„ბედნიერი ვარ, რადგან ვიპოვე ცხოვრების აზრი და მისია...  ნაზია ჩემი ღმერთი...“

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

278889496_10160181995281103_7590060897900178069_n.jpeg

ანი ცხვედაძე

„ბედნიერი ვარ, რადგან ვიპოვე ცხოვრების აზრი და მისია...  ნაზია ჩემი ღმერთი...“

 

ჰორაციუსი „პოეტურ ხელოვნებაში“ წერს: „კომიკურ ამბავს როდი მოუხდება ტრაგედიის ენით გადმოიცეს, თითოეულმა საგანმა თავისი ადგილი უნდა დაიკავოს! თუმცა, ხანდახან კომედიაც იმაღლებს ხმას და ზომაზე მეტად გაბერილი სიტყვით ილანძღება - რისხვამორეული ხრემესის მსგავსად... თუ სცენაზე მანამდე უცნობი ამბავი გამოგაქვს და კისრულობ გმირის ახალი სახე შექმნა, დაე, ბოლომდე ისეთივე იყოს, როგორიც დასაწყისში წარმოგვიდგა და თავისი თავის ერთგული დარჩეს. საყოველთაოდ ცნობილი საგნის დაპატრონება - საკუთარი ახალი თქმით მეტისმეტად ძნელი საქმეა.“

2022 წლის 20-21 აპრილს სამეფო უბნის თეატრში გაიმართა სპექტაკლის პრემიერა (“წმინდა ნაწილები“), რომლის ანოტაციაში ვკითხულობთ; „ავტორი: ვალერი ოთხოზორია / რეჟისორი: ილია ქორქაშვილი / დადგმის ხელმძღვანელი: დათა თავაძე / სცენოგრაფია: ქეთი ნადიბაიძე / კოსტიუმები: თამრი ოხიკიანი / მუსიკა: ზუკა ბაბუნაშვილი / ტექნიკური რეჟისორი: მაია სახლთხუციშვილი / მონაწილეობენ: მაგდა ლებანიძე, კატო კალატოზიშვილი, სალომე მაისაშვილი, იაკო ჭილაია, ქეთა შათირიშვილი, გიორგი შარვაშიძე, გიორგი ყორღანაშვილი, ზაალ ჩიქობავა / პოსტერი: თამრი ოხიკიანი“.

ფაქტობრივად, თუკი ანოტაციას დავუჯერებთ, ილია ქორქაშვილი და დათა თავაძე ექსპლიკაციისა და მიზანსცენების ავტორები ერთად არიან(?). რეჟისურა ხომ, ერთთავად თავისთავშიც მოიცავს შემოქმედებითი პროცესის ხელმძღვანელობას... როგორც ჩემმა ერთ-ერთმა ძვირფასმა კოლეგამ ვარაუდი დამიდასტურა: „რა თქმა უნდა, დათას ხელწერაა, რა თქმა უნდა“ო.


ჩემი მოკრძალებული აზრით, მიმაჩნია რომ, ეს დადგმა განხორციელების ყველა ეტაპზე, დიდი ალბათობით ეკუთვნის დათა თავაძეს და მოწიწებით ბოდიშს ვუხდით ილია ქორქაშვილს, რადგან სპექტაკლს „წმინდა ნაწილები“ განვიხილავ როგორც <დადგმის ხელმძღვანელის> საავტორო სახელოვნებო პროდუქტს.

დათა თავაძის ბოლო ნამუშევარს - ბიდგოშჩის პოლონურ თეატრთან (Teatr Polski w Bydgoszczy) თუ გავიხსენებთ, რომლის პრემიერა სამეფო უბნის თეატრში 2021 წლის 21 დეკემბერს შედგა, სახეზეა ფორმისეული სტრუქტურით რეჟისორის სამომავლო შემოქმედებითი კრიზისის საწყისი ეტაპი (ის ამ ბოლო ხანებში სოციალური ქსელის რიტორად უფრო წარმატებით ჩამოყალიბდა) - დეპრესიული სულისკვეთებით ნაკვები და დისკომფორტულ პოზაში დადგმული სცენური ინტერპრეტაცია... რასაც ხელაღებით ვერ ვიტყვი სპექტაკლზე - „წმინდა ნაწილები“.


აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ, ეს წერილი არ გულისხმობს სპექტაკლში გამოყენებული პიესის დეტალურ განხილვა-ჩაანალიზებას, ამიტომ, იმედია არ განაწყენდება სახელოსნოს დრამატურგი, მის ეგოს რომ ვერ დავაკმაყოფილებთ და არ მექნება ტექსტობრივ ნაწილზე მიზანმიმართული აქცენტირება, რადგან ამ შემთხვევაში მე მეტად მაინტერესებს წარმოდგენის პრაქტიკულ-ქმედითი ასპექტით გამოხატული შინაარსი და არა ტექსტუალური ელემენტების კვლევა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ვალერი ოთხოზორიას ტექსტი ქართული თანამედროვე დრამატურგიის გზაზე არის, ზედმიწევნით თამამი, ეფექტური, ცოცხალი და ამავე დროს ინტელექტუალური.


დათა თავაძის მიერ ქართულ სცენაზე დადგმული სპექტაკლებიდან ყველაზე მწყობრად გამართულ და დასრულებულ ნაწარმოებად (ჩემთვის) მაინც ითვლება „პრომეთე, დამოუკიდებლობის 25 წელი“, სადაც, დათა ზუსტი რეჟისორული ალღოთი ირჩევს მსახიობების გუნდს, ზუსტი რეჟისორული ალღოთი ანაწილებს ამოცანებს და მსახიობებიც ბუნებრივად, სიღრმისეული გააზრებით იღებენ რეჟისორისგან განკუთვნილ ფუნქციებს და გადასცემენ მაყურებელს საკმარისი ეგზალტაციით ნაზავ ექსპრესიულობას...


დაახლოებით მსგავსი სურათია ამ დადგმის შემთხვევაში, დათა თავაძე აკომპლექტებს სწორედ ისეთი მსახიობებით სპექტაკლს, რომლებიც დიდი პროფესიონალიზმით იღებენ, იაზრებენ და მერე თავისუფლად ადემონსტრირებენ თავიანთ კუთვნილ ამოცანას სცენაზე.


პირველ რიგში, უკანა პლანზე რომ დავაყენოთ ტექსტი, შინაარსი, სცენოგრაფია, კოსტიუმები, მუსიკა - მაყურებელმა იხილა (და კიდევ ბევრჯერ იხილავს იმედია, ეს სპექტაკლი უდავოდ ამ თეატრის მუდმივ რეპერტუარშია შესატანი) პროფესიონალურად შექმნილი სამსახიობო ოსტატობის ნიმუშები. სპექტაკლში მონაწილე თითოეული მსახიობი, ტემბრალურად, შერჩეული დიქციით, ჟესტიკულაციითა და სარკასტულ-ცინიკური მანერით მშვენივრად წარმოაჩენს საკუთარ თავს-პერსონაჟებში.


ფაქტობრივად, მსახიობები მათთვის განსხვავებულ სტილისტიკაში მუშაობენ და ძერწავენ სარკასტულ თან გროტესკული ირონიით გაჟღენთილ გმირებს... მაყურებლის თვალწინ აშიშვლებენ ქართული საზოგადოების (და ზოგადად საზოგადოებების) ფანატიკური მისწრაფებებისადმი მარგინალურ აპოთეოზს!..


„წმინდა ნაწილები“ არის შეულამაზებლად ცინიკური ლუსტრაცია - ანტისეკულარიზმის მომხრე სოციუმის შესახებ, პრაქტიკულად ჩვენი საზოგადოების უმრავლეს ნაწილს რომ წარმოადგენს.

კოსტიუმებიდან დაწყებული (ავტორი: თამრი ოხიკიანი), მთლიანი სცენოგრაფიით დამთავრებული (ავტორი: ქეთი ნადიბაიძე) ყოველი დეტალი აშარჟებს და მკაცრ სარკაზმში ხვევს საეკლესიო დოგმატიკას, წესებს, საღმრთო ლიტურგიას, ჩვევაში გადაზრდილ <რწმენის უპირობო მიმღებლობას> და ეკლესიის წიაღში არსებული დაფარული თუ ფარდა ახდილი დანაშაულებრივი ფარისევლობის თამამ უტრირებას ახდენს...
 
ზაალ ჩიქობავასა (უფროსი პოლიციელი) და სალომე მაისაშვილის (უმცროსი პოლიციელი) პერსონაჟები წარმოადგენენ სახელმწიფოს პოლიციურ ნაწილს, ეს შეგვიძლია მთლიანად ხელისუფლების დამოკიდებულებად აღვიქვათ, როგორც მეტაფორა, ამ შემთხვევაში პოლიციური რეჟიმი, რომელიც ფარისევლურ, სრულიად ილუზორულ რესპექტაბელურობაშია - ხალხში დიდი გავლენისა და რეპუტაციის მქონე რელიგიურ ინსტიტუციასთან... მასთან მუდმივად სარგებლიანი თამაშის რეჟიმშია, რამეთუ ხალხის (ელექტორატის) უმრავლესობაში დიდი პიეტეტით სარგებლობს საეკლესიო ინსტიტუცია, მაშასადამე, სახელისუფლებო ორგანოებიც უნდა იყვნენ „კეთილგანწყობილნი“ უტილიტარისტული მიზნების მისაღებად.

 

ცალკე უნდა აღინიშნოს რამდენიმე გმირის სახე, მსახიობების უმრავლესობა პროფესიონალური ხელწერით რამდენიმე პერსონაჟს ირგებს, მათ შორის კატო კალატოზიშვილი - პატრიარქის როლში, როცა გვევლინება, მისი ხმის ტემბრი, სხეულის მოტორულობა, კიდურების დინამიკა დარბაზის უმრავლესობის საპასუხო რეაქციას იწვევს და ეს რეაქცია მჟღავნდება დაუოკებელ სიცილში, კატო კალატოზიშვილი უბრალოდ შესანიშნავია ამ მომენტში!


ასევე გიორგი შარვაშიძე, როგორც კონფორმისტი მღვდელმთავარი... ნიშანდობლივია, პროვოკაციული სიმბოლური დატვირთვის მქონე მონაზვნების ჯგუფის-(იაკო ჭილაია, კატო კალატოზიშვილი, სალომე მაისაშვილი, ქეთა შათირიშვილი) თითქოსდა, აჩქარებული ქორალის ტემპით - პირჯვრის გადაწერის რიტუალი.


და რაც მთავარია - მაგდა ლებანიძე, „წმინდანი ნაზის” მანტიას ამოფარებული მაგდა ერთნაირ მიმზიდველობას ინარჩუნებს ამბივალენტური ემოციების გამოხატვის პარალელურად, მსახიობის რაციონალურობასთან შეზავებული ფემინურობა მაშინაც კი არ იკარგება, როცა პროფანირებულ კონდიციას მიაღწევს. სპექტაკლსა და პიესაში ნაზი, როგორც ეკლესიისგან უარყოფილი <ჭეშმარიტებებისთვის მებრძოლი>, ასკეტური ბერ-მონაზვნობის ალეგორიაა, რომელიც ჩემი დაკვირვებით, ტექსტის ფაბულასთან ერთად ირონიულ პოზაშია წარმოჩენილი...  მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბერ-მონაზვნობას გრძელი ისტორია აქვს და არსებობდნენ რადიკალი ასკეტები, რომლებიც ენით უთქმელი სხეულებრივი თვითგვემის შედეგად განიცდიდნენ <სტოიკურ ბედნიერებას> და რწმენას... კლასიკურ მაგალითად ანაქორეტი (განდეგილი) ანტონიც კმარა.

სპექტაკლის ვერბალურ-ვიზუალური მხარე მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ამავე დროს ნეგატიურ დასკვნას უკეთებს თეიზმის ყველა რიტუალურ დოგმატიკას.
აღნიშნული წარმოდგენის ვერბალურ-ნონვერბალური ქსოვილი - პირობითად შეიძლება მივაკუთვნო შუა საუკუნეების ლიტურგიული დრამის განშტოებებიდან - ფარსისა და მორალიტეს გაშარჟებულ ვარიანტს.

წარმოდგენის მთლიან სტრუქტურაში შესაძლოა, უნებურად შეინიშნებოდეს ეკუმენიზმის მახასიათებლებისადმი სკეპტიციზმიც, ვინაიდან რომელიმე კონფესიისადმი გაუაზრებლად თავგანწირული ფანატიზმი მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის არაა დამახასიათებელი და ამის ნიშნები, რელიგიურ გაერთიანებებში, ნებისმიერ ქვეყანასა და ნებისმიერი კონფესიის მიმდევრებში თანდაყოლილად უნდა ვეძიოთ.

დადგმის ხელმძღვანელის მიერ ზუსტი იმპულსური გათვლებით შემდგარ, მწარე გროტესკით ქმნილ სანახაობას - პერიოდულად მაყურებლის თავშეუკავებელი სიცილი არღვევდა.

ეს სპექტაკლი ძალიან გააბრაზებს ეკლესიური რიტუალების მიმდევარ, ‘ღრმა ფანატიკურ’ რწმენაში შესულ ადამიანებს, მაგრამ მსგავს ადგილებში ამგვარი მსოფლმხედველობის ხალხი იშვიათი სიხშირით დადის, ძირითადად სულ ერთი და იგივე სახეები იკრიბებიან ხოლმე, ამიტომაც წარმოდგენამ მაყურებლის მხრიდან ე.წ. ექსცესების გარეშე ჩაიარა სიცილ-კისკისში.

ფაქტობრივად, ამ სპექტაკლის სახით, მთელი ქართული თეატრის არც იმდენად მაღალი გემოვნების მქონე და საკმაოდ მდარე ხარისხის რეპერტუარს შეემატა - ეგრეთ წოდებული, შავი იუმორით მოყოლილი <თეოკრატიულობის> სარკასტულად გაშიშვლებული ბასრი კრიტიკა, რომელიც საზოგადოებაში ვითომ დამალულია, სინამდვილეში კი ესოდენ ჰკივის!..


ფოტო: გიორგი ყოლბაია