top of page

“ბედნიერი შენი ქალები დე…”

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ჰ ა ი დ ე

11.11.2025

მარიამ ბალახაძე

“ბედნიერი შენი ქალები დე…”

 

ყველა ადამიანში დევს სიკეთისა და ბოროტების მრავალწახნაგოვანი მარცვალი, რომლის განვითარების პასუხისმგებლობაც “აკისრია” გარემოს, რომელშიც ის იბადება და იზრდება. და, რასაკვირველია, ამ გარემოს რაობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, როგორებიც არის ეთნოსი, რელიგიური მრწამსი, სოციალური მდგომარეობა, ეკონომიკურ-პოლიტიკური ნიადაგი და სხვა. საბედნიეროდ, კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შედეგია, რომ მსოფლიოს დიდი ნაწილი დღეს ცივილური წესებითა და კანონებით ცხოვრობს, თუმცა ჯერ კიდევ ადრეა დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებების შეუბღალავად პატივისცემაზე საუბარი. არ მინდა ეს წერილი გახდეს პოლიტიკური (რადგან ის კონკრეტულ სპექტაკლზეა), ამიტომ ვეცდები ჩემი აზრი პროლოგად სწრაფად ჩამოვაყალიბო. საქართველოში არსებობს რეგიონები, ოჯახები, ეთნიკური ჯგუფები, რომელთა მენტალიტეტიც ფაქტობრივად მოუწოდებს მათ ბოროტებისა და ძალადობის წახალისებისკენ. ოცდამეერთე საუკუნეშიც კი ფიქსირდება ყოველდღიური შემთხვევები ფემიციდის, გაუპატიურების, ნაადრევი იძულებითი ქორწინების… და ყველაზე სასტიკი ამ რეალობაში ისაა, რომ, თითქოს, ჩვენდა საუბედუროდ, ეს საშინელი ფაქტები ნორმალიზდა საზოგადოების ცნობიერებაში. შედეგად მივიღეთ უამრავი გაჩუმებული და ძალადობის წინაშე დანებებული ადამიანი, ძალიან ბევრი მომსპარი სიცოცხლე და შეუქცევადი უბედურება. ამ მძიმე, სასტიკი შემთხვევების მიღმა არის ყოველდღიურობა. უამრავი შეურაცხყოფა, დამცირება, უფლებებისა და პირადი სივრცის შეზღუდვა, რომელიც ანადგურებს მსხვერპლს მორალურად, სანამ ფიზიკურად განადგურდება.

 

ქეთევან სამხარაძემ შეძლო და ამ პრობლემის ინსცენირებისთვის შექმნა უდაოდ საინტერესო და ემოციური დოკუმენტური სტილის ტექსტი, ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსით. ქეთის პიესა ხმამაღალი ფემინისტური მანიფესტია, ქალებისა და კაცების მჭექარედ გაჟღერებული ხმაა!

 

ეს სპექტაკლი დაიდგა მარნეულის კულტურის ცენტრში, რეჟისორები გახლავთ ტატო გელიაშვილი და თათა თავდიშვილი. ისინი, ჩემი აზრით, ყოველი ახალი სპექტაკლით უფრო ძლიერად იმკვიდრებენ თავს თეატრის მოყვარულთა გულებში, და აქვე აღვნიშნავ რომ ამ სპექტაკლის მხატვრობა და ქორეოგრაფიაც მათი ავტორობითაა შექმნილი. ამ ორის ტანდემი განუყოფელია, თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის თავიანთ ინდივიდუალურ, განსხვავებულ საავტორო შტრიხებს სძენენ თავიანთ დადგმებს.

 

სპექტაკლი გვიყვება ქალებზე, ერთმანეთისგან კონტრასტულად განსხვავებული ხასიათით, ოცნებებითა და შინაგანი სამყაროთი, ტკივილით, სევდით, რომლებთაც აერთიანებთ ერთი და მთავარი-ისინი ქალები არიან! და ამ აზრის აპოთეოზია სპექტაკლის ერთ-ერთი მიზანსცენა, სადაც რაზიე (მარო ჯოხაძე) თავისი მონოლოგით გვევლინება, როგორც სახე ქალებისა. ქალებისა, რომლებსაც თავიანთი მსოფლმხედველობა, მიზნები, ადამიანური სურვილები გააჩნიათ. ქალებისა, რომლებსაც ხმა ჩაუხშეს და დააჯერეს, რომ სიჩუმე სწორია. ქალების, რომლებსაც აიძულეს თავიანთი ცხოვრება ერთფეროვანი ყოფილიყო, ქალების, რომლებმაც ვერ შეძლეს ქალად დაბადება, მაგრამ ქალებად იქცნენ!

 

ერთი სიტყვით, მოქმედება წააგავს ბიოგრაფიულ-დოკუმენტურ წარმოდგენას, სადაც ქორო ეტაპობრივად გვევლინება ცალკეული პერსონაჟების სახით. აღსანიშნავია, რომ ყველა პერსონაჟის მონოლოგი განსხვავდება და გამოირჩევა ერთმანეთისგან. გამოვყოფდი მსახიობ თათია თათარაშვილს, რომელმაც მთელი არსებით შეიგრძნო ის სისასტიკე და დაღდასმულობა, რასაც გვიყვება მისი პერსონაჟი. საინტერესოა ნინი ნოზაძის მიერ შექმნილი ნათელას სახეც, მსახიობი ქორეოგრაფიული ელემენტებით საინტერესო მიზანსცენას ხატავს. სპექტაკლის მთლიანობას ბევრი ფოლკლორული დეტალი ავსებს და აქცევს წარმოდგენად, რომელსაც ჰყავს ადრესატი-საზოგადოება-რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს სათანადოდ გააზრებული ეს თემები. თვითონ ტექსტიც ძალიან ლოკალური და “შინაურულია”. ვგულისხმობ იმას, რომ ის თავისი სტილით, ლექსიკით, რითმით, მორგებულია აქაურ საზოგადოებას.

 

დრამატურგიულად საინტერესო ხაზი აღმოჩნდა ჩემთვის ქალისა და ბუნების გაიგივება. ესეც რაზიეს (მარო ჯოხაძე)  მონოლოგის ნაწილია და, ვფიქრობ, ძალიან სწორი აქცენტი. ადამიანი ბუნების შვილია და განუყოფელი ნაწილი, ესაა ჩვენი საწყისი, პრიმიტიულად რომ ვთქვათ. ბუნების სტაბილური პულსისთვის აუცილებელი ელემენტია-ადამიანი! თუმცა ქალი, როგორც მშობელი სიცოცხლისა, როგორც საწყისი ადამიანისა განსაკუთრებით უახლოვდება დედა-ბუნებას. ამიტომაც იცავს რაზიე კბილებით ყველა ხეს და ყვავილს-ის ბუნების ნაწილია, დედა-ბუნების შვილია.

 

ნუთუ შეიძლება ჩვენი საწყისი იყოს თავად დამნაშავე იმაში, თუ როგორებად ვევლინებით სამყაროს?! ადამიანი ხომ სუფთა და წმინდა იბადება, მხოლოდ ინსტინქტებით, ყველაფერი სხვა უბრალოდ ათვისებული ინფორმაცია და გამომუშავებული უნარ-ჩვევებია. და ვუბრუნდებით ზუსტად იმას, რაზეც ვისაუბრე პროლოგის ნაწილში, რომ გარემო უდიდეს როლს ასრულებს მოძალადის აღზრდაში-და არა გაჩენაში.

 

წარმოდგენის მიმდინარეობის დროს, როცა ათასი აზრი და ემოცია დარბოდა ჩემს გულსა და გონებაში, გამიჩნდა პროტესტი სადადგმო ჯგუფის მიმართ, რადგან მომეჩვენა, რომ ისინი მხოლოდ ქალებზე საუბრობდნენ… თუმცა სპექტაკლის დასასრულს კაცების ქორო (ალექსანდრე შარაბიძე, ნიკა გუგუნავა, პაპუნა ირემაძე) იკავებს ქმედების ეპიცენტრს და საზოგადოებას მედლის მეორე მხარეს უჩვენებს. დედის გარშემო ძირს გართხმული ქორო წრიულად ბობღავს, მათი მონოლოგი “აღსარებას” ჰგავს. ეს პერსონაჟები ყვებიან, თუ როგორ აიძულებდა მათ დედა ემოციის, სიყვარულის, სიხარულის, ნებისმიერი განცდის ჩაკვლას, როგორ უსპობდნენ მათ ბავშვობიდან ექსპრესიის უნარს. ცრემლი-როგორც სირცხვილის, სისუსტის გამოვლინება და კაცი, რომლის ფსიქიკაც ეტაპობრივად მახინჯდება და დეფორმირდება. სწორედ ამ დამახინჯებული ფსიქიკის შედეგებს იმკიან ძალადობის მსხვერპლი ქალები. ანუ, ეს ჯაჭვია, ძალიან კანონზომიერი და ლოგიკური, და დიახ, ამ შემთხვევაში შეიძლება მოძალადეც გახდეს მსხვერპლი, ან, მსხვერპლი-მოძალადე… “საკუთარი თავის შიში ვერ დავამარცხე, ხერხემალზე ვდგავარ და არც აქა მაქვს ადგილი, მაგრამ ახლა ვიცი… დედაც ხო გატყდა, ხო?! ისიც ხომ იყო გოგო, რომელსაც დედამ უთხრა, რომ სუსტები არაფერს იმსახურებენ, ხო?!” 

 

შთაბეჭდავია სპექტაკლის მხატვრული ნაწილი (თათა თავდიშვილი, ტატო გელიაშვილი), დეკორაცია ძალიან მრავლისმთქმელი-ხალიჩებით, ჩემოდნებითა და ფარდაგებით “გადატვირთული” სცენა, რაც ტრადიციის, კულტურული იდენტობის მკაფიო გამოვლინებაა. დეკორაციის ერთ-ერთი დეტალი გახლდათ შველი, რომელიც უცოდველ, მსხვერპლად შესაწირი არსების სიმბოლოდ მოგვევლინა. კოსტიუმებიც ძალიან სახასიათო და მისადაგებული იყო გარემოსა და შინაარსს. განსაკუთრებით მომეწონა მუსიკალური გაფორმება (მიხეილ ზაქაიძე), თანამედროვე და ამავდროულად ძალიან ხალხური, ფოლკლორული, რაც წარმოდგენის ტრაგიზმს კიდევ უფრო ამძაფრებდა.

 

ეს წარმოდგენა ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ჩვენი საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხმა დიდი ხანია დახშული აქვთ. ამ თემებზე საუბარი არასდროს შეიძლება გახდეს ზედმეტი, რადგან ადამიანის, თუნდაც ერთი ქალის თავისუფლება შეიძლება ძვირად დაუჯდეს მთლიან საზოგადოებას, რის ცალსახა მაგალითებსაც ჩვენ რეალურ ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით.

bottom of page