top of page

„ბედია... ბედი“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

სიტყვის თქმაა ოსტატობა და არა სიტყვების თამაში

12.03.2026

გიორგი ყაჯრიშვილი

„ბედია... ბედი“


„დარისპანის გასაჭირი“ რობერს სტურუას და ზაზა პაპუაშვილის დადგმის შემდეგ, კიდევ ერთხელ გათამაშდა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სცენაზე, რომლის რეჟისორი ამჯერად გიორგი კაშიაა - შემოქმედი, აშკარად შეყვარებული დავით კლდიაშვილის ნაწარმოებებში. მის მიერ დადგმული „ირინეს ბედნიერება“ თუ „მსხვერპლნი“ სწორედ ამის დასტურია. ვალერი ოთხოზორიასთან ერთად, პიესის ტექსტის ადაპტაცია თავიდანვე ინტრიგას გვთავაზობს: ოსიკო (თორნიკე ბარამიძე) დასაწყისშივე აცხადებს, რომ დანიშნული ჰყავს. მთავარი კითხვა კი - „კაროჟნა თუ ნატალია?“ მუსიკალური აკომპანიმენტით და „დიმპიტაური-დამპიტაურით“ (კომპოზიტორი გიორგი ჯღარკავა) სპექტაკლის დაწყებამდე და ფარდის ახდამდე ისმება - ავანსცენაზე ჩამომჯდარი საქორწილო კაბაში გამოწყობილი ნატალია (სალომე ბედენეიშვილი) და ელენე (მარიამ მღებრიშვილი) გასათხოვარი გოგონების დაპირისპირების ილუსტრაციაა. ოსიკო მეორე იარუსიდან დაგვყურებს - შენიშვნებსაც გვაძლევს (გამოვრთოთ მობილური ტელეფონები) და საერთოდ მეჩვენება, რომ რასაც სცენაზე ვხედავთ ან შემდგომ დავინახავთ ოსიკოს თვალითაა დანახული და შეფასებული.

 

ტექსტის ავტორებმა მთავარ ხაზად დარისპანის (ავთანდილ ქარჩავა) და მართას (თამარ მაყაშვილი) ოსიკოს „მოსაპოვებლად“ ბრძოლა აირჩიეს, რომელიც მართას მეორადი ფეხსაცმელების მაღაზიაში (სცენოგრაფი ანანო დოლიძე) მიმდინარეობს, სადაც ყველაფერი იყიდება და არა მხოლოდ ფეხსაცმელები. აქ ყველას საკუთარი ინტერესები აქვს - დარისპანს და პელაგიას (ინგა ღირდელაძე) ქალიშვილების გათხოვების, მართას თავის ნათლიდედის პელაგიას ოცი კვადრატის ხელში ჩაგდების, ოსიკოს მზითევის მოპოვების, სულერთია ვის ქალიშვილს მოიყვანს, ონისიმეს (ზურაბ შილაკაძე) ოსიკოს დაბინავების და კარგი პურ-მარილის, მღვდელს (სესე მიქავა) - ავტორების მიერ დავით კლდიაშვილის „მსხვერპლიდან“ შემოყვანილ პერსონაჟს - ქორწილით, ნიშნობით თუ მიცვალებულის აღსარებით მოპოვებული გასამრჯელოს იმედით. მხოლოდ კაროჟნა (ხატია ფოფხაძე), ნატალია და ელენე ხვდებიან რა საკუთარ უსუსურობასა და ბედის უკუღმართობას, თითქოს ერთად შეიკვრებიან და ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ მათ, ვინც ისინი „გასაყიდად“ გაიმეტეს. დავით კლდიაშვილის პიესებში ადგილი სადაც მოქმედება ხდება ძალიან ზოგადად არის მითითებული, შესაბამისად ყოველი რეჟისორი თავისებურად ირჩევს სასცენო გარემოს. მაგალითად ნიკა ჩიკვაიძის „ირინეს ბედნიერებაში“ (თავისუფალი თეატრი) ფილიპე ბარბაქაძის კარ-მიდამოს ნაცვლად სამი უნიტაზით მორთულ სცენას გვთავაზობს, საბა ასლამაზიშვილის „დარისპანის გასაჭირში“ (ილიაუნის თეატრი) თითქმის ცარიელ სივრცეში იატაკი სხვადასხვაფერი ბალიშებითაა მორთული და მხოლოდ ზეცაში აზიდული კიბე ამშვენებს სცენას, რობერტ სტურუას და ზაზა პაპუაშვილის უკვე ნახსენებ სპექტაკლში მოქმედება ნახევრად დანგრეული ეკლესიის ეზოში მიმდინარეობს და თუ ძალიან შორს წავალთ რეჟისორებმა რობერტ სტურუამ და თემურ ჩხეიძემ „სამანიშვილის დედინაცვალი“ დავით კლდიაშვილი სახლ-მუზეუმი გაითამაშეს, გიორგი კაშიასთან იგივე ნაწარმოები ქელეხის სარიტუალო დარბაზში მიმდინარეობს და ა.შ. მრავალი მაგალითის ჩამოთვლაა შესაძლებელი. ამდენად ფარდის გახსნის შემდეგ, როცა მართას მეორადი ფეხსაცმლის სალონში აღმოვჩნდით სულაც არ იყო გასაკვირი ჩემთვის, მითუმეტეს როდესაც იგი რეჟისორის კონცეფციას სრულიად შეეფერება - დიდ სავაჭრო ასპარეზადაა გადაქცეული ჩვენი გმირების სამყარო.

 

კიდევ ერთი ნიშანდობლივი მომენტი - ცეკვა, როგორც კლდიაშვილის ბევრი ნაწარმოების „პერსონაჟი“ - საბა ასლამაზიშვილის „ირინეს ბედნიერებაში“ (მესხეთის თეატრი), „დარისპანის გასაჭირში“ - ოსიკოს ახლებური სტილით შესრულებული (ილიაუნის თეატრი), ირინეს ეროტიკული ცეკვა ნიკა ჩიკვაიძის უკვე დასახელებულ სპექტაკლში  და აქაც გიორგი კაშიას ბათუმის სცენაზე განსახიერებულ წარმოდგენაში ოსიკოს, ნატალიას და კაროჟნას ცეკვა მართას სალონის ვიტრინაში, რომლს დროსაც  უნდა გადაწყდეს ვის აირჩევს „სასიძო“.

თამარ მაყაშვილი მართას ყველასგან განსხვავებულ სახეს ქმნის: ძლიერ, მიზანდასახულ, შეძლებულ ქალბატონს, რომლისთვისაც არ არსებობს მიზანი, რისი მიღწევაც გაუჭირდებოდა. მეთოდიც კი აქვს გამომუშავებული - ყველა ახლად შემოსულ სალონის სტუმარს ფეხსაცმელებით აჯილდოებს, ხოლო მათ ძველს კი სათუთად ისევ თაროზე ინახავს, შემდგომი მოხმარებისთვის. ნატალის გათხოვების გეგმის ჩაშლას მძიმედ განიცდის, ოსიკოს ნაჩუქარ ფეხსაცმელს გახდის და გარეთ გააძევებს.

 

დარისპანი - ავთანდილ ქარჩავა შეწუხებული მამა, ჩემოდნით საკუთარი შვილის საქორწინო კაბას რომ დაატარებს, თითქმის ხმაწასული მართას რომ ევედრება შვილის გათხოვებაში დაეხმაროს და ოსიკოს „მოხიბვლაში“ ხელი არ შეუშალოს.

ბრძოლა მართსა და დარისპანს შორის უკიდურეს ფაზაში შედის - არც მას დატოვებს „უპასუხოდ“ მართა - თამარ მაყაშვილი -  სამაგიეროს მიზღვის - დარისპანთს თავისი ქალიშვილით კარს მიღმა გაისტუმრებს.

 

ჩემთვის მაინც გაუგებარი დარჩა, რატომ შემოჰყავს რეჟისორს დამატებითი პერსონაჟი პანტელეიმონი ამავე ავტორის „მსხვერპლიდან“. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი სესე მიქავა ზედმიწევნით კარგად ასრულებს რეჟისორის დავალებასა და ამოცანას, მაინც მგონია რომ ეს პერსონაჟი სრულიად ზედმეტია.

 

მთლიანობაში ვფიქრობ, რომ ქართული თეატრის დღის აღნიშვნა და ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სეზონის გახსნა წარმატებით შედგა. ამ თეატრისთვის ნამდვილად ახალი ეტაპი იწყება, ახალი გეგმებით, ახალი პრემიერებით, რაც იმის საწინდარია, რომ ბათუმელი თეატრის მოყვარულები დაუბრუნდებიან მონატრებულ თეატრს.

bottom of page