროექტები, თანამშრომლობა და საუბარი, ერთად ფიქრი პრობლემებზე, რომლებიც თანამედროვეებს აღელვებთ და რომლების შესახებაც დიალოგში შესვლა უკვალავთ და უთითებთ კიდეც გზას თეატრისკენ, დრამატული იქნება თუ თოჯინური.
ფესტივალის დღეებში, უკვე ტრადიციულად, სპექტაკლების დღეში ორჯერ ჩვენებებს შორის, რამდენიმე თემატურ-პროფესიული მასტერკლასი და ვორქშოფი ჩატარდა.
მანანა ბერიკაშვილის (საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი) ვორქშოფი – „მეტველების სავარჯიშოები“, არა მხოლოდ თოჯინური, არამედ ზოგადად, მსახიობის ოსტატობის ერთ-ერთ უმთავრეს განმსაზღვრელს - მეტყველების თავისებურებებს მიეძღვნა.
მხატვარმა, რეჟისორმა და თოჯინების შექმნის დიდოსტატმა, ვახტანგ ქორიძემ თოჯინის შექმნის პრაქტიკული ვორქშოფი ჩაატარა - „როგორ გავაკეთოთ მარტივი თოჯინა პენოპლასტის ბურთებით“.
მსახიობმა, რეჟისორმა, მეთოჯინე ანხელ ნავარომ - მასტერკლასით „მარიონეტებით მანიპულაცის პრინციპების შესავალი“ - ზოგადად ისაუბრა თოჯინასთან მუშაობის თემაზე, პრაქტიკული მაგალითების თანხლებით.
ევგენი იბრაგიმოვმა - სპექტაკლი-მასტერკლასი „ლეგენდა ბედნიერების შესახებ“ წარმოადგინა, რომლითაც, საზოგადოებას უშუალოდ და თვაალსაჩინო მაგალითზე უჩვენა, თუ როგორ ხედავს ის თეატრს და რა კომპონენტების გამოყენებით ქმნის სპექტაკლს.
თოჯინების თეატრების საერთაშორისო გაერთიანების (UNIMA) ვიცე პრეზიდენტ, ფესტივალის საგანგებო სტუმარ, არგენტინელ ტიტო ლორეფისის, უჩვეულო ფორმატში გადაწყვეტილი მასტერსკლასი-ლექცია თოჯინების ტარების შინაგან, ეზოთერიკულ და ქვეცნობიერ უნარებსა და მათ პრაქტიკაში გამოყენებას მიეძღვნა. მსახიობმა და რეჟისორმა სავარჯიშოებში პროფესიონალებთან ერთად არაპროფესიონალებიც ჩართო და ქმედების, მოძრაობისა და ინტუიციის გამოყენების ინიციატივა მათ მიანიჭა.
უკვე დამკვიდრებული ტრდაციით, საკონკურსო სპექტაკლებს ორი ჟიური აფასებდა - მთავარი - შერეული პროფესიონალებისა და თავისუფალი - კრიტიკოსების.
მთავარი ჟიურის წევრები იყვნენ - გიორგი შალუტაშვილი (რეჟისორი, პროფესორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი); იოანე (ვანო) ხუციშვილი (რეჟისორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დირექტორი); თეა (წუნა) კიწმარიშვილი (ტელეწამყვანი და თბილისის თოჯინების თეატრის წამყვანი მსახიობი); ვახო (ვახტანგ) ქორიძე; ნერონ აბულაძე (თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი).
მათი გადაწყვეტილებით, საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში დაჯილდოვდა ნიკოლოზ ლუარსაბიშვილის „ფიროსმანი“, ამავე სპექტაკლისთვის, საუკეთესო სცენოგრაფის პრემია გადაეცათ – ნინო კიტიასა და ირინე ყველიაშვილს; ნომინაციაში - საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - გაიმარჯვა – არმენ ჰოვანესიანმა, სპექტაკლ „პლატონის“ მუსიკალური ადაპტაციისთვის; საუკეთესო მსახიობი ქალი მეთოჯინე გახდა მარინა იუჯე, სპექტაკლში ,,სოკრატეს უკანასკნელი ღამე“, სოკრატეს ცოლის როლის შესრულებისთვის; საუკეთესო მსახიობ კაც მეთოჯინედ დასახელდა – დმიტრი ანგელოვი, სპექტაკლისთვის „ლაქიანი პრინცესა“. გრან პრი კი, მიენიჭა ანხელ ნავაროს სპექტაკლს „გილდო, მხატვარი სიზმრებში“.
კრიტიკოსების კოლეგიამ - თამთა ქაჯაია, მანანა ხელაია, ალექსანდრა სულამანიძე, გიორგი ყაჯრიშვილი, გუბაზ მეგრელიძე, ლაშა ჩხარტიშვილი - შემადგენლობით, ერთხმად და მთავარი ჟიურის არჩევანზე „ბრმა“ დამთხვევით, კრიტიკის სპეციალური პრიზი - ანხელ ნავაროს სპექტაკლს „გილდო, მხატვარი სიზმრებში“ გადასცა.
ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე სპეციალური და საგანგებო პრიზებიც დარიგდა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის სპეციალური პრიზი - ოსტატი - ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ საბაშვილმა გადასცა მეთოჯინე ნაირა ტკაჩენკოს (საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება), ხოლო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი კიკვაძემ ამავე პრიზით - ოსტატი - დააჯილდოვა რეჟისორის თანაშემწე ნანა თოლორდავა (ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი). მანვე, დააჯილდოვა ნიკოლოზ საბაშვილი - „ჯაყოსთვის“ - მადლობის სიგელითა და ფესტივალის სიმბოლოთი.
ბათუმის თოჯინების საერთაშორისო III ფესტივალი დასრულდა. და ორგანიზატორებისა და მონაწილეებისთვის მიღებული გამოცდილების, შედეგების შეჯამებისა და „წიწილების“ დათვლის დრო დადგა. ფესტივალები იძლევიან შესაძლებლობას, ნახო სხვისი და მასთან ერთად თუ მის გვერდით, საკუთარი შეაფასო, ჟიურის გადაწყვეტილებისა და შეფასებების მიუხედავად. გადაწყვიტო - წინ გინდა წასვლა, ერთ ადგილზე დგომა, თუ უკან დაბრუნება. ფესტივალები ამისთვისაც იმართება.
ბოლო დღეს, როდესაც ბათუმის ქუჩებში სახელგანთქმული ხეტიალა დაიძრა, ბათუმის თეატრმა კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას და დაადასტურა, რომ თეატრი ხალხში დაიბადა და ეკუთვნის ხალხს.
როგორც ამბობენ - ფესტივალი დამთავრდა! გაუმარჯოს ფესტივალს! ბათუმზე თოჯინების მორიგ ლაშქრობამდე!